არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

ძვირფასო თანამორწმუნეებო,

ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლებს, ძალიან გვიყვარს მისი სიტყვა, ბიბლია. დარწმუნებულები ვართ, რომ ბიბლია ისტორიულად ზუსტი წიგნია და რომ ის ცხოვრებაში საიმედო ხელმძღვანელობას გვიწევს. ამ წიგნის მეშვეობით ვიგებთ, როგორ უყვარს ღმერთს ადამიანები (ფსალმუნი 119:105; ლუკა 1:3; 1 იოანე 4:19). ჩვენ მთელი გულით გვსურს, სხვებსაც გავაგებინოთ ის ძვირფასი ჭეშმარიტება, რაც ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი. სწორედ ამ მიზნით გამოიცა წიგნი „იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში“. მოკლედ გაგაცნობთ წიგნის თავისებურებებს.

ეს სახელმძღვანელო, ძირითადად, ბავშვებისთვის მომზადდა. თუმცა იგი დიდად წაადგება უფროსებსაც, რომელთაც სურთ, მეტი გაიგონ ბიბლიის შესახებ. და რადგანაც ბიბლია ყველასთვის სასარგებლო წიგნია, გვჯერა, რომ მასში ჩაწერილი თითოეული მოთხრობის განხილვა ბევრ რამეს შეგვძენს.

ამ წიგნში მოთხრობილია ბიბლიური ისტორიები დაწყებული ადამიანის შექმნიდან. დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ თითოეული ისტორია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ზუსტი და გასაგები ენით ყოფილიყო გადმოცემული.

თუმცა ეს წიგნი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიბლიური მოთხრობების კრებული. ტექსტიც და სურათებიც ისეა მომზადებული, რომ ცოცხლად გადმოსცეს ბიბლიური ეპიზოდები და მოქმედ პირთა გრძნობები.

ამ პუბლიკაციის მეშვეობით ვიგებთ, რომ ბიბლია მოგვითხრობს როგორც ღვთის მორჩილი, ისე ორგული ადამიანების შესახებ. ეს კი გვეხმარება, ვისწავლოთ მათი მაგალითებიდან (რომაელები 15:4; 1 კორინთელები 10:6). წიგნი შედგება 14 ნაწილისგან. თითოეული ნაწილი იწყება მნიშვნელოვანი საკითხების მოკლე მიმოხილვით.

მშობლებო, წაუკითხეთ ეს ბიბლიური მოთხრობები თქვენს შვილებს და იმსჯელეთ მასში მოცემულ სურათებზე. შემდეგ ერთად წაიკითხეთ ის ბიბლიური მუხლები, რომლებზეც მოცემული მასალაა დაფუძნებული. დაეხმარეთ შვილებს, რომ წაკითხული ბიბლიური მონაკვეთები მოთხრობასთან დააკავშირონ. მსგავსი მიდგომა ზრდასრულ ადამიანებთან მიმართებაშიც გამოგვადგება, რათა ზოგადი წარმოდგენა შევუქმნათ ბიბლიაზე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი ყველა გულმართალ ადამიანს, დიდსა თუ პატარას, დაეხმარება, უკეთ გაეცნოს ბიბლიას და მასში ჩაწერილი მნიშვნელოვანი გაკვეთილები ცხოვრებაში გამოიყენოს. შედეგად, ისინიც გახდებიან ღვთის თაყვანისმცემლები და მისი მოსიყვარულე ოჯახის წევრები.

თქვენი ძმები,

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო