არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1919 წელს ჩატარებული ისტორიული კონგრესი იმის აშკარა დასტური იყო, რომ ღვთის ხალხი საბოლოოდ გათავისუფლდა „დიდი ბაბილონის“ ტყვეობისგან.

ჩარჩო 9ბ

რატომ 1919?

რატომ 1919?

რატომ ვამბობთ, რომ ღვთის ხალხი 1919 წელს გათავისუფლდა „დიდი ბაბილონის“ ტყვეობისგან? ამ დასკვნამდე ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და ისტორიულ ფაქტებს მივყავართ.

ბიბლიური წინასწარმეტყველებები და ისტორიული ფაქტები ცხადყოფს, რომ იესო 1914 წელს ზეცაში გამეფდა, რითაც სატანის ქვეყნიერების ბოლო დღეების ათვლა დაიწყო. რა გააკეთა ახლად გამეფებულმა მეფემ, იესომ? მაშინვე გაათავისუფლა მან თავისი მსახურები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობისგან? დანიშნა იესომ 1914 წელს „ერთგული და გონიერი მონა“ და წამოიწყო „მკის“ საქმე? (მათ. 24:45).

რა თქმა უნდა, არა! პეტრე მოციქულმა ღვთის შთაგონებით აღნიშნა, რომ „გასამართლება ღვთის სახლიდან“ დაიწყებოდა (1 პეტ. 4:17). მსგავსადვე, წინასწარმეტყველმა მალაქიამაც იწინასწარმეტყველა იმ დროზე, როცა იეჰოვა „შეთანხმების მაცნესთან“ ანუ თავის ძესთან ერთად მივიდოდა თავის ტაძარში (მალ. 3:1—5). ეს იქნებოდა განწმენდისა და გამოცდის დრო. რამდენად ეთანხმება ისტორიული ფაქტები ამ წინასწარმეტყველებებს?

სავსებით! 1914 წლიდან მოყოლებული 1919 წლის დასაწყისის ჩათვლით ბიბლიის მკვლევრებს (ასე ერქვათ იეჰოვას მოწმეებს მაშინ) რთული, გამოცდისა და განწმენდის დრო დაუდგათ. 1914 წელს ღვთის ხალხიდან ზოგს იმედი გაუცრუვდა, რადგან ქვეყნიერების აღსასრული, რომელსაც ისინი ამ წელს მოელოდნენ, არ დადგა. მათ კიდევ უფრო გაუტყდათ გული, როცა 1916 წელს ჩარლზ რასელი, რომელიც წლების მანძილზე ღვთის ხალხს დიდი გულმოდგინებითა და შემართებით ხელმძღვანელობდა, გარდაიცვალა. ისინი, ვისაც ძალიან უყვარდათ ძმა რასელი, ღიად დაუპირისპირდნენ მის ნაცვლად დანიშნულ ჯოზეფ რუტერფორდს. თავი იჩინა განხეთქილებებმა, რამაც 1917 წელს ლამის დაშლამდე მიიყვანა ორგანიზაცია. 1918 წელს კი, როგორც ჩანს, სამღვდელოების წაქეზებით, ძმა რუტერფორდს თავის 7 თანამოაზრესთან ერთად უსამართლოდ დასდეს ბრალი და დააპატიმრეს. ბრუკლინის მთავარი სამმართველო დაიხურა. აშკარა იყო, რომ ღვთის ხალხი ჯერ კიდევ „დიდი ბაბილონის“ ტყვეობაში იმყოფებოდა.

1919 წელს მდგომარეობა უეცრად შეიცვალა; მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. წლის დასაწყისში რუტერფორდი თანამოაზრეებთან ერთად ციხიდან გაათავისუფლეს. ისინი კვლავ თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ. ცოტა ხანში მათ ჩაატარეს ისტორიული კონგრესი და გამოსცეს ახალი ჟურნალი „ოქროს ხანა“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“). ახალი ჟურნალი ხალხთან ქადაგებისთვის იყო განკუთვნილი. ამასთანავე, თითოეულ კრებაში დაინიშნა ზედამხედველი, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა სამქადაგებლო საქმეს. იმავე წელს გამოიცა „ბიულეტენი“ (ამჟამად „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“), რომელიც წინ წასწევდა სამქადაგებლო საქმეს.

ნათელი იყო, რომ ქრისტემ გაათავისუფლა თავისი მსახურები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობისგან და დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“. შედეგად, „მკის“ საქმე აქტიურ ფაზაში შევიდა. 1919 წელი მართლაც გარდამტეხი წელი აღმოჩნდა, ვინაიდან მას შემდეგ მოყოლებული „მკამ“ არნახულ მასშტაბებს მიაღწია!