არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

24-ე გაკვეთილი

სიმართლე ანგელოზების შესახებ

სიმართლე ანგელოზების შესახებ

იეჰოვას სურს, უკეთ გავეცნოთ მის ზეციერ ოჯახს. ამ ოჯახის წევრები ანგელოზები არიან, რომელთაც ბიბლიაში „ღვთის ძეები“ ეწოდებათ (იობი 38:7). რას ვიგებთ ბიბლიიდან ანგელოზების შესახებ? რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე? ყველა ანგელოზი ღვთის ზეციერი ოჯახის წევრია?

1. ვინ არიან ანგელოზები?

იეჰოვამ ანგელოზები მანამ შექმნა, სანამ დედამიწას შექმნიდა. ისინი უხილავი სულიერი ქმნილებები არიან, რომლებიც ზეცაში მკვიდრობენ (ებრაელები 1:14). ღმერთმა ერთმანეთისგან განსხვავებული მილიონობით ანგელოზი შექმნა (გამოცხადება 5:11). ისინი ღმერთს ემორჩილებიან და მის სიტყვას ასრულებენ (ფსალმუნი 103:20). ძველად იეჰოვა თავის ხალხს ზოგჯერ ანგელოზების მეშვეობით გადასცემდა ცნობებს, ეხმარებოდა და იხსნიდა. დღეს ანგელოზები ღვთის მსახურებს ეხმარებიან მათ მოძებნაში, ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს.

2. ვინ არიან სატანა და დემონები?

ზოგმა ანგელოზმა უორგულა იეჰოვას. პირველ ურჩ ანგელოზს „ეშმაკი და სატანა ჰქვია, . . რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9). სატანას ღვთის ქმნილებებზე ბატონობა სურდა, ამიტომ ადამი და ევა, მოგვიანებით კი სხვა ანგელოზები, ღვთისადმი ურჩობისკენ წააქეზა. ბიბლიაში ურჩ ანგელოზებს „დემონები“ ეწოდებათ. იეჰოვამ ისინი ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა; საბოლოოდ კი მათ განადგურება ელით (წაიკითხეთ გამოცხადების 12:9, 12).

3. როგორ შეჰყავთ ადამიანები შეცდომაში სატანასა და დემონებს?

სატანასა და დემონებს ბევრი ადამიანი შეცდომაში შეჰყავთ ოკულტიზმის მეშვეობით, რაშიც სპირიტიზმიც შედის. ზოგი მიმართავს ასტროლოგებს, მკითხავებს, ექსტრასენსებსა თუ ექიმბაშებს ან დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის ისეთ მეთოდს ირჩევს, რომელიც სპირიტიზმთანაა დაკავშირებული. ზოგს ჰოროსკოპის სჯერა, ზოგმა კი ისიც დაიჯერა, რომ გარდაცვლილებთან საუბარია შესაძლებელი. მაგრამ იეჰოვა გვაფრთხილებს: „არ მიმართოთ არც სულების გამომძახებლებს და არც მკითხავებს“ (ლევიანები 19:31). ამ გაფრთხილების მიზანი ისაა, რომ იეჰოვას სურს, დაგვიცვას სატანისა და დემონებისგან. ისინი ღვთის მტრები არიან და ჩვენთვის ზიანის მოყენება სურთ.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ გვეხმარებიან ანგელოზები. გაიგებთ იმასაც, რა საფრთხე იმალება სპირიტიზმის მიღმა და როგორ დავიცვათ თავი სატანისა და დემონების გავლენისგან.

4. ანგელოზები ხალხს ღმერთთან დაახლოებაში ეხმარებიან

ანგელოზები არ ეცხადებიან ხალხს, რომ მათ უქადაგონ, მაგრამ ისინი ხელმძღვანელობენ ღვთის მსახურებს, რომ მათთან მივიდნენ, ვისაც ღვთის შესახებ მეტის გაგება სურს. წაიკითხეთ გამოცხადების 14:6, 7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ გვჭირდება ანგელოზების დახმარება სამქადაგებლო საქმეში?

  • გამხნევებთ იმის ცოდნა, რომ ანგელოზებს შეუძლიათ მოგაძებნინონ ისინი, ვისაც ბიბლიური ცნობის მოსმენა სურთ? ახსენით.

5. საერთო არაფერი გქონდეთ სპირიტიზმთან

სატანა და დემონები იეჰოვას მტრები არიან. შესაბამისად, ისინი ჩვენც გვემტერებიან. წაიკითხეთ ლუკას 9:38—42 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ ექცევიან დემონები ადამიანებს?

ჩვენ ყველანაირად უნდა დავიცვათ თავი დემონების გავლენისგან. წაიკითხეთ კანონის 18:10—12 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ ცდილობენ დემონები ჩვენზე გავლენის მოხდენას და ჩვენთან დაკავშირებას? სპირიტიზმის რა ფორმებია გავრცელებული იქ, სადაც ცხოვრობთ?

  • მართებულია იეჰოვას აკრძალვა სპირიტიზმთან დაკავშირებით? ახსენით.

ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • თქვენი აზრით, შეეძლო პალესას ქალიშვილისთვის გაკეთებულ თილისმას ზიანის მიყენება? ახსენით.

  • როგორ უნდა მოქცეულიყო პალესა, თავი რომ დაეცვა დემონებისგან?

ნამდვილი ქრისტიანები ოდითგანვე უწევდნენ წინააღმდეგობას დემონებს. წაიკითხეთ საქმეების 19:19 და 1 კორინთელების 10:21; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ უნდა გაანადგუროთ ყველაფერი, რაც სპირიტიზმთან გაკავშირებთ?

6. თქვენ შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ სატანასა და მის დემონებს!

დემონებს სატანა მართავს, ანგელოზებს კი — მთავარანგელოზი მიქაელი, იგივე იესო. რამდენად ძლიერია მიქაელი? წაიკითხეთ გამოცხადების 12:7—9 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • ვინ არიან უფრო ძლიერნი — მიქაელი და მისი ანგელოზები თუ სატანა და მისი დემონები?

  • თქვენი აზრით, უნდა ეშინოდეთ იესოს მიმდევრებს სატანისა და დემონების?

თქვენ შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ სატანასა და მის დემონებს. წაიკითხეთ იაკობის 4:7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ სატანისა და დემონებისგან?

ზოგი ამბობს: „სპირიტულ ფილმებსა და ვიდეოთამაშებში საშიში არაფერია, ესენი უბრალოდ გასართობი საშუალებებია“.

  • რატომაა სახიფათო ასეთი დამოკიდებულება?

შეჯამება:

ღვთის ერთგული ანგელოზები ადამიანებს ეხმარებიან; ხოლო იეჰოვას მტრებს, სატანასა და მის დემონებს, სპირიტიზმის მეშვეობით შეცდომაში შეჰყავთ ხალხი.

გასამეორებელი კითხვები:

  • როგორ ეხმარებიან ანგელოზები ხალხს იეჰოვასთან დაახლოებაში?

  • ვინ არიან სატანა და დემონები?

  • რატომ გსურთ, თავი შორს დაიჭიროთ სპირიტიზმისგან?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

გაიგეთ, საიდან ვიცით, რომ იესო მთავარანგელოზი მიქაელია.

„ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი?“ (სტატია ვებგვერდზე)

შეიტყვეთ, რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეშმაკი ჩვენში არსებული ბოროტება არაა.

„ნამდვილად არსებობს ეშმაკი?“ (სტატია ვებგვერდზე)

წაიკითხეთ, როგორ გათავისუფლდა ერთი ქალი დემონების გავლენისგან.

„მან სიცოცხლის აზრი იპოვა“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ივლისი, 1993)