არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-40 გაკვეთილი

როგორ დავიცვათ ფიზიკური სისუფთავე და ზნეობრივი სიწმინდე

როგორ დავიცვათ ფიზიკური სისუფთავე და ზნეობრივი სიწმინდე

წარმოიდგინეთ დედა, რომელიც თავის ბიჭუნას სკოლაში წასასვლელად ამზადებს. ის ზრუნავს, რომ შვილი დაბანილი, მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმული გაუშვას სახლიდან. ამგვარად, დედა მის ჯანმრთელობას უფრთხილდება და სხვებიც ამჩნევენ, რომ ბიჭუნას მზრუნველი მშობლები ჰყავს. მსგავსად, ჩვენს მზრუნველ ზეციერ მამას, იეჰოვას, სურს, რომ დავიცვათ როგორც ფიზიკური სისუფთავე, ისე ზნეობრივი სიწმინდე. თუ ასე მოვიქცევით, ეს ჩვენს ცხოვრებაზეც დადებითად აისახება და იეჰოვასაც განადიდებს.

1. როგორ დავიცვათ ფიზიკური სისუფთავე?

იეჰოვა მოგვიწოდებს: „იყავით წმინდები“ (1 პეტრე 1:16). სიწმინდე მოიცავს როგორც ფიზიკური სისუფთავის, ისე მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას. სისუფთავის დაცვაში შედის რეგულარული ბანაობა, ტანსაცმლის რეცხვა და სახლისა თუ ავტომობილის მოწესრიგება. ქრისტიანები იმაზეც ზრუნავენ, რომ დარბაზი, სადაც თაყვანსაცემად იკრიბებიან, ყოველთვის სუფთა და მოვლილი იყოს. თუ დავიცავთ სისუფთავეს, იეჰოვას განვადიდებთ (2 კორინთელები 6:3, 4).

2. როგორ დავიცვათ ზნეობრივი სიწმინდე?

ბიბლიაში ნათქვამია: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს სხეულსა და გონებას“ (2 კორინთელები 7:1). ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ავნებს და გონებას დაგვიბინძურებს. ჩვენი ფიქრები იეჰოვასთვის მოსაწონი უნდა იყოს, ამიტომ გასაქანი არ უნდა მივცეთ არასწორ ფიქრებს (ფსალმუნი 104:34). აგრეთვე უნდა მოვერიდოთ ბილწსიტყვაობასა და უხამს საუბრებს (წაიკითხეთ კოლოსელების 3:8).

სისუფთავისა და სიწმინდის დაცვა შეუძლებელი იქნება, თუ მოვიხმართ თამბაქოს ან გართობის მიზნით ვიღებთ ნარკოტიკულ საშუალებებს. ასეთი ნივთიერებები ვნებს ჩვენს ორგანიზმს. თუ მოვიშორებთ მავნე ჩვევებს, უფრო ჯანმრთელებიც ვიქნებით და იმასაც ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ სიცოცხლეს. ზნეობრივი სიწმინდე რომ დავიცვათ, უნდა დავძლიოთ ისეთი ჩვევები, როგორებიცაა მასტურბაცია და პორნოგრაფიის ყურება, და ფრთხილად ვიყოთ, რომ არ განგვივითარდეს მსგავსი უწმინდური ჩვევები (ფსალმუნი 119:37; ეფესოელები 5:5). შეიძლება ადვილი არ იყოს ასეთ ჩვევებთან ბრძოლა, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევძლებთ ამას (წაიკითხეთ ესაიას 41:13).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ განვადიდებთ იეჰოვას, თუ ფიზიკურ სისუფთავეს ვიცავთ. გაიგებთ იმასაც, როგორ მოიშოროთ უწმინდური ჩვევები.

3. იეჰოვას განვადიდებთ, თუ ფიზიკურ სისუფთავეს ვიცავთ

ისრაელი ერისთვის მიცემული მითითებებიდან ვიგებთ, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს იეჰოვა სისუფთავეს. წაიკითხეთ გამოსვლის 19:10 და 30:17—19; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • ამ მუხლებიდან გამომდინარე, როგორია იეჰოვას თვალსაზრისი სისუფთავეზე?

  • რისი გაკეთება შეგვიძლია ფიზიკური სისუფთავის შესანარჩუნებლად?

მართალია, სისუფთავის დაცვა დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს შეუძლებელი არაა. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და როგორი ფინანსური მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს, ყველას შეგვიძლია სუფთად ვიცხოვროთ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა შთაბეჭდილებას შევუქმნით ხალხს იეჰოვაზე, თუ სათანადოდ მოვუვლით პირად ნივთებს?

4. მოიშორეთ მავნე ჩვევები

იეჰოვა ნებისმიერ მავნე ჩვევას დაგვაძლევინებს.

თუ ეწევით ან გართობის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს იღებთ, ალბათ მიხვდებით, რამდენად რთულია ასეთი ჩვევების მოშორება. რა დაგეხმარებათ მათთან ბრძოლაში? დაფიქრდით, როგორ მოქმედებს მავნე ჩვევები თქვენზე. წაიკითხეთ მათეს 22:37—39 და იმსჯელეთ, როგორ აისახება თამბაქოს მოხმარება ან ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება . . .

  • იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე

  • ოჯახის წევრებსა თუ გარშემომყოფებზე

შეადგინეთ გეგმა, რას გააკეთებთ მავნე ჩვევის დასაძლევად. a ნახეთ ვიდეო.

წაიკითხეთ ფილიპელების 4:13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ შეგმატებთ ძალას მავნე ჩვევასთან საბრძოლველად რეგულარული ლოცვა, ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება?

5. ნუ შეწყვეტთ უწმინდურ ფიქრებსა თუ ჩვევებთან ბრძოლას!

წაიკითხეთ კოლოსელების 3:5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • საიდან ვიცით, რომ იეჰოვა პორნოგრაფიას, სექსტინგს და მასტურბაციას უწმინდურებად მიიჩნევს?

  • თქვენი აზრით, შესაძლებელია იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა? ახსენით.

გაიგეთ, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა უწმინდურ ფიქრებს. ნახეთ ვიდეო.

იესომ თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა იმის დასანახვებლად, რომ ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად სიმტკიცეა საჭირო. წაიკითხეთ მათეს 5:29, 30 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • იესოს იმის თქმა არ სურდა, რომ თავი უნდა დავისახიჩროთ. თუმცა მისი ნათქვამიდან გამოჩნდა, რომ კონკრეტული ზომების მისაღებად უნდა ვიყოთ მზად. რისი გაკეთებაა საჭირო უწმინდური ფიქრების მოსაშორებლად? b

თუ თქვენც ცდილობთ უწმინდური ფიქრების თავიდან მოშორებას, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა აფასებს თქვენს ძალისხმევას. წაიკითხეთ ფსალმუნის 103:13, 14 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ შეგმატებთ ძალას ეს მუხლები უწმინდურ ჩვევასთან საბრძოლველად?

თუ დაეცემით, წამოდექით!

შეიძლება იფიქროთ: „არაფერი გამომდის, ჯობს შევეშვა“. მაგრამ დაფიქრდით მარათონში მონაწილე მორბენლის მაგალითზე: მორბენალი შეიძლება წაბორძიკდეს და წაიქცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რბოლას ვეღარ განაგრძობს ან კიდევ თავიდან მოუწევს რბოლის დაწყება. მსგავსადვე, თუ მავნე ჩვევასთან ბრძოლაში მარცხი განიცადეთ, ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ დამარცხდით ან კიდევ მთელი შრომა წყალში ჩაგეყარათ. გახსოვდეთ, „დაცემა“ დასასრული არ არის, ის ბრძოლის ნაწილია. ამიტომ, ნუ დანებდებით! იეჰოვას დახმარებით დაძლევთ მავნე ჩვევას.

ვინმემ შეიძლება გითხრათ: „ისე ვარ მიჩვეული, თავს ვერ დავანებებ“.

  • რომელი ბიბლიური მუხლით დაანახვებთ მას, რომ იეჰოვას დახმარებით დაძლევს მავნე ჩვევას?

შეჯამება:

თუ ფიზიკურ სისუფთავეს და გონებრივ და ზნეობრივ სიწმინდეს ვინარჩუნებთ, იეჰოვას ვუხარებთ გულს.

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომაა მნიშვნელოვანი სისუფთავისა და სიწმინდის დაცვა?

  • როგორ დავიცვათ ფიზიკური სისუფთავე?

  • როგორ დავიცვათ გონებრივი და ზნეობრივი სიწმინდე?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

როგორ შეგვიძლია ფიზიკური სისუფთავის შენარჩუნება მაშინაც კი, თუ სათანადო პირობები არ გვაქვს?

„ჯანმრთელობა და ჰიგიენა — რატომ უნდა დავიბანოთ ხელები“ (3:01)

გაიგეთ, როგორ დაანებოთ თავი მოწევას.

„როგორ გადავაგდო სიგარეტი?“ („გამოიღვიძეთ!“, მაისი, 2010)

წაიკითხეთ, როგორ მოქმედებს ადამიანზე პორნოგრაფია.

„პორნოგრაფია უვნებელია თუ მომწამვლელი?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აგვისტო, 2013)

გაიგეთ, როგორ შეწყვიტა ერთმა მამაკაცმა პორნოგრაფიის ყურება.

„არაერთი მარცხის მიუხედავად, ვძლიე საკუთარ თავს!“ („საგუშაგო კოშკი“, №4, 2016)

a ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“ მითითებულ სტატიათა სერიაში „როგორ გადავაგდო სიგარეტი?“ განხილულია რჩევები მავნე ჩვევებთან საბრძოლველად.

b რჩევები მასტურბაციის ჩვევის დასაძლევად იხილეთ წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 1) 25-ე თავი „როგორ გადავეჩვიო მასტურბაციას?“.