არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 16

„ნიშანი დაადე შუბლზე“

„ნიშანი დაადე შუბლზე“

ეზეკიელი 9:4

თემა: როგორ დაედოთ ნიშანი ერთგულ ებრაელებს ეზეკიელის დროს და როგორ ხდება ნიშნის დადება დღეს?

1—3. ა) რატომ არის ეზეკიელი თავზარდაცემული და რას იგებს ის იერუსალიმის შესახებ? ბ) რომელ კითხვებზე მივიღებთ პასუხებს?

ეზეკიელი თავზარდაცემულია, რადგან ეს-ესაა იხილა, თუ რა სისაძაგლეს სჩადიოდნენ განდგომილი ებრაელები იერუსალიმის ტაძარში. * მათ შებღალეს ადგილი, რომელიც ისრაელში წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრად ითვლებოდა, თუმცა მხოლოდ ტაძარი არ წაუბილწავთ. მოძალადენი მთელ იუდას მიწაზე პარპაშობდნენ და მდგომარეობა უიმედო ჩანდა. თავისი ხალხის საქციელით გულნატკენმა იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა: „გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას“ (ეზეკ. 8:17, 18).

2 ეზეკიელს გულს უკლავს იმის გაგება, რომ იერუსალიმსა და ერთ დროს წმინდა ტაძარს იეჰოვას რისხვა დაატყდება. შესაძლოა მას უჩნდება კითხვები: რა ბედი ეწევათ ღვთის ერთგულ მსახურებს? დააღწევენ თავს ღვთის რისხვას? და, თუ დააღწევენ, როგორ? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ეზეკიელს დიდხანს არ მოუწია ლოდინი. იერუსალიმისთვის გამოტანილი განაჩენის გაგებიდან მალევე, მას ყურში ჩაესმის, თუ როგორ უხმობს ღმერთი ქალაქის დამსჯელთ, სისრულეში მოიყვანონ მისი განაჩენი (ეზეკ. 9:1). ხილვიდან წინასწარმეტყველი იმასაც იგებს, რომ ღმერთი ყველას კი არ დაატეხს სასჯელს, არამედ ერთგულებს გადაარჩენს, რაც მას გულში იმედს უსახავს.

3 ვინაიდან ბოროტი ქვეყნიერების მიწურულს ვცხოვრობთ, ჩვენც გვაინტერესებს, ვინ გადაურჩება მოახლოებულ განადგურებას. მაშ, ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: 1) რა იხილა ეზეკიელმა? 2) როგორ შესრულდა ხილვაში ნანახი მის დროს? დაბოლოს, 3) რა მნიშვნელობა აქვს ამ წინასწარმეტყველებას ჩვენთვის?

„მოუხმე . . . დამსჯელთ“

4. რა იხილა და რა მოისმინა ეზეკიელმა?

4 რა იხილა და რა მოისმინა ეზეკიელმა? (წაიკითხეთ ეზეკიელის 9:1—11). მან იხილა, რომ ზემო კარიბჭიდან, რომელიც ჩრდილოეთს გაჰყურებდა, შვიდი კაცი მოდიოდა. შესაძლოა სწორედ ამ კარიბჭესთან იდგა „ღვთის განმარისხებელი კერპი“ და იქ დასტიროდნენ ქალები ღვთაება თამუზს (ეზეკ. 8:3, 14). შვიდი კაცი შევიდა ტაძრის შიდა ეზოში და სპილენძის სამსხვერპლოსთან ახლოს დადგა. აღსანიშნავია, რომ ისინი იქ მსხვერპლის აღსავლენად არ მისულან, რადგან იეჰოვა აღარ იწონებდა ტაძარში შეწირულ მსხვერპლს. ექვს მათგანს ხელში შემმუსვრელი იარაღი ეჭირა, მეშვიდე კაცი კი მათგან განსხვავდებოდა — იგი სელით იყო შემოსილი და წელზე არა იარაღი, არამედ რქის სამელნე ჰქონდა.

5, 6. რა იყო ნიშნის დადების წინაპირობა? (იხილეთ სურათი 172-ე გვერდზე)

5 რის გაკეთებას აპირებდა სამელნიანი კაცი? მან იეჰოვასგან მეტად საპასუხისმგებლო დავალება მიიღო: „მოიარე ქალაქი იერუსალიმი და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ადამიანებს, რომლებიც ოხრავენ და კვნესიან მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება“. ალბათ, ეზეკიელს ეს სიტყვები იმ დავალებას გაახსენებდა, რომელიც მისმა წინაპრებმა მიიღეს ღვთისგან — მათ სისხლი უნდა ესხურებინათ თავიანთი სახლის კარის წირთხლებისა და ზედა ძელისთვის, რათა პირმშოები არ დაღუპოდათ (გამ. 12:7, 22, 23). მსგავსი დანიშნულება ჰქონდა სამელნიანი კაცის მიერ დადებულ ნიშანს? იქნებოდა შუბლზე დადებული ნიშანი იმის გარანტია, რომ ნიშანდადებული გადაურჩებოდა ქალაქის განადგურებას?

6 დასმულ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ, თუ რა იყო ნიშნის დადების წინაპირობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიშანი ედებოდა მათ, ვინც ოხრავდა და კვნესოდა იმ სისაძაგლის გამო, რაც ქალაქში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიშანი დაედებოდა მათ, ვისაც მართლა აწუხებდა ის ფაქტი, რომ ტაძარში ფესვი გაედგა კერპთაყვანისმცემლობას, ხოლო ქალაქი ძალადობას, უზნეობასა და უპატიოსნობას მოეცვა (ეზეკ. 22:9—12). ისინი, დიდი ალბათობით, გამოხატავდნენ კიდეც თავიანთ გულისტკივილს. წრფელი გულის ადამიანები სიტყვითა თუ საქმით ცხადყოფდნენ, რომ სძულდათ ის ყოველივე, რაც მათ მიწაზე ხდებოდა, და რომ წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს იკავებდნენ. იეჰოვა შეიწყალებდა და გადაარჩენდა ასეთებს.

7, 8. როგორ მოიყვანდა სისრულეში იეჰოვას განაჩენს ექვსი კაცი და რით დასრულდა ხილვა?

7 როგორ მოიყვანდა სისრულეში იეჰოვას განაჩენს ექვსი კაცი, რომელთაც ხელში შემმუსვრელი იარაღი ეჭირათ? ეზეკიელმა მათთვის მიცემული მითითებაც მოისმინა. მას შემდეგ, რაც სამელნიანი კაცი დაასრულებდა ხალხისთვის ნიშნის დადებას, მათ უნდა დაეხოცათ ყველა, ვისაც შუბლზე ნიშანი არ აღმოაჩნდებოდა. იეჰოვამ განაჩენის აღმსრულებელთ ესეც უთხრა: „ჩემი ტაძრიდან დაიწყეთ“ (ეზეკ. 9:6). შემმუსვრელი იარაღის მქონეთ თავიანთი საქმე იერუსალიმის გულიდან, ტაძრიდან, უნდა დაეწყოთ, რომელიც იეჰოვას თვალში მეტად აღარ იყო წმინდა. განაჩენს, პირველ რიგში, იმ 70 უხუცესზე აღასრულებდნენ, რომლებიც ტაძარში ცრუ ღმერთებს უკმევდნენ საკმეველს (ეზეკ. 8:11, 12; 9:6).

8 რით დასრულდა ეს ხილვა? სამელნიანმა კაცმა დავალების შესრულების შემდეგ იეჰოვას მოახსენა: „ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მიბრძანე“ (ეზეკ. 9:11). თუმცა პასუხგაუცემელი დაგვრჩა კითხვები: რა ბედი ეწია იერუსალიმის მკვიდრთ? და, აღმოჩნდნენ თუ არა ქალაქში ღვთის ერთგულები, რომლებიც გადაურჩნენ განადგურებას?

როგორ შესრულდა ხილვა ეზეკიელის დროს?

9, 10. ვინ გადაურჩა იერუსალიმის განადგურებას და, როგორც ჩანს, რისი წყალობით მოხდა ეს?

9 წაიკითხეთ 2 მატიანის 36:17—20. ეზეკიელის წინასწარმეტყველება ძვ. წ. 607 წელს შესრულდა, როცა ბაბილონელთა ლაშქარმა მიწასთან გაასწორა იერუსალიმი და ტაძარი. ბაბილონელები თასივით იყვნენ იეჰოვას ხელში, რომლიდანაც მან თავისი რისხვა გადმოღვარა განდგომილ იერუსალიმზე (იერ. 51:7). განურჩევლად ყველა განადგურდა? არა! ეზეკიელის ხილვის თანახმად, ზოგი გადაურჩა განადგურებას (დაბ. 18:22—33; 2 პეტ. 2:9).

10 მაგალითად, ღვთის ერთგული მსახურები — რექაბელები, ეთიოპი ებედ-მელექი, წინასწარმეტყველი იერემია და მწერალი ბარუქი — გადაურჩნენ განადგურებას (იერ. 35:1—19; 39:15—18; 45:1—5). ეზეკიელის ხილვიდან ვასკვნით, რომ ისინი მათ შორის იყვნენ, ვინც ოხრავდნენ და კვნესოდნენ მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იერუსალიმში ხდებოდა (ეზეკ. 9:4). უდავოა, მათ იერუსალიმის განადგურებამდე ცხადყვეს, რომ სძულდათ ბოროტება და წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს იდგნენ, რისი წყალობითაც გადაურჩნენ განადგურებას.

11. ვის განასახიერებენ „სამელნიანი კაცი“ და „ექვსი კაცი ხელში შემმუსვრელი იარაღით“?

11 პირდაპირი გაგებით დაედოთ ნიშანი ღვთის ერთგულ მსახურებს? ბიბლიაში ვერსად ვხვდებით, რომ ეზეკიელსა თუ სხვა წინასწარმეტყველს ნიშანი დაედო ღვთის რომელიმე ერთგული მსახურისთვის. როგორც ჩანს, ეზეკიელის ხილვიდან ეს დეტალი იმას გვამცნობს, რაც სულიერ სამყაროში მოხდა და კაცის თვალისთვის უხილავი იყო. როგორც „სამელნიანი კაცი“, ისე „ექვსი კაცი ხელში შემმუსვრელი იარაღით“ განასახიერებენ იეჰოვას ერთგულ ანგელოზებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მისი ნების შესასრულებლად (ფსალმ. 103:20, 21). ეჭვგარეშეა, იეჰოვამ ანგელოზებს დაავალა, რომ თვალყური ედევნებინათ, თუ როგორ აღსრულდებოდა მისი განაჩენი განდგომილ იერუსალიმზე. ანგელოზები „ნიშანს ადებდნენ“ ხალხს შუბლზე, ანუ თვალყურს ადევნებდნენ, რომ ბაბილონელებს განდგომილებთან ერთად ღვთის ერთგულებიც არ გაენადგურებინათ.

რა მნიშვნელობა აქვს ეზეკიელის ხილვას ჩვენთვის?

12, 13. ა) რატომ გადმოღვარა იეჰოვამ თავისი რისხვა იერუსალიმზე და რატომ ველით, რომ იგი ჩვენს დროშიც აღასრულებს თავის განაჩენს? ბ) ქრისტიანული სამყაროს პირველსახე იყო განდგომილი იერუსალიმი? ახსენით (იხილეთ ჩარჩო „ქრისტიანული სამყაროს პირველსახე იყო იერუსალიმი?“).

12 როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, მალე ღვთის განაჩენი უპრეცედენტო მასშტაბით აღსრულდება: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათ. 24:21). რაც უფრო ვუახლოვდებით ამ გარდამტეხ მოვლენას, მნიშვნელოვანი კითხვები იჩენს თავს: გადაურჩება განადგურებას ვინმე? დაედებათ რაიმე ნიშანი გადასარჩენად იეჰოვას თაყვანისმცემლებს? შესრულდება ეზეკიელის ხილვა სამელნიან კაცზე ჩვენს დროშიც? სამივე კითხვაზე პასუხი დადებითია. რის საფუძველზე ვასკვნით ამას? მოდი დავუბრუნდეთ ეზეკიელის ხილვას.

13 გახსოვთ, რატომ გადმოღვარა იეჰოვამ თავისი რისხვა იერუსალიმზე? კიდევ ერთხელ ვნახოთ, რა წერია ეზეკიელის 9:8, 9-ში (წაიკითხეთ). როდესაც ეზეკიელს აფიქრებდა, გადაურჩებოდა თუ არა განადგურებას „ისრაელის დარჩენილი ნაწილი“, იეჰოვამ მოუყვანა ოთხი მიზეზი, რის გამოც უნდა აღესრულებინა განაჩენი თავის ხალხზე: 1) ისრაელისა და იუდას დანაშაული ძალიან დიდი იყო, * 2) იუდას მიწა მორწყული იყო სისხლით, 3) იუდას სამეფოს დედაქალაქ იერუსალიმში გახრწნილებას მოეკიდებინა ფეხი და 4) ხალხი ბოროტ საქმეებს იმით ამართლებდა, რომ ღმერთი ვერაფერს ხედავდა. განა ზემოთ აღწერილი მდგომარეობა დღევანდელ ზნეობრივად უკუღმართ, გახრწნილ, მოძალადე და უღვთო ქვეყნიერებას არ გაგონებთ?! თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იეჰოვა არ იცვლება და ყოველივე ამის დანახვამ ის განარისხა ეზეკიელის დროს, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ დღესაც იმავეს გრძნობს (მალ. 3:6; იაკ. 1:17). ამიტომ საფუძვლიანად მოველით, რომ „ექვსი კაცი შემმუსვრელი იარაღით“ და „სამელნიანი კაცი“ ჩვენს დროშიც აღასრულებენ იეჰოვას განაჩენს!

მალე „ექვსი კაცი შემმუსვრელი იარაღით“ შეუდგება თავის საქმეს. (იხილეთ მე-12 და მე-13 აბზაცები)

14, 15. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ყოველთვის აფრთხილებს ხალხს განადგურებამდე?

14 როგორ შესრულდება ეზეკიელის წინასწარმეტყველური ხილვა ჩვენს დროში? თუ გავიხსენებთ, როგორ შესრულდა ის უწინ, იმასაც გავიგებთ, თუ როგორ სრულდება ის ჩვენს დროში. მოდი ვნახოთ, რა პარალელების გავლება შეგვიძლია ძველ დროსა და ჩვენს დროს შორის.

15 იეჰოვა აფრთხილებს ხალხს განადგურებამდე. როგორც ამ წიგნის მე-11 თავიდან შევიტყვეთ, იეჰოვამ ეზეკიელი ისრაელს „გუშაგად“ დაუყენა (ეზეკ. 3:17—19). ძვ. წ. 613 წლიდან მოყოლებული ეზეკიელი აფრთხილებდა ისრაელებს მოახლოებული განადგურების შესახებ. სხვა წინასწარმეტყველებიც, მათ შორის ესაია და იერემია, აცხადებდნენ, რომ იერუსალიმს უბედურება დაატყდებოდა თავს (ეს. 39:6, 7; იერ. 25:8, 9, 11). იეჰოვამ ჩვენს დროშიც უხელმძღვანელა ქრისტეს მეშვეობით სულით ცხებულთა მცირე ჯგუფს, რათა ეზრუნათ „შინაურების“ ანუ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების გამოკვებაზე და, იმავდროულად, გაეფრთხილებინათ ხალხი კარსმომდგარი „დიდი გასაჭირის“ შესახებ (მათ. 24:45).

16. დაადებენ იეჰოვას მსახურები რაიმე ნიშანს ხალხს? ახსენით.

16 იეჰოვას მსახურები არ ადებენ ხალხს რაიმე ნიშანს. ალბათ, გახსოვთ, რომ ღმერთს ეზეკიელისთვის არ დაუვალებია, მოევლო იერუსალიმი და ხალხისთვის ნიშანი დაედო გადასარჩენად. მსგავსად ამისა, არც ჩვენ გვევალება ხალხისთვის ნიშნის დადება. თუმცა ქრისტეს სახლეულობაში შემავალ „შინაურებს“ ხალხთან ქადაგება გვევალება. სწორედ ამიტომ დაუღალავად ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ და მთელი შემართებით ვაფრთხილებთ ხალხს ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულზე, რითაც ცხადვყოფთ, რომ სერიოზულად ვეკიდებით იეჰოვასგან მიღებულ დავალებას (მათ. 24:14; 28:18—20). ამგვარად ჩვენი წვლილი შეგვაქვს მოწაფეების მომზადების საქმეში და ვეხმარებით გულწრფელ ადამიანებს, დაიკავონ წმინდა თაყვანისმცემლობის მხარე (1 ტიმ. 4:16).

17. რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა დღესვე, რომ მომავალში „ნიშანი მიიღონ“ გადასარჩენად?

17 განადგურებას რომ თავი დავაღწიოთ, რწმენა უნდა გამოვავლინოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ, ვინც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებას გადაურჩნენ, მანამდე ცხადყვეს, რომ სძულდათ ბოროტება და წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს იდგნენ. ეს ასეა დღესაც. ქვეყნიერების განადგურებამდე ადამიანები დღესაც უნდა ოხრავდნენ და კვნესოდნენ იმ ბოროტების გამო, რაც მათ ირგვლივ ხდება. ისინი როგორც სიტყვით, ისე საქმით, წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს უნდა იკავებდნენ. რით უნდა ცხადყონ ეს? მათ ყურად უნდა იღონ სასიხარულო ცნობა, „შეიმოსონ“ ქრისტეს მსგავსი პიროვნებით, თავი მიუძღვნან იეჰოვას, მოინათლონ და მხარი დაუჭირონ ქრისტეს ძმებს (ეზეკ. 9:4; მათ. 25:34—40; ეფეს. 4:22—24; 1 პეტ. 3:21). მხოლოდ ისინი, ვინც დღესვე ასე იქცევიან და „დიდ გასაჭირამდე“ ხდებიან იეჰოვას თაყვანისმცემლები, „მიიღებენ ნიშანს“ გადასარჩენად.

18. ა) როგორ და როდის დაადებს იესო ნიშანს ღვთის ერთგულებს? ბ) მიიღებენ სულით ცხებულები რაიმე ნიშანს? ახსენით.

18 იესო „დაადებს ნიშანს“ ერთგულებს, რათა გადარჩნენ. ეზეკიელის დროს ერთგულთათვის ნიშნის დადების საქმეს ანგელოზები ასრულებდნენ. ჩვენს დროში „სამელნიანი კაცის“ როლს იესო ქრისტე შეასრულებს, როცა „მთელი თავისი სიდიადით . . . მოვა“ ერების გასასამართლებლად (მათ. 25:31—33). ეს „დიდი გასაჭირის“ დროს მოხდება, ცრუ რელიგიების განადგურების შემდეგ. * სწორედ ამ გადამწყვეტ ფაზაში, ზუსტად არმაგედონის დაწყების წინ, იესო „ცხვრებს“ გამოარჩევს „თხებისგან“. იგი „უამრავ ხალხს“ აღიარებს „ცხვრად“, რათა მათ მარადიულად იცოცხლონ (გამოცხ. 7:9—14; მათ. 25:34—40, 46). რისი თქმა შეიძლება ერთგულ სულით ცხებულებზე? ისინი ამ დროს არავითარ ნიშანს არ მიიღებენ, რადგან მათი საბოლოო ბეჭედდასმა მათ სიკვდილამდე ან „დიდი გასაჭირის“ დაწყებამდე მოხდება. ვიდრე არმაგედონი დაიწყება, ისინი ზეცად ამაღლდებიან (გამოცხ. 7:1—3).

19. ვისთან ერთად გაილაშქრებს იესო ბოროტ ქვეყნიერებაზე განაჩენის აღსასრულებლად? (იხილეთ ჩარჩო «„ოხვრა და კვნესა“, „ნიშნის დადება“ და „მუსვრა“»)

19 ზეციერი მეფე, იესო ქრისტე, თავის ლაშქართან ერთად განაჩენს აღასრულებს ქვეყნიერებაზე. ეზეკიელის ხილვაში „ექვსმა კაცმა“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ხალხის მუსვრა, რაც „სელით შემოსილმა სამელნიანმა კაცმა“ დაასრულა ნიშნის დადების საქმე (ეზეკ. 9:4—7). მსგავსად ამისა, ქვეყნიერების განადგურება მას შემდეგ დაიწყება, რაც იესო გაასამართლებს ყველა ერს და „ცხვრებს“ გამოარჩევს „თხებისგან“. მხოლოდ ამის შემდეგ გაილაშქრებს იესო თავის 144 000 თანამმართველთან და ანგელოზებთან ერთად ბოროტ ქვეყნიერებაზე განაჩენის აღსასრულებლად; ის არმაგედონის ომში ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოუღებს მტრებს, ხოლო წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერთ ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად გადაარჩენს (გამოცხ. 16:14—16; 19:11—21).

20. რისი იმედი ჩაგვისახა ეზეკიელის ხილვამ?

20 უზომოდ მადლიერნი ვართ იმ იმედის გამო, რომელიც ეზეკიელის ამ ხილვამ ჩაგვისახა! განგვიმტკიცდა რწმენა, რომ იეჰოვა მართლებს ბოროტებთან ერთად არ გაანადგურებს (ფსალმ. 97:10). გარდა ამისა, შევიტყვეთ, რისი გაკეთება გვმართებს დღესვე, რომ მომავალში „ნიშანი მივიღოთ“ გადასარჩენად. იეჰოვას მსახურები დაუღალავად ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას მათთან, ვინც ოხრავს და კვნესის სატანის ბოროტი ქვეყნიერების გამო; ამასთანავე, ვაფრთხილებთ ხალხს მოახლოებული განადგურების შესახებ. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, შეიძლება დავეხმაროთ კიდეც ზოგს, ვისი გულიც მარადიული სიცოცხლისთვისაა განწყობილი, რომ მხარი დაუჭირონ წმინდა თაყვანისმცემლობას და „ნიშანი მიიღონ“ გადასარჩენად (საქ. 13:48).

^ აბზ. 1 ეზეკიელის ხილვა იმის შესახებ, თუ რა სისაძაგლეს სჩადიოდნენ იუდეველები ტაძარში, განხილულია ამ წიგნის მე-5 თავში.

^ აბზ. 13 ერთი ნაშრომის თანახმად, „დანაშაულად“ ნათარგმნი ებრაული არსებითი სახელი მორალური გახრწნილების აზრსაც ატარებს, სხვა ნაშრომში კი აღნიშნულია, რომ ეს არსებითი სახელი, ძირითადად, რელიგიურ კონტექსტში გამოიყენება და ღვთის წინაშე ჩადენილ ზნეობრივი ხასიათის დანაშაულზე მიუთითებს.

^ აბზ. 18 „დიდი ბაბილონის“ განადგურება ავტომატურად არ მოასწავებს იმას, რომ მისი ყველა მიმდევარი განადგურდება. იმ დროს ზოგი სასულიერო პირიც კი ზურგს შეაქცევს რელიგიას, და უფრო მეტიც, განაცხადებს, რომ საერთო არაფერი ჰქონია მასთან (ზაქ. 13:3—6).