არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 78

იესო ქადაგებს სამეფოს შესახებ

იესო ქადაგებს სამეფოს შესახებ

ნათლობიდან მალევე იესომ ქადაგება დაიწყო. ის დადიოდა და ამბობდა: მოახლოვდა ღვთის სამეფო. იუდეასა და გალილეაში ქადაგების დროს იესოს მოწაფეებიც თან დაჰყვებოდნენ. როცა იესო თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში დაბრუნდა, სინაგოგაში შევიდა, ესაიას გრაგნილი გადაშალა და ხმამაღლა წაიკითხა: იეჰოვამ მომცა წმინდა სული, რათა სასიხარულო ცნობა ვიქადაგო. რას ნიშნავდა ეს სიტყვები? იესო ბევრ სასწაულს ახდენდა და ხალხს ეს ძალიან მოსწონდა. მაგრამ ამ სიტყვების წაკითხვით იესომ მსმენელებს მიანიშნა, რომ იეჰოვამ წმინდა სული მას უპირველესად ქადაგებისთვის მისცა. შემდეგ კი უთხრა მათ: დღეს შესრულდა ეს წინასწარმეტყველება.

ამის შემდეგ იესო გალილეის ზღვისკენ წავიდა, სადაც შეხვდა ოთხ მეთევზეს. მათ იესომ ასეთი სიტყვები უთხრა: წამოდით ჩემთან და მე ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. ამ მეთევზეებს ერქვათ პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე. მათ მაშინვე მიატოვეს თევზაობა, გაჰყვნენ იესოს და მისი მოწაფეები გახდნენ. ისინი მთელ გალილეაში დადიოდნენ იესოსთან ერთად და ქადაგებდნენ იეჰოვას სამეფოზე სინაგოგებში, ბაზრებსა და ქუჩებში. მათ უამრავი ხალხი დაჰყვებოდა თან. ყველგან იესოზე საუბრობდნენ. მისმა ამბავმა შორეულ სირიამდეც კი ჩააღწია.

დროთა განმავლობაში იესომ თავის ზოგიერთ მოწაფესაც მისცა ხალხის განკურნებისა და დემონების განდევნის ძალა. უამრავი ადამინი დაჰყვებოდა იესოს ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში. იესოს მოწაფეებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც ზრუნავდნენ იესოზე და მის მიმდევრებზე. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, სუსანა და სხვები.

იესო კარგად ამზადებდა თავის მოწაფეებს და შემდეგ საქადაგებლად გზავნიდა. გალილეაში ქადაგებისას მათ ბევრი შეუერთდა. ისინი ინათლებოდნენ და იესოს მოწაფეები ხდებოდნენ. იმდენად ბევრ ადამიანს უნდოდა იესოს მოწაფეობა, რომ იესომ ისინი მოსამკელად გამზადებულ ყანას შეადარა. მან უთხრა მათ: ილოცეთ და სთხოვეთ იეჰოვას, გამოგზავნოს მუშები. შემდეგ მან 70 მოწაფე ამოარჩია და მთელ იუდეაში ორ-ორად გაგზავნა საქადაგებლად. ისინი განურჩევლად ყველა ადამიანთან ქადაგებდნენ სამეფოს შესახებ. მოწაფეები გახარებულები ბრუნდებოდნენ უკან და იესოს უყვებოდნენ მსახურებაში მომხდარ შემთხვევებს. ეშმაკი ვეღარაფერს გახდებოდა, ის ვეღარ შეაჩერებდა სამქადაგებლო საქმეს.

იესო დარწმუნებული იყო, რომ მისი ზეცაში დაბრუნების შემდეგაც გააგრძელებდნენ მოწაფეები ამ მნიშვნელოვან საქმეს. მან დაავალა მათ: მთელ დედამიწაზე იქადაგეთ სასიხარულო ცნობა. ასწავლეთ ხალხს ღვთის სიტყვა და მონათლეთ.

„სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43)