არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას გააკეთებს ღვთის სამეფო

რას გააკეთებს ღვთის სამეფო

რას გააკეთებს ღვთის სამეფო

«მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:10).

1. რა ცვლილება მოხდება ღვთის სამეფოს დადგომით?

იესომ, როდესაც თავის მიმდევრებს ღვთის სამეფოს შესახებ ლოცვას ასწავლიდა, იცოდა, რომ ეს სამეფო ბოლოს მოუღებდა ათასობით წლის განმავლობაში არსებულ ღვთისგან დამოუკიდებელ ადამიანთა მმართველობას. მთელი ამ ხნის მანძილზე დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის ნება თითქმის არ შესრულდებოდა (ფსალმუნი 147:8, 9). მაგრამ ზეცაში სამეფოს დამყარების შემდეგ ღვთის ნება ყველგან უნდა შესრულდეს. საოცარი დრო, როდესაც ადამიანთა მმართველობას ღვთის ზეციერი სამეფო შეცვლის, ძალიან ახლოსაა.

2. რა იქნება ადამიანთა მმართველობის ღვთის სამეფოს მმართველობით შეცვლის აღმნიშვნელი?

2 ამ ცვლილების აღმნიშვნელი იქნება პერიოდი, რომელსაც იესომ უწოდა „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). ბიბლია არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი, მაგრამ იმ დროს მომხდარი უბედურებები ოდესმე მომხდართაგან ყველაზე საშინელი იქნება. დიდი გასაჭირის დაწყებისას მოხდება ისეთი რამ, რაც გააოგნებს ხალხთა უმეტესობას — განადგურდება ცრუ რელიგია. ეს მოულოდნელი არ იქნება იეჰოვას მოწმეებისთვის, რადგან ისინი დიდი ხანია ამას მოელიან (გამოცხადება 17:1, 15—17; 18:1—24). დიდი გასაჭირი დასრულდება არმაგედონში, როდესაც ღვთის სამეფო მთელ სატანურ სისტემას შემუსრავს (დანიელი 2:44; გამოცხადება 16:14, 16).

3. როგორ აღწერს იერემია ურჩების მომავალს?

3 რას მოუტანს ეს იმ ადამიანებს, „ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“ ზეციერი სამეფოს შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობას ქრისტე გაუწევს? (2 თესალონიკელთა 1:6—9). ბიბლიური წინასწარმეტყველება გვეუბნება: „აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან. ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“ (იერემია 25:32, 33).

ბოროტების აღსასრული

4. რა საფუძვლიანი მიზეზი აქვს იეჰოვას იმისათვის, რომ მოსპოს ეს ბოროტი სისტემა?

4 ათასობით წელია, რაც იეჰოვა ბოროტებას ითმენს; ეს დრო კი საკმარისია გულმართალი ადამიანებისთვის იმის დასანახავად, რომ ადამიანური მმართველობა დამღუპველია. მაგალითად, ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მხოლოდ XX საუკუნეში ომებში, რევოლუციებისა და სამოქალაქო კონფლიქტების დროს 150 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადამიანთა სისასტიკე განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვლინდა. ამ ომმა 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მათგან მრავალი საშინელი სიკვდილით მოკვდა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში. სწორედ ისე, როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, ჩვენს დროში ‘ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები წინ მიიწევენ უარესისკენ’ (2 ტიმოთე 3:1—5, 13). დღეს უზნეობა, დამნაშავეობა, ძალადობა, კორუფცია და ღვთის ნორმების არად ჩაგდება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამგვარად, იეჰოვას საფუძვლიანი მიზეზი აქვს ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად.

5, 6. აღწერეთ ძველ ქანაანში გაბატონებული ბოროტება.

5 დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ მდგომარეობას, რომელიც დაახლოებით 3 500 წლის წინათ ქანაანში იყო. ბიბლია ამბობს: „უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს“ (მეორე რჯული 12:31). იეჰოვამ ისრაელ ერს უთხრა: „სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს“ (მეორე რჯული 9:5). ისტორიკოს-ბიბლეისტმა ჰენრი ჰალეიმ აღნიშნა: „ბაალის, აშთორეთისა და სხვა ქანაანური ღმერთებისადმი თაყვანისმცემლობაში უკიდურესი აღვირახსნილობა შედიოდა; მათი ტაძრები ბიწიერების ცენტრებს წარმოადგენდა“.

6 ჰალეი გვიჩვენებს, თუ რამდენად იმატა მათმა უკეთურებამ, რადგან ამ არემარის გათხრებისას არქეოლოგებმა „იპოვეს მრავალი დოქი, რომლებშიც ბაალისადმი მსხვერპლად შეწირული ბავშვების ნეშტებისგან დარჩენილი ნაწილები იყო“. მან თქვა: „მთელი არემარე ახალშობილთა სასაფლაო აღმოჩნდა . . . ქანაანელების თაყვანისმცემლობა თავიანთი ღმერთების წინაშე აღვირახსნილობითა და უზნეობით გამოირჩეოდა, რასაც რელიგიური რიტუალის სახეს აძლევდნენ; შემდეგ კი იმავე ღმერთებს თავიანთ პირმშოებს მსხვერპლად სწირავდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ფართო, ეროვნული მასშტაბით ქანაანი სოდომისა და გომორის მსგავსი გახდა. . . განა ჰქონდა ასეთი საზიზღრობითა და სისასტიკით გამორჩეულ კულტურას არსებობის გარგძელების უფლება? . . არქეოლოგებს, რომლებიც ქანანეელთა ქალაქების გათხრებს აწარმოებენ, უკვირთ, რომ ღმერთმა ადრევე არ გაანადგურა ისინი“.

დედამიწის დამკვიდრება

7, 8. როგორ განწმენდს ღმერთი დედამიწას?

7 ღმერთი მალე მთელ დედამიწას განწმენდს, როგორც ეს ერთ დროს ქანაანში გააკეთა, და მიწას მისი ნების შემსრულებლებს მისცემს. „ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან“ (იგავნი 2:21, 22). ფსალმუნმომღერალი ამბობს: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი. . . თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:10, 11). ჩამოშორებულ იქნება სატანაც, რათა „აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება“ (გამოცხადება 20:1—3). დიახ, „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).

8 იესომ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების მსურველთა დიდებული იმედის შესახებ ლაპარაკისას აღნიშნა: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ (მათე 5:5). როგორც ჩანს, ის მიუთითებდა ფსალმუნის 36:29-ზე, რომელშიც ნაწინასწარმეტყველებია: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“. იესომ იცოდა იეჰოვას განზრახვა იმასთან დაკავშირებით, რომ მართალნი მარადიულად იცხოვრებდნენ დედამიწაზე სამოთხეში. იეჰოვა ამბობს: „მე შევქმენი მიწა, ადამიანი და პირუტყვი მიწის პირზე ჩემი დიდი ძალით. . . და მას ჩავაბარე, ვინც წრფელად მიჩნდა ჩემს თვალში“ (იერემია 27:5).

საოცარი ახალი ქვეყნიერება

9. როგორ ქვეყნიერებას დაამკვიდრებს ღვთის სამეფო?

9 არმაგედონის შემდეგ ღვთის სამეფო შეგვიყვანს ‘ახალ მიწაზე’, სადაც „დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). რამხელა შვება იქნება არმაგედონგადატანილებისთვის ამ სასტიკი, ბოროტი სისტემისგან თავის დაღწევა! და რა სასიამოვნო — სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში გადასვლა, რომელსაც მმართველობას ღვთის სამეფოს მთავრობა გაუწევს და სადაც საოცარი კურთხევები და მარადიული ცხოვრება გველოდება! (გამოცხადება 7:9—17).

10. რა აღარ იქნება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს?

10 ადამიანებს აღარ დაემუქრებათ ომის, დამნაშავეობისა და შიმშილის საფრთხე; თვით მტაცებელი ცხოველებიც კი არ იქნება საშიში. „დავუდებ მათ [ჩემს ხალხს] მშვიდობის აღთქმას და გადავაშენებ ქვეყნიდან სასტიკ მხეცებს. . . მინდვრის ხე თავის ნაყოფს გამოისხამს და მიწა მოსცემს თავის მოსავალს, და მშვიდად იქნებიან თავიანთ მიწაზე“. „მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს — ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან. ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (ეზეკიელი 34:25—28; მიქა 4:3, 4).

11. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ფიზიკური დაავადებები მოისპობა?

11 ავადმყოფობა, მწუხარება და სიკვდილიც კი მოისპობა. „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული“ (ესაია 33:24). «„[ღმერთი] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ. . . „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“» (გამოცხადება 21:4, 5) დედამიწაზე ყოფნისას იესომ ცხადყო, რომ ღვთისგან ბოძებული ძალის საშუალებით ამგვარი საქმეების კეთება შეეძლო. ის მთელ ქვეყანაში დადიოდა და სულიწმიდის დახმარებით კურნავდა კოჭლებსა და სხვა სახის დაავადებებით სნეულებს (მათე 15:30, 31).

12. რა იმედი არსებობს გარდაცვლილებთან დაკავშირებით?

12 იესოს საქმეები მხოლოდ ამით არ ამოწურულა. ის მკვდრებსაც აღადგენდა. როგორ რეაგირებდნენ ამაზე თავმდაბალი ადამიანები? როდესაც იესომ 12 წლის გოგონა მკვდრეთით აღადგინა, გოგონას მშობლებს „დიდად გაუკვირდათ“ (მარკოზი 5:42). ეს იყო იმის ერთ-ერთი მაგალითი, თუ რას გააკეთებდა იესო უფრო ფართო მასშტაბით ღვთის სამეფოს მმართველობისას, რადგან მაშინ „იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). წარმოიდგინეთ ის აღტაცება, რომელსაც ჯგუფ-ჯგუფად მკვდრეთით აღდგომა და აღდგენილთა საყვარელ პიროვნებებთან შეხვედრა გამოიწვევს! ეჭვგარეშეა, სამეფოს ზედამხედველობით დიდებული საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყება ისე, რომ „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).

იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გამართლება

13. როგორ გამოვლინდება ღვთის მმართველობის სამართლიანობა?

13 სამეფოს მმართველობის ათასი წლის ბოლოს ღმერთი ადამიანებს გონებისა და სხეულის სრულყოფილებამდე მიიყვანს. მთელი დედამიწა დიდი ედემის ბაღი, სამოთხე, იქნება. ადამიანთა საზოგადოებაში მშვიდობა, ბედნიერება, უსაფრთხოება და სიყვარული დაისადგურებს. იმ დრომდე მსგავსი რამ ადამიანებს არასდროს ექნებათ ნანახი. რამდენად აშკარა იქნება სხვაობა მანამდე ათასობით წლის განმავლობაში არსებულ ადამიანთა სავალალო მმართველობასა და ღვთის სამეფოს ათასწლიან, დიდებულ მმართველობას შორის! სამეფოს მეშვეობით ღვთის მმართველობა ნებისმიერ სფეროში აღმატებული იქნება. ღვთის მმართველობის უფლება, მისი უზენაესი ხელისუფლება, აბსოლუტურად გამართლდება.

14. რა მოუვათ ღვთის მოწინააღმდეგეებს ათასი წლის დასრულებისას?

14 ათასი წლის ბოლოს კი იეჰოვა სრულყოფილ ადამიანებს საშუალებას მისცემს, აირჩიონ, თუ ვისთვის მსახურება სურთ. ბიბლია ცხადყოფს, რომ „გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილიდან“. ის კვლავ ეცდება ადამიანთა შეცდომაში შეყვანას, რომელთაგან ზოგი ღვთისგან დამოუკიდებლობას აირჩევს; ღმერთი მოსპობს სატანას, მის დემონებსა და ყველას, ვინც იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების წინააღმდეგ აღდგება, რათა ისინი ‘ვეღარასდროს აღდგნენ’. მაშინ ვერავინ იტყვის, რომ სამუდამოდ განადგურებულთაგან რომელიმეს არ ჰქონდა გადარჩენის საშუალება ან მათი არასწორი მოქმედება არასრულყოფილებით იყო განპირობებული. ისინი სრულყოფილი ადამისა და ევას მსგავსი იქნებიან — ადამისა და ევასი, რომლებმაც ნებაყოფლობით არჩიეს იეჰოვას სამართლიანი მმართველობის წინააღმდეგ წასვლა (გამოცხადება 20:7—10; ნაუმი 1:9).

15. როგორი ურთიერთობა ექნებათ ერთგულებს იეჰოვასთან?

15 მეორე მხრივ, ადამიანთა დიდი უმრავლესობა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების მომხრე იქნება. მაშინ როდესაც ყველა მოწინააღმდეგე მოისპობა, მართლებს ერთგულების საბოლოო გამოცდა წარმატებით ექნებათ ჩაბარებული და იეჰოვას წინაშე იდგებიან. იმ დროს იეჰოვა მათ საკუთარ ძეებად და ასულებად მიიღებს. ისინი დაიბრუნებენ იმ ურთიერთობას, რომელიც ადამსა და ევას ჰქონდათ ღმერთთან მის წინააღმდეგ წასვლამდე. ასე რომ, შესრულდება რომაელთა 8:21: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“. წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს“ (ესაია 25:8).

მარადიული ცხოვრების იმედი

16. რატომ არის მართებული, მოველოდეთ მარადიულად ცხოვრების ჯილდოს?

16 რა დიდებული მომავალი ელით ერთგულებს! რა შესანიშნავია იმის ცოდნა, რომ ღმერთი მარადიულად უხვად უზრუნველყოფს მათ სულიერი და მატერიალური დახმარებით! ფსალმუნმომღერალმა მართებულად შენიშნა: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:16). იეჰოვა მიწიერი კლასის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ მისადმი რწმენის ნაწილად გაიხადონ სამოთხეში ცხოვრების იმედი. მართალია, იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ, მაგრამ ღმერთი ადამიანებისგან ყოველგვარი მომავალი ჯილდოს გარეშე მსახურებას არ მოითხოვს. მთელ ბიბლიაში ღვთისადმი ერთგულება და მარადიული ცხოვრების იმედი, როგორც ღვთისადმი ქრისტიანული რწმენის აუცილებელი ნაწილები, მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6).

17. როგორ ცხადყო იესომ, რომ მართებულია მომავლის იმედით გამხნევება?

17 იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). აქ მან ღვთისა და მისი განზრახვების ცოდნა იმ ჯილდოსთან დააკავშირა, რომელსაც ეს ცოდნა მოუტანდა ხალხს. მაგალითად, როდესაც ბოროტმოქმედმა იესოს სთხოვა, შენს სამეფოში მოსვლის შემდეგ გამიხსენეო, იესომ უთხრა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). მას ამ მამაკაცისთვის არ უთქვამს, თუ ჯილდოს არ მიიღებ, რწმენა მაინც გქონდესო. იესომ იცოდა იეჰოვას სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ მის მსახურებს ჰქონოდათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი, რაც მათ წუთისოფელში სხვადასხვა განსაცდელის ატანაში დაეხმარებოდა. ამგვარად, ჯილდოს მოლოდინი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ქრისტიანული ცხოვრების გზაზე სირთულეებთან გამკლავებაში.

სამეფოს მომავალი

18, 19. რა ცვლილებები მოხდება მეფესა და სამეფოს მმართველობასთან დაკავშირებით ათასწლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ?

18 რადგან სამეფო დამხმარე მთავრობაა, რომელსაც იეჰოვა დედამიწისა და მისი მოსახლეობის სრულყოფილებამდე მისაყვანად და ადამიანების თავისთან შესარიგებლად იყენებს, რას გააკეთებენ მეფე იესო ქრისტე და 144 000 მეფე და მღვდელი ათასი წლის დასრულების შემდეგ? „მერე კი [იქნება] დასასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას. ვინაიდან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს“ (1 კორინთელთა 15:24, 25).

19 როგორ უნდა გავიგოთ საღვთო წერილის ის ადგილი, სადაც ლაპარაკია, რომ სამეფო მარადიულად იარსებებს, თუ ქრისტემ სამეფო ღმერთს უნდა გადასცეს? ის, რასაც ეს სამეფო მიაღწევს, მარადიულად იარსებებს. ქრისტე მარადიულად განდიდებული იქნება იმისათვის, რაც ღვთის უზენაესი ხელისუფლების გასამართლებლად გააკეთა. მაგრამ, რადგან ცოდვა და სიკვდილი სამუდამოდ მოისპობა და კაცობრიობა მათი მონობისგან გათავისუფლდება, ქრისტეს მიერ მხსნელის როლის შესრულება საჭირო აღარ იქნება. სამეფოს ათასწლიანი მმართველობაც ბოლომდე შეასრულებს თავის დანიშნულებას და იეჰოვასა და მორჩილ კაცობრიობას შორის საჭირო აღარ იქნება ეს დამხმარე მთავრობა. ამგვარად, ‘ღმერთი იქნება ყველაფერი ყველაფერში’ (1 კორინთელთა 15:28).

20. როგორ შეგვიძლია ვნახოთ, რა მოელის ქრისტესა და 144000-ს?

20 რა როლს შეასრულებენ ქრისტე და მისი თანამმართველები ათასწლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ? ბიბლია ამაზე არაფერს ამბობს. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა სხვა მრავალ პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ. დაე დღეს ყველამ მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და ჯილდოდ მარადიული სიცოცხლე მივიღოთ, რათა მომავალში დავინახოთ, რა აქვს იეჰოვას განზრახული როგორც მეფისთვის, თანამეფეებისა და მღვდლებისთვის, ისე მთელი საოცარი სამყაროსთვის!

გასამეორებელი საკითხები

• რა ცვლილებები მოხდება მალე მმართველობაში?

• როგორ გაასამართლებს ღმერთი ბოროტსა და გულმართალ ადამიანებს?

• რა მდგომარეობა იქნება ახალ ქვეყნიერებაში?

• როგორ გამართლდება აბსოლუტურად იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 17 გვერდზე]

„იქნება აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“.

[სურათი 18 გვერდზე]

ერთგულები იეჰოვასთან სათანადო ურთიერთობას აღიდგენენ.