არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 68

ელისაბედს შვილი შეეძინა

ელისაბედს შვილი შეეძინა

იერუსალიმის გალავნის აშენებიდან 400 წელზე მეტი გავიდა. იერუსალიმთან ახლოს ცხოვრობდა ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია. მის ცოლს ერქვა ელისაბედი. ისინი დიდი ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. ერთხელ, როცა ზაქარია ტაძარში საკმეველს აკმევდა, მას ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა. ზაქარიას შეეშინდა, მაგრამ გაბრიელმა დაამშვიდა ის: ნუ გეშინია! კარგი ამბავი მოგიტანე იეჰოვასგან. შენს ცოლს, ელისაბედს, ვაჟი შეეძინება. მას იოანე უნდა დაარქვა. იეჰოვა დიდ საქმეს გააკეთებინებს მას. ზაქარიამ ჰკითხა ანგელოზს: როგორ დავიჯერო შენი ნათქვამი? მე და ჩემი ცოლი მოხუცები ვართ, შვილი როგორ გვეყოლება? გაბრიელმა მიუგო: მე ღმერთმა გამომგზავნა შენთან, რომ ეს ამბავი მეთქვა, მაგრამ რადგან არ დაიჯერე, დამუნჯდები და ვეღარ ილაპარაკებ, სანამ ბავშვი არ დაიბადება.

ზაქარია ტაძრის წმინდაში ჩვეულებრივზე დიდხანს დარჩა. ბოლოს, როცა გამოვიდა, გარეთ ხალხი დახვდა. მათ უნდოდათ გაეგოთ, რა მოხდა; მაგრამ ზაქარია ვერ ლაპარაკობდა, ის მხოლოდ ხელებით ანიშნებდა მათ რაღაცებს. ისინი მიხვდნენ, რომ მან ღვთისგან რაღაც ცნობა მიიღო.

მალე ელისაბედი დაორსულდა და როგორც ანგელოზმა თქვა, ბიჭი გააჩინა. მისი მეგობრები და ნათესავები ბავშვის სანახავად მივიდნენ. ყველანი ძალიან გახარებულები იყვნენ. ელისაბედმა თქვა: ბავშვს იოანე უნდა დავარქვათ. მეგობრებმა და ნათესავებმა უთხრეს მას: თქვენს სანათესავოში იოანე არავის ჰქვია; ზაქარია დაარქვით, მამამისის სახელი. ამ დროს ზაქარიამ ხის დაფა მოითხოვა და ზედ დაწერა: მისი სახელი იოანე იქნება. იმ წუთიდან ზაქარიამ ლაპარაკი დაიწყო. ბავშვის დაბადების ამბავი მთელ იუდეაში გავრცელდა. ხალხი ამბობდა, ნეტა, ვინ იქნება ეს ბავშვი, როცა გაიზრდებაო.

იმ დღეებში ზაქარია წმინდა სულით აღივსო და იწინასწარმეტყველა: კურთხეულია იეჰოვა. ის დაჰპირდა აბრაამს, რომ გამოგზავნიდა მხსნელს, მესიას, რათა გადავერჩინეთ. იოანე იქნება წინასწარმეტყველი და ის მოუმზადებს გზას მესიას.

რაღაც განსაკუთრებული რამ ელისაბედის ნათესავის, მარიამის, ცხოვრებაშიც მოხდა. მოდი, ამაზე შემდეგ მოთხრობაში ვისაუბროთ.

„ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი, ღვთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26)