არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 63

წარწერა კედელზე

წარწერა კედელზე

გავიდა დრო და ბაბილონში ბელშაცარი გამეფდა. ერთ საღამოს მან დიდი ნადიმი გამართა და ათასი დიდგვაროვანი მოიწვია. მან თავის მსახურებს უბრძანა, გამოეტანათ ოქროს სასმისები, რომლებიც ნაბუქოდონოსორს ჰქონდა წამოღებული იეჰოვას ტაძრიდან. ბელშაცარი და მისი სტუმრები ამ სასმისებიდან სვამდნენ და თავიანთ ღმერთებს ადიდებდნენ. უეცრად სასადილო დარბაზის კედელზე ადამიანის ხელი გამოჩნდა და საიდუმლო სიტყვების წერა დაიწყო.

ბელშაცარი ძალიან შეშინდა. მან დაუძახა ჯადოქრებს და უთხრა: ვინც ამ სიტყვების მნიშვნელობას ამიხსნის, მესამე კაცი გახდება ბაბილონში. ვერავინ შეძლო ამის გაკეთება. შემდეგ დედოფალი შემოვიდა და მეფეს უთხრა: არის ერთი კაცი, რომელსაც დანიელი ჰქვია. ის უხსნიდა ხოლმე სიზმრებს ნაბუქოდონოსორს. ის ამ წარწერასაც ახსნის.

მეფემ დანიელს მოუხმო და უთხრა: თუ შეძლებ ამ წარწერის წაკითხვას და მის ახსნას, ოქროს ყელსაბამს შეგაბამ და ისეთ ძალაუფლებას მოგცემ, რომ ბაბილონში მესამე კაცი იქნები. დანიელმა მეფეს მიუგო: არ მინდა საჩუქრები, ისე აგიხსნი, რაც აქ წერია. მამაშენი ნაბუქოდონოსორი ამაყი კაცი იყო და იეჰოვამ დაამდაბლა. შენ იცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ უპატივცემულოდ მოექეცი იეჰოვას, როცა მისი ტაძრიდან წამოღებული ოქროს სასმისებით სვამდი ღვინოს. ამიტომ ღმერთმა დაგიწერა ეს სიტყვები კედელზე: მენე, მენე, თეკელ და ფარსინ. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ბაბილონს მიდიელები და სპარსელები დაიპყრობენ და შენი მეფობა დასრულდება.

ბაბილონი ძლიერი ქალაქი იყო, ამიტომ ხალხი ფიქრობდა, რომ მას ვერავინ აიღებდა. ქალაქს იცავდა განიერი კედლები და ღრმა მდინარე. იმავე ღამეს ბაბილონს მიდიისა და სპარსეთის ჯარი დაესხა თავს. სპარსეთის მეფე კიროსმა მდინარეს მიმართულება შეუცვალა, რათა ჯარისკაცები ფეხით გადასულიყვნენ მდინარეზე და ქალაქის კარიბჭესთან მისულიყვნენ. ჯარისკაცებს ჭიშკარი ღია დახვდათ. ისინი შიგნით შეიჭრნენ, ქალაქი დაიპყრეს და მეფე მოკლეს. ბაბილონის მმართველი კიროსი გახდა.

ამ ამბიდან ერთ წელიწადში კიროსმა თქვა: იეჰოვამ დამავალა, რომ იერუსალიმში მისი ტაძარი აღვადგინო. მისი ხალხიდან ნებისმიერს შეუძლია წავიდეს, ვისაც უნდა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება. მართლაც, იერუსალიმის განადგურებიდან 70 წლის შემდეგ ბევრი იუდეველი ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნდა, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი. კიროსმა უკან დააბრუნა ის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რომლებიც ნაბუქოდონოსორს ჰქონდა ტაძრიდან წამოღებული. ხედავ, როგორ გამოიყენა იეჰოვამ კიროსი თავისი ხალხის დასახმარებლად?

„დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი და გახდა დემონების სამკვიდრო“ (გამოცხადება 18:2)