არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 1

„იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი“

„იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი“

მათე 4:10

თემა: რატომ გახდა საჭირო წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა?

1, 2. როგორ აღმოჩნდა იესო იუდეის უდაბნოში ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე, და რა მოხდა იქ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

დგას ახ. წ. 29 წლის შემოდგომა. იესო მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, იუდეის უდაბნოში იმყოფება. ნათლობისა და სულით ცხების შემდეგ იგი წმინდა სულმა ამ ადგილას მოიყვანა. მის ირგვლივ მხოლოდ კლდეები და დამშრალი ხევებია. იესომ ბოლო 40 დღე სწორედ ამ ხრიოკ ადგილას გაატარა, სადაც მარხულობდა, ლოცულობდა და ფიქრობდა. როგორც ჩანს, იეჰოვამ ეს დრო გამოიყენა თავისი ძის მოსამზადებლად იმ ყველაფრისთვის, რაც მას წინ ელოდა.

2 და ახლა, როცა იესო შიმშილისგან ძალაგამოლეულია, მასთან სატანა მიდის გამოსაცდელად. შემდეგ განვითარებული მოვლენები ააშკარავებს უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც ეხება ყველას, ვისაც სურს, მხარი დაუჭიროს წმინდა თაყვანისმცემლობას. ალბათ, მათ შორის თქვენც ხართ.

„თუ ღვთის ძე ხარ . . .“

3, 4. ა) რა სიტყვებით დაიწყო სატანამ პირველი ორი მაცდუნებელი წინადადება და რაში ცდილობდა იესოს დაეჭვებას? ბ) რა მეთოდებს მიმართავს სატანა დღეს?

3 წაიკითხეთ მათეს 4:1—7. სატანამ პირველი ორი მაცდუნებელი წინადადება შემპარავი სიტყვებით დაიწყო: „თუ ღვთის ძე ხარ“. მართლა ეპარებოდა სატანას ეჭვი იმაში, რომ იესო ღვთის ძე იყო?! ღვთის ყოფილმა ანგელოზმა შესანიშნავად უწყოდა, რომ იესო ღვთის ძე, მისი პირმშო, იყო (კოლ. 1:15). ეშმაკს ისიც ეცოდინებოდა, რაც იეჰოვამ იესოს ნათლობის დროს თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე!“ (მათ. 3:17). შესაძლოა მას უნდოდა, იესოს ეჭვი შეჰპარვოდა მამის სანდოობასა და მზრუნველობაში. როცა წააქეზა, ქვები პურებად ექცია, სატანამ, ფაქტობრივად, მას უთხრა: „ხომ ღვთის ძე ხარ?! მაშ, რატომ არ გაპურებს მამა ამ უდაბურ ადგილას?!“. მეორე მაცდუნებელი წინადადებით კი, ტაძრის გალავნიდან გადამხტარიყო, სატანამ, შეიძლება ითქვას, იესოს უთხრა: „არ გჯერა, რომ მამა დაგიცავს, შენ ხომ ღვთის ძე ხარ?!“.

4 სატანა დღესაც მსგავს მეთოდებს მიმართავს (2 კორ. 2:11). როცა ხედავს, რომ ღვთის რომელიმე მსახური მოსუსტებული ან გულგატეხილია, მაშინვე თავს ესხმის, თანაც ამას ხშირად შეფარვით აკეთებს (2 კორ. 11:14). მას სურს, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა ვერასდროს შეგვიყვარებს და ვერასდროს ვიქნებით მისთვის მოსაწონი. მაცდურს უნდა, იმ აზრითაც მოგვიწამლოს გონება, რომ იეჰოვა არ არის სანდო და არც თავის სიტყვაში ჩაწერილი დაპირებების შესრულებას აპირებს, რაც წმინდა წყლის სიცრუეა! (იოან. 8:44). როგორ მოვიგერიოთ სატანის თავდასხმები?

5. როგორ მოიგერია იესომ სატანის პირველი ორი საცდური?

5 მოდი გავიგოთ, როგორ მოიგერია იესომ სატანის პირველი ორი საცდური. მას წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი მამის სიყვარულში და ბოლომდე ენდობოდა მას. იესომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უკუაგდო სატანის ორივე საცდური — მან ღვთის სიტყვიდან მოიშველია ციტატები, რომლებშიც ღვთის სახელი იეჰოვა ერია (კან. 6:16; 8:3). მამის სახელის მოხსენიებით მან ჯეროვანი პასუხი გასცა მაცდურს და საუკეთესოდ ცხადყო, რომ ენდობოდა მამას, რომლის შეუდარებელი სახელიც იმის გარანტიაა, რომ ღმერთი თავის დაპირებებს უსათუოდ შეასრულებს. *

6, 7. როგორ მოვიგერიოთ სატანის ფარული თავდასხმები?

6 თუ ვიხელმძღვანელებთ იეჰოვას სიტყვით და ვიფიქრებთ მისი სახელის მნიშვნელობაზე, არც ჩვენ გაგვიჭირდება სატანის ფარული თავდასხმების მოგერიება. თუ ეჭვი არ შეგვეპარება ბიბლიის სიტყვებში, რომ იეჰოვას უყვარს თავისი მსახურები, მათ შორის გულგატეხილები, და ზრუნავს მათზე, ამით უკუვაგდებთ სატანის ტყუილს, რომ იეჰოვა ვერც ვერასდროს შეგვიყვარებს და ვერც მისთვის მოსაწონი ვიქნებით (ფსალმ. 34:18; 1 პეტ. 5:8). თუ მუდამ გვემახსოვრება, რომ იეჰოვა ამართლებს თავისი სახელის მნიშვნელობას, ეჭვი არ შეგვეპარება, რომ იგი, როგორც დაპირებების შემსრულებელი ღმერთი, ყოველთვის იმსახურებს ჩვენს ნდობას (იგავ. 3:5, 6).

7 რა არის სატანის უმთავრესი მიზანი და რის მიღწევას ცდილობს იგი? ამ კითხვებს ნათელი მოჰფინა სატანის მესამე მაცდუნებელმა წინადადებამ.

„თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“

8. როგორ მოჰფინა ნათელი სატანის რეალურ განზრახვას მესამე საცდურმა?

8 წაიკითხეთ მათეს 4:8—11. მესამედ სატანას იესოს შეფარვით ცდუნება აღარ უცდია. ამჯერად მის რეალურ განზრახვას ფარდა აეხადა. როგორც ჩანს, სატანამ ხილვაში იესოს უჩვენა „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“ ანუ მხოლოდ მოჩვენებითი ბრწყინვალება და არა — მანკიერებები. შემდეგ იესოს უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. * აი, თურმე რა სურდა მას — თაყვანისცემა! სატანას უნდოდა, რომ იესოს ზურგი ექცია მამისთვის და იეჰოვას მაგივრად მისთვის ეცა თაყვანი. შეიძლება ითქვას, რომ სატანამ მას მარტივი გამოსავალი შესთავაზა. იესო ისე მოიპოვებდა ძალაუფლებას ერებზე და ისე ჩაიგდებდა ხელში მათ სიმდიდრეს, რომ თავიდან აირიდებდა ეკლიან გვირგვინს, გაშოლტვას და წამების ძელზე სიკვდილს. ეს საცდური რეალური იყო, რადგან იესოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის ფაქტი, რომ სატანა ბატონობდა ერებზე (იოან. 12:31; 1 იოან. 5:19). მართლაც, რას არ გაიღებდა სატანა იმისთვის, რომ იესოს წმინდა თაყვანისმცემლობისთვის ზურგი ექცია!

9. ა) რა არის სატანის მიზანი და რა ხერხებით ცდილობს მის მიღწევას? ბ) რა იგულისხმება თაყვანისცემაში? (იხილეთ ჩარჩო „რა იგულისხმება თაყვანისცემაში“)

9 სატანის მიზანი დღემდე უცვლელია. მას სურს, რომ, პირდაპირ თუ ირიბად, მას ვცემდეთ თაყვანს. ვინაიდან იგი „ამ ქვეყნიერების ღმერთია“, ყველა ცრუ რელიგიის მიმდევარი უნებლიეთ მას ეთაყვანება (2 კორ. 4:4). თუმცა სატანას არ აკმაყოფილებს მილიარდობით თაყვანისმცემელი; მას სურს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებიც ღმერთს აუმხედროს. ის ცდილობს, დაგვახარბოს ამქვეყნიურ სიმდიდრესა და ძალაუფლებას და გადაგვახვევინოს ქრისტიანული ცხოვრების გზიდან, რასაც ზოგჯერ სიმართლის გამო ტანჯვაც ახლავს თან (1 პეტ. 3:14). თუ სატანის ანკესს წამოვეგებით, ზურგს შევაქცევთ წმინდა თაყვანისმცემლობას და მისი ქვეყნიერების ნაწილი გავხდებით, შეიძლება ითქვას, რომ სატანის წინაშე დავემხობით და თაყვანს ვცემთ მას, ანუ ჩვენს ღმერთად ვაღიარებთ. რა დაგვეხმარება, რომ არ წამოვეგოთ მის ანკესს?

10. როგორ მოიგერია იესომ სატანის მესამე საცდური და რატომ მოიქცა ასე?

10 მოდი ვნახოთ, როგორ მოიგერია იესომ სატანის მესამე საცდური. ის იმდენად ერთგულობდა მამას, რომ მაცდური მაშინვე ამ სიტყვებით მოიცილა: „გამშორდი, სატანა!“. როგორც პირველი ორი საცდურის დროს, იესომ ამჯერადაც მოიშველია ციტატა წიგნ „კანონიდან“, რომელშიც ღვთის სახელი ერია. მან თქვა: «დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“» (მათ. 4:10; კან. 6:13). იესო არც წარმავალ ქვეყნიურ დიდებას დახარბებულა და არც იმაზე დაუწყია ფიქრი, რომ ტანჯვას თავიდან აირიდებდა. მას კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ მამა იყო თაყვანისცემის ღირსი და, თუკი ერთხელ მაინც სცემდა თაყვანს სატანას, ეს მისი ძალაუფლების აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ მან უკუაგდო საცდური და წამითაც არ დაუშვია, რომ მაცდური მისი ღმერთი გამხდარიყო. როცა მიხვდა სატანა, რომ მისი ყველა მცდელობა კრახით დასრულდა, გაეცალა იესოს. *

„გამშორდი, სატანა!“ (იხილეთ მე-10 აბზაცი)

11. როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ სატანასა და მის საცდურებს?

11 იესოს მსგავსად, ჩვენც გვაქვს არჩევანის თავისუფლება. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, დავყვებით თუ არა სატანის ნებას და წამოვეგებით თუ არა იმ საცდურებს, რომლებსაც მისი ბოროტი ქვეყნიერება გვთავაზობს. ნების თავისუფლება იეჰოვამ გვიბოძა, ამიტომ ვერავინ, თვით ძლიერი და ბოროტი მაცდურიც კი, ვერ გვაიძულებს, ზურგი ვაქციოთ წმინდა თაყვანისმცემლობას. როცა მტკიცე რწმენით ვეწინააღმდეგებით სატანას, ფაქტობრივად, ვეუბნებით: „გამშორდი, სატანა!“ (1 პეტ. 5:9). ნუ დაგავიწყდებათ, რომ, როცა იესო წინ აღუდგა სატანას, ის გაეცალა მას. სწორედ ამიტომ ვკითხულობთ ბიბლიაში: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაგეცლებათ“ (იაკ. 4:7).

დავყვებით სატანის ნებას თუ წინ აღვუდგებით ცდუნებას? (იხილეთ მე-11 და მე-19 აბზაცები)

წმინდა თაყვანისმცემლობის მტერი

12. როგორ ცხადყო ედემის ბაღში განვითარებულმა მოვლენებმა, რომ სატანა წმინდა თაყვანისმცემლობის მტერი იყო?

12 ბოლო, მესამე საცდურმა გამოააშკარავა, რომ სატანამ პირველმა გაილაშქრა წმინდა თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. სატანამ პირველად თავისი სიძულვილი იეჰოვას თაყვანისმცემლობის მიმართ ჯერ კიდევ ათასობით წლით ადრე გამოხატა ედემის ბაღში. მან აცდუნა ევა, რომელმაც, თავის მხრივ, ღვთის ურჩობისკენ უბიძგა ადამს. ასე მოაქცია სატანამ პირველი წყვილი თავისი ძალაუფლების ქვეშ (წაიკითხეთ დაბადების 3:1—5; 2 კორ. 11:3; გამოცხ. 12:9). ამგვარად იგი ადამისა და ევას ღმერთი გახდა, ისინი კი მისი — თაყვანისმცემლები, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაძლოა არც კი იცოდნენ, ვინ იყო მაცდური. როდესაც სატანამ პირველი წყვილი აუმხედრა ღმერთს, მან გაილაშქრა როგორც იეჰოვას უზენაესობის ანუ მმართველობის უფლების, ისე წმინდა თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. რატომ ვამბობთ ამას?

13. რა კავშირია უზენაესობის საკითხსა და წმინდა თაყვანისმცემლობას შორის?

13 უზენაესობის საკითხი წმინდა თაყვანისმცემლობასაც უკავშირდება, რადგან თაყვანისცემა მხოლოდ უზენაეს ღმერთს, ყოველივეს შემოქმედს, ეკუთვნის (გამოცხ. 4:11). როდესაც იეჰოვამ ადამი და ევა შექმნა და ედემის ბაღში დაასახლა, მისი საბოლოო განზრახვა ის იყო, რომ მთელი დედამიწის ზურგზე ეცხოვრათ სრულყოფილ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ნებით, სუფთა გულით სცემდნენ თაყვანს წმინდა ღმერთს (დაბ. 1:28). სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უზენაესობა, რადგან მოინდომა ის, რაც მხოლოდ უზენაეს უფალ იეჰოვას ეკუთვნის — თაყვანისცემა! (იაკ. 1:14, 15).

14. მიაღწია თავის საწადელს სატანამ? ახსენით.

14 მიაღწია თავის საწადელს სატანამ, რომელმაც წმინდა თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა? მან შეძლო, ადამი და ევა ჩამოეშორებინა ღვთისთვის და არც მას შემდეგ შეუწყვეტია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ბრძოლა. საუკუნეების მანძილზე იგი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტ მსახურს ექცია ზურგი ღვთისთვის. სატანა ასე იქცეოდა როგორც ქრისტიანობამდელ პერიოდში, ისე ახ. წ. 1-ლ საუკუნეში; მან ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანულ კრებაში განდგომილებას ეჩინა თავი. შედეგად, კრება წაიბილწა და წმინდა თაყვანისმცემლობაც, ერთი შეხედვით, წარსულს ჩაჰბარდა (მათ. 13:24—30, 36—43; საქ. 20:29, 30). ახ. წ. მე-2 საუკუნიდან მოყოლებული ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები დიდი ხნის განმავლობაში ცრურელიგიური სამყაროს, „დიდი ბაბილონის“, ტყვეობაში იყვნენ. ამის მიუხედავად, სატანის ყოველი მცდელობა, აღმოეფხვრა წმინდა თაყვანისმცემლობა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ნამდვილად, ღვთის განზრახვის შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგება! (ეს. 46:10; 55:8—11). ამაში ღვთის სახელის მნიშვნელობაც გვარწმუნებს. იეჰოვა ყოველთვის თავისი სახელის შესაბამისად მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს თავისი განზრახვების შესასრულებლად.

წმინდა თაყვანისმცემლობის ქომაგი

15. რა ზომები მიიღო იეჰოვამ ედემის ბაღში ურჩების წინააღმდეგ?

15 იეჰოვამ ედემის ბაღშივე მიიღო ზომები პირველი წყვილისა და სატანის წინააღმდეგ, რადგან მას არ სურდა, რომ თავისი განზრახვის შესრულებას საფრთხე დამუქრებოდა (წაიკითხეთ დაბადების 3:14—19). იეჰოვამ სამივეს გამოუტანა განაჩენი ურჩობისთვის ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც შესცოდეს მას — ჯერ სატანას, შემდეგ ევას და ბოლოს ადამს. ამბოხების უხილავი მოთავისთვის, სატანისთვის, გამოტანილი განაჩენი შეიცავდა წინასწარმეტყველებას, რომ მოვიდოდა შთამომავალი, რომელიც ურჩობის შედეგებს აღმოფხვრიდა. სწორედ აღთქმული შთამომავალი ითამაშებდა მთავარ როლს წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის განხორციელებაში.

16. როგორ განაგრძო იეჰოვამ თავისი განზრახვის განხორციელება ედემის ბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ?

16 ედემის ბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ იეჰოვამ განაგრძო თავისი განზრახვის განხორციელება. მან იზრუნა იმაზე, რომ არასრულყოფილ ადამიანებს მისთვის მოსაწონად ეცათ თაყვანი, რაზეც უფრო ვრცლად მომდევნო თავში ვიმსჯელებთ (ებრ. 11:4—12:1). ამასთანავე, ღვთის შთაგონებით ზოგმა წინასწარმეტყველმა, მაგალითად, ესაიამ, იერემიამ და ეზეკიელმა, ბიბლიაში შთამბეჭდავი წინასწარმეტყველებები ჩაწერა წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის თაობაზე, რაც ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ამ წინასწარმეტყველებებს აღთქმული შთამომავალი იესო ქრისტე შეასრულებდა (გალ. 3:16). იესო რომ წმინდა თაყვანისმცემლობის ქომაგია, კარგად გამოჩნდა მისი პასუხიდან სატანის მესამე მაცდუნებელ წინადადებაზე. იეჰოვა სწორედ იესოს მეშვეობით ასრულებს წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებს (2 კორ. 1:20; გამოცხ. 19:10). იესო გაათავისუფლებდა ღვთის ხალხს სულიერი ტყვეობიდან და აღადგენდა წმინდა თაყვანისმცემლობას.

რა პასუხისმგებლობა გაკისრია პირადად შენ?

17. რატომ არ გვტოვებს გულგრილს ის ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას ეხება?

17 ნამდვილად ამაღელვებელი და რწმენის განმამტკიცებელია წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების განხილვა! ეს წინასწარმეტყველებები არ გვტოვებს გულგრილს, რადგან მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ყველა ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, ერთსულოვნად სცემს თაყვანს უზენაეს უფალ იეჰოვას. ეს წინასწარმეტყველებები მომავლის რწმენასაც გვიმტკიცებს, რადგან იმედის მომცემ დაპირებებს შეიცავს. ყველას გვწადია, საკუთარი თვალით ვიხილოთ, თუ როგორ შესრულდება ღვთის დაპირებები; მაგალითად, როგორ აღდგებიან მკვდრეთით ჩვენი საყვარელი ახლობლები, როგორ იქცევა სამოთხედ მთელი დედამიწა, ანდა როგორ გავიხარებთ სრულყოფილი ჯანმრთელობით მთელი მარადიულობა! (ეს. 33:24; 35:5, 6; გამოცხ. 20:12, 13; 21:3, 4).

18. რას განვიხილავთ წინამდებარე სახელმძღვანელოში?

18 წინამდებარე სახელმძღვანელოში განვიხილავთ წიგნ „ეზეკიელში“ ჩაწერილ შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებებს, რომელთაგან ზოგი წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაზე ამახვილებს ყურადღებას. ვიმსჯელებთ იმაზეც, თუ როგორ უკავშირდება ეზეკიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები სხვა წინასწარმეტყველებებს. გავიგებთ იმასაც, როგორ შესრულდება მისი წინასწარმეტყველებები ქრისტეს მეშვეობით და ჩვენ რა მხრივ გვეხება თითოეული (იხილეთ ჩარჩო «წიგნ „ეზეკიელის“ მოკლე მიმოხილვა»).

19. რისი გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი? ახსენით.

19 ახ. წ. 29 წელს იუდეის უდაბნოში სატანას ხელი მოეცარა; იესო წმინდა თაყვანისმცემლობის ერთგული დარჩა. რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? სატანა დღეს კიდევ უფრო მეტი გაშმაგებით ცდილობს, რომ რამენაირად ჩამოგვაშოროს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (გამოცხ. 12:12, 17). ამ წიგნის მიზანია, დაგვეხმაროს, მტკიცედ აღვუდგეთ წინ სატანა ეშმაკს. დაე ჩვენი სიტყვითა თუ საქმით ვაჩვენოთ, რომ ბოლომდე გვაქვს გააზრებული იესოს სიტყვები: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი“. სწორედ ამ შემთხვევაში ვიხილავთ იეჰოვას დიდებული განზრახვის საბოლოო შესრულებას, როცა ყველა ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, წმინდა გულიდან მიაგებს ღმერთს იმას, რაც მას ჯეროვნად ეკუთვნის — წმინდა თაყვანისცემას!

^ აბზ. 5 ზოგი ენათმეცნიერის აზრით, სახელი „იეჰოვა“ ნიშნავს „აქცევინებს“. ეს სახელი მეტყველებს იმაზე, რომ იეჰოვა შემოქმედი და თავისი განზრახვების შემსრულებელი ღმერთია.

^ აბზ. 8 ერთ-ერთ ბიბლიურ ნაშრომში სატანის სიტყვებზე ასეთი კომენტარი იყო გაკეთებული: „ისევე როგორც პირველი გამოცდის შემთხვევაში, რომელიც ადამმა და ევამ ვერ ჩააბარეს . . . ახლაც არჩევანის საკითხი დადგა: სატანის ნებას დაჰყვებოდა [იესო] თუ მამის ნების შემსრულებლად დარჩებოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვის სცემდა თაყვანს. ერთი რამ ნათელია: სატანას ღმერთად მოაქვს თავი და ჭეშმარიტი ღვთის ადგილის მითვისება სურს“.

^ აბზ. 10 ლუკას სახარებისგან განსხვავებით, მათეს სახარებაში ეს საცდურები, როგორც ჩანს, ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა მოცემული. ამგვარი ვარაუდის საფუძველს სამი მიზეზი გვაძლევს: 1) სანამ მათე მეორე საცდურზე დაიწყებს საუბარს, იყენებს ბერძნულ სიტყვას („ტოტე“ ანუ „შემდეგ“), რაც იმაზე მოწმობს, რომ ეს საცდური რიგით მეორე იყო; 2) ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ორი საცდური, რომლებიც სატანამ დაიწყო ერთი და იმავე შემპარავი ფრაზით, „თუ ღვთის ძე ხარ“, რიგით პირველი და მეორე იქნებოდა, რასაც მოჰყვებოდა მესამე საცდური, ღია თავდასხმა, რომელმაც გამოააშკარავა სატანის მიზანი, კერძოდ ის, რომ იესოს პირველი მცნება დაერღვია (გამ. 20:2, 3); 3) ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ იესო სიტყვებს „გამშორდი სატანა!“ მესამე, ბოლო საცდურის შემდეგ იტყოდა (მათ. 4:5, 10, 11).