არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 97

კორნელიუსმა წმინდა სული მიიღო

კორნელიუსმა წმინდა სული მიიღო

კესარეაში ცხოვრობდა რომის ჯარის ასისთავი, სახელად კორნელიუსი. ის არ იყო იუდეველი, მაგრამ იუდეველები მას დიდ პატივს სცემდნენ. ის კეთილი კაცი იყო და ღარიბებსა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. კორნელიუსს სწამდა იეჰოვა და ყოველთვის მას მიმართავდა ლოცვით. ერთხელ მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ღმერთმა შეისმინა შენი ლოცვები. ახლა გაგზავნე კაცები იოპეში, იმ სახლში, სადაც პეტრეა, და სთხოვე, რომ შენთან მოვიდეს. კორნელიუსმა მაშინვე სამი კაცი გაგზავნა იოპეში, რომელიც მისი სახლიდან სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში იყო.

ამასობაში, იოპეში მყოფმა პეტრემაც ნახა ხილვა. მან იხილა ის ცხოველები, რომელთა ჭამაც იუდეველებს აკრძალული ჰქონდათ. ხილვაში პეტრეს მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა, რომ ეჭამა ეს ცხოველები. ის უარზე იყო და ამბობდა, ჩემს ცხოვრებაში უწმინდური ცხოველი არ მიჭამია და ახლა როგორ ვჭამოო. შემდეგ ხმამ უთხრა: ნუ უწოდებ ამ ცხოველებს უწმინდურს, ისინი ღმერთმა განწმინდა. შენს კართან სამი კაცია მოსული, გადი და გაჰყევი მათ. პეტრეც გავიდა და ჭიშკართან მდგომ კაცებს ჰკითხა, რისთვის იყვნენ მისულები. მათ უპასუხეს: შენთან კორნელიუსმა გამოგვაგზავნა, რომის ჯარის ასისთავმა. უნდა წამოგვყვე კესარეაში. პეტრემ ის კაცები სახლში შეიპატიჟა და ღამე გაათევინა. მეორე დღეს ის მათთან ერთად კესარეაში წავიდა. პეტრეს თან რამდენიმე იოპელი ძმაც გაჰყვა.

როცა კორნელიუსმა პეტრე დაინახა, მუხლებზე დაემხო, მაგრამ პეტრემ უთხრა: ადექი, მეც შენნაირი ადამიანი ვარ. ღმერთმა მითხრა, რომ შენთან მოვსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები უცხოტომელების სახლებში არ მიდიან. მითხარი, რისთვის დამიბარე.

კორნელიუსმა უთხრა პეტრეს: ოთხი დღის წინ, როცა ვლოცულობდი, ანგელოზი გამომეცხადა და მითხრა, რომ შენ მოსაყვანად კაცები გამომეგზავნა. გთხოვ, გვასწავლე იეჰოვას სიტყვა. პეტრემ თქვა: ახლა, მივხვდი, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის. ის ყველა ადამიანს იღებს, ვისაც მისი თაყვანისცემა სურს. მან ბევრი რამ ასწავლა მათ იესოს შესახებ. ამის შემდეგ კორნელიუსმა და მასთან მყოფებმა წმინდა სული მიიღეს. ყველა მათგანი მოინათლა.

„ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია [ღვთისთვის]“ (საქმეები 10:35)