არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 71

იეჰოვამ დაიცვა იესო

იეჰოვამ დაიცვა იესო

ისრაელის აღმოსავლეთით ცხოვრობდა ხალხი, რომელსაც სჯეროდა, რომ ვარსკვლავებს მათთვის ხელმძღვანელობის გაწევა შეეძლოთ. ერთხელ ღამით ამ მხარეში მცხოვრებმა რამდენიმე კაცმა კაშკაშა ვარსკვლავის მსგავსი რამ შენიშნა, რომელიც ცაზე მოძრაობდა. ისინი იქით წავიდნენ, საითაც „ვარსკვლავი“ მიდიოდა. „ვარსკვლავმა“ ეს კაცები იერუსალიმამდე მიიყვანა. მათ იქაურებს ჰკითხეს: სად არის ბავშვი, რომელიც იუდეველთა მეფე უნდა გახდეს? მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ.

ახალი მეფის დაბადების შესახებ იერუსალიმის მეფემ, ჰეროდემაც გაიგო. ამან ის ძალიან ააფორიაქა. ჰეროდემ ჰკითხა უფროს მღვდლებს: სად უნდა დაბადებულიყო მეფე? მათ უპასუხეს: წინასწარმეტყველებმა თქვეს, რომ ის ბეთლემში უნდა დაბადებულიყო. ამიტომ ჰეროდემ დაიბარა ის კაცები, რომლებმაც „ვარსკვლავი“ ნახეს და უთხრა მათ: წადით ბეთლემში და მოძებნეთ ბავშვი. მერე დაბრუნდით ჩემთან და მითხარით, სად არის ის. მინდა, რომ მეც ვცე თაყვანი მას. მაგრამ, სინამდვილეში, მეფე ჰეროდე ტყუილს ამბობდა.

„ვარსკვლავმა“ კვლავ დაიწყო მოძრაობა ცაზე. მან ეს კაცები ბეთლემში მიიყვანა. იქ „ვარსკვლავი“ ერთ-ერთი სახლის თავზე გაჩერდა; კაცებიც შევიდნენ ამ სახლში და იესო და მარიამი ნახეს. მათ თაყვანი სცეს ბავშვს და საჩუქრად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და სმირნა. როგორ ფიქრობ, მართლა ღმერთმა გაგზავნა ეს კაცები იესოსთან? არა.

იმ ღამით იოსებს იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა სიზმარში და უთხრა: ჰეროდეს იესოს მოკვლა უნდა. მოჰკიდე ხელი შენს ცოლ-შვილს და ეგვიპტეში გაიქეცი. იქ დარჩი, სანამ მე არ გეტყვი. იოსებიც იმ ღამესვე გაიქცა ეგვიპტეში.

იეჰოვამ გააფრთხილა აღმოსავლეთიდან მოსული კაცები, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ ის კაცები უკან აღარ აპირებდნენ დაბრუნებას, ძალიან გაბრაზდა; რადგან იესო ვეღარ იპოვა, ბრძანება გასცა, მოეკლათ იესოს ასაკის ყველა ბიჭი ბეთლემში. თუმცა იესო უსაფრთხოდ იყო შორეულ ეგვიპტეში.

გავიდა დრო და მოკვდა ჰეროდე. იეჰოვამ უთხრა იოსებს: საშიში აღარაფერია, შეგიძლია დაბრუნდე უკან. იოსები, მარიამი და იესო დაბრუნდნენ ისრაელში და ქალაქ ნაზარეთში დასახლდნენ.

„ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც. უშედეგოდ არ დამიბრუნდება . . . და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11)