არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 84

იესომ წყალზე გაიარა

იესომ წყალზე გაიარა

იესოს არა მარტო ავადმყოფების განკურნება და მკვდრების გაცოცხლება შეეძლო, არამედ ქარისა და წვიმის მართვაც. როგორც წინა თავიდან გავიგეთ, იესო მთაზე ავიდა, რომ ელოცა; როცა ლოცვა დაამთავრა, გალილეის ზღვას გადახედა და აღელვებული ტალღები დაინახა. ძლიერი ქარიშხლის გამო მოციქულებს ნიჩბების მოსმა უჭირდათ. იესო მთიდან ჩამოვიდა და წყალზე სიარულით მათკენ გაემართა. როდესაც მოციქულებმა დაინახეს, რომ წყალზე ვიღაც დადიოდა, ძალიან შეეშინდათ. მაგრამ იესომ დაამშვიდა ისინი და უთხრა: „მე ვარ, ნუ გეშინიათ!“

პეტრემ სთხოვა იესოს: უფალო, თუ ნამდვილად შენ ხარ, მიბრძანე, რომ მოვიდე შენთან. იესომ უთხრა მას: მოდი! პეტრეც გადმოვიდა ნავიდან და იესოსკენ გაემართა. როცა მიუახლოვდა, ტალღებს შეხედა და შეეშინდა. უცებ პეტრემ ჩაძირვა დაიწყო და დაიყვირა: მიშველე, უფალო! იესომ ხელი ჩაჰკიდა და უთხრა: რატომ დაეჭვდი? სად არის შენი რწმენა?

პეტრე და იესო ნავზე ავიდნენ და ქარიშხალიც მაშინვე ჩაცხრა. წარმოგიდგენია, რა რეაქცია ექნებოდათ ამის დანახვაზე მოციქულებს?! „შენ მართლა ღვთის ძე ხარ!“, — უთხრეს მათ იესოს.

იესომ სხვა დროსაც დაამტკიცა, რომ შეეძლო ამინდის მართვა. ერთხელ ის თავის მოციქულებთან ერთად ნავით ზღვის მეორე მხარეს მიცურავდა. იესო ნავის ბოლოში იწვა და ეძინა. ამ დროს ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა და ნავი წყლით ივსებოდა. მოციქულებმა გააღვიძეს იესო და უთხრეს: მოძღვარო, ვიღუპებით, გვიშველე რამე! იესო წამოდგა და ზღვას უბრძანა: „დაწყნარდი, ჩაცხრი!“ ქარი მაშინვე ჩადგა და ზღვაც დაწყნარდა. იესო მიუბრუნდა მოციქულებს და ჰკითხა: „სად არის თქვენი რწმენა?“ მათ ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება!“ დიახ, მოციქულები მიხვდნენ, რომ თუ ბოლომდე მიენდობოდნენ იესოს, არაფრის შიში აღარ უნდა ჰქონოდათ.

„რომ არ მქონოდა რწმენა და არ მენახა, რაოდენ კარგია იეჰოვა ცოცხალთა ქვეყანაში, რა მეშველებოდა?!“ (ფსალმუნი 27:13)