არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 100

პავლე და ტიმოთე

პავლე და ტიმოთე

ლისტრის კრებაში იყო ერთი ახალგაზრდა ძმა, ტიმოთე. მამამისი ბერძენი იყო, დედა კი — ებრაელი. ტიმოთეს დედას ევნიკე ერქვა. მას აგრეთვე ჰყავდა ბებია, რომელსაც ლოისი ერქვა. დედა და ბებია ტიმოთეს პატარაობიდანვე ასწავლიდნენ იეჰოვას შესახებ.

მეორე სამქადაგებლო მოგზაურობის დროს პავლე ლისტრაში ჩავიდა. მან შენიშნა, რომ ტიმოთეს მთელი გულით უყვარდა და-ძმები და სურდა მათი დახმარება. ამიტომ პავლემ შესთავაზა ტიმოთეს, რომ გაჰყოლოდა მას სამქადაგებლო მოგზაურობაში. დროთა განმავლობაში, პავლეს დახმარებით ტიმოთე სასიხარულო ცნობის კარგი მქადაგებელი და მასწავლებელი გახდა.

პავლესა და ტიმოთეს ყველგან წმინდა სული უწევდა ხელმძღვანელობას, სადაც არ უნდა წასულიყვნენ. ერთ ღამეს პავლეს ხილვაში ვიღაც კაცმა უთხრა, მაკედონიაში ჩამოდი და დაგვეხმარეო. ამიტომ პავლე, ტიმოთე, სილა და სხვები მაკედონიაში წავიდნენ, რათა ექადაგათ და კრებები ჩამოეყალიბებინათ იქ.

მაკედონიის ქალაქ თესალონიკეში ბევრი გახდა ქრისტიანი. ამის გამო ზოგ იუდეველს შეშურდა პავლესი და მისი მეგობრების. მათ ხალხი შეკრიბეს და ძმები ქალაქის გამგებლებთან წაიყვანეს. ისინი ყვიროდნენ: ეს კაცები რომის მთავრობის მტრები არიან! პავლესა და ტიმოთეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდათ. ამიტომ ისინი იმავე ღამეს ბერეაში გაიქცნენ.

ბერეაში მცხოვრებმა ხალხმა დიდი სიხარულით მიიღო სასიხარულო ცნობა. ბერძნებიც და იუდეველებიც მორწმუნეები გახდნენ. მაგრამ თესალონიკედან ზოგიერთი იუდეველი ბერეაშიც ჩავიდა და იქაც აურზაური ატეხა. პავლე იქიდან ათენში წავიდა. ტიმოთე და სილა ბერეაში დარჩნენ ძმების სულიერად გასაძლიერებლად. გარკვეული დროის შემდეგ პავლემ ტიმოთე ისევ გაგზავნა თესალონიკეში, რომ ძმებს დახმარებოდა ძლიერი დევნის გადატანაში. მოგვიანებით, პავლემ ტიმოთე კიდევ ბევრ კრებაში გაგზავნა ძმების გასამხნევებლად.

პავლემ ტიმოთეს უთხრა: ვისაც იეჰოვას მსახურება უნდა, დევნილი იქნება. მართლაც, რწმენის გამო ტიმოთესაც დაუწყეს დევნა და დააპატიმრეს კიდეც. მაგრამ ის ბედნიერი იყო, რომ შესაძლებლობა მიეცა, იეჰოვასთვის ერთგულება დაემტკიცებინა.

პავლემ ფილიპელ და-ძმებს უთხრა: გიგზავნით ტიმოთეს. ის გასწავლით, როგორ დარჩეთ ბოლომდე ჭეშმარიტებაში და როგორ იქადაგოთ. პავლე ყველაფერში ენდობოდა ტიმოთეს. ისინი კარგი თანამშრომლები და კარგი მეგობრები იყვნენ. მათ მრავალი წელი იმსახურეს ერთად.

„არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს თქვენზე. სხვა ყველა თავისას ეძებს და არა იმას, რაც ქრისტე იესოსია“ (ფილიპელები 2:20, 21)