არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 64

დანიელი ლომების ორმოში

დანიელი ლომების ორმოში

გავიდა დრო და ბაბილონში დარიოს მიდიელი გამეფდა. მან დაინახა, რომ დანიელი სხვებისგან გამოირჩეოდა და იგი დიდგვაროვანი კაცების მეთაურად დანიშნა. დიდგვაროვნებს შურდათ დანიელის და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. მათ იცოდნენ, რომ დანიელი დღეში სამჯერ მიმართავდა იეჰოვას ლოცვით, ამიტომ მეფე დარიოსთან მივიდნენ და მოახსენეს: მეფეო, გაეცი ბრძანება, რომ ხალხმა მხოლოდ შენ მოგმართოს ლოცვით. ვინც ამ კანონს დაარღვევს, ლომებით სავსე ორმოში ჩააგდონ. დარიოსს მოეწონა ეს აზრი და გამოსცა კანონი.

როგორც კი დანიელმა ახალი კანონის შესახებ შეიტყო, სახლში წავიდა; ღია ფანჯარასთან დაიჩოქა და იეჰოვას მიმართა ლოცვით. ლოცვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ შურიანი კაცები მის სახლში შეცვივდნენ. შემდეგ მეფესთან გაიქცნენ და უთხრეს: დანიელი არ გემორჩილება. ის დღეში სამჯერ ლოცულობს. დარიოსს მოსწონდა დანიელი და მისი სიკვდილი არ უნდოდა. მთელი დღე იმაზე ფიქრობდა, როგორ გადაერჩინა იგი. მაგრამ იმ ქვეყანაში ასეთი წესი იყო: მეფის მიერ გამოცემული კანონის შეცვლა თავად მეფესაც კი აღარ შეეძლო. დარიოსს სხვა გზა აღარ დარჩენოდა; გასცა ბრძანება, რომ დანიელი გააფთრებული ლომების ორმოში ჩაეგდოთ.

დარიოსი ისე დარდობდა, რომ მთელი ღამე ვერ დაიძინა. დილით ორმოსთან მიირბინა და დანიელს ჩასძახა: გიშველა შენმა ღმერთმა?

დარიოსს ორმოდან დანიელის ხმა მოესმა: იეჰოვას ანგელოზმა პირი აუკრა ლომებს. მათ ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. მეფეს ძალიან გაუხარდა ამის მოსმენა და დანიელი ორმოდან ამოაყვანინა. მას ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. შემდეგ მეფემ ბრძანა, რომ ლომების ორმოში ის კაცები ჩაეყარათ, რომლებმაც დანიელი დაადანაშაულეს. ჩაყარეს თუ არა ისინი ორმოში, ლომებმა მაშინვე შეჭამეს.

დარიოსმა მთელ სამეფოში ასეთი ბრძანება გამოსცა: ყველას ეშინოდეს დანიელის ღმერთის! მან დანიელი ლომებისგან იხსნა!

შენც ყოველდღე მიმართავ იეჰოვას ლოცვით?

„იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (2 პეტრე 2:9)