არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 7

ხალხები „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“

ხალხები „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“

ეზეკიელი 25:11

თემა: რას ვსწავლობთ ისრაელისა და მეზობელი ერების ურთიერთობიდან?

1, 2. ა) რატომ იყო ისრაელი ცხვარივით მგლების ხროვაში? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რა ცოდვაში ეხვეოდნენ ისრაელის მეფეებიცა და ხალხიც?

საუკუნეების განმავლობაში ისრაელი ცხვარივით იყო მგლების ხროვაში. მის ირგვლივ მტრულად განწყობილი ერები მკვიდრობდნენ; აღმოსავლეთით ამონელები, მოაბელები და ედომელები ცხოვრობდნენ, დასავლეთით კი — ფილისტიმელები, რომლებიც ოდითგანვე მათი დაუძინებელი მტრები იყვნენ. ისრაელის ჩრდილოეთით მდიდარი ქალაქი ტვიროსი მდებარეობდა, რომელიც იმ დროისთვის მთავარ სავაჭრო არტერიას წარმოადგენდა, სამხრეთით კი — უძველესი იმპერია ეგვიპტე, რომლის მმართველიც ღმერთად მიჩნეული ფარაონი იყო.

2 როდესაც ისრაელები იეჰოვას ენდობოდნენ, ისიც იცავდა მათ მტრებისგან. მაგრამ დროდადრო მეფეებიცა და ხალხიც გარშემო მცხოვრები ერების გამხრწნელ გავლენაში ექცეოდნენ. ერთ-ერთ ასეთ სუსტ და უნებისყოფო მმართველს ისრაელის ათტომიანი სამეფოს მეფე ახაბი წარმოადგენდა, რომელიც იუდას მეფე იეჰოშაფატის თანამედროვე იყო. ახაბმა ცოლად შეირთო აყვავებული ქალაქ ტვიროსის სიდონელი მმართველის ქალიშვილი იზებელი. იგი ბაალის კულტის თავგამოდებული თაყვანისმცემელი იყო. იზებელი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქმარზე გავლენა მოეხდინა და ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობა აეყვავებინა; ეს ასეც მოხდა — წმინდა თაყვანისმცემლობა შეიბღალა (1 მეფ. 16:30—33; 18:4, 19).

3, 4. ა) ვისკენ მიმართავს ეზეკიელი ყურადღებას? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ თავში?

3 იეჰოვამ ბევრჯერ გააფრთხილა თავისი ხალხი ორგულობის სავალალო შედეგების შესახებ. თუმცა ახლა მას უკვე მოთმინების ფიალა აევსო (იერ. 21:7, 10; ეზეკ. 5:7—9). დგას ძვ. წ. 609 წელი; თითქმის ათი წელია გასული წინა ლაშქრობიდან და ახლა ბაბილონელთა ჯარი უკვე მესამედ უტევს აღთქმულ მიწაზე მცხოვრებ ხალხს. ამჯერად მტერი დაანგრევს იერუსალიმის გალავანს და გაჟლეტს ყველას, ვინც ნაბუქოდონოსორის ნებას არ დაემორჩილება. მას შემდეგ, რაც ბაბილონელები ქალაქს ალყაში აქცევენ და ეზეკიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენების ზედმიწევნით შესრულება იწყება, ეზეკიელი ყურადღებას მეზობელი ერებისკენ მიმართავს.

ის ერები, რომლებიც შეურაცხყოფდნენ ღვთის სახელს, დაისაჯნენ.

4 იეჰოვა წინასწარმეტყველს უმჟღავნებს, რომ იუდას მტრები იერუსალიმის განადგურებით გაიხარებენ და გადარჩენილთ ულმობლად მოეპყრობიან. თუმცა არც ეს ერები დარჩებიან დაუსჯელნი, რომლებიც შეურაცხყოფენ ღვთის სახელს, ავიწროებენ მის ხალხს და გამხრწნელ გავლენაში აქცევენ. რას ვსწავლობთ ისრაელისა და ამ ერების ურთიერთობიდან? რა იმედს გვისახავს ეზეკიელის მიერ ამ ერებზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები?

მტრულად განწყობილი მონათესავე ერები

5, 6. რა ურთიერთობა ჰქონდათ ამონელებსა და ისრაელებს?

5 შეიძლება ითქვას, რომ ამონელები, მოაბელები და ედომელები ისრაელებს ნათესავებად ერგებოდნენ. ნათესაური კავშირისა და საერთო ისტორიის მიუხედავად, ისინი ოდითგანვე მასხრად იგდებდნენ და მტრობდნენ ღვთის ხალხს (ეზეკ. 25:6).

6 მოდი ჯერ ამონელებზე ვისაუბროთ. მათი წინაპარი ამონი იყო, რომელიც აბრაამის ძმისშვილს, ლოტს, თავისი უმცროსი ქალიშვილისგან შეეძინა (დაბ. 19:38). ებრაელებსა და ამონელებს შორის, როგორც ჩანს, ენის ბარიერი არ არსებობდა, რადგან მათი ენები მონათესავე იყო. ნათესაური კავშირის გამო იეჰოვამ ისრაელებს უთხრა, არ გაელაშქრათ ამონელების წინააღმდეგ (კან. 2:19). თუმცა მსაჯულების დროს ამონელები მოაბელი მეფე ეგლონის ჯარს შეუერთდნენ და ისრაელების ჩაგვრა დაიწყეს (მსაჯ. 3:12—15, 27—30). მეტიც, საულის მეფობის დასაწყისში ისინი თავს დაესხნენ ისრაელს (1 სამ. 11:1—4). მეფე იეჰოშაფატის დროს მათ კვლავ მხარი აუბეს მოაბელებს და აღთქმულ მიწაზე შეიჭრნენ (2 მატ. 20:1, 2).

7. როგორ ეპყრობოდნენ მოაბელები თავიანთ მონათესავე ერს, ისრაელს?

7 რაც შეეხება მოაბელებს, მათი წინაპარი მოაბი იყო, რომელიც ლოტს თავისი უფროსი ქალიშვილისგან შეეძინა (დაბ. 19:36, 37). იეჰოვამ მათზეც უთხრა ისრაელებს, რომ არ შებრძოლებოდნენ (კან. 2:9). თუმცა მოაბელებს მსგავსი დიდსულოვნება არ გამოუჩენიათ. ისინი ეგვიპტიდან გამოქცეულ ნათესავებს კი არ მიშველებიან, არამედ ხელი შეუშალეს აღთქმული მიწის დამკვიდრებაში. მოაბელთა მეფე ბალაკმა ისრაელთა დასაწყევლად ბალაამი დაიქირავა, რომელმაც მას რჩევები მისცა, როგორ გაეხვია ებრაელი მამაკაცები უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობაში (რიცხ. 22:1—8; 25:1—9; გამოცხ. 2:14). ეს მტრობა საუკუნეების მანძილზე, თვით ეზეკიელის დღეებამდე, გაგრძელდა (2 მეფ. 24:1, 2).

8. ა) რატომ მოიხსენია იეჰოვამ ედომი და ისრაელი „ძმებად“? ბ) როგორ ექცეოდნენ ედომელები მოძმე ერს?

8 ედომელები იაკობის ტყუპისცალის, ესავის, შთამომავლები იყვნენ. ისინი იმდენად მჭიდროდ ენათესავებოდნენ ისრაელებს, რომ ბიბლიაში იეჰოვა მათ „ძმებად“ იხსენიებს (კან. 2:1—5; 23:7, 8). მიუხედავად ამისა, ედომელები ისრაელებს ეგვიპტის დატოვებიდან იერუსალიმის განადგურებამდე, ძვ. წ. 607 წლამდე, მტრობდნენ (რიცხ. 20:14, 18; ეზეკ. 25:12). მათ არა მხოლოდ ახარებდათ ისრაელის უბედურება, არამედ აქეზებდნენ კიდეც ბაბილონელებს, რომ გაენადგურებინათ იერუსალიმი; ამასთანავე, გზას უკეტავდნენ გაქცეულ ისრაელებს და მტრების ხელში ყრიდნენ (ფსალმ. 137:7; აბდ. 11, 14).

9, 10. ა) რა ბედი ეწია ამონელებს, მოაბელებსა და ედომელებს? ბ) საიდან ჩანს, რომ ამ ერების ყველა წარმომადგენელი არ მტრობდა ღვთის ხალხს?

9 იეჰოვამ ისრაელის სასტიკად მოპყრობისთვის პასუხი აგებინა მათ მონათესავე ერებს. მან თქვა: „ამონელებსაც აღმოსავლელთა ხელში ჩავყრი, რათა აღარ იხსენიებოდნენ ერებს შორის. აღვასრულებ განაჩენს მოაბზე და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკ. 25:10, 11). იერუსალიმის დაცემიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, როცა ბაბილონელებმა დაამარცხეს ამონელები და მოაბელები, ეს წინასწარმეტყველება შესრულდა. რაც შეეხება ედომს, იეჰოვამ მათზე თქვა: „დავუხოცავ კაცსაც და პირუტყვსაც, და გავაპარტახებ“ (ეზეკ. 25:13). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ამონელები, მოაბელები და ედომელები აღიგავნენ მიწის პირიდან (იერ. 9:25, 26; 48:42; 49:17, 18).

10 თუმცა ამ ერების ზოგი წარმომადგენელი კეთილად იყო განწყობილი ღვთის ხალხის მიმართ. მაგალითად, მეფე დავითის მამაც მებრძოლთა შორის იყვნენ ამონელი ცელეკი და მოაბელი ითმა (1 მატ. 11:26, 39, 46; 12:1). რუთიც, რომელიც მოაბელი იყო, იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი გახდა (რუთ. 1:4, 16, 17).

ერთმა მცდარმა ნაბიჯმაც კი შეიძლება დაღუპვამდე მიგვიყვანოს.

11. რას ვსწავლობთ ისრაელისა და მისი მონათესავე ერების ურთიერთობიდან?

11 რას ვსწავლობთ ისრაელისა და მისი მონათესავე ერების ურთიერთობიდან? საკმარისი იყო, ისრაელებს ყურადღება მოედუნებინათ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში თავს იჩენდა მეზობელი ერების ცრურელიგიური წეს-ჩვეულებები, რომლებიც დამახასიათებელი იყო მოაბელთა ღვთაება ფეორის ბაალისა და ამონელთა ღვთაება მოლექის კულტებისთვის (რიცხ. 25:1—3; 1 მეფ. 11:7). მსგავსი რამ შეიძლება ჩვენც დაგვემართოს. შეიძლება ნათესავები, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, ისე მოგვიდგნენ, რომ სიფხიზლე მოვადუნოთ. შესაძლოა, მათ არ ესმით, რატომ არ აღვნიშნავთ აღდგომას, რატომ არ ვჩუქნით ერთმანეთს საჩუქრებს შობა-ახალ წელს ან რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას ცრურელიგიურ წეს-ჩვეულებებში. შეიძლება ჩვენს ნათესავებს ცუდი მოტივი არ ამოძრავებთ, მაგრამ, თუ მათ ნებას დავყვებით, გამოვა, რომ დათმობაზე მივდივართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მუდამ ვიფხიზლოთ! როგორც ისრაელის მაგალითიდან ჩანს, ერთმა მცდარმა ნაბიჯმაც კი შეიძლება დაღუპვამდე მიგვიყვანოს.

12, 13. რა წინააღმდეგობას შეიძლება შევხვდეთ, მაგრამ რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად ჩვენს ერთგულებას?

12 ჩვენ სხვა რამესაც ვსწავლობთ ისრაელებისა და მათი მონათესავე ერების — ამონელების, მოაბელებისა და ედომელების — ურთიერთობიდან. შესაძლოა წინააღმდეგობას ოჯახის წევრების მხრიდან შევხვდეთ. იესომაც გაგვაფრთხილა, რომ მისი ცნობის გამო განხეთქილება ჩამოვარდებოდა „მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის“ (მათ. 10:35, 36). იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, არ დაპირისპირებოდნენ მონათესავე ერებს. მსგავსად, არც ჩვენ უნდა შევქმნათ კონფლიქტური სიტუაციები ოჯახის წევრებთან, თუმცა არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ისინი დაგვიპირისპირდებიან (2 ტიმ. 3:12).

13 მაშინაც კი, თუ ოჯახის წევრები არ გვიშლიან იეჰოვას მსახურებას, არ უნდა დავუშვათ, რომ მათ ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაიკავონ, ვინაიდან ეს ადგილი სამართლიანად იეჰოვას ეკუთვნის (წაიკითხეთ მათეს 10:37). უფრო მეტიც, თუ ღვთის ერთგულნი დავრჩებით, შეიძლება ჩვენი ოჯახის ზოგი წევრი ცელეკის, ითმასა და რუთის მსგავსად, იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდეს (1 ტიმ. 4:16). შედეგად, ისინიც გაიხარებენ ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის მსახურებით და საკუთარ თავზე გამოცდიან ღვთის სიყვარულსა და მფარველობას.

იეჰოვას მიერ ერებისთვის თავსდატეხილი სასჯელი

14, 15. როგორ ეპყრობოდნენ ფილისტიმელები ისრაელებს?

14 ფილისტიმელები კუნძულ კრეტიდან გადასახლდნენ იმ მიწაზე, რომლის მიცემაც, მოგვიანებით, იეჰოვამ აბრაამსა და მის შთამომავლებს აღუთქვა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, აბრაამსაც და ისაკსაც გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდათ ამ ხალხთან (დაბ. 21:29—32; 26:1). იმ დროისთვის, როცა ისრაელები აღთქმულ მიწაზე შევიდნენ, ფილისტიმელები უკვე შიშის მომგვრელი სამხედრო ძალის მქონე ძლიერ ერად ქცეულიყვნენ. ისინი თაყვანს სცემდნენ ცრუ ღმერთებს, ბაალ-ზებუბსა და დაგონს (1 სამ. 5:1—4; 2 მეფ. 1:2, 3). მათ ღვთაებებს დროდადრო ისრაელებიც ეთაყვანებოდნენ (მსაჯ. 10:6).

15 თავისი ხალხის ორგულობის გამო იეჰოვამ დაუშვა, რომ წლების განმავლობაში ფილისტიმელებს ებატონათ მათზე (მსაჯ. 10:7, 8; ეზეკ. 25:15). ისინი მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებდნენ ისრაელებს * და არც მათ ხოცვა-ჟლეტაზე იხევდნენ უკან (1 სამ. 4:10). თუმცა, როცა ისრაელი ერი ინანიებდა ცოდვებს და იეჰოვას უბრუნდებოდა, ისიც იხსნიდა მათ. როგორც მათი ისტორიიდან ჩანს, ღმერთმა თავისი ერი სამსონის, საულისა და დავითის ხელით იხსნა (მსაჯ. 13:5, 24; 1 სამ. 9:15—17; 18:6, 7). ეზეკიელის წინასწარმეტყველებისამებრ, ღმერთმა სასტიკად დასაჯა ფილისტიმელები — მათზე ჯერ ბაბილონელებმა, შემდეგ კი ბერძნებმა მიიტანეს იერიში (ეზეკ. 25:15—17).

16, 17. რას ვსწავლობთ ფილისტიმელების დამოკიდებულებიდან ისრაელის მიმართ?

16 რას ვსწავლობთ ფილისტიმელების დამოკიდებულებიდან ისრაელის მიმართ? იეჰოვას ხალხის თანამედროვე ისტორია ცხადყოფს, რომ მისი მსახურები არაერთხელ გამხდარან მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების სამიზნე. თუმცა ისრაელებისგან განსხვავებით, მათ ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნეს. და მაინც, ზოგჯერ ისე ჩანდა, რომ მტერმა ბოლო მოუღო წმინდა თაყვანისმცემლობას. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში შეერთებული შტატების ხელისუფლებამ იეჰოვას ხალხის შეჩერება სცადა და ხელმძღვანელ ძმებს დაახლოებით 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიაშიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა პარტიამ ღვთის ხალხის გაჟლეტა განიზრახა და ათასობით იეჰოვას მოწმე დააპატიმრა, ასობით კი სიცოცხლეს გამოასალმა. მათ არც საბჭოთა კავშირი ჩამორჩა; ომის შემდეგ კომუნისტური მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში ავიწროებდა იეჰოვას მოწმეებს და შრომა-გასწორების კოლონიებში აგზავნიდა ან ციმბირში ასახლებდა.

17 დღესაც შეიძლება მთავრობებმა აკრძალონ სამქადაგებლო საქმე, დააპატიმრონ ღვთის მსახურები და ზოგი სიკვდილითაც კი დასაჯონ. თუმცა უნდა შეგვაშინოს ან რწმენა შეგვირყიოს ასეთმა მოვლენებმა? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა თავის ერთგულთ უთუოდ დაიცავს (წაიკითხეთ მათეს 10:28—31). ჩვენ უკვე ვიხილეთ, თუ როგორ დაემხო ზოგი რეპრესიული მმართველობა, რის პარალელურადაც იეჰოვას ხალხი რიცხობრივად მატულობდა. მალე ყველა მმართველი ფილისტიმელთა ხვედრს გაიზიარებს და შეიტყობს, რომ იეჰოვა იბრძვის მათ წინააღმდეგ. ფილისტიმელებისა არ იყოს, ისინიც აღიგვებიან მიწის პირიდან!

„აურაცხელ დოვლათს“ არ ძალუძს ხსნა

18. რა სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა ძველ მსოფლიოში ტვიროსს?

18 ქალაქ ტვიროსს * სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა; მასზე გადიოდა ძველი მსოფლიოს მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. ტვიროსიდან იწყებდა დატოტვას გზების მთელი ქსელი, რომელიც დასავლეთით მთელ ხმელთაშუა ზღვაზე ვრცელდებოდა, ხოლო აღმოსავლეთით — თითქმის მთელ კონტინენტზე უშორეს სამეფოებამდე. ვინაიდან ტვიროსს სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებდა უამრავ დაშორებულ სამეფოსთან, მან აურაცხელი სიმდიდრე დააგროვა. ტვიროსელი ვაჭრები ისე გამდიდრდნენ, რომ თავი მთავრებად მოჰქონდათ (ეს. 23:8).

19, 20. რა განასხვავებდა ტვიროსისა და გაბაონის მკვიდრთ?

19 დავითისა და სოლომონის მეფობის დროს ისრაელს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ტვიროსთან, რომელიც დავითის სასახლისა და მოგვიანებით სოლომონის ტაძრის მშენებლობის დროს საჭირო მასალითა და მუშახელით ამარაგებდა ისრაელს (2 მატ. 2:1, 3, 7—16). ტვიროსელებმა საკუთარი თვალით იხილეს ის დრო, როცა ისრაელს ოქროს ხანა ედგა (1 მეფ. 3:10—12; 10:4—9). მათ ნამდვილად ექნებოდათ იმის შესაძლებლობა, რომ მეტი გაეგოთ წმინდა თაყვანისმცემლობის შესახებ, გაეცნოთ იეჰოვა და საკუთარი თვალით ეხილათ ის კურთხევები, რომლებითაც ღვთის ერთგული ერი ხარობდა.

20 თუმცა ტვიროსელები მხოლოდ მატერიალურით იყვნენ მოცულნი და ხელიდან გაუშვეს ეს შესაძლებლობა. ისინი ქანაანის ერთ-ერთი ძლევამოსილი ქალაქის, გაბაონის, მკვიდრებივით არ მოქცეულან, რომლებისთვისაც იეჰოვას დიდებული საქმეების შესახებ შეტყობაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი მსახურების სურვილი გასჩენოდათ (იეს. 9:2, 3, 22—10:2). დროთა განმავლობაში ტვიროსის მკვიდრნი მტრებად ექცნენ ღვთის ხალხს და ზოგი მათგანი მონებადაც კი გაყიდეს (ფსალმ. 83:2, 7; იოელ. 3:4, 6; ამოს. 1:9).

არ უნდა დავუშვათ, რომ მატერიალური კეთილდღეობა დამცავ გალავნად მივიჩნიოთ.

21, 22. რა ბედი ეწია ტვიროსს და რა გახდა ამის მიზეზი?

21 ეზეკიელის პირით იეჰოვამ უთხრა ტვიროსელებს: „შეგებრძოლები, ტვიროსო, და ზღვის ტალღებივით მოვაქცევ მრავალ ერს შენ წინააღმდეგ. დაანგრევენ ტვიროსის გალავანს და დააქცევენ მის კოშკებს; ნანგრევებს მოვაცილებ და მისგან პიტალო კლდეღა დარჩება“ (ეზეკ. 26:1—5). ტვიროსელებს სიმდიდრე ისეთივე უსაფრთხოების გარანტად მიაჩნდათ, როგორადაც 46-მეტრიანი გალავანი, რომელიც კუნძულოვან ქალაქს გარს ერტყა. ბრძნული საქციელი იქნებოდა, თუკი ისინი სოლომონის იგავში მოცემულ აზრს ყურად იღებდნენ: „მდიდრისთვის ქონება გამაგრებული ქალაქივითაა; ის მას გალავნად წარმოუდგენია“ (იგავ. 18:11).

22 ტვიროსელები მას შემდეგღა მიხვდნენ, რომ სულ ტყუილად ამყარებდნენ იმედს საკუთარ სიმდიდრესა თუ გალავანზე, როცა ბაბილონელებმა და ბერძნებმა იერიში მიიტანეს მათ ქალაქზე, რითაც ეზეკიელის წინასწარმეტყველება შესრულდა. იერუსალიმის განადგურების შემდეგ ბაბილონელებმა შეუტიეს ტვიროსს და 13-წლიანი ალყის შედეგად ქალაქი დაეცა (ეზეკ. 29:17, 18). ძვ. წ. 332 წელს ეზეკიელის წინასწარმეტყველების მნიშვნელოვანი ნაწილი ალექსანდრე მაკედონელმა შეასრულა. * მისმა ჯარმა ქალაქის ნანგრევები — ქვისა და ხის მასალა — გამოიყენა იმისათვის, რომ ქალაქის კუნძულოვან ნაწილამდე მიწაყრილი გაეკეთებინა (ეზეკ. 26:4, 12). ალექსანდრე მაკედონელმა გაარღვია გალავანი, გაძარცვა ქალაქი, ათასობით მეომარი თუ რიგითი მოქალაქე სიცოცხლეს გამოასალმა და ათი ათასობით ტვიროსელი მონად აქცია. ტვიროსელებს მოუწიათ, ეღიარებინათ იეჰოვას ძალა, როცა მიხვდნენ, რომ „აურაცხელ დოვლათს“ არ ძალუძდა ხსნა (ეზეკ. 27:33, 34).

ეზეკიელის წინასწარმეტყველებისამებრ, უძლეველი ტვიროსი განადგურდა. (იხილეთ 22-ე აბზაცი)

23. რას ვსწავლობთ ტვიროსელების მაგალითზე?

23 რას ვსწავლობთ ტვიროსელების მაგალითზე? არ უნდა დავუშვათ, რომ „სიმდიდრის მაცდუნებელმა ძალამ“ ჩვენც შეგვიყვანოს შეცდომაში და მატერიალური კეთილდღეობა დამცავ გალავნად მივიჩნიოთ (მათ. 13:22). ვერ ვიქნებით „ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (წაიკითხეთ მათეს 6:24). ჭეშმარიტად დაცულნი მხოლოდ ისინი არიან, ვინც იეჰოვას მთელი გულითა და სულით სცემენ თაყვანს (მათ. 6:31—33; იოან. 10:27—29). წინასწარმეტყველება ახლანდელი ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ ისევე ზედმიწევნით შესრულდება, როგორც ეს ტვიროსის შემთხვევაში მოხდა. მათ, ვინც სიმდიდრეზე არიან დანდობილნი, მოუწევთ ღვთის ძალის აღიარება, როდესაც იგი მოსპობს შემოსავალს დახარბებულ კომერციულ სისტემას.

ძალა, რომელიც „ნამჯის ღეროს“ ჰგავდა

24—26. ა) რატომ უწოდა იეჰოვამ ეგვიპტეს „ნამჯის ღერო“? ბ) როგორ უგულებელყო მეფე ციდკიამ იეჰოვას მითითება და რა მოჰყვა ამას შედეგად?

24 ეგვიპტის გავლენა აღთქმული მიწის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ იოსები იქ აღმოჩნდებოდა, და ასე გაგრძელდა იმ დრომდე, ვიდრე ბაბილონელები იერუსალიმზე გაილაშქრებდნენ. ეგვიპტის უძველესი იმპერია ღრმად ფესვგადგმულ ხესავით იყო, რომელსაც თითქოსდა ვერაფერი შეარყევდა. თუმცა იეჰოვას თვალში ის უსუსური იყო და ნამჯის ღეროს წააგავდა (ეზეკ. 29:6).

25 განდგომილმა მეფე ციდკიამ უგულებელყო ეს გარემოება. წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით იეჰოვამ მოუწოდა მას, დამორჩილებოდა ბაბილონის მეფეს (იერ. 27:12). ციდკიამ ღვთის სახელითაც დაიფიცა, რომ არ აუმხედრდებოდა მეფე ნაბუქოდონოსორს. თუმცა მოგვიანებით უგულებელყო იეჰოვას მითითება, გატეხა ნაბუქოდონოსორთან დადებული ფიცი და ბაბილონელებთან საბრძოლველად ეგვიპტეს მიმართა დახმარებისთვის (2 მატ. 36:13; ეზეკ. 17:12—20). ფაქტია, ისრაელებს კარგი არაფერი მოუტანა ეგვიპტის ძალაზე დანდობამ (ეზეკ. 29:7). მართალია, ეგვიპტე ზღვის დიდი ურჩხულივით საზარელი ჩანდა, მაგრამ იეჰოვა მას ისევე მოექცეოდა, როგორც მონადირეები იჭერენ ნილოსში ნიანგებს — „კავებს გამოსდებდა ყბებში“ და გაანადგურებდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ღვთის ნებით ბაბილონმა ეგვიპტე დაიპყრო (ეზეკ. 29:3, 4, 9—12, 19).

26 რა ბედი ეწია ორგულ მეფე ციდკიას? ეზეკიელმა იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვას ურჩობის გამო ამ „ბოროტ თავკაცს“ გვირგვინს მოხსნიდნენ და მისი მმართველობა კრახით დასრულდებოდა. მაგრამ ეზეკიელის წინასწარმეტყველება დამაიმედებელ ცნობასაც შეიცავდა (ეზეკ. 21:25—27). ღვთის შთაგონებით მან იწინასწარმეტყველა, რომ სამეფო საგვარეულო ხაზში მოვიდოდა „უფლებამოსილი“, რომელიც დაიკავებდა ტახტს. მის შესახებ ამ წიგნის მომდევნო თავში ვისაუბრებთ.

27. რას ვსწავლობთ ისრაელის დამოკიდებულებიდან ეგვიპტის მიმართ?

27 რას ვსწავლობთ ისრაელის დამოკიდებულებიდან ეგვიპტის მიმართ? იეჰოვას მსახურებმა არ უნდა დავამყაროთ იმედი პოლიტიკურ მმართველობებზე და ისინი უსაფრთხოების გარანტად არ უნდა მივიჩნიოთ. ფიქრითაც კი ღვთის ერთგულნი უნდა ვიყოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ „ქვეყნიერების ნაწილი“ არა ვართ (იოან. 15:19; იაკ. 4:4). პოლიტიკური მმართველობები, ერთი შეხედვით, შესაძლოა შეურყეველნი ჩანდნენ, მაგრამ ძველი ეგვიპტისა არ იყოს, ისინიც ნამჯის ღეროსავით სუსტები არიან. რამხელა უგუნურება იქნებოდა, თუკი იმედს მოკვდავ კაცზე დავამყარებდით და არა სამყაროს უზენაეს ყოვლისშემძლე მმართველზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 146:3—6).

უნდა ვიფრთხილოთ, რომ პირად საუბრებშიც კი არ მივემხროთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას. (იხილეთ 27-ე აბზაცი)

ხალხები „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“

28—30. როგორ გაიგებენ ხალხები, თუ ვინაა იეჰოვა, თუმცა ჩვენ რით ცხადვყოფთ, რომ ვიცნობთ მას?

28 წიგნ „ეზეკიელში“ არაერთხელ ვხვდებით ხალხების მიმართ ნათქვამ იეჰოვას სიტყვებს: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკ. 25:11). ძველ დროში ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როცა იეჰოვამ თავისი ხალხის მტრებზე განაჩენი აღასრულა. თუმცა ეს სიტყვები ფართო მასშტაბით ჩვენს დროში შესრულდება. როგორ მოხდება ეს?

29 ღვთის ძველი დროის მსახურთა მსგავსად, დღესაც ღვთის ხალხი სხვა ხალხებს შორის ისეა, როგორც ცხვარი მგლებს შორის (ეზეკ. 38:10—13). როგორც ამ წიგნის მე-17 და მე-18 თავებიდან შევიტყობთ, ერები მალე მასშტაბურ თავდასხმას განახორციელებენ ღვთის მსახურებზე. და, როცა ისინი იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ დაილაშქრებიან, მაშინ საკუთარ თავზე გამოცდიან იეჰოვას ძალას. როდესაც ღმერთი იერიშს მიიტანს მათზე არმაგედონში, ისინი იძულებულნი გახდებიან, აღიარონ, რომ მხოლოდ იეჰოვაა უზენაესი მმართველი! (გამოცხ. 16:16; 19:17—21).

30 რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? იეჰოვა დაგვიცავს და გვაკურთხებს, რადგან ვიცნობთ მას; ამას იმით ცხადვყოფთ, რომ ვენდობით და ვემორჩილებით ღმერთს და მხარს ვუჭერთ მის წმინდა თაყვანისმცემლობას (წაიკითხეთ ეზეკიელის 28:26).

^ აბზ. 15 მაგალითად, ფილისტიმელები ისრაელებს სამჭედლო საქმეს უშლიდნენ. ისრაელები იძულებულნი იყვნენ, სამეურნეო იარაღების გასალესად ფილისტიმელებისთვის მიემართათ, რომლებიც შესრულებული საქმის სანაცვლოდ რამდენიმე დღის გასამრჯელოს ითხოვდნენ (1 სამ. 13:19—22).

^ აბზ. 18 უძველესი ქალაქი ტვიროსი გაშენებული იყო სანაპიროს სიახლოვეს, კლდოვან კუნძულზე, ქარმელის მთის ჩრდილოეთით 50 კმ-ში. მოგვიანებით ამ ქალაქმა სანაპირო ზოლიც მოიცვა. ქალაქის თანამედროვე ებრაული სახელი „სურ“ ნიშნავს „კლდეს“.

^ აბზ. 22 წინასწარმეტყველებები ტვიროსზე ესაიამ, იერემიამ, იოელმა, ამოსმა და ზაქარიამაც წარმოთქვეს, რომლებიდანაც არცერთი სიტყვა არ დარჩენილა შეუსრულებელი (ეს. 23:1—8; იერ. 25:15, 22, 27; იოელ. 3:4; ამოს. 1:10; ზაქ. 9:3, 4).