არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

54-ე გაკვეთილი

რას აკეთებს „ერთგული და გონიერი მონა“

რას აკეთებს „ერთგული და გონიერი მონა“

ქრისტიანული კრების „თავი“ იესოა (ეფესოელები 5:23). დღეს ის ზეციდან „ერთგული და გონიერი მონის“ დახმარებით ხელმძღვანელობს თავის მიმდევრებს (წაიკითხეთ მათეს 24:45). ეს „მონა“ თავად იესომ დანიშნა, ამიტომ გარკვეული უფლებამოსილება აქვს. თუმცა ის მაინც ემორჩილება ქრისტეს და ემსახურება მის ძმებს. მოდი გავიგოთ, ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“ და როგორ ზრუნავს ჩვენზე.

1. ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“?

იეჰოვა ოდითგანვე ხელმძღვანელობდა თავის ხალხს ერთი ან რამდენიმე მამაკაცის მეშვეობით (მალაქია 2:7; ებრაელები 1:1). იესოს სიკვდილის შემდეგ კრებას იერუსალიმში მცხოვრები მოციქულები და უხუცესები ხელმძღვანელობდნენ (საქმეები 15:2). მსგავსად, დღეს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო, რომელშიც რამდენიმე უხუცესი მსახურობს, სულიერ საზრდოს გვაწვდის და სამქადაგებლო საქმეს ზედამხედველობს. სწორედ ისინი წარმოადგენენ „ერთგულ და გონიერ მონას, რომელიც ბატონმა [ანუ იესომ] დანიშნა“ (მათე 24:45ა). ხელმძღვანელი საბჭოს ყველა წევრი სულით ცხებული ქრისტიანია, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ქრისტესთან ერთად იმმართველებენ ზეციერ სამეფოში.

2. როგორ გვაწვდის „ერთგული და გონიერი მონა“ სულიერ საზრდოს?

იესომ თქვა, რომ „ერთგული მონა“ დროულად მისცემდა საზრდოს თანაქრისტიანებს (მათე 24:45ბ). როგორც ჩვეულებრივი საკვები გვაძლევს ძალას და გვეხმარება, ფიზიკურად ჯანმრთელები ვიყოთ, ისე სულიერი საზრდო ანუ ღვთის სიტყვიდან მომდინარე რჩევა-დარიგება გვაძლევს ძალას, იეჰოვას ვუერთგულოთ და იესოს დავალება შევასრულოთ (1 ტიმოთე 4:6). ჩვენ სულიერ საზრდოს ვიღებთ კრების შეხვედრებზე და კონგრესებზე, აგრეთვე, ბიბლიური ლიტერატურისა და ვიდეოების სახით, რომლებიც გვეხმარება, ჩავწვდეთ ღვთის ნებას და მასთან მეგობრობა განვამტკიცოთ.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რატომ დანიშნა იესომ „ერთგული და გონიერი მონა“ ანუ ხელმძღვანელი საბჭო.

ხელმძღვანელი საბჭო მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს სულიერ საზრდოს აწვდის და მითითებებს აძლევს, აგრეთვე, საჭიროებისდა მიხედვით სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.

3. იეჰოვას სურვილია, მისი ხალხი ორგანიზებული იყოს

ხელმძღვანელი საბჭო იესოს მეთვალყურეობით იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას უწევს ორგანიზებას. პირველ საუკუნეში ქრისტე მსგავსად ხელმძღვანელობდა კრებას. ნახეთ ვიდეო.

წაიკითხეთ 1 კორინთელების 14:33, 40 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ ჩანს ამ მუხლებიდან, რომ იეჰოვას სურს, მისი მსახურები ორგანიზებულნი იყვნენ?

4. „ერთგული მონა“ ორგანიზებას უწევს სამქადაგებლო საქმეს

პირველი საუკუნის ქრისტიანების უმთავრესი საქმე ქადაგება იყო. წაიკითხეთ საქმეების 8:14, 25 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • ვინ ხელმძღვანელობდა სამქადაგებლო საქმეს პირველ საუკუნეში?

  • როგორ მოიქცნენ პეტრე და იოანე, როცა სხვა მოციქულებისგან დავალება მიიღეს?

ხელმძღვანელი საბჭო უმთავრესად სამქადაგებლო საქმეს უწევს ორგანიზებას. ნახეთ ვიდეო.

იესოს სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ქადაგება. წაიკითხეთ მარკოზის 13:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ ანიჭებს ხელმძღვანელი საბჭო სამქადაგებლო საქმეს დიდ მნიშვნელობას?

  • რატომ ვერ შევასრულებდით ამ საქმეს „ერთგული და გონიერი მონის“ გარეშე?

5. „ერთგული მონა“ გვხელმძღვანელობს

ხელმძღვანელი საბჭო მთელ მსოფლიოში თანაქრისტიანებს სხვადასხვა მითითებას აძლევს. რის საფუძველზე წყვეტს „ერთგული მონა“, რა სახის ხელმძღვანელობა გაუწიოს კრებებს? განვიხილოთ, პირველ საუკუნეში როგორ აძლევდა ქრისტიანებს ხელმძღვანელი საბჭო მითითებებს. წაიკითხეთ საქმეების 15:1, 2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რაზე ჩამოვარდა უთანხმოება ზოგიერთ ქრისტიანს შორის?

  • ვის მიმართეს საკითხის გადასაჭრელად პავლემ, ბარნაბამ და სხვა ძმებმა?

წაიკითხეთ საქმეების 15:12—18, 23—29 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • გადაწყვეტილების მიღებამდე რაზე დაფიქრდა ხელმძღვანელი საბჭო, იეჰოვას ხელმძღვანელობას რომ მიჰყოლოდა? (იხილეთ მე-12, მე-15 და 28-ე მუხლები)

წაიკითხეთ საქმეების 15:30, 31 და 16:4, 5; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა რეაქცია ჰქონდათ ქრისტიანებს ხელმძღვანელი საბჭოს მითითებაზე?

  • როგორ აკურთხა იეჰოვამ ისინი მორჩილებისთვის?

წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16 და იაკობის 1:5; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რას ეყრდნობა დღეს ხელმძღვანელი საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას?

ზოგი ამბობს: „თუ ხელმძღვანელ საბჭოს ემორჩილები, ადამიანის მიმდევარი ხარ“.

  • რა გარწმუნებთ, რომ იესო ხელმძღვანელობს „ერთგულ მონას“?

შეჯამება:

ხელმძღვანელი საბჭო იგივე „ერთგული და გონიერი მონაა“, რომელიც ქრისტემ დანიშნა. ის მთელ მსოფლიოში ხელმძღვანელობს თანაქრისტიანებს და აწვდის მათ სულიერ საზრდოს.

გასამეორებელი კითხვები:

  • ვინ დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“?

  • როგორ ზრუნავს ჩვენზე ხელმძღვანელი საბჭო?

  • გჯერათ, რომ ხელმძღვანელი საბჭო არის „ერთგული და გონიერი მონა“?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

შეიტყვეთ, რას აკეთებს ხელმძღვანელი საბჭო, რომ ბიბლიური ლიტერატურა ზუსტ და სანდო ინფორმაციას შეიცავდეს.

„სანდო პუბლიკაციები“ (17:18)

გაიგეთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს იესოსგან მიღებული დავალების მიმართ.

„უდიდესი პატივი“ (7:04)

როგორ მოწმობს კრების შეხვედრები და კონგრესები იმაზე, რომ „ერთგულ მონას“ იეჰოვა ხელმძღვანელობს?

„იეჰოვა ასწავლის თავის ხალხს“ (9:39)