არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 89

პეტრე უარყოფს იესოს

პეტრე უარყოფს იესოს

ბოლო ვახშამზე ზემოთა ოთახში შეკრებილ მოციქულებს იესომ უთხრა: ამაღამ ყველანი მიმატოვებთ. ამაზე პეტრემ მიუგო: არა! ყველამ რომ მიგატოვოს, მე არასდროს მიგატოვებ! მაგრამ იესომ პეტრეს უთხრა: სანამ მამალი იყივლებს, სამჯერ იტყვი, რომ არ მიცნობ.

როდესაც ჯარისკაცებმა იესო კაიაფას სახლში წაიყვანეს, თითქმის ყველა მოციქული გაიქცა და დაიმალა. მაგრამ ორი მათგანი უკან გაჰყვა ბრბოს. ერთ-ერთი პეტრე იყო. ის კაიაფას სახლის ეზოში შევიდა და ცეცხლთან დადგა, რომ გამთბარიყო. ცეცხლის შუქზე ერთმა მოსამსახურე გოგომ პეტრე იცნო და უთხრა: მე შენ გიცნობ, შენც იესოსთან იყავი.

პეტრემ უპასუხა: არა, არ ვყოფილვარ. ვერ ვხვდები, რას მეუბნები. ამის შემდეგ ის ჭიშკრისკენ წავიდა. იქ კიდევ ერთმა მსახურმა გოგომ იცნო ის და შეკრებილ ხალხს უთხრა: ეს კაცი იესოსთან ერთად იყო! პეტრემ წამოიძახა: არა, რას ამბობ, არც კი ვიცნობ იესოს! იქ მდგომმა კაცმა კი უთხრა მას: შენ ნამდვილად მისი მოწაფე ხარ! ლაპარაკზე გეტყობა, რომ შენც გალილეელი ხარ. პეტრემ დაიფიცა: არ ვიცნობ-მეთქი მაგ კაცს!

ამ დროს მამალმა იყივლა. პეტრემ გაიხედა და მოშორებით იესო დაინახა, რომელიც მას უყურებდა. პეტრეს მაშინვე იესოს სიტყვები გაახსენდა, გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა.

ამასობაში სინედრიონი შეიკრიბა, რათა იესო იქვე, კაიაფას სახლში, გაესამართლებინათ. მათ უკვე მანამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი იესოს მოკვლა, ახლა კი უბრალოდ მიზეზს ეძებდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ბოლოს კაიაფამ პირდაპირ ჰკითხა იესოს: ღვთის ძე ხარ? იესომ უპასუხა: დიახ, ღვთის ძე ვარ. კაიაფამ წამოიძახა: მეტი მოწმობა რაღად გვინდა?! ეს ღვთის გმობაა! მას სასამართლოს წევრებიც დაეთანხმნენ და თქვეს: ეს კაცი უნდა მოკვდეს! ზოგიერთებმა ცემა დაუწყეს იესოს, სილას აწნავდნენ და ლანძღავდნენ. სახეს უფარავდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ, თუ წინასწარმეტყველი ხარ, გვითხარი, ვინ დაგარტყაო.

დილით იესო სინედრიონის დარბაზში მიიყვანეს და კვლავ ჰკითხეს: ღვთის ძე ხარ? იესომ უპასუხა: შენ ამბობ, რომ ვარ. იესო ღვთის გმობაში დაადანაშაულეს და პონტიუს პილატეს სასახლეში წაიყვანეს. მომდევნო თავში ვნახავთ, რა მოხდა ამის მერე.

„საათი . . . მოვიდა . . . როცა ყველა თქვენ-თქვენ სახლებში დაიფანტებით და მარტო დამტოვებთ. თუმცა მარტო არა ვარ, რადგან მამა ჩემთან არის“ (იოანე 16:32)