არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 81

მთაზე ქადაგება

მთაზე ქადაგება

თორმეტი მოციქულის არჩევის შემდეგ იესო მთაზე ავიდა, სადაც უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ისინი გალილეიდან, იუდეიდან, ტვიროსიდან, სიდონიდან, სირიიდან და იორდანის გაღმიდან იყვნენ მოსულები. მათ იესოსთან ავადმყოფები და დემონებით შეპყრობილები მიიყვანეს. იესომ ყველა მათგანი განკურნა. ამის შემდეგ ის მთის ფერდობზე ერთ ადგილას ჩამოჯდა და ქადაგება დაიწყო. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის მეგობრები გავხდეთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვას გარეშე ვერ ვიცოცხლებთ, ამიტომ უნდა შევიყვაროთ ის. მაგრამ ღმერთს ვერ შევიყვარებთ, თუ ადამიანები არ გვეყვარება. ჩვენ ყველას კარგად და სამართლიანად უნდა მოვექცეთ, მტრებსაც კი.

იესომ თქვა, რომ მარტო მეგობრების სიყვარული საკმარისი არ არის; მტრებიც უნდა გვიყვარდეს და სხვებს მთელი გულით უნდა ვაპატიოთ შეცდომები. მან აგრეთვე გვასწავლა, რომ თუ ვინმე ჩვენზე გაბრაზებულია, მალევე მივიდეთ მასთან და ბოდიში მოვუხადოთ. სხვებს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ მოგვექცნენ.

იესომ შეკრებილ ხალხს მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებითაც მისცა კარგი რჩევები. მან უთხრა მათ: იეჰოვასთან მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი ფული. ფული შეიძლება ქურდმა მოგპაროთ, მაგრამ იეჰოვასთან მეგობრობას ვერავინ მოგპარავთ. არ ინერვიულოთ საჭმელზე, სასმელზე ან ჩასაცმელზე. შეხედეთ ფრინველებს. ღმერთი ზრუნავს, რომ მათ ყოველთვის ჰქონდეთ საკმარისი საჭმელი. დარდით სიცოცხლეს ერთი დღითაც ვერ გაიხანგრძლივებთ. გახსოვდეთ, იეჰოვამ იცის, რაც გჭირდებათ!

ხალხი გაოცებული იყო იესოს სიტყვებით, რადგან ასეთი რამ არავისგან მოუსმენიათ. რელიგიური წინამძღოლები ასეთ რამეებს არ ასწავლიდნენ. რატომ იყო იესო ასეთი დიდებული მასწავლებელი? იმიტომ რომ, ის ხალხს იეჰოვას სიტყვებს გადასცემდა.

„დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათე 11:29)