არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 14

„ეს არის ტაძრის კანონი“

„ეს არის ტაძრის კანონი“

ეზეკიელი 43:12

თემა: ეზეკიელის მიერ ტაძრის შესახებ ნანახი ხილვის პრაქტიკული ღირებულება უწინ და დღეს

1, 2. ა) რა გავიგეთ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის შესახებ წინა თავიდან? ბ) რომელ ორ კითხვას გაეცემა პასუხი ამ თავში?

როგორც წინა თავიდან გავიგეთ, ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძარი არ ყოფილა ის დიდებული სულიერი ტაძარი, რომლის შესახებაც საუკუნეების გასვლის შემდეგ მოციქული პავლე წერდა. ისიც შევიტყვეთ, რომ ეზეკიელის ხილვის მეშვეობით ღვთის ხალხი უნდა ჩასწვდომოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო წმინდა თაყვანისმცემლობისთვის იეჰოვას მიერ დადგენილი ნორმების დაცვა; ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებდა ღვთის კეთილგანწყობას, თუკი დაიცავდნენ ამ ნორმებს. სწორედ ამ დეტალს გაუსვა იეჰოვამ ხაზი, როცა ერთსა და იმავე მუხლში ორჯერ მოიხსენია ფრაზა: „ეს არის ტაძრის კანონი“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 43:12).

2 ახლა კიდევ ორ კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი: 1) რა უნდა ესწავლათ ეზეკიელის თანამედროვეთ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილი ნორმების შესახებ ამ ხილვიდან? და, 2) რა მნიშვნელობა აქვს ეზეკიელის ხილვას ჩვენთვის, ვინც ძნელად ასატან „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

რა უნდა ესწავლათ ეზეკიელის დროს მცხოვრებთ ამ ხილვიდან?

3. რატომ შერცხვებოდა ხალხს, როცა შეიტყობდნენ, რომ ღვთის წმინდა ტაძარი მაღალ მთაზე იდგა?

3 პირველ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოდი ამ ხილვიდან რამდენიმე საყურადღებო დეტალს შევეხოთ. მაღალი მთა. ხალხი ეზეკიელის ხილვას, დიდი ალბათობით, დააკავშირებდა იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც ესაიამ წარმოთქვა წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის თაობაზე (ეს. 2:2). რას მოასწავებდა ის გარემოება, რომ იეჰოვას ტაძარი მაღალ მთაზე მდებარეობდა? ისინი ამგვარად შეიტყობდნენ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა ყველაფერზე მაღლა უნდა დაეყენებინათ. ის მართლაც ყოველივეს აღემატება, რადგან მის მიღმა „ყველა ღმერთზე აღმატებული“ ღმერთი დგას (ფსალმ. 97:9). თუმცა ხალხი ყოველთვის არ უჭერდა მხარს წმინდა თაყვანისმცემლობას. საუკუნეების განმავლობაში ისინი ბილწავდნენ და ზურგს აქცევდნენ მას. წრფელი გულის ადამიანებს ნამდვილად შერცხვებოდათ, როცა დაინახავდნენ, რომ ღვთის წმინდა ტაძარს პირვანდელი დიდება და აღმატებული მდგომარეობა დაბრუნებოდა.

4, 5. რაზე მიანიშნებდა ეზეკიელის მსმენელს ხილვაში ნანახი მაღალი კარიბჭეები?

4 მაღალი კარიბჭეები. ხილვის დასაწყისში ეზეკიელმა იხილა, თუ როგორ ზომავდა ანგელოზი კარიბჭეებს; მათგან თითოეული დაახლოებით 30 მ სიმაღლისა იყო! (ეზეკ. 40:14). კარიბჭის შესასვლელში, ორივე მხარეს, სადარაჯო ოთახები იყო განლაგებული. რას გაიგებდა კაცი, როცა გაეცნობოდა ტაძრის გეგმას? იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს: „ყურადღებით დააკვირდი ტაძრის შესასვლელს“. რატომ უნდა მოქცეულიყო წინასწარმეტყველი ასე? ხალხს „გულითა და ხორცით წინადაუცვეთელები“ მიჰყავდათ ღვთის წმინდა ტაძარში, რის გამოც, როგორც იეჰოვამ თქვა, მისი ტაძარი შეიბღალა (ეზეკ. 44:5, 7).

5 „ხორცით წინადაუცვეთელები“ არ დაემორჩილნენ იმ ნათელ მითითებას, რომელიც ღმერთს აბრაამისთვის ჰქონდა მიცემული (დაბ. 17:9, 10; ლევ. 12:1—3). თუმცა „გულით წინადაუცვეთელები“ კიდევ უფრო უარესად მოიქცნენ. ისინი ეურჩებოდნენ იეჰოვას და არ მიჰყვებოდნენ მის ხელმძღვანელობას. ასეთი ადამიანების ადგილი ნამდვილად არ იყო იეჰოვას წმინდა ტაძარში! იეჰოვას სძულს თვალთმაქცობა, მისი ხალხი კი არაფერს აკეთებდა თვალთმაქცობის აღსაკვეთად. მეტიც, ისინი ასეთებს ტაძარში შესვლის ნებას რთავდნენ. ხილვაში ნანახი კარიბჭეები და სადარაჯო ოთახები ხალხს იმაზე მიუთითებდა, რომ ტაძარში არ უნდა დაეშვათ ასეთი უმსგავსობა. ტაძარში შემსვლელთ უნდა დაეკმაყოფილებინათ ღვთის ის მოთხოვნები, რომელთაც იგი თავის თაყვანისმცემლებს უწესებდა. ღმერთი მათ თაყვანისცემას მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიწონებდა!

6, 7. ა) რაზე მიანიშნებდა ხილვაში ნანახი ვრცელი ადგილი და გალავანი? ბ) როგორ შეურაცხყოფდა ხალხი ღვთის ტაძარს? (იხილეთ სქოლიო)

6 სატაძრო კომპლექსის გალავანი. ეზეკიელის ხილვაში კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი გალავანია, რომელიც სატაძრო კომპლექსს გარს ერტყა. როგორც ეზეკიელმა თქვა, გალავნის თითოეული მხარე სიგრძით 500 ლერწამი ანუ 1,5 კმ-ზე მეტი იყო (ეზეკ. 42:15—20). სატაძრო ნაგებობები შიდა და გარეთა ეზოებთან ერთად ქმნიდა კვადრატს, რომლის თითოეული გვერდი სიგრძით 500 წყრთა ანუ დაახლოებით 260 მ იყო (ეზეკ. 45:2). გამოდის, რომ სატაძრო კომპლექსსა და გალავანს შორის მოქცეული იყო საკმაოდ ვრცელი ადგილი. * რაზე მიანიშნებდა ის?

7 იეჰოვამ თქვა: „შეეშვან კერპთაყვანისმცემლობას და მოიშორონ თავიანთი მეფეების გვამები, და მეც მარადიულად დავმკვიდრდები მათ შორის“ (ეზეკ. 43:9). როგორც ჩანს, „მეფეების გვამებში“ კერპები იგულისხმებოდა. „ვრცელი ადგილით“ იეჰოვამ შეახსენა თავის ხალხს, რომ მსგავსი სიბილწე ტაძარში არ უნდა გაეჭაჭანებინათ. თუკი ხალხი არაფრით შებღალავდა ღვთის თაყვანისმცემლობას, ღმერთი მათ შორის იქნებოდა.

8, 9. რისი სწავლა შეეძლოთ ისრაელებს იეჰოვას დამოკიდებულებიდან მათი წინამძღოლების მიმართ?

8 იეჰოვამ შეაგონა და რჩევა-დარიგება მისცა ხალხის წინამძღოლებს. იეჰოვამ მკაცრად, თუმცა მათსავე სასიკეთოდ გააფრთხილა ისინი, ვისაც თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობის გაწევა ევალებოდათ. მან შეაგონა ლევიანები, რომლებმაც ზურგი აქციეს მას, როცა ისრაელები კერპთაყვანისმცემლობაში ჩაებნენ, ცადოკის შთამომავლები კი შეაქო, რომლებიც „ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებას და ზრუნავდნენ . . . ტაძარზე“ (ეზეკ. 44:10, 12—16). იეჰოვამ ისრაელის თავკაცებიც მკაცრად შეაგონა (ეზეკ. 45:9).

9 ამგვარად იეჰოვამ ხაზი გაუსვა, რომ მამაკაცები, რომელთაც ევალებოდათ მის ხალხზე ზრუნვა და მათთვის ხელმძღვანელობის გაწევა, უშუალოდ მის წინაშე აგებდნენ პასუხს. მათ არ უნდა ეფიქრათ, რომ არ საჭიროებდნენ ღვთისგან გაფრთხილებასა თუ რჩევა-დარიგებას; უფრო მეტიც, პირველ რიგში, მათ ევალებოდათ ღვთის ნორმების დაცვა!

10, 11. რა ცხადყოფს, რომ სამშობლოში დაბრუნებულთაგან ზოგი ჩასწვდა ეზეკიელის ხილვის არსს?

10 ყურად იღეს სამშობლოში დაბრუნებულმა ისრაელებმა ეზეკიელის ხილვა? რამდენად ჩასწვდნენ ისინი ხილვის არსს? ღვთის სიტყვაში ამ კითხვებზე პირდაპირ პასუხს ვერსად ვნახავთ, მაგრამ ბევრი რამ წერია იმაზე, თუ რა გააკეთეს ისრაელებმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ და როგორი დამოკიდებულება განივითარეს წმინდა თაყვანისმცემლობის მიმართ. ისინი, თავიანთი ურჩი წინაპრებისგან განსხვავებით, გარკვეულწილად, ჩასწვდნენ იმ პრინციპებს, რომელთა სწავლებაც იეჰოვას მათთვის ამ ხილვის მეშვეობით სურდა.

11 ღვთის ერთგული მსახურები — წინასწარმეტყველები ანგია და ზაქარია, მღვდელი და გადამწერი ეზრა და გამგებელი ნეემია — ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ხალხისთვის დაენახვებინათ, რისი სწავლებაც იეჰოვას მათთვის ამ ხილვით სურდა (ეზრ. 5:1, 2). ისინი ხალხს მოუწოდებდნენ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა პირად კეთილდღეობასა და საკუთარ სურვილებზე მაღლა დაეყენებინათ (ანგ. 1:3, 4). ამასთანავე, ხალხს შეახსენებდნენ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილი ნორმები დაეცვათ. მაგალითად, ეზრა და ნეემია ისრაელ მამაკაცებს მკაცრად შეაგონებდნენ, რომ გაეშვათ უცხოტომელი ცოლები, რომლებიც ერის სულიერი კეთილდღეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ (წაიკითხეთ ეზრას 10:10, 11; ნეემ. 13:23—27, 30). როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ისრაელებს კერპთაყვანისმცემლობის მიმართ? როგორც ჩანს, გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელებმა საბოლოოდ აქციეს ზურგი კერპთაყვანისმცემლობას, რაც მათ საუკუნეების განმავლობაში ცოდვაში ხვევდა. რისი თქმა შეიძლება მღვდლებზე, თავკაცებსა და მთავრებზე? როგორც ეზეკიელის ხილვიდან ვიგებთ, იეჰოვამ ისინიც შეაგონა და რჩევა-დარიგებები მისცა (ნეემ. 13:22, 28). ბევრმა მათგანმა თავმდაბლურად მოუსმინა ღმერთს და მითითებებიც გაითვალისწინა (ეზრ. 10:7—9, 12—14; ნეემ. 9:1—3, 38).

ნეემია უხსნიდა ხალხს წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილ ნორმებს და თან მათ მხარდამხარ შრომობდა. (იხილეთ მე-11 აბზაცი)

12. როგორ აკურთხა იეჰოვამ გადასახლებიდან დაბრუნებულები?

12 იეჰოვამაც აკურთხა თავისი ხალხი. შედეგად, ისინი ხარობდნენ ისეთი სულიერი თუ ფიზიკური კეთილდღეობით, რაზეც დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ (ეზრ. 6:19—22; ნეემ. 8:9—12; 12:27—30, 43). ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მათ დაიწყეს წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილი ნორმების მიყოლა. ეზეკიელის ხილვამ ტაძრის შესახებ მართლაც მნიშვნელოვანი რამ ასწავლა წრფელი გულის მქონეთ. მათ გაიგეს, 1) რა ნორმები ჰქონდა ღმერთს დადგენილი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის და როგორ უნდა დაეცვათ ისინი, და, 2) ეს ხილვა შეიცავდა წინასწარმეტყველურ ცნობას, რომლის თანახმადაც, წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა და იეჰოვაც კურთხევებს არ მოაკლებდა თავის ხალხს, თუკი ისინი წმინდა თაყვანისმცემლობის ერთგულნი დარჩებოდნენ. ისმის კითხვა: აქვს რაიმე მნიშვნელობა ამ ხილვას ჩვენთვის?

დღეს რას ვსწავლობთ ეზეკიელის ხილვიდან?

13, 14. ა) რა გვარწმუნებს იმაში, რომ ეზეკიელის ხილვას დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა? ბ) რა ორ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ ამ ხილვიდან? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო 13ა „ორი ტაძარი და მათი მნიშვნელობა“)

13 რა გვარწმუნებს იმაში, რომ ეზეკიელის ხილვას დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა? გავიხსენოთ, რა მსგავსებაა ეზეკიელის მიერ ნანახ ხილვასა და ესაიას წინასწარმეტყველებას შორის. ეზეკიელმა ნახა, რომ ღვთის ტაძარი „ძალიან მაღალ მთაზე“ იდგა, ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად კი, „იეჰოვას ტაძრის მთა მთათა მწვერვალებს ზემოთ“ განმტკიცდებოდა. ესაიამ ისიც თქვა, რომ ეს წინასწარმეტყველება „უკანასკნელ დღეებში“ შესრულდებოდა (ეზეკ. 40:2; ეს. 2:2—4; იხილეთ აგრეთვე მიქას 4:1—4). ორივე წინასწარმეტყველება 1919 წლიდან, „ბოლო დღეებად“ წოდებულ პერიოდში, სრულდება. სწორედ ამ წლიდან დაიწყო წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა, ანუ ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, მისი ყველაზე მაღალ მთაზე აღმართვა. *

14 მაშასადამე, დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეზეკიელის ხილვა მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით. სამშობლოში დაბრუნებული ისრაელების მსგავსად, ჩვენც ორ რამეს ვიგებთ ამ ხილვიდან: 1) როგორ დავიცვათ იეჰოვას მიერ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილი ნორმები, და, 2) ეს ხილვა შეიცავს წინასწარმეტყველურ ცნობას წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენისა და ღვთის კურთხევების შესახებ.

წმინდა თაყვანისმცემლობის ნორმები დღეს

15. რა უნდა გვქონდეს მხედველობაში, როცა ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახ ტაძარზე ვსაუბრობთ?

15 მოდი მიმოვიხილოთ ზოგიერთი თავისებურება ეზეკიელის ხილვიდან. წარმოიდგინეთ, რომ ეზეკიელთან ერთად ათვალიერებთ შთამბეჭდავ ტაძარს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს არაა სულიერი ტაძარი. ჩვენი მიზანი ისაა, რომ ამ ხილვიდან დავინახოთ პრინციპები, რომლებიც დღესაც გამოგვადგება წმინდა თაყვანისმცემლობაში. ვნახოთ, რაზე მეტყველებს ზოგიერთი დეტალი ამ ხილვიდან.

16. რაზე მიუთითებს ტაძრის ყოველი დეტალის ზედმიწევნითი ზომა? (იხილეთ სურათი 148-ე გვერდზე)

16 ზომები. ეზეკიელი ხედავს, როგორ ზომავს სპილენძისფრად მბზინვარე ანგელოზი ტაძარს, კედლებს, გალავანს, კარიბჭეებს, სადარაჯო ოთახებს, ეზოებსა თუ სამსხვერპლოს. ხილვაში ნახსენებმა უამრავმა დეტალმა შესაძლოა თავგზა აუბნიოს მკითხველს (ეზეკ. 40:1—42:20; 43:13, 14). თუმცა დაფიქრდით, თუ რას ვიგებთ თითოეული დეტალიდან; მათი მეშვეობით იეჰოვა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ დადგენილი ნორმების მიყოლა, და რომ ნორმების დამდგენი ღმერთია და არა ადამიანი. ამიტომ ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს, მწარედ ცდებიან. გარდა ამისა, ტაძრის ყოველი დეტალის ზედმიწევნითი გაზომვა გვარწმუნებს იმაში, რომ დაპირება წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ უცილობელი ჭეშმარიტებაა. ტაძრის ზედმიწევნითი ზომებისა არ იყოს, იეჰოვას დაპირებაც ზედმიწევნითი სიზუსტით სრულდება. ამგვარად, ეზეკიელის ხილვა გვარწმუნებს, რომ „ბოლო დღეებში“ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას ხელს ვერაფერი შეუშლიდა.

რაზე მიუთითებს ტაძრის ზედმიწევნითი ზომები? (იხილეთ მე-16 აბზაცი)

17. რას შეგვახსენებს „სატაძრო კომპლექსის გალავანი“?

17 სატაძრო კომპლექსის გალავანი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეზეკიელის ხილვაში მთელ სატაძრო კომპლექსს გარს გალავანი ერტყა, რომელიც შეახსენებდა ღვთის ხალხს, რომ უწმინდური რელიგიური წეს-ჩვეულებებით აღარ უნდა შეებღალათ ღვთის ტაძარი (წაიკითხეთ ეზეკიელის 43:7—9). ეს რჩევა დღესაც ყურადსაღებია. მას შემდეგ, რაც ღვთის ხალხი 1919 წელს „დიდი ბაბილონის“ მრავალსაუკუნოვანი ტყვეობისგან გათავისუფლდა, ქრისტემ „ერთგული და გონიერი მონა“ დანიშნა. ამ დროიდან მოყოლებული, ღვთის ხალხი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ახმარს იმას, რომ აღარ შებღალონ წმინდა თაყვანისმცემლობა ცრურელიგიური მოძღვრებებითა თუ წარმართული წეს-ჩვეულებებით. ამიტომ უნდა ვიფრთხილოთ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა რაიმეთი არ გავაუწმინდუროთ. მეტიც, ჩვენი დარბაზები კომერციული საქმიანობისთვის არ უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან გვესმის, რომ წმინდა თაყვანისმცემლობასთან მსგავს ყოფით საქმეებს საერთო არაფერი აქვს (მარ. 11:15, 16).

18, 19. ა) რაზე მიანიშნებს ხილვაში ნანახი მაღალი კარიბჭეები? ბ) როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ, ვინც ცდილობს, გააუფასურონ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები? მოიყვანეთ მაგალითი.

18 მაღალი კარიბჭეები. რაზე მიანიშნებს ეზეკიელის ხილვაში ნანახი მაღალი კარიბჭეები? ტაძრის ამ დეტალით იეჰოვამ გადასახლებულ ისრაელებს იმაზე მიუთითა, თუ რაოდენ მაღალია მისი ზნეობრივი ნორმები. დღესაც იგივე თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ზნეობაზე? ჩვენ იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში ვცემთ თაყვანს, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქციელი წმინდა და უთვალთმაქცო იყოს (რომ. 12:9; 1 პეტ. 1:14, 15). „ბოლო დღეებში“ ღმერთი ხვეწს თავის ხალხს, რათა ზედმიწევნით მიჰყვნენ მის მაღალზნეობრივ ნორმებს. * სწორედ ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ მოუნანიებელი შემცოდველები კრებიდან ირიცხებიან (1 კორ. 5:11—13). კარიბჭის შესასვლელში განლაგებული სადარაჯო ოთახები შეგვახსენებს, რომ მას, ვისაც ღმერთი არ იწონებს, სულიერ ტაძარში თაყვანისცემის უფლება არა აქვს. მართალია, იეჰოვას მოწმეთა დარბაზში შეიძლება შევიდეს ის, ვინც გაორებულ ცხოვრებას ეწევა, მაგრამ ღვთის მოწონებას ვერ დაიმსახურებს მანამ, სანამ ცხოვრების წესს არ შეიცვლის (იაკ. 4:8). მართლაც, ზნეობრივად წამხდარ ქვეყნიერებაში იეჰოვა წმინდა თაყვანისმცემლობის სადარაჯოზე დგას!

19 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ აღსასრულამდე ქვეყნიერება გაირყვნებოდა: „ბოროტები და თვითმარქვიები უფრო და უფრო ცუდად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან“ (2 ტიმ. 3:13). დღეს ბევრი იტყუებს თავს, რომ იეჰოვას ზნეობრივი ნორმები მეტისმეტად მკაცრი, დრომოჭმული და საღ აზრს მოკლებულია. შენც მოექცევი მსგავსი პროპაგანდის გავლენაში? მაგალითად, თუ ვინმე შენს დარწმუნებას შეეცდება, რომ ღვთის შეხედულება ჰომოსექსუალიზმზე მცდარია, დაეთანხმები მას თუ ღვთის მხარეს დაიკავებ, რომელიც თავის სიტყვაში მსგავს საქციელს უხამსობად აფასებს? იეჰოვა გვაფრთხილებს, რომ არ შევიწყნაროთ უზნეობა (რომ. 1:24—27, 32). თუკი ვინმე თქვენი პოზიციის დაფიქსირებას მოგთხოვთ, კარგია, თუ წარმოიდგენთ ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრის მაღალ კარიბჭეებს და გემახსოვრებათ, რომ იეჰოვას ზნეობრივი ნორმები კვლავაც უცვლელია იმისდა მიუხედავად, თუ რა შეხედულებებია გაბატონებული ქვეყნიერებაში. დაიკავებთ ზეციერი მამის მხარეს და აღიმაღლებთ ხმას ღვთის ნორმების დასაცავად?

როცა წმინდა თაყვანისმცემლობაში ვართ ჩაბმულნი, მსხვერპლად ქებას ვწირავთ ღმერთს.

20. რა მხრივ არის გამამხნევებელი ეზეკიელის ხილვა „უამრავი ხალხისთვის“?

20 ეზოები. ეზეკიელს უდავოდ აღაფრთოვანებდა ხილვაში ნანახი ტაძრის ვრცელი გარეთა ეზო, რადგან წარმოისახავდა, თუ რამდენ თაყვანისმცემელს დაიტევდა! დღეს ქრისტიანები გაცილებით დიდებულ ტაძარში სცემენ ღმერთს თაყვანს. „უამრავი ხალხისთვის“, რომლებიც სულიერი ტაძრის „გარეთა ეზოში“ ემსახურებიან იეჰოვას, ეზეკიელის ხილვა ნამდვილად გამამხნევებელია (გამოცხ. 7:9, 10, 14, 15). წინასწარმეტყველმა იხილა, რომ ეზოებში სასადილო ოთახები იყო, სადაც ღვთის თაყვანისმცემლებს შეეძლოთ ეჭამათ თავიანთი წილი მათ მიერ შეწირული სამშვიდობო მსხვერპლიდან (ეზეკ. 40:17). ისინი თითქოსდა იეჰოვასთან ერთად უსხდნენ სუფრას მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის ნიშნად. დღეს ისრაელებივით არ მოგვეთხოვება მოსეს კანონის დაცვა და მსხვერპლის შეწირვა, თუმცა, როცა კრების შეხვედრებზე კომენტარებს ვაკეთებთ ან ვქადაგებთ, ასე ვთქვათ, ღმერთს მსხვერპლად ქებას ვწირავთ, ანუ წმინდა თაყვანისმცემლობაში ვართ ჩაბმულნი (ებრ. 13:15). ამასთანავე, იეჰოვა ჩვენც გვკვებავს, ოღონდ სულიერი საზრდოთი. შეიძლება ითქვას, ვუერთდებით კორახის ძეებს, რომლებიც იეჰოვას უმღეროდნენ: „ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია!“ (ფსალმ. 84:10).

21. რისი სწავლა შეუძლიათ სულით ცხებულ ქრისტიანებს ეზეკიელის ხილვიდან?

21 სამღვდელოება. ეზეკიელმა იხილა, რომ მღვდლები და ლევიანები ისეთივე კარიბჭით შედიოდნენ შიდა ეზოში, როგორითაც არასამღვდელო ტომების წარმომადგენლები — გარეთა ეზოში. ეს გარემოება მღვდლებს შეახსენებდა, რომ სხვების მსგავსად, მათაც მართებდათ ღვთის მიერ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილი ნორმების მიყოლა. რისი თქმა შეიძლება დღეს? მართალია, მღვდლებად მსახურების უფლება დღეს მემკვიდრეობით არავის გადაეცემა, მაგრამ ცხებულ ქრისტიანებზე ბიბლიაში ვკითხულობთ: „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება“ (1 პეტ. 2:9). ძველ ისრაელში მღვდლები შიდა ეზოში თაყვანს სცემდნენ ღმერთს, სადაც სხვებს არ შეეძლოთ შესვლა. რაც შეეხება ცხებულ ქრისტიანებს დღეს, ისინი თანაქრისტიანებისგან ფიზიკურად გამოყოფილნი არ არიან, თუმცა მათ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ იეჰოვასთან, რადგან მას ნაშვილები ჰყავს ისინი (გალ. 4:4—6). და მაინც, მათაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი რამის სწავლა ეზეკიელის ხილვიდან. მაგალითად, ისინი სწავლობენ იმას, რომ მღვდლებსაც სჭირდებოდათ შეგონება და რჩევა-დარიგება. ყველას, ცხებულებსა თუ „სხვა ცხვარს“, უნდა გვახსოვდეს, რომ „ერთი სამწყსოს“ ცხვრები ვართ და „ერთი მწყემსი“ გვყავს (წაიკითხეთ იოანეს 10:16).

22, 23. ა) რისი სწავლა შეუძლიათ დღეს ქრისტიან უხუცესებს ეზეკიელის ხილვიდან? ბ) რას გამოაჩენს დრო?

22 თავკაცი. ეზეკიელის ხილვაში თავკაცს საკმაოდ გამორჩეული მდგომარეობა ეკავა. ვინაიდან იგი სამღვდელო შტოს წარმომადგენელი არ იყო, ტაძარში მღვდლების ხელმძღვანელობას უნდა მიჰყოლოდა. და მაინც, როგორც ხილვიდან ჩანს, იგი ხალხს ზედამხედველობდა და მათ ნაცვლად მიჰქონდა შესაწირავები (ეზეკ. 44:2, 3; 45:16, 17; 46:2). ის კარგი მაგალითია იმ ქრისტიანი მამაკაცებისთვის, რომელთაც დღეს კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ქრისტიანი უხუცესები, მათ შორის მიმომსვლელი ზედამხედველები, უნდა მიჰყვნენ „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობას (ებრ. 13:17). უხუცესები ყველანაირად ეხმარებიან თანაქრისტიანებს, რომ კრებასა თუ მსახურებაში ღმერთს მსხვერპლად ქება შესწირონ (ეფეს. 4:11, 12). უხუცესებისთვის საყურადღებოა ისიც, თუ როგორ გაკიცხა იეჰოვამ ისრაელი თავკაცები უფლებამოსილების გადამეტებისთვის (ეზეკ. 45:9). ხელმძღვანელ ძმებს დღესაც კარგად ესმით, რომ სჭირდებათ შეგონება და რჩევა-დარიგება. მეტიც, ისინი ძალიან აფასებენ, რომ იეჰოვა მოძღვრავს მათ, რათა უკეთ შეასრულონ მწყემსისა და ზედამხედველის მოვალეობები (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:1—3).

23 იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაშიც დანიშნავს უნარიან და მოსიყვარულე ზედამხედველებს. დღეს ბევრი უხუცესი უკვე სწავლობს, თუ როგორ გაართვან თავი მომავალში ღვთის ხალხის მწყემსვის საქმეს (ფსალმ. 45:16). უდავოდ გვახარებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაგვეხმარებიან ეს მამაკაცები და რამდენ რამეს გააკეთებენ ჩვენდა სასიკეთოდ. იეჰოვამ შეიძლება მომავალში მეტი ნათელი მოჰფინოს როგორც ეზეკიელის ამ ხილვას, ისე წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენასთან დაკავშირებულ სხვა წინასწარმეტყველებებს. მაგალითად, შეიძლება ეს ხილვა ისეთი სახით შესრულდეს, დღეს რომ ვერ წარმოვიდგენთ. ამ ყოველივეს დრო გამოაჩენს.

რაზე მიანიშნებს „მაღალი კარიბჭეები“ და „ეზოები“? (იხილეთ მე-18—21-ე აბზაცები)

იეჰოვა კვლავაც აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობას

24, 25. როგორ მოასწავებდა ეზეკიელის ხილვა, რომ იეჰოვა აკურთხებდა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს?

24 დასასრულ, შევიხსენოთ კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელსაც ეზეკიელის ხილვაში ვხვდებით — იეჰოვა თავის ტაძარში მიდის და თავის ხალხს ჰპირდება, რომ იქ დარჩება მანამ, სანამ ისინი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილ ნორმებს უერთგულებენ (ეზეკ. 43:4—9). როგორ აისახებოდა ხალხსა თუ მათ მიწაზე იეჰოვას ყოფნა ტაძარში?

25 ხილვაში ნანახი ორი სურათი მიუთითებს ღვთისგან მომდინარე კურთხევებზე; მათგან პირველი ტაძრიდან გამომავალი მდინარეა, რომელიც აცოცხლებს ყველაფერს და ანაყოფიერებს მიწას, ხოლო მეორე — თანაბარ და ზუსტ ნაწილებად დაყოფილი მიწა, რომლის შუაგულშიც სატაძრო კომპლექსი დგას. აქვს ხილვაში ნანახ ამ ორ სურათს რაიმე მნიშვნელობა დღეს? რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა იეჰოვამ განწმინდა და მოიწონა თავისი დიდებული სულიერი ტაძარი, წმინდა თაყვანისმცემლობის კიდევ უფრო აღმატებული სახე (მალ. 3:1—4). სწორედ ამ ორი წინასწარმეტყველური სურათის განხილვას ეთმობა ამ წიგნის მე-19—21-ე თავები.

^ აბზ. 6 იეჰოვამ კონტრასტის დასანახვებლად აღწერა, თუ რა ვითარება იყო ერთ დროს იერუსალიმში. ხალხი შეურაცხყოფდა მის წმინდა ტაძარს „თავიანთი ზღურბლისა და წირთხლის . . . [მისი ტაძრის] ზღურბლთან და წირთხლთან მიდებით, . . ერთი კედლის აღმართვით“ (ეზეკ. 43:8). ძველ იერუსალიმში იეჰოვას ტაძარს საცხოვრებელი სახლებიდან მხოლოდ ერთი კედელი ყოფდა. ხალხი არ ემორჩილებოდა იეჰოვას სამართლიან ნორმებს, რითაც, ასე ვთქვათ, თავიანთი უწმინდურება ანუ კერპთაყვანისმცემლობა ტაძარში შეჰქონდათ. ეს მართლაც ამაზრზენი იყო!

^ აბზ. 13 ეზეკიელის ხილვა ტაძრის შესახებ უკავშირდება წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის თაობაზე წარმოთქმულ სხვა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ბოლო დღეებში სრულდება. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ მსგავსებას ეზეკიელის 43:1—9-სა და მალაქიას 3:1—5-ს შორის, ეზეკიელის 47:1—12-სა და იოელის 3:18-ს შორის.

^ აბზ. 18 სულიერი ტაძარი ამოქმედდა ახ. წ. 29 წელს, როცა იესო მოინათლა და მღვდელმთავრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მისი მოციქულების სიკვდილის შემდეგ საუკუნეების მანძილზე წმინდა თაყვანისმცემლობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. თუმცა 1919 წლიდან წმინდა თაყვანისმცემლობა კვლავაც „აღიმართა“ და პირვანდელი მდგომარეობა დაიბრუნა.