არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

32-ე გაკვეთილი

ღვთის სამეფო მმართველობს!

ღვთის სამეფო მმართველობს!

ღვთის სამეფო ზეცაში 1914 წელს დაარსდა. იმავე წელს ადამიანთა მმართველობის ბოლო დღეების ათვლაც დაიწყო. საიდან ვიცით ეს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიგოთ, რა იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში ამ დროზე, როგორ განვითარდა მოვლენები 1914 წლის შემდეგ და როგორ შეიცვალნენ ადამიანები.

1. რა იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში?

ბიბლიის წიგნ „დანიელიდან“ ვიგებთ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობა „შვიდი დროის“ დასრულების შემდეგ დაიწყებოდა (დანიელი 4:16, 17). ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ იესომ იმავე პერიოდს „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დრო ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული (ლუკა 21:24). ქვემოთ შეიტყობთ, რომ ეს „შვიდი დრო“ 1914 წელს დასრულდა.

2. როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ შეიცვალნენ ადამიანები 1914 წლის შემდეგ?

მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და იმის ნიშანი, რომ ქვეყნიერების ბოლო დადგა?“ (მათე 24:3). ამის პასუხად იესომ იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მისი გამეფების შემდეგ. მაგალითად, მან თქვა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იქნებოდა ომები, საკვების უკმარისობა და მიწისძვრები (წაიკითხეთ მათეს 24:7). ბიბლიაში ისიცაა ნაწინასწარმეტყველები, რომ „ბოლო დღეებში“ ხალხიც შეიცვლებოდა, რის გამოც ცხოვრება „ძნელად ასატანი“ გახდებოდა (2 ტიმოთე 3:1—5). აშკარაა, რომ ამ ყველაფრის მოწმენი განსაკუთრებით 1914 წლის შემდეგ ვხდებით.

3. რატომ გაუარესდა მსოფლიო მდგომარეობა ღვთის სამეფოს დაარსების შემდეგ?

გამეფებიდან მალევე იესო ზეცაში სატანასა და მის დემონებს შეებრძოლა. ამ ომში სატანა დამარცხდა და, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის „გადმოაგდეს დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად გადმოყარეს“ (გამოცხადება 12:9, 10, 12). სატანა განრისხებულია, რადგან იცის, რომ განადგურება ელის. ის იმდენადაა გაბოროტებული, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანთა ცხოვრებას აუტანელს ხდის. ამის ფონზე, გასაკვირი არ არის, თუ რატომაა ასეთი ცუდი ვითარება მსოფლიოში. მაგრამ ღვთის სამეფო ამ მდგომარეობას გამოასწორებს.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, საიდან ვიცით, რომ ღვთის სამეფო 1914 წელს დაარსდა. გაიგებთ იმასაც, თუ რისი გაკეთებისკენ უნდა აღგვძრას ამის ცოდნამ.

4. ბიბლიურ ქრონოლოგიას 1914 წლამდე მივყავართ

ღმერთმა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს წინასწარმეტყველური სიზმარი ახილვინა და თავისი მსახურის, დანიელის მეშვეობით აუხსნა. სიზმარიც და მისი ახსნაც იმაზე მოწმობს, რომ ის უკავშირდებოდა როგორც თავად ნაბუქოდონოსორს, ისე ღვთის სამეფოს (წაიკითხეთ დანიელის 4:17). a

წაიკითხეთ დანიელის 4:20—26 და მომდევნო გვერდზე მოცემული ჩარჩოს დახმარებით უპასუხეთ ქვემოთ დასმულ კითხვებს:

  • ა) რა ნახა მეფე ნაბუქოდონოსორმა სიზმარში? (იხილეთ მე-20 და 21-ე მუხლები)

  • ბ) რა ბედი ეწეოდა „ხეს“? (იხილეთ 23-ე მუხლი)

  • გ) რა მოხდებოდა „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ? (იხილეთ 26-ე მუხლი)

რა კავშირია ნაბუქოდონოსორის სიზმარსა და ღვთის სამეფოს შორის

წინასწარმეტყველება (დანიელი 4:20—36)

მმართველობა

ა) უზარმაზარი ხე

მმართველობის შეწყვეტა

ბ) „მოჭერით ხე“ და „შვიდმა დრომ“ გადაიაროს

მმართველობის დაბრუნება

გ) „შენი სამეფო დაგიბრუნდება“

წინასწარმეტყველების პირველი შესრულების დროს . . .

პირველი შესრულება

მმართველობა

დ) ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი

მმართველობის შეწყვეტა

ე) ძვ. წ. 606 წლის შემდეგ, დროის რაღაც პერიოდში, ნაბუქოდონოსორი ჭკუიდან შეიშალა და შვიდი წლის განმავლობაში ვეღარ მმართველობდა

მმართველობის დაბრუნება

ვ) ნაბუქოდონოსორი გამოჯანმრთელდა და მმართველობა დაიბრუნა

წინასწარმეტყველების მეორე შესრულების დროს . . .

  • ზ) ვის განასახიერებდა „ხე“? (წაიკითხეთ 1 მატიანის 29:23)

  • თ) როდის შეწყდა მათი მმართველობა? საიდან ვიგებთ, რომ იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს მათი მმართველობა კვლავაც შეწყვეტილი იყო? (წაიკითხეთ ლუკას 21:24)

  • ი) როდის და სად აღდგა სამეფოს მმართველობა?

მეორე შესრულება

მმართველობა

ზ) ებრაელი მეფეები, რომლებიც ღვთის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ

მმართველობის შეწყვეტა

თ) იერუსალიმი განადგურდა და ებრაელი მეფეების მმართველობა 2 520 წლით შეწყდა

მმართველობის დაბრუნება

ი) ზეცაში ღვთის სამეფო დაარსდა და იესო გამეფდა

რა ხანგრძლივობისაა „შვიდი დრო“?

ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთის გასაგებად სხვა მონაკვეთები გვეხმარება. მაგალითად, წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ „სამ-ნახევარი დრო“ 1 260 დღეს შეადგენს (გამოცხადება 12:6, 14). „შვიდი დროის“ გამოსათვლელად ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ ორზე და მივიღებთ 2 520 დღეს. ზოგჯერ „დღე“ ბიბლიაში „წლის“ ეკვივალენტია (ეზეკიელი 4:6). სწორედ ამის მაგალითია წიგნ „დანიელში“ მოხსენიებული „შვიდი დრო“. გამოდის, რომ „შვიდი დრო“ 2 520 წელს შეადგენს.

5. როგორ შეიცვალა მსოფლიო 1914 წლის შემდეგ

იესომ იწინასწარმეტყველა, თუ როგორ განვითარდებოდა მსოფლიოში მოვლენები მისი გამეფების შემდეგ. წაიკითხეთ ლუკას 21:9—11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • აქ ჩამოთვლილთაგან რომელი მოვლენის მოწმე გამხდარხართ ან რომლის შესახებ გსმენიათ?

მოციქულმა პავლემ აღწერა, თუ როგორ შეიცვლებოდა ხალხი ადამიანთა მმართველობის ბოლო დღეებში. წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • ამჩნევთ ასეთ ცვლილებებს ხალხში? განსაკუთრებით რომელს აღნიშნავდით?

6. რისკენ აღგვძრავს იმის ცოდნა, რომ ღვთის სამეფო მმართველობს

წაიკითხეთ მათეს 24:3, 14 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • დღეს მიმდინარე რომელი საქმიანობა მოწმობს, რომ ღვთის სამეფო მმართველობს?

  • როგორ შეგიძლიათ ამ საქმეში თქვენი წვლილის შეტანა?

ღვთის სამეფო უკვე მმართველობს ზეცაში და ძალიან მალე მთელ დედამიწაზეც იმმართველებს. წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რისი გაკეთება გვმართებს თითოეულს, როცა „ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“?

რას გააკეთებდით, თუ ისეთ რამეს გაიგებდით, რაზეც სხვების კეთილდღეობა და სიცოცხლე იქნებოდა დამოკიდებული?

ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რატომ ანიჭებენ იეჰოვას მოწმეები 1914 წელს ამხელა მნიშვნელობას?“.

  • როგორ უპასუხებთ?

შეჯამება:

ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, ბიბლიური ქრონოლოგია და მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ღვთის სამეფო უკვე მმართველობს. ამის ცოდნა აღგვძრავს, სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ და კრების შეხვედრებს დავესწროთ.

გასამეორებელი კითხვები:

  • რა მოხდა წიგნ „დანიელში“ ნაწინასწარმეტყველები „შვიდი დროის“ დასრულების შემდეგ?

  • რა გარწმუნებთ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობა 1914 წელს დაიწყო?

  • რისკენ აღგძრავთ იმის ცოდნა, რომ ღვთის სამეფო უკვე მმართველობს?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

გაიგეთ, რას ამბობენ ისტორიკოსები და სხვები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო 1914 წლის შემდეგ.

„ზნეობის სწრაფი დაცემა“ („გამოიღვიძეთ!“, აპრილი, 2007)

შეიტყვეთ, რა გავლენა მოახდინა ერთ მამაკაცზე მათეს 24:14-ში ჩაწერილმა წინასწარმეტყველებამ.

„ბეისბოლი ყველაფერს მერჩივნა!“ („საგუშაგო კოშკი“, №3, 2017)

 საიდან ვიცით, რომ დანიელის მე-4 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ღვთის სამეფოს ეხება?

„როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა?“ (ნაწილი 1) („საგუშაგო კოშკი“, 1 ოქტომბერი, 2014)

a წაიკითხეთ ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“ მითითებული  ბოლო ორი სტატია.