არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 73

იოანე ამზადებს გზას

იოანე ამზადებს გზას

ზაქარიასა და ელისაბედის ვაჟი იოანე გაიზარდა და წინასწარმეტყველი გახდა. იეჰოვას დავალებით იოანე ხალხს ეუბნებოდა, რომ მალე მესია მოვიდოდა. თუმცა ის სინაგოგებსა და ქალაქებში კი არ ქადაგებდა, არამედ უდაბნოში. ხალხი იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მიდიოდა იოანეს მოსასმენად. ის მათ ეუბნებოდა, აღარ გაეკეთებინათ ცუდი საქმეები, თუ სურდათ, რომ ღვთის მოსაწონები გამხდარიყვნენ. ბევრმა მოინანია ცოდვები, რის შემდეგაც იოანემ ისინი მდინარე იორდანეში მონათლა.

იოანე ღარიბულად ცხოვრობდა. მას აქლემის ბეწვისგან მოქსოვილი ტანსაცმელი ეცვა და კალიებითა და ველური თაფლით იკვებებოდა. ხალხს ბევრი რამ აინტერესებდა იოანეს შესახებ. მის სანახავად ამაყი ფარისევლები და სადუკეველებიც კი მიდიოდნენ. იოანე მათ ეუბნებოდა: თქვენ უნდა მოინანიოთ და შეიცვალოთ. ნუ გგონიათ, რომ განსაკუთრებული ხალხი ხართ, მხოლოდ იმიტომ, რომ აბრაამის შვილები ხართ; ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთის შვილებიც ხართ.

ბევრი ადამიანი მიდიოდა იოანესთან და ეკითხებოდა: რა გავაკეთოთ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ? იოანე იუდეველებს პასუხობდა: თუ ორი მოსასხამი გაქვთ, ერთი მას მიეცით, ვისაც საერთოდ არა აქვს. იცი, რატომ ამბობდა იოანე ამას? მის მოწაფეებს უნდა სცოდნოდათ, რომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახარებდნენ ღმერთს, თუ ადამიანები ეყვარებოდათ.

მათ, ვინც გადასახადებს კრებდა, იოანე ეუბნებოდა: იყავით პატიოსნები და ხალხს ნუ მოატყუებთ. ჯარისკაცებს კი ასე არიგებდა: ნუ აიღებთ ქრთამს და ნუ ილაპარაკებთ სიცრუეს.

მღვდლები და ლევიანებიც მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: ხალხს აინტერესებს, ვინ ხარ. იოანემ მიუგო მათ: მე ვარ ხმა უდაბნოში, რომელიც ხალხს იეჰოვასკენ მიმავალ გზას უჩვენებს, როგორც ეს ესაიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები.

ხალხს ძალიან მოსწონდა, რასაც იოანე ასწავლიდა. ბევრს აინტერესებდა, იოანე მესია იყო, თუ არა. მაგრამ იოანე მათ ეუბნებოდა: მოდის ის, ვინც ჩემზე ბევრად დიდია. მე იმის ღირსიც კი არ ვარ, რომ მისი სანდლების თასმა შევხსნა. მე წყლით გნათლავთ, ის კი წმინდა სულით მოგნათლავთ.

„ის დასამოწმებლად მოვიდა, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ, რომ ყველანაირ ადამიანს ერწმუნა მისი მეშვეობით“ (იოანე 1:7)