არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 98

ქრისტიანობა მრავალ ერში ვრცელდება

ქრისტიანობა მრავალ ერში ვრცელდება

მოციქულები დაემორჩილნენ იესოს მითითებას და მთელ დედამიწაზე დაიწყეს სასიხარულო ცნობის გავრცელება. ახალი წელთაღრიცხვით 47 წელს ანტიოქიელმა ძმებმა პავლე და ბარნაბა სამქადაგებლო მოგზაურობაში გაგზავნეს. ამ ორმა გულმოდგინე მქადაგებელმა შემოიარა მთელი მცირე აზია — დერბე, ლისტრა, იკონიონი და სხვა ქალაქები.

პავლე და ბარნაბა ყველასთან ქადაგებდნენ — მდიდართან და ღარიბთან, ახალგაზრდასთან და მოხუცთან. ბევრმა ადამიანმა მიიღო ჭეშმარიტება ქრისტეს შესახებ. როდესაც პავლე და ბარნაბა კვიპროსის გამგებელ სერგიუს პავლუსთან ქადაგებდნენ, ერთი ჯადოქარი შეეცადა მათთვის ხელის შეშლას. პავლემ ჯადოქარს უთხრა: იცოდე, იეჰოვა დაგსჯის! მართლაც, ჯადოქარი იმ წამსვე დაბრმავდა. ეს რომ გამგებელმა პავლუსმა დაინახა, ირწმუნა იესო.

პავლე და ბარნაბა ყველგან ქადაგებდნენ — კარდაკარ, ბაზრებში, ქუჩებსა და სინაგოგებში. ლისტრაში მათ ერთი კოჭლი კაცი განკურნეს. ამ სასწაულის ნახვის შემდეგ ხალხმა პავლე და ბარნაბა ღმერთებად შერაცხა და გადაწყვიტეს, რომ მათთვის თაყვანი ეცათ. მაგრამ პავლემ და ბარნაბამ შეაჩერეს ისინი და უთხრეს: თაყვანი მხოლოდ ღმერთს უნდა სცეთ! ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ამის შემდეგ რამდენიმე იუდეველი მოვიდა და ხალხს დააჯერა, რომ პავლე ცუდი კაცი იყო. ამიტომ მათ პავლე ძირს დააგდეს და ჩაქოლეს. შემდეგ ქალაქიდან გაათრიეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. საბედნიეროდ, პავლე გადარჩა. მალე მის დასახმარებლად ძმები მოვიდნენ. წამოაყენეს ის და ისევ ქალაქში შეიყვანეს. მოგვიანებით პავლე ანტიოქიაში დაბრუნდა.

ახალი წელთაღრიცხვით 49 წელს პავლე ისევ წავიდა სამქადაგებლო მოგზაურობაში. ის კვლავ ეწვია მცირე აზიას (დღევანდელი თურქეთი), რათა იქ ძმები მოენახულებინა. იქიდან სასიხარულო ცნობის საქადაგებლად უფრო შორს, ევროპაში, გაემგზავრა. ის იყო ათენში, ეფესოში, ფილიპეში, თესალონიკეში და სხვა ქალაქებში. მოგვიანებით, პავლეს სილა, ლუკა და ახალგაზრდა ტიმოთეც შეუერთდნენ მოგზაურობაში. ისინი ერთად მსახურობდნენ, აყალიბებდნენ კრებებს და ძმებს რწმენაში აძლიერებდნენ. პავლე კორინთში წელიწად-ნახევარი დარჩა. ის ქადაგებდა, ასწავლიდა და კრებებს წერილებს სწერდა. პავლე კარვებს კერავდა და თავს ამით ირჩენდა. ამის შემდეგ ის კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდა.

ახალი წელთაღრიცხვით 52 წელს პავლე მესამედ წავიდა მოგზაურობაში. მან მოგზაურობა ამჯერადაც მცირე აზიით დაიწყო. შემდეგ შორეულ ჩრდილოეთში წავიდა და ფილიპეს ეწვია, იქიდან კი კორინთში ჩავიდა. პავლე რამდენიმე წელი ეფესოში დარჩა. ის ხალხს ასწავლიდა, ავადმყოფებს კურნავდა და კრებას ეხმარებოდა. გარდა ამისა, ის ყოველდღე სიტყვით გამოდიოდა ტირანეს სკოლაში. პავლეს ქადაგება ბევრმა მოისმინა და ცხოვრება შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ბევრგან იქადაგა სასიხარულო ცნობა, პავლე იერუსალიმში წავიდა.

„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (მათე 28:19)