არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 91

იესო აღდგა

იესო აღდგა

ერთი მდიდარი კაცი, იოსები, პილატესთან მივიდა და იესოს სხეულის ჩამოხსნის ნებართვა სთხოვა. იოსებმა იესოს სხეული საუკეთესო სელის ტილოში გაახვია, სურნელოვანი მცენარეებით დაამუშავა და ახალ სამარხში დაასვენა. მან სამარხის შესასვლელს მძიმე ქვა მიაფარა. უფროსმა მღვდლებმა პილატეს უთხრეს: გვეშინია, იესოს მოწაფეებმა მისი სხეული არ მოიპარონ და მერე არ თქვან, აღდგაო. პილატემ უთხრა მათ: მცველები დაუყენეთ სამარხს!

სამი დღის შემდეგ, დილით ადრე, რამდენიმე ქალი სამარხთან მივიდა და ნახა, რომ ქვა გადაგორებული იყო. სამარხში რომ შევიდნენ, ანგელოზი გამოეცხადა მათ და უთხრა: ნუ გეშინიათ! იესო მკვდრეთით აღდგა. წადით და უთხარით მოწაფეებს, რომ იესო მათ გალილეაში შეხვდება!

მაგდალელი მარიამი მაშინვე პეტრესა და იოანეს მოსაძებნად გაიქცა. როცა იპოვა, უთხრა მათ: ვიღაცას იესოს ცხედარი მოუპარავს. ისინიც მაშინვე სამარხისკენ გაიქცნენ და როცა ნახეს, რომ სამარხი ცარიელი იყო, თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

მარიამი სამარხთან დაბრუნდა. შიგნით რომ შევიდა, ორი ანგელოზი დაინახა და ჰკითხა მათ: არ ვიცი, სად წაიღეს ჩემი უფლის ცხედარი. შემდეგ მან კაცი დაინახა, რომელიც მებაღე ეგონა და ჰკითხა: ბატონო, გთხოვ მითხარი, სად წაიღე მისი ცხედარი! მაგრამ, როცა მამაკაცმა მას სახელით მიმართა, მარიამი მიხვდა, რომ ის იესო იყო. მან სიხარულით წამოიძახა: მოძღვარო! გაოცებულმა ხელი ჩაავლო მას. იესომ მას უთხრა: წადი და ჩემს ძმებს უთხარი, რომ მნახე! მარიამი მაშინვე მოწაფეებთან გაიქცა და ყველაფერი უამბო მათ.

მოგვიანებით, იმავე დღეს, ორი მოწაფე იერუსალიმიდან ემაუსში მიდიოდა. მათ გზაში ერთი კაცი წამოეწია და ჰკითხა, თუ რაზე საუბრობდნენ. მათ მიუგეს: ნუთუ არაფერი გაგიგია?! სამი დღის წინ უფროსმა მღვდლებმა იესო სიკვდილით დასაჯეს. ახლა კი ზოგი ქალი ამბობს, რომ ის ისევ ცოცხალია. კაცმა ჰკითხა მათ: წინასწარმეტყველების არ გჯერათ? მათ ხომ თქვეს, რომ იესო უნდა მომკვდარიყო და შემდეგ გაცოცხლებულიყო?! მან წმინდა წერილები აუხსნა მათ. ამასობაში ემაუსშიც ჩავიდნენ. მოწაფეებმა სთხოვეს იმ კაცს, მათთან ერთად დარჩენილიყო და როცა მან ვახშმის წინ ილოცა, მოწაფეები მიხვდნენ, რომ ის იესო იყო. ამის შემდეგ კი იესო გაუჩინარდა.

ორივე მოწაფე იერუსალიმში გაიქცა და იმ სახლში მივიდა, სადაც მოციქულები იყვნენ შეკრებილები. მათ ყველაფერი უამბეს მოციქულებს. სწორედ ამ დროს იქ შეკრებილებს იესო გამოეცხადა. თავიდან მოციქულებმა ვერ დაიჯერეს, რომ მათ წინ ნამდვილად იესო იდგა. ამიტომ იესომ უთხრა მათ: შეხედეთ ჩემს ხელებს, შემეხეთ! განა დაწერილი არ იყო, რომ ქრისტე მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო?!

„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6)