არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 99

საპყრობილის ზედამხედველმა ჭეშმარიტება მიიღო

საპყრობილის ზედამხედველმა ჭეშმარიტება მიიღო

ფილიპეში ცხოვრობდა ერთი მოახლე გოგონა, რომელსაც დემონი ჰყავდა. დემონი მას მკითხაობის უნარს აძლევდა. ამით ის ბევრ ფულს შოულობდა თავისი ბატონებისთვის. როდესაც პავლე და სილა ფილიპეში ჩავიდნენ, გოგონა აედევნა მათ და აღარ შორდებოდა. დემონის ძალით გოგონა ყვიროდა: „ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან!“ ბოლოს პავლემ დემონს უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოდი მისგან!“ ის მაშინვე გამოვიდა გოგონასგან.

გოგონას ბატონები მიხვდნენ, რომ ის მკითხაობით ფულს ვეღარ იშოვიდა და ძალიან გაბრაზდნენ. მათ პავლე და სილა სახელმწიფო მოხელეებთან მიიყვანეს და უთხრეს: ეს კაცები კანონს არღვევენ და მთელ ქალაქს თავდაყირა აყენებენ. სახელმწიფო მოხელეებმა ბრძანეს, რომ პავლე და სილა ეცემათ და ციხეში ჩაესვათ. ციხის ზედამხედველმა ბორკილები დაადო მათ და ყველაზე ბნელ და ღრმა ადგილას ჩაყარა ისინი.

შუაღამისას პავლე და სილა იეჰოვას სადიდებელს უმღეროდნენ, პატიმრები კი უსმენდნენ მათ. უეცრად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ციხის ყველა საკნის კარი გაიღო და პატიმრებს ბორკილები დასცვივდათ. ციხის ზედამხედველი საპატიმროში შევარდა და ნახა, რომ ყველა კარი ღია იყო. ის ფიქრობდა, რომ ყველა პატიმარი გაქცეული იქნებოდა, ამიტომ მახვილი ამოიღო და თავის მოკვლა დააპირა.

პავლემ გასძახა მას: „თავს არაფერი დამართო, ყველანი აქა ვართ!“ ზედამხედველი პავლესა და სილას საკანში შევარდა, მათ წინ დაემხო და ჰკითხა: „ბატონებო, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“ მათ მიუგეს: შენ და შენმა ოჯახმა იესო უნდა ირწმუნოთ. ამის შემდეგ პავლემ და სილამ საპყრობილის ზედამხედველსა და მთელ მის ოჯახს იეჰოვას სიტყვა ასწავლეს. ყველა მათგანი მოინათლა.

„ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ“ (ლუკა 21:12, 13)