არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 94

მოწაფეებმა წმინდა სული მიიღეს

მოწაფეებმა წმინდა სული მიიღეს

იესოს ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ მოწაფეებმა, დაპირებისამებრ, წმინდა სული მიიღეს. ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა იერუსალიმში. იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იერუსალიმში მდებარე ერთ-ერთი სახლის ზემოთა ოთახში იყო შეკრებილი. უეცრად დიდი საოცრება მოხდა: თითოეული მოწაფის თავზე რაღაც ცეცხლის ალისმაგვარი რამ გაჩნდა და მათ სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. მთელ სახლში ძლიერი ქარიშხლის მსგავსი ხმა გაისმა.

ეს ხმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებსაც შემოესმათ და მაშინვე სახლში შეცვივდნენ, რომ ენახათ, რა ხდებოდა. მათ გაოცება ვერ დამალეს, როცა ნახეს, რომ მოწაფეები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და წამოიძახეს: ესენი ხომ გალილეელები არიან, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს ენებზე?!

პეტრე და სხვა მოციქულები ხალხის წინ დადგნენ. პეტრემ მათ უთხრა, თუ როგორ მოკლეს იესო, მაგრამ როგორ აღადგინა იგი იეჰოვამ. მან თქვა: ახლა იესო ზეცაშია, ღვთის მარჯვნივ. მან დაპირებული წმინდა სული მისცა თავის მოწაფეებს. ამიტომაც ხედავთ დღეს ამ სასწაულს.

ხალხზე ძალიან იმოქმედა პეტრეს ნათქვამმა. ძმებო, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? — კითხულობდნენ ისინი. პეტრემ მათ მიუგო: მოინანიეთ ცოდვები, მოინათლეთ იესოს სახელით და თქვენც მიიღებთ წმინდა სულის ძღვენს. იმავე დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი მოინათლა. მას შემდეგ მოწაფეების რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზარდა იერუსალიმში. წმინდა სულის დახმარებით მოციქულებმა მრავალი კრება ჩამოაყალიბეს. კრებებში ისინი მოწაფეებს ასწავლიდნენ ყველაფერს, რის გაკეთებაც იესომ დაავალა მათ.

«თუ სახალხოდ აღიარებ „სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა“, რომ იესო უფალია, და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები“» (რომაელები 10:9)