არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 69

გაბრიელი ეცხადება მარიამს

გაბრიელი ეცხადება მარიამს

ელისაბედის ერთ-ერთი ნათესავი, ახალგაზრდა მარიამი, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა. მარიამი დანიშნული იყო ერთ დურგალ კაცზე, იოსებზე. როცა ელისაბედი ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, მარიამს ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა: გამარჯობა, მარიამ! შენ იეჰოვას მოწონება დაიმსახურე! მარიამი ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა გაბრიელი. შემდეგ ანგელოზმა უთხრა მას: დაორსულდები და ვაჟს გააჩენ. მას სახელად იესო უნდა დაარქვა. ის მეფე გახდება და მისი სამეფო მარადიულად იქნება.

მარიამმა უთხრა ანგელოზს: მაგრამ, მე ხომ გათხოვილი არა ვარ, როგორ მეყოლება შვილი? გაბრიელმა უპასუხა: იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია. წმინდა სული გადმოვა შენზე და ვაჟს გააჩენ. შენი ნათესავი ელისაბედიც ორსულად არის. მაშინ მარიამმა მიუგო: იეჰოვას მხევალი ვარ; დაე, ისე მოხდეს, როგორც შენ ამბობ!

მარიამი ელისაბედის სანახავად წავიდა, რომელიც იუდეის ქალაქში, მთიან მხარეში ცხოვრობდა. როდესაც მარიამი მიესალმა მას, ელისაბედს მუცელში ბავშვი შეუთამაშდა. ელისაბედი წმინდა სულით აღივსო და თქვა: მარიამ, იეჰოვამ გაკურთხა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი უფლის დედა მესტუმრა. მარიამმა თქვა: მთელი გულით ვადიდებ იეჰოვას. მარიამი სამი თვე დარჩა ელისაბედთან, შემდეგ კი ნაზარეთში დაბრუნდა.

როცა იოსებმა მარიამის ფეხმძიმობის ამბავი გაიგო, გადაწყვიტა, ნიშნობა ჩაეშალა, რადგან იფიქრა, რომ ის სხვა კაცისგან იყო ფეხმძიმედ. მაგრამ სიზმარში მას ანგელოზი ეჩვენა და უთხრა: ნუ გეშინია, დაქორწინდი მარიამზე. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. იოსებიც დაქორწინდა მარიამზე და ის თავის სახლში წაიყვანა.

„რაც სურს იეჰოვას, ყველაფერს აკეთებს ცაში თუ დედამიწაზე“ (ფსალმუნი 135:6)