არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 66

ეზრა ღვთის კანონს ასწავლის

ეზრა ღვთის კანონს ასწავლის

დაახლოებით სამოცდაათი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ზოგი ებრაელი იერუსალიმში დაბრუნდა. მაგრამ სპარსეთის იმპერიის სხვადასხვა მხარეში ჯერ კიდე ბევრი იუდეველი ცხოვრობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო მღვდელი ეზრა, რომელიც იეჰოვას კანონს ასწავლიდა ხალხს. სპარსეთში ეზრამ გაიგო, რომ იერუსალიმში დაბრუნებული იუდეველები არ იცავდნენ ღვთის კანონს. ამიტომ მან გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო და ხალხს დახმარებოდა. სპარსეთის მეფე არტაქსერქსემ მას უთხრა: ღმერთმა მოგცა სიბრძნე, რომ მისი კანონი ასწავლო სხვებს. წადი და თან წაიყვანე ყველა, ვისაც წამოსვლა უნდა. ეზრაც შეხვდა მათ, ვისაც იერუსალიმში უნდოდა წასვლა. მათ იეჰოვას მიმართეს ლოცვით, რომ უსაფრთხოდ ემგზავრათ და იერუსალიმისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგნენ.

ოთხი თვის შემდეგ ისინი იერუსალიმში ჩავიდნენ. მთავრებმა ეზრას უთხრეს: ისრაელები არ ემორჩილებიან იეჰოვას; ისინი ქორწინდებიან უცხოელ ქალებზე, რომლებიც ცრუ ღმერთებს ეთაყვანებიან. როგორ მოიქცა ეზრა? მთელი ხალხის თვალწინ მუხლებზე დაემხო და ილოცა: იეჰოვა, რამდენი რამ გაგვიკეთე, მაგრამ მაინც ბევრ ცოდვას ჩავდივართ. ხალხმა მოინანია; თუმცა კიდევ ბევრი რამ იყო, რაშიც გამოსწორება სჭირდებოდათ. ამიტომ ეზრამ მათი საქმეების განსახილველად უხუცესები და მსაჯულები დანიშნა. სამი თვის განმავლობაში იუდეველები უცხოელებს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ იეჰოვას, თავიანთ ქვეყანაში აბრუნებდნენ.

გავიდა 12 წელი. ამასობაში, აღადგინეს იერუსალიმის კედლები. ეზრამ ხალხი მოედანზე შეკრიბა, რომ მათთვის ღვთის კანონი წაეკითხა. როცა მან წიგნი გადაშალა, ყველა ფეხზე წამოდგა. ეზრამ განადიდა იეჰოვა, ხალხმაც თანხმობის ნიშნად ხელები მაღლა აღაპყრო. ეზრამ დაიწყო ღვთის კანონის კითხვა და მისი განმარტება, ხალხი კი ყურადღებით უსმენდა. მათ აღიარეს, რომ ისევ შესცოდეს იეჰოვას და ატირდნენ. მეორე დღეს ეზრამ კიდევ წაუკითხა მათ კანონის წიგნიდან. მათ გაიგეს, რომ მალე კარვობის დღესასწაული უნდა ეზეიმათ და მაშინვე დაიწყეს დღესასწაულისთვის მზადება.

ხალხი შვიდ დღეს ზეიმობდა დღესასწაულს. ისინი ხარობდნენ და მადლობას უხდიდნენ იეჰოვას კარგი მოსავლისთვის. კარვობის დღესასწაული იესო ნავეს ძის შემდეგ ასე დიდებულად არ აღუნიშნავთ. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ იუდეველები ერთად შეიკრიბნენ და ილოცეს: იეჰოვა, შენ ტყვეობიდან დაგვიხსენი, უდაბნოში საკვებს არ გვაკლებდი და ეს მშვენიერი მიწა მოგვეცი. მაგრამ ჩვენ არ გემორჩილებოდით და ხშირად გცოდავდით; წინასწარმეტყველების მეშვეობით გვაფრთხილებდი, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენდით მათ. შენ ძალიან ბევრს გვითმენდი, ღმერთო. შენ იცავდი, აბრაამთან დადებულ შეთანხმებას. გპირდებით, რომ დღეიდან შენი მორჩილები ვიქნებით! შემდეგ ეს პირობა დაწერეს, მთავრებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა კი მას ბეჭედი დაასვეს.

„ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:28)