არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეგიძლიათ ჰპოვოთ შინაგანი სიმშვიდე?

სად შეგიძლიათ ჰპოვოთ შინაგანი სიმშვიდე?

სად შეგიძლიათ ჰპოვოთ შინაგანი სიმშვიდე?

დღევანდელობასა და წინა სტატიაში მოხსენიებული თოროუს დროს შორის მრავალი სხვაობა არსებობს. ერთ-ერთი დიდი განსხვავება ის არის, რომ დღეს არ შეინიშნება რჩევების ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოიპოვოს ადამიანმა სულის სიმშვიდე. თავიანთ იდეებს გვთავაზობენ ფსიქოლოგები, თვითმასწავლებელი სახელმძღვანელოები და გაზეთების მუდმივი მიმომხილველებიც კი. მათი რჩევები შეიძლება ცოტა ხნით დაგვეხმაროს, მაგრამ ამ პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად უფრო მეტი რამ არის საჭირო. ეს მეტი რამ არის ის, რაც წინა სტატიაში მოხსენიებულმა პიროვნებებმა იპოვეს.

ანტონიოს, მარკოსს, გერზონს, ვეინიასა და მარსელოს სხვადასხვაგვარი წარმოშობა და სხვადასხვაგვარი პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ მათ, სულ მცირე, სამი რამ მაინც ჰქონდათ საერთო. პირველი, ‘არ გააჩნდათ იმედი და უღმერთონი იყვნენ წუთისოფელში’ (ეფესელთა 2:12). მეორე, სწყუროდათ სულის სიმშვიდე. და მესამე, თითოეულმა მათგანმა, მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, ეს სიმშვიდე ჰპოვა. სულიერ წინსვლასთან ერთად ისინი მიხვდნენ, რომ ღმერთი დაინტერესებულია მათი პიროვნებით. მართლაც, როგორც პავლემ მისწერა თავის თანამედროვე ათენელებს, ღმერთი „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27). ამაში გულწრფელად დაჯერებულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია შინაგანი სიმშვიდის მისაღწევად.

რატომ არის სიმშვიდე ასე იშვიათი?

ბიბლია იმის ორ ძირითად მიზეზს გვისახელებს, თუ რატომ არის წუთისოფელში ასე იშვიათი სიმშვიდე — როგორც შინაგანი, ისე ადამიანებთან ურთიერთობაში. პირველი ახსნილია იერემიას 10:23-ში: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა. . . მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. ადამიანს არა აქვს იმდენი სიბრძნე და განჭვრეტის უნარი, რომ დახმარების გარეშე წარმართოს საკუთარი ნაბიჯები. ერთადერთი ნამდვილად ღირებული დახმარების წყარო მხოლოდ ღმერთია. ადამიანები, რომლებიც ღვთის ხელმძღვანელობას არ ეძებენ, ვერასოდეს მიაღწევენ ხანგრძლივ სიმშვიდეს. სიმშვიდის ნაკლებობის მეორე მიზეზი ჩანს მოციქულ იოანეს სიტყვებში: „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19). ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე კაცობრიობის მიერ სიმშვიდის მიღწევის მცდელობა ყოველთვის ჩაიშლება უხილავი, მაგრამ რეალური და ძალიან ძლიერი ‘ბოროტი’ არსების, სატანის, მოქმედებით.

ამ ორი ძირითადი მიზეზის გამო — ადამიანები რომ არ ეძიებენ ღვთის ხელმძღვანელობას და რომ სატანა ძალიან აქტიურად მოქმედებს წუთისოფელში — კაცობრიობა მთლიანობაში საცოდავ მდგომარეობაშია. მოციქულმა პავლემ კარგად აღწერა ეს მდგომარეობა: „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22). ვინ არ დაეთანხმებოდა ამ განაცხადს? როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში ოჯახური პრობლემები, დამნაშავეობა, უსამართლობა, კონფლიქტები, ეკონომიკური არასტაბილურობა, ტომობრივი და ეთნიკური სიძულვილი, ჩაგვრა, ავადმყოფობა და მრავალი სხვა რამ ადამიანებს სულის სიმშვიდეს უკარგავს.

სად შეიძლება შინაგანი სიმშვიდის პოვნა?

ღვთის სიტყვის შესწავლისას ანტონიომ, მარკოსმა, გერზონმა, ვეინიამ და მარსელომ ისეთი რამ გაიგეს, რამაც მათი ცხოვრება შეცვალა. ჯერ ერთი, მათ გაიგეს, რომ მსოფლიო მდგომარეობა ერთ მშვენიერ დღეს შეიცვლებოდა. ბოლოს ყველაფერი რომ კარგად დასრულდება, ეს არ არის მხოლოდ რაღაც გაურკვეველი იმედი. ღმერთს რომ გარკვეული განზრახვა აქვს კაცობრიობის მიმართ — და, თუ ღვთის ნებას ვასრულებთ, ახლაც კი შეგვიძლია ამ განზრახვიდან სარგებლობის მიღება — ეს რეალურ, მყარ, დამაჯერებელ საფუძველზე აგებული იმედია. მათ პრაქტიკულად გამოიყენეს ბიბლიიდან ნასწავლი, რამაც მათი ცხოვრება გააუმჯობესა. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ ასე ბედნიერნი და მშვიდნი გახდებოდნენ.

ანტონიო აღარ მონაწილეობს საპროტესტო აქციებსა და მუშათა დემონსტრაციებში. მან იცის, რომ ასეთი სახით მიღწეული ცვლილებები შეზღუდული და დროებითია. ამ მუშათა ყოფილმა ლიდერმა ღვთის სამეფოს შესახებ ცოდნა შეიძინა. ეს არის სამეფო, რომელზეც უფლის ლოცვის (ანუ „მამაო ჩვენოს“) წარმოთქმისას მრავალი ლოცულობს და ღმერთს ეუბნება: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი» (მათე 6:10ა). ანტონიომ გაიგო, რომ ღვთის სამეფო რეალური ზეციერი მთავრობაა, რომელიც კაცობრიობას ნამდვილ მშვიდობას მოუტანს.

მარკოსმა ისწავლა, როგორ გამოიყენოს პრაქტიკულად ბიბლიის ბრძნული რჩევა ქორწინებასთან დაკავშირებით. შედეგად, ამ ყოფილმა პოლიტიკოსმა ცოლთან ურთიერთობა აღადგინა და დღეს ბედნიერია. ისიც მოელის დროს, რომელიც მალე დადგება და ღვთის სამეფო შეცვლის ამ ხარბ, ეგოისტურ მსოფლიო სისტემას და უკეთესს დაამყარებს. მან ბევრად უფრო ღრმად გაიგო უფლის ლოცვის შემდეგი სიტყვები: „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10ბ). როდესაც დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდება, კაცობრიობას ექნება სრულიად განსხვავებული ცხოვრება; ისეთი, რომლის მსგავსიც არასოდეს უნახავს.

რა შეიძლება ითქვას გერზონის შესახებ? ის აღარ არის მაწანწალა და ქურდი. ამ ყოფილი ქუჩის ბიჭის ცხოვრებამ აზრი შეიძინა, რადგან ის ახლა თავის ენერგიას სხვებისთვის შინაგანი სიმშვიდის პოვნაში დახმარებას ახმარს. როგორც ეს შემთხვევები ცხადყოფს, ბიბლიის შესწავლა და ნასწავლის გამოყენება დიდად ცვლის ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ.

შინაგანი სიმშვიდე მშფოთვარე წუთისოფელში

ღვთის ნების შესრულებაში მთავარი ისტორიული ფიგურა იესო ქრისტეა; როდესაც ადამიანები იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობენ, ისინი ბევრ რამეს იგებენ მის შესახებ. მისი დაბადების ღამეს ანგელოზებმა ხოტბა შეასხეს ღმერთს: «დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება [„მშვიდობა“, აქ]!» (ლუკა 2:14). როდესაც იესო გაიზარდა, მის საზრუნავს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენდა. მისთვის უცხო არ იყო მათი გრძნობები, საოცარ თანაგრძნობას ავლენდა გაჭირვებულთა და ავადმყოფთა მიმართ და, ანგელოზების სიტყვების შესაბამისად, თვინიერ ადამიანთათვის დიდი შინაგანი სიმშვიდე მოჰქონდა. თავისი მსახურების დასასრულს კი იესომ მოწაფეებს უთხრა: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“ (იოანე 14:27).

იესო მხოლოდ ჰუმანურობით როდი გამოირჩეოდა. მან საკუთარი თავი მწყემსს შეადარა, ხოლო თვინიერი მიმდევრები კი ცხვრებს: „მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის“ (იოანე 10:10, 11). დიახ, დღევანდელი მრავალი წინამძღოლისგან განსხვავებით, რომლებიც პირველ რიგში საკუთარ თავზე ზრუნავენ, იესომ სიცოცხლე გაიღო თავისი ცხვრებისთვის.

როგორ შეგვიძლია იესოს მოქმედებიდან სარგებლობის მიღება? დღეს ბევრისთვის ნაცნობია შემდეგი სიტყვები: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). იესოსადმი რწმენის გამოსავლენად, პირველ რიგში, საჭიროა მისა და მისი მამის, იეჰოვას, შესახებ შემეცნების მიღება. ღმერთსა და იესო ქრისტეზე ცოდნის მიღება დაგვაახლოებს იეჰოვა ღმერთთან, რაც სულის სიმშვიდის პოვნაში დაგვეხმარება.

იესომ თქვა: „ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს“ (იოანე 10:27, 28). რა თბილი, დამამშვიდებელი სიტყვებია! მართალია, ისინი იესომ თითქმის ორი ათასი წლის წინათ წარმოთქვა, მაგრამ მათ ახლაც ისეთივე ძალა აქვს, როგორც მაშინ ჰქონდა. გახსოვდეთ, რომ იესო ქრისტე კვლავ ცოცხალია და მოქმედებს, მმართველობს როგორც ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე. სწორედ ისე, როგორც მრავალი წლის წინათ დედამიწაზე ყოფნისას, ის დღესაც დაინტერესებულია თავმდაბალი ადამიანებით, რომლებსაც სულის სიმშვიდე სწყურიათ. გარდა ამისა, იესო დღესაც მწყემსავს თავის ცხვრებს. თუ მას მივყვებით, ის შინაგანი სიმშვიდის პოვნაში დაგვეხმარება — შინაგანი სიმშვიდისა, რომელშიც იმაში დაჯერებულობაც შედის, რომ მომავალში სიმშვიდე გამეფდება ყველგან და აღარ იქნება არც ძალადობა, არც ომები და ბოროტმოქმედება.

ნამდვილი სარგებლობის მომცემია იმის ცოდნა და რწმენა, რომ იეჰოვა იესოს მეშვეობით დაგვეხმარება. გახსოვთ ვეინია, რომელსაც ბავშვობისას დიდი პასუხისმგებლობები დააწვა მხრებზე და ფიქრობდა, რომ ღმერთმა დაივიწყა? ახლა მან იცის, რომ ღმერთს არ მიუტოვებია. ის ამბობს: „გავიგე, რომ ღმერთი რეალური პიროვნებაა და მიმზიდველი თვისებები აქვს, რომ სიყვარულმა აღძრა ის, დედამიწაზე გამოეგზავნა საკუთარი ძე, რათა მას ჩვენთვის გაეწირა სიცოცხლე. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია“.

მარსელო ადასტურებს, რომ ღმერთთან თავისი ურთიერთობა ნამდვილია. ეს ყოფილი გართობის მოყვარული ამბობს: „ახალგაზრდებმა ხშირად არ იციან, რა გააკეთონ, რასაც ისინი პირდაპირ საკუთარი თავისთვის საზიანო მოქმედებისკენ მიჰყავს. ზოგი ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებაში ეფლობა, როგორც მე დამემართა. ვფიქრობ, ღვთისა და მისი ძის შესახებ ჭეშმარიტების შესწავლა ჩემსავით ბევრს მოუტანს ბედნიერებას“.

ბიბლიის გულმოდგინე შესწავლის შედეგად ვეინიასა და მარსელოს ღვთისადმი მტკიცე რწმენა განუვითარდათ; აგრეთვე განუმტკიცდათ დაჯერებულობა იმაში, რომ ღმერთი მზად არის, დაეხმაროს მათ პრობლემების გადაჭრაში. თუ ჩვენც ასევე მოვიქცევით — ვისწავლით ბიბლიას და ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ — დავინახავთ, რომ მათსავით დიდ შინაგან სიმშვიდეს ვიგრძნობთ. მაშინ კი მოციქულ პავლეს გამამხნევებელი სიტყვები ჩვენი მდგომარეობისთვის მართლაც შესაფერისი იქნება: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7).

ჭეშმარიტი სიმშვიდის პოვნა დღეს

იესო ქრისტე ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს დედამიწაზე სამოთხეში მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე მიუძღვის. რადგან ის ამ ხალხს ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გზით ატარებს, ისინიც ისეთივე სიმშვიდით ტკბებიან, როგორიც ბიბლიაშია აღწერილი: „დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში“ (ესაია 32:18). ეს მხოლოდ იმ მშვიდობის ანარეკლია, რომლითაც ისინი მომავალში დატკბებიან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:11, 29).

ამგვარად, შეიძლება დღეს შინაგანი სიმშვიდე ვიქონიოთ? დიახ. გარდა ამისა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ახლო მომავალში ღმერთი არნახული მშვიდობით აკურთხებს მორჩილ ადამიანებს. მაშ, რატომ არ სთხოვდით მას ლოცვაში სიმშვიდის მოცემას? თუ ისეთი პრობლემის წინაშე დგახართ, რაც სიმშვიდეს გიკარგავთ, ილოცეთ მეფე დავითივით: „განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან. შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება“ (ფსალმუნი 24:17, 18). დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი ისმენს ასეთ ლოცვებს. ის ხელს უწვდის და სიმშვიდეს სჩუქნის ყველას, ვინც გულწრფელად ეძებს ამას. იეჰოვა დიდი სიყვარულით გვარწმუნებს, რომ „ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ“ (ფსალმუნი 144:18, 19).

[ჩანართი 5 გვერდზე]

ადამიანს არა აქვს იმდენი სიბრძნე და განჭვრეტის უნარი, რომ დახმარების გარეშე წარმართოს საკუთარი ნაბიჯები. ერთადერთი ნამდვილად ღირებული დახმარების წყარო მხოლოდ ღმერთია.

[ჩანართი 6 გვერდზე]

ღმერთსა და იესო ქრისტეზე ცოდნის მიღება დაგვაახლოებს იეჰოვა ღმერთთან, რაც სულის სიმშვიდის პოვნაში დაგვეხმარება.

[სურათი 7 გვერდზე]

ბიბლიური რჩევის გათვალისწინება ხელს უწყობს მშვიდი ოჯახური ატმოსფეროს შექმნას.