არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 13

„აღუწერე . . . ეს ტაძარი“

„აღუწერე . . . ეს ტაძარი“

ეზეკიელი 43:10

თემა: რაზე მიუთითებს ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი დიდებული ტაძარი?

1—3. ა) რატომ მოჰგვრიდა ეზეკიელს ნუგეშს შთამბეჭდავი სატაძრო კომპლექსის ნახვა ხილვაში? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რაზე ვისაუბრებთ წინამდებარე თავში?

ეზეკიელი ახლა 50 წლისაა. იგი თითქმის 25 წელია, რაც სხვა ებრაელებთან ერთად გადასახლებულია. იერუსალიმის ტაძარიც უკვე კარგა ხნის განადგურებულია. თუკი ეზეკიელი ოდესმე ოცნებობდა იერუსალიმის ტაძარში მღვდლად მსახურებაზე, ახლა მას უკვე ეს იმედიც გადაწურული აქვს. ტყვეობის დასრულებამდე კიდევ 56 წელია დარჩენილი, ამიტომ წინასწარმეტყველი ხვდება, რომ იგი, დიდი ალბათობით, ვეღარ იხილავს იეჰოვას ხალხის მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ტაძრის აღდგენაზე (იერ. 25:11). გულს ხომ არ უტეხს ეს ყოველივე წინასწარმეტყველს?

2 იეჰოვამ მართლაც შესაფერისი დრო შეარჩია, რომ ეზეკიელისთვის მრავლისმომცველი ხილვა ეჩვენებინა, რომელიც ამ ერთგულ მამაკაცს იმედს ჩაუნერგავდა და ნუგეშს მოჰგვრიდა. ხილვის მეშვეობით ღმერთმა ის სამშობლოში დააბრუნა და ძალიან მაღალ მთაზე დააყენა, სადაც მან იხილა „კაცი, რომელიც სპილენძისფრად ბზინავდა“. ეს ის ანგელოზი იყო, რომელმაც ეზეკიელს მთელი სატაძრო კომპლექსი დაათვალიერებინა (წაიკითხეთ ეზეკიელის 40:1—4). მეტად რეალური ხილვა წინასწარმეტყველზე უდავოდ წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენდა და რწმენასაც განუმტკიცებდა. თუმცა ხილვაში ნანახი ცოტათი გააკვირვებდა კიდეც ეზეკიელს, რადგან ტაძარი, რომელიც ხილვაში ნახა, დიდად განსხვავდებოდა იერუსალიმის ტაძრისგან.

3 წიგნ „ეზეკიელის“ ბოლო ცხრა თავი სწორედ ამ ამაღელვებელ ხილვას ეძღვნება. მოდი ახლა ვნახოთ, თუ როგორ იხსნება ეს ხილვა და ჩავწვდეთ მის მნიშვნელობას. შემდეგ კი იმაზეც ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეზეკიელის მიერ ნანახი და საუკუნეების გასვლის შემდეგ პავლეს მიერ აღწერილი სულიერი ტაძარი ერთიმეორის იდენტური. ბოლოს იმასაც შევეხოთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ნანახს წინასწარმეტყველისთვის და მასთან ერთად გადასახლებულთათვის.

განახლებული ახსნა

4. როგორ იხსნებოდა უწინ ეზეკიელის მიერ ტაძრის შესახებ ნანახი ხილვა და რა შეიცვალა ახლა?

4 უწინ ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ ეზეკიელმა ის დიდებული სულიერი ტაძარი იხილა, რომლის შესახებაც მოციქული პავლე ებრაელებს სწერდა თავის წერილში. * ამის გათვალისწინებით, ვასკვნიდით, რომ ეზეკიელის მიერ ნანახ ტაძარს ანტიტიპური ანუ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და ამის დასტურად პავლეს მიერ ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მოცემულ კარვის აღწერილობას ვიშველიებდით. თუმცა ამ საკითხზე ლოცვის და გულდასმით შესწავლის შედეგად, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეზეკიელის ხილვას ბევრად მარტივი ახსნა მოეძებნებოდა.

5, 6. ა) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ მოციქულმა პავლემ კარვის აღწერისას თავმდაბლობა გამოიჩინა? ბ) რა თქვა პავლემ კარვის ნივთებზე და როგორ მიესადაგება ეს მიდგომა ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახ ტაძარსაც?

5 გონივრულია, თუ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის ყველა დეტალს სიმბოლურ ანუ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ. მოდი განვიხილოთ, თუ რატომ ვფიქრობთ ასე. კარვისა და სულიერი ტაძრის აღწერისას პავლემ მოიხსენია კარავში არსებული ისეთი ნივთები, როგორებიცაა: ოქროს სასაკმევლე, შეთანხმების კიდობნის სახურავი და ოქროს ქილა მანანით. წინასწარმეტყველური მნიშვნელობა მიანიჭა პავლემ თითოეულ ნივთს? სავარაუდოდ, წმინდა სულს მისთვის ეს არ უკარნახია. მოციქულმა ასეთი რამ თქვა: „ახლა ამაზე დაწვრილებით ლაპარაკის დრო არ არის“ (ებრ. 9:4, 5). ამგვარად, პავლე მზად იყო, მიჰყოლოდა წმინდა სულის ხელმძღვანელობას, თავმდაბლობა გამოეჩინა და დალოდებოდა იეჰოვას (ებრ. 9:8).

6 იმავეს თქმა შეიძლება ეზეკიელის მიერ ნანახ ტაძარზეც. ეს ხილვაც ბევრ წვრილმანს შეიცავს. ამ შემთხვევაშიც უმჯობესია, დაველოდოთ იეჰოვას, თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, საკითხს მეტი ნათელი მოჰფინოს (წაიკითხეთ მიქას 7:7). აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვას სული მეტი სიცხადით არ გვიმჟღავნებს ამ საკითხს? რასაკვირველია, არა!

სულიერი ტაძარი ნახა ეზეკიელმა ხილვაში?

7, 8. ა) რომელ საკითხს მოეფინა ნათელი? ბ) რით განსხვავდება ეზეკიელის მიერ ნანახი ტაძარი პავლეს მიერ აღწერილი სულიერი ტაძრისგან?

7 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლების განმავლობაში ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ ეზეკიელმა ხილვაში იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი იხილა, რომლის შესახებაც ღვთის შთაგონებით მოციქული პავლე ებრაელებისთვის მიწერილ წერილში წერდა. თუმცა ამ საკითხის სიღრმისეულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეზეკიელს სულიერი ტაძარი არ უხილავს. მოდი ვნახოთ ორი მიზეზი, თუ რატომ ვამბობთ ამას.

8 პირველი: ეზეკიელის მიერ ნანახი ტაძრის აღწერილობა არ ემთხვევა პავლეს მიერ მოყვანილ სულიერი ტაძრის აღწერილობას. მოციქულმა პავლემ არაორაზროვნად თქვა, რომ მოსეს დროინდელი კარავი რაღაც უფრო დიდებულის ჩრდილი და ნიმუში იყო. კარავს, მოგვიანებით კი სოლომონისა და ზერუბაბელის ტაძრებს, რომლებიც ერთი გეგმის მიხედვით იყო ნაგები, გააჩნდა წმინდათაწმინდა. პავლემ მას „ხელთქმნილი წმინდათაწმინდა“ უწოდა და ახსნა, რომ ის „ნამდვილი“ კი არა, მისი განსახიერება იყო. მაშ, რა იყო „ნამდვილი“? პავლემ იქვე დასძინა, რომ „ნამდვილი“ „თვით ზეცა“ იყო (ებრ. 9:3, 24). ზეცა იხილა ეზეკიელმა? რა თქმა უნდა, არა! სხვა ხილვებისგან განსხვავებით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ წინასწარმეტყველმა ღვთის ზეციერი სამყოფელი იხილა (შეადარეთ დანიელის 7:9, 10, 13, 14).

9, 10. კიდევ რა განასხვავებს ეზეკიელის მიერ ნანახ ტაძარს პავლეს მიერ აღწერილი სულიერი ტაძრისგან?

9 ეზეკიელის მიერ ნანახ და პავლეს მიერ აღწერილ ტაძრებს შორის კიდევ ერთი არსებითი განსხვავებაა და ის შესაწირავებს უკავშირდება. ეზეკიელმა მოისმინა, თუ რა მითითებები მიეცა როგორც ხალხს, ისე თავკაცებსა და მღვდლებს მსხვერპლის შეწირვის თაობაზე. მათ უნდა გაეღოთ შესაწირავი საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად. გარდა ამისა, მათ უნდა აღევლინათ სამშვიდობო მსხვერპლი, რომლის ნაწილსაც ისინი, როგორც ჩანს, ტაძრის სასადილო ოთახებში ჭამდნენ (ეზეკ. 43:18, 19; 44:11, 15, 27; 45:15—20, 22—25). სულიერ ტაძარშიც ხდებოდა მსგავსი მსხვერპლშეწირვა?

ეზეკიელს ხილვაში იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი არ უხილავს.

10 პასუხი ნათელი და მარტივია. პავლემ დაწერა: „როცა ქრისტე მოვიდა, როგორც ახლანდელ კურთხევათა მღვდელმთავარი, ის შევიდა უფრო დიდ და უფრო სრულყოფილ კარავში, რომელიც ხელთქმნილი კი არაა, არამედ სხვაგვარადაა შექმნილი. ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდათაწმინდაში და მარადიული ხსნა მოგვიპოვა“ (ებრ. 9:11, 12). მაშასადამე, სულიერ ტაძარში მხოლოდ ერთხელ მოხდა მსხვერპლის აღვლენა. ეს იყო დიდებული მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მიერ გამოსასყიდად გაღებული სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ეზეკიელის მიერ ნანახი ტაძარი, სადაც უამრავი თხა და მოზვერი იწირებოდა, სულიერი ტაძარი არაა.

11. რატომ არ იყო დამდგარი იმის დრო, რომ ღმერთს თავისი ხალხისთვის სულიერი ტაძრის შესახებ რაიმე გაემჟღავნებინა?

11 ამ მსჯელობას ლოგიკურად მივყავართ მეორე მიზეზამდე, რომლის საფუძველზეც ვასკვნით, რომ ეზეკიელს არ უხილავს სულიერი ტაძარი — ჯერ არ იყო დამდგარი იმის დრო, რომ ღმერთს თავისი ხალხისთვის სულიერი ტაძრის შესახებ რაიმე გაემჟღავნებინა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეზეკიელს ხილვა თავდაპირველად ბაბილონში გადასახლებული ებრაელებისთვის უნდა გადაეცა, რომლებიც მოსეს კანონს იცავდნენ. ტყვეობის დასრულებისა და იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ებრაელებს კვლავაც მოსეს კანონით უნდა ეხელმძღვანელათ და აღედგინათ ტაძარი და სამსხვერპლო. მათ უნდა შეეწირათ მსხვერპლი, რაც ასე გაგრძელდა კიდევ ექვსი საუკუნის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ მათ, თუკი ეზეკიელის ხილვა სულიერ ტაძარს ეხებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მღვდელმთავარი საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა მსხვერპლად, რითაც სხვა შესაწირავები გაუქმდებოდა. რას დაასკვნიდნენ ისინი? აზრს ხომ არ დაკარგავდა მათთვის მოსეს კანონი? როგორც ყოველთვის, იეჰოვამ არც ახლა გაასწრო დროს და ისიც გაითვალისწინა, რომ ხალხი ჯერ მზად არ იყო სიახლისთვის.

12—14. რა კავშირია ეზეკიელის ხილვაში ნანახ ტაძარსა და პავლეს აღწერილ სულიერ ტაძარს შორის? (იხილეთ ჩარჩო „ორი ტაძარი და მათი მნიშვნელობა“)

12 ისმის კითხვა: რა კავშირია ეზეკიელის ხილვაში ნანახ ტაძარსა და პავლეს მიერ აღწერილ სულიერ ტაძარს შორის? ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლეს თავისი მსჯელობა ეზეკიელის ხილვაზე კი არ დაუფუძნებია, არამედ მაგალითისთვის მოსეს დროინდელი კარავი მოიშველია. მართალია, პავლემ მოიხსენია ზოგი რამ, რაც სოლომონისა თუ ზერუბაბელის ტაძრებსა და ეზეკიელის მიერ ნანახ ტაძარშიც იყო, მაგრამ, საერთო ჯამში, ეზეკიელი და პავლე სხვადასხვა კუთხით შლიან საკითხს. * ისინი ერთსა და იმავეზე კი არ საუბრობენ, არამედ მათ მიერ მოხსენიებული დეტალები ავსებს ერთიმეორის მონათხრობს. ვნახოთ, როგორ.

13 დავფიქრდეთ, რა კავშირია ბიბლიის ამ ორ მონაკვეთს შორის: პავლე ყურადღებას ამახვილებს წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ხოლო ეზეკიელი ხაზს უსვამს იმას, თუ რა ნორმები აქვს იეჰოვას დადგენილი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის. პავლე ნათელს ჰფენს სულიერ ტაძართან დაკავშირებულ ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: მღვდელმთავარი, შესაწირავები, სამსხვერპლო და წმინდათაწმინდა, რაც გვეხმარება, ჩავწვდეთ წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებას. ეზეკიელი კი დეტალურად აღწერს ტაძარს, რითაც ხაზს უსვამს იეჰოვას მიერ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილ ნორმებს.

14 ნიშნავს ეს განახლებული ახსნა იმას, რომ ეზეკიელის ხილვამ დაკარგა პრაქტიკული ღირებულება ჩვენთვის? სულაც არა! ამ ხილვის მნიშვნელობის გასაგებად მოდი ჯერ იმაზე ვისაუბროთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მას ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული ებრაელებისთვის.

რა მნიშვნელობა ჰქონდა ხილვას გადასახლებული ებრაელებისთვის?

15. ა) რა წინასწარმეტყველურ ცნობას შეიცავდა ხილვა? ბ) რამდენად განსხვავებულ სურათს გვიხატავს ეზეკიელის მე-8 და მე-40—48-ე თავები?

15 ხილვის მნიშვნელობას რომ ჩავწვდეთ, მოდი ვიმსჯელოთ რამდენიმე კითხვაზე, რომლებიც სრული სურათის აღქმაში დაგვეხმარება. პირველი: რა წინასწარმეტყველურ ცნობას შეიცავდა ეს ხილვა? უპირველეს ყოვლისა იმას, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა, რაშიც ეზეკიელს ეჭვი არ ეპარებოდა. როგორც ეზეკიელის მე-8 თავიდან ვხედავთ, იერუსალიმის ტაძარში ამაზრზენი ვითარება იყო. ამიტომ წინასწარმეტყველისთვის მეტად სასიამოვნო იქნებოდა იმ სურათის აღწერა, რომლის შესახებაც ეზეკიელის მე-40—48-ე თავებში ვკითხულობთ. ამ თავებში აღწერილ ტაძარში წმინდა თაყვანისმცემლობა შებღალული კი არა, აღდგენილია და იმის სრულყოფილი ნიმუშია მოცემული, თუ როგორი უნდა ყოფილიყო იეჰოვასთვის მოსაწონი თაყვანისცემა მოსეს კანონის თანახმად.

16. როგორ მოწმობს ეზეკიელის ხილვა იმაზე, რაც 100 წელზე მეტი ხნით ადრე ესაიამ იწინასწარმეტყველა?

16 თაყვანისმცემლობა რომ აღდგენილიყო და იეჰოვასთვის მოსაწონი გამხდარიყო, ჯერ ხალხის ცხოვრებაში უნდა დაეკავებინა უმთავრესი ადგილი. 100 წელზე მეტი ხნით ადრე წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის შთაგონებით დაწერა: „უკანასკნელ დღეებში იეჰოვას ტაძრის მთა მთათა მწვერვალებს ზემოთ განმტკიცდება, გორებს ზემოთ აღიმართება და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას“ (ეს. 2:2). ესაია მიხვდა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა და ღვთის მსახურთა ცხოვრებაში უპირველეს ადგილს დაიკავებდა, ანუ ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ყველაზე მაღალ მთაზე აღიმართებოდა. ეზეკიელის ხილვაშიც იეჰოვას ტაძარი „ძალიან მაღალ მთაზე“ იყო წამომართული (ეზეკ. 40:2). ამგვარად, ეზეკიელის ხილვაც იმაზე მოწმობს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა.

ეზეკიელის მიერ ნანახი ტაძარი „ძალიან მაღალ მთაზე“ მდებარეობდა. (იხილეთ მე-16 აბზაცი)

17. რის შესახებ მოგვითხრობს ეზეკიელის მე-40—48-ე თავები?

17 მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა იხილა და რა მოისმინა ეზეკიელმა, როგორც ამას მისივე წიგნის მე-40—48-ე თავებში ვკითხულობთ. წინასწარმეტყველმა იხილა, თუ როგორ გაზომა ანგელოზმა კარიბჭეები, გალავანი, ეზოები და ტაძარი (ეზეკ. 40—42). ამას მეტად ამაღელვებელი რამ მოჰყვა — იეჰოვა თავისი დიდებით მივიდა ტაძარში! მან შეაგონა და რჩევა-დარიგება მისცა როგორც თავის ურჩ ხალხს, ისე მღვდლებსა და თავკაცებს (ეზეკ. 43:1—12; 44:10—31; 45:9—12). წინასწარმეტყველმა იხილა ტაძრიდან გამომავალი მდინარე, რომელსაც მოჰქონდა კურთხევა და სიცოცხლე; ის შეუერთდა მკვდარ ზღვას და ისიც „გაცოცხლდა“ (ეზეკ. 47:1—12). გარდა ამისა, ეზეკიელმა იხილა, როგორ დაიყო მიწა ტოლ მონაკვეთებად და როგორ მოექცა წმინდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ადგილი მის შუაგულში (ეზეკ. 45:1—8; 47:13—48:35). რას ვიგებთ ამ ხილვიდან? იეჰოვა არწმუნებდა თავის ხალხს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა და განმტკიცდებოდა. ტაძარში იეჰოვას ყოფნა იმაზე მოწმობდა, რომ იგი აკურთხებდა ტაძარს. შედეგად, აღდგენილ მიწაზე მცხოვრები ხალხი გაიხარებდა სულიერი თუ ფიზიკური კეთილდღეობით, რაზეც ტაძრიდან გამომავალი მდინარეც მოწმობდა.

ეზეკიელის მიერ ნანახი ტაძარი იმას მოასწავებდა, თუ როგორ აღადგენდა იეჰოვა წმინდა თაყვანისმცემლობას. (იხილეთ მე-17 აბზაცი)

18. პირდაპირი გაგებით უნდა გაეგოთ ხილვა ისრაელებს? ახსენით.

18 მეორე: პირდაპირი გაგებით უნდა გაეგოთ ეს ხილვა? რასაკვირველია, არა! ეზეკიელი და ის გადასახლებულები, რომელთაც წინასწარმეტყველმა ხილვის შესახებ მოუთხრო, მაშინვე მიხვდებოდნენ, რომ ხილვას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. შევიხსენოთ, რომ ეზეკიელის ნანახი ტაძარი „ძალიან მაღალ მთაზე“ მდებარეობდა. მართალია, ეს დეტალი ემთხვევა ესაიას წინასწარმეტყველებას, მაგრამ როცა საქმე გეოგრაფიულ სიზუსტეზე მიდგება, შეუსაბამობას ვაწყდებით. სოლომონის ტაძარი იერუსალიმში, მორიის მთაზე, მდებარეობდა და სწორედ ამ ადგილას უნდა აღდგენილიყო. მაგრამ იყო კი მორიის მთა „ძალიან მაღალი“? არა, რადგან მის სიახლოვეს კიდევ ბევრი მთა იყო, ზოგი — მისი სიმაღლისა, ზოგიც — მასზე მაღალი. ამასთანავე, ეზეკიელის მიერ ნანახი სატაძრო კომპლექსი უზარმაზარი იყო, რომელსაც თავის გალავნიანად ვერც მორიის მთა დაიტევდა და ვერც სოლომონის დროინდელი მთელი ქალაქი იერუსალიმი. გადასახლებულებს არც იმის მოლოდინი ექნებოდათ, რომ ტაძრიდან მდინარეს ედინა და მკვდარ ზღვას შეერთებოდა, სადაც განკურნავდა ყველაფერს. დაბოლოს, აღთქმული მიწის რელიეფიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებოდა, ტომების სამკვიდრო მიწების საზღვრები სწორი და ერთმანეთის პარალელური ყოფილიყო. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გადასახლებულებს ხილვა პირდაპირი გაგებით არ უნდა გაეგოთ.

19—21. რისკენ აღძრავდა იეჰოვა თავის ხალხს ამ ხილვის მეშვეობით? ახსენით.

19 მესამე: რა გავლენა უნდა მოეხდინა ხილვას ეზეკიელის თანამემამულეებზე? იეჰოვას მიერ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილ ნორმებზე ფიქრს მათში სირცხვილის გრძნობა უნდა გამოეწვია. იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა, აღეწერა ისრაელებისთვის ხილვაში ნანახი ტაძარი. ეს აღწერილობა იმდენად დეტალური უნდა ყოფილიყო, რომ ისინი საფუძვლიანად გასცნობოდნენ ტაძრის გეგმას. რატომ უნდა მოქცეულიყო ხალხი ასე? როგორც უკვე დავინახეთ, მიზანი ტაძრის აგება კი არ იყო, არამედ, როგორც იეჰოვამ თქვა, მათ უნდა შერცხვენოდათ „თავიანთი დანაშაულის გამო“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 43:10—12).

20 რატომ დაქენჯნიდათ სინდისი წრფელი გულის ადამიანებს და რატომ იგრძნობდნენ სირცხვილს? ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა იეჰოვამ ეზეკიელს: „კაცის ძეო, ყურადღებით იყავი, დააკვირდი და გულისყურით მოისმინე ყველაფერი, რასაც იეჰოვას ტაძრის წესებსა და კანონებზე გეტყვი“ (ეზეკ. 44:5). ხილვის განმავლობაში ეზეკიელმა ბევრჯერ მოისმინა სიტყვები „წესი“ და „კანონი“ (ეზეკ. 43:11, 12; 44:24; 46:14). ამასთანავე, ეზეკიელს ხილვაში ანგელოზმა არაერთხელ გაუმახვილა ყურადღება იეჰოვას ნორმებზე, მაგალითად, მიუთითა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ზომისა და წონის სტანდარტი (ეზეკ. 40:5; 45:10—12; შეადარეთ იგავების 16:11). ამიტომაცაა, რომ ამ ხილვის აღწერისას ეზეკიელი 50-ზე მეტჯერ იყენებს ზომისა და გაზომვის აღმნიშვნელ სიტყვებს.

21 იეჰოვამ ბევრჯერ ახსენა სიტყვები: „ზომა“, „წონა“, „კანონი“ და „წესი“. რისი შეხსენება სურდა მას თავისი ხალხისთვის? როგორც ჩანს, ღმერთმა მათ ის მნიშვნელოვანი გარემოება შეახსენა, რომ მხოლოდ იგი იყო წმინდა თაყვანისმცემლობის ნორმების დამდგენი. იეჰოვას მიერ დადგენილი ნორმების უგულებელმყოფელთ მართლაც ჰქონდათ სირცხვილის მიზეზი! როგორ დაეხმარებოდა ეს ხილვა ებრაელებს, ჩასწვდომოდნენ ყოველივე ზემოთქმულს? მომდევნო თავში ამის რამდენიმე მაგალითს განვიხილავთ. განხილული მაგალითები იმასაც დაგვანახვებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ხილვას ჩვენთვის.

რატომ შერცხვებოდათ წრფელი გულის ადამიანებს ხილვის გაგების შემდეგ? (იხილეთ მე-19—21-ე აბზაცები)

^ აბზ. 4 „სულიერ ტაძარში“ იგულისხმება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, იესო ქრისტეს გამოსასყიდად გაღებული მსხვერპლის საფუძველზე თაყვანი ვცეთ იეჰოვას. სულიერი ტაძარი ახ. წ. 29 წელს ამოქმედდა, რასაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვასკვნით.

^ აბზ. 12 მაგალითად, პავლემ ყურადღება გაამახვილა მღვდელმთავარზე და იმაზე, თუ რა ევალებოდა მას გამოსყიდვის დღეს (ებრ. 2:17; 3:1; 4:14—16; 5:1—10; 7:1—17, 26—28; 8:1—6; 9:6—28). მაგრამ ეზეკიელის ხილვაში არც მღვდელმთავარია ნახსენები და არც გამოსყიდვის დღე.