არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე

„ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე

„ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე

დიდებული მოძღვრის მოწაფეები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი. ეს-ეს იყო დაამთავრა იესომ ხორბლისა და ღვარძლის შესახებ მოკლე იგავის თხრობა. ეს იმ იგავებიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც მან იმ დღეს თქვა. როდესაც თხრობა დაასრულა, მსმენელთა უმეტესობა წავიდ-წამოვიდა. მაგრამ მისმა მიმდევრებმა იცოდნენ, რომ მის იგავებს — განსაკუთრებით კი იგავს ხორბლისა და ღვარძლის შესახებ — განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მათ იცოდნენ, რომ იესო მხოლოდ საინტერესო ამბების კარგი მთხრობელი არ იყო.

მათე იტყობინება, რომ მათ სთხოვეს: „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი“. იესომ განუმარტა ეს იგავი და იწინასწარმეტყველა დიდი განდგომილება, რომელიც მის მოწაფეებს შორის იქნებოდა (მათე 13:24—30, 36—38, 43). ეს ასეც მოხდა. მოციქულ იოანეს სიკვდილის შემდეგ განდგომილება სწრაფად გავრცელდა (საქმეები 20:29, 30; 2 თესალონიკელთა 2:6—12). მისი შედეგები იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ლუკას 18:8-ში ჩაწერილი კითხვა, რომელიც იესომ დასვა, სრულიად სათანადო ჩანდა: „როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას?“.

იესოს მოსვლას თან უნდა მოჰყოლოდა ხორბლისმაგვარი ქრისტიანების „მკა“. ეს უნდა ყოფილიყო ნიშანი „წუთისოფლის აღსასრულისა“, რომელიც 1914 წელს დაიწყო. ასე რომ, არ უნდა გაგვაკვირვოს მკის დადგომის წინა პერიოდში ბიბლიური ჭეშმარიტების მიმართ გამოვლენილმა დიდმა ინტერესმა (მათე 13:39).

ისტორიული ჩანაწერების გადახედვა ნათელს ხდის, რომ, განსაკუთრებით XV საუკუნიდან მოყოლებული ადამიანებს ინტერესი უღვივდებოდათ, ხშირად ქრისტიანული სამყაროს მასებშიც კი, რომლებიც „ღვარძლს“ ჰგავდნენ ან ქრისტიანებს ჰბაძავდნენ. რადგან ბიბლია თავისუფლად იშოვებოდა და ბიბლიის სიმფონიები კეთდებოდა, გულწრფელმა ადამიანებმა საღვთო წერილის გულდასმით გამოკვლევა დაიწყეს.

სინათლე ანათებს

ასეთი ადამიანებიდან XIX საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი, ბირმინგემელი (დიდი ბრიტანეთი) ჰენრი გრუ იყო. იგი ცამეტი წლის იყო, როდესაც თავის ოჯახთან ერთად, ატლანტის ოკეანე გადაცურა და 1795 წლის 8 ივლისს შეერთებულ შტატებში ჩავიდა; ისინი დასახლდნენ როდ-აილენდის შტატში მდებარე ქალაქ პროვიდენსში. მშობლები მას ბიბლიის სიყვარულს უნერგავდნენ. 1807 წელს 25 წლის გრუ კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდში ბაპტისტების ეკლესიაში მოძღვრად მიიწვიეს.

ის სერიოზულად ეკიდებოდა დასწავლების პასუხისმგებლობას და ცდილობდა, დახმარებოდა თავის სამწყსოს, საღვთო წერილის თანახმად რომ ეცხოვრათ. მას სჯეროდა, რომ კრება უნდა დაეცვა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც შეგნებულად სცოდავდნენ. ხანდახან ის ეკლესიის სხვა პასუხისმგებელ მამაკაცებთან ერთად აძევებდა (რიცხავდა) მათ, ვინც სიძვას ან სხვა საძრახის საქმეებს სჩადიოდა.

ამ ეკლესიაში სხვა პრობლემებიც იყო, რაც მას აწუხებდა. ეკლესიაში იყვნენ მამაკაცები, რომლებიც არ იყვნენ მისი წევრები, მაგრამ ფინანსურ საქმეებს ხელმძღვანელობდნენ და მსახურებისას გალობას უძღვებოდნენ. ამ მამაკაცებს კრების საქმეებში ხმის უფლებაც ჰქონდათ და, აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ამ საქმეებსაც აკონტროლებდნენ. წუთისოფლისგან გამოყოფის პრინციპზე დაყრდნობით, გრუ ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ასეთი ფუნქციები მხოლოდ ერთგულ მამაკაცებს უნდა შეესრულებინათ (2 კორინთელთა 6:14—18; იაკობი 1:27). მისი აზრით ეკლესიაში ურწმუნოთა მიერ ღვთის სადიდებელი საგალობლების შესრულება მკრეხელობა იყო. ასეთი პოზიციის გამო 1811 წელს ჰენრი გრუ ეკლესიიდან მოკვეთეს. ეკლესიის სხვა წევრებიც, რომლებსაც ასეთივე შეხედულებები ჰქონდათ, ამავე დროს გამოეყვნენ ეკლესიას.

ქრისტიანული სამყაროდან გამოყოფა

ამ ჯგუფის წევრებმა, ჰენრი გრუს ჩათვლით, ბიბლიის გამოკვლევა დაიწყეს, რათა თავიანთი ცხოვრება და მოღვაწეობა მისი ნორმებისთვის შეეთანხმებინათ. მათ კვლევა-ძიების წყალობით მალე უკეთ გაიგეს ბიბლიური ჭეშმარიტება და ამან აღძრა, სააშკარაოზე გამოეტანათ ქრისტიანული სამყაროს შეცდომები. მაგალითად, 1824 წელს გრუმ კარგად დასაბუთებული მხილება დაწერა სამების შესახებ. ყურადღება მიაქციეთ იმ ლოგიკას, რომელიც მისი ნაშრომის ერთ-ერთ ნაწყვეტში გვხვდება: «„იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ [მარკოზი 13:32]. ყურადღება მიაქციეთ, თუ აქ რა თანმიმდევრობით არიან ჩამოთვლილი ქმნილებები. ადამიანი, ანგელოზი, ძე და მამა. . .  ჩვენი უფალი გვასწავლის, რომ მხოლოდ მამამ იცოდა, როდის დადგებოდა ის დღე. მაგრამ ეს ჭეშმარიტება არ იქნება, თუ, როგორც ზოგიერთი აცხადებს, მამა, სიტყვა და სულიწმიდა სამი პიროვნებაა ერთ ღმერთში; რადგან ამ სწავლების [სამების დოქტრინის] თანახმად. . .  ძეს მამის თანაბარი ცოდნა აქვს».

გრუმ ამხილა მღვდელთა და სამხედრო მეთაურთა ფარისევლობა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ქრისტესათვის მსახურებაზე. 1828 წელს მან განაცხადა: „განა შეიძლება არსებობდეს იმაზე დიდი შეუთანხმებლობა, როდესაც ქრისტიანი გამოდის თავისი ოთახიდან, სადაც თავისი მტრებისთვის ლოცულობდა, და თავის ჯარს უბრძანებს, იშიშვლონ მახვილი და სატანური გააფთრებით აძგერონ გულში სწორედ იმ მტრებს, რომლებისთვისაც ლოცულობდნენ? ერთ შემთხვევაში ის მზადყოფნით ემსგავსება თავის მომაკვდავ მოძღვარს; მაგრამ ვის ჰგავს მეორე შემთხვევაში? იესო თავისი მკვლელებისთვის ლოცულობდა. ქრისტიანები ხოცავენ მათ, ვისთვისაც ლოცულობენ“.

გრუ კიდევ უფრო მეტი შემართებით წერდა: «როდის ვირწმუნებთ ყოვლადძლიერს, რომელიც გვარწმუნებს, რომ „არ იმსახურებს დაცინვას“? როდის მივხვდებით ბუნებას, ამ წმინდა რელიგიის სულს, რომელიც ჩვენგან მოითხოვს „ბოროტების გამოვლენისგან“ თავის შეკავებას?. . . განა ცილისწამება არ არის ღვთის ძეზე იმის ფიქრი, რომ მისი რელიგია ადამიანისგან მოითხოვს, ერთ შემთხვევაში მოიქცეს როგორც ანგელოზი, ხოლო მეორე შემთხვევაში — როგორც დემონი?“

უკვდავება გარანტირებული არ არის

მანამ, სანამ რადიოსა და ტელევიზორს გამოიგონებდნენ, აზრის გასავრცელებელი პოპულარული საშუალება ბროშურის გამოცემა და გავრცელება იყო. დაახლოებით 1835 წელს გრუმ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ბროშურა, რომელშიც სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ მოძღვრების არაბიბლიურობას ამხილებდა. მისი აზრით ეს დოქტრინები სახელს უტეხდა ღმერთს.

ამ ბროშურას სერიოზული შედეგები უნდა მოჰყოლოდა. 1837 წელს ორმოცი წლის ჯორჯ სტორზმა ამ ბროშურის ერთი ეგზემპლარი ორთქლმავალში იპოვა. სტორზი წარმოშობით ლებანონელი (ნიუ-ჰემფშირი) იყო. ამ დროისთვის კი ქალაქ იუტიკაში (ნიუ-იორკის შტატი) ცხოვრობდა.

ის მეთოდისტურ-ეპისკოპალური ეკლესიის უაღრესად პატივცემული მსახური იყო. ბროშურამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან მეტად დამაჯერებელი არგუმენტები იყო მოყვანილი ქრისტიანული სამყაროს იმ ძირითადი სწავლებების წინააღმდეგ, რომლებშიც ეჭვი არასდროს შეჰპარვია. მან არ იცოდა, ვინ იყო ამ ბროშურის ავტორი და სულ ცოტა 1844 წლამდე ვერც გაიგო, სანამ ფილადელფიაში (პენსილვანია) არ შეხვდა ჰენრი გრუს (ამ დროს ორივე ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ). მაგრამ სტორზი სამი წლის განმავლობაში თვითონ იკვლევდა ამ საკითხებს და მხოლოდ ეკლესიის სხვა მსახურებთან საუბრობდა ამის თაობაზე.

ბოლოს ჯორჯ სტორზმა, რადგან ვერავინ შეძლო იმ საკითხების გაბათილება, რომლებსაც ის იკვლევდა, გადაწყვიტა, რომ ღვთისადმი ორგულობა იქნებოდა, თუ მეთოდისტურ ეკლესიაში დარჩებოდა. მან 1840  წელს დატოვა ეკლესია და საცხოვრებლად ქალაქ ოლბანში (ნიუ-იორკის შტატი) გადავიდა.

1842 წლის გაზაფხულის დამდეგს სტორზმა ექვსი თვის განმავლობაში ექვსი ნაწილისგან შემდგარი ლექციათა სერია წაიკითხა თემაზე „გამოკვლევა საკითხზე — მარადიულად იარსებებს ბოროტება?“. ამან ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ ეს ლექციები გამოაქვეყნა და შემდგომ 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მისმა ტირაჟმა 200 000-ს მიაღწია. სტორზი და გრუ თანამშრომლობდნენ სულის უკვდავების მოძღვრების წინააღმდეგ გამართულ დებატებში. გრუ ფილადელფიაში, სიკვდილამდე, 1862 წლის 8 აგვისტომდე, გულმოდგინედ განაგრძობდა ქადაგებას.

ახლახან მოხსენიებული ექვსი ლექციის წაკითხვის შემდეგ სულ მალე სტორზი დაინტერესდა უილიამ მილერის ქადაგებით, რომელიც ქრისტეს ხილულ დაბრუნებას 1843 წელს მოელოდა. თითქმის ორი წლის განმავლობაში სტორზი აქტიურად იყო ჩაბმული ამ ცნობის ქადაგებაში მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში. 1844 წლის შემდეგ მას აღარ სურდა, ეცადა ქრისტეს დაბრუნების თარიღის დადგენა, თუმცა არც ეწინააღმდეგებოდა მათ, ვისაც ქრონოლოგიური გამოკვლევების გაკეთება სურდა. სტორზს სჯეროდა, რომ ქრისტეს დაბრუნება ახლოს იყო და რომ ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი იყო, სულიერად ეფხიზლათ — მზად ყოფილიყვნენ განსჯის დღისთვის. მაგრამ ის ჩამოშორდა მილერის ჯგუფს, რადგან მათთვის მისაღები იყო ისეთი არაბიბლიური დოქტრინები, როგორიცაა სულის უკვდავება, დედამიწის დაწვა და აღდგომის პერსპექტივის არარსებობა მათთვის, რომლებიც ისე მოკვდნენ, რომ ბიბლიური შემეცნების შესახებ არაფერი იცოდნენ.

რისკენ მივყავართ ღვთის სიყვარულს?

სტორზი უარყოფდა ადვენტისტების შეხედულებას, რომ ღმერთი მხოლოდ იმ მიზნით აღადგენდა ბოროტებს, რომ კვლავ დაეხოცა ისინი. ის საღვთო წერილში ვერსად ხედავდა ღვთის მხრიდან ასეთი უაზრო და შურისმაძიებელი მოქმედების დამადასტურებელ ნიშანს. სტორზი და მისი თანამზრახველები მეორე უკიდურესობაში ვარდებოდნენ და ასკვნიდნენ, რომ ბოროტები არასოდეს იქნებოდნენ მკვდრეთით აღდგენილი. თუმცა ისინი არასამართლიანი ხალხის მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ზოგიერთი ბიბლიური მუხლის ახსნისას სიძნელეებს აწყდებოდნენ, ფიქრობდნენ, რომ მათი დასკვნა უფრო ღვთის სიყვარულს შეესაბამებოდა. ღვთის განზრახვის გაგების შემდეგი ეტაპი ახლოს იყო.

1870 წელს სტორზი ძალიან ავად გახდა და რამდენიმე თვე არ შეეძლო მუშაობა. ამ ხნის განმავლობაში მას შესაძლებლობა ჰქონდა, გადაესინჯა ყველაფერი, რაც 74 წლის მანძილზე ისწავლა. მან დაასკვნა, რომ კაცობრიობასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვიდან მნიშვნელოვანი ნაწილი გამორჩა, რომელიც ნაჩვენებია აბრაამთან დადებულ კავშირში, რომ ‘დედამიწის ყოველი მოდგმა იკურთხებოდა, რადგან აბრაამმა მოისმინა ღვთის ხმა’ (დაბადება 22:18; საქმეები 3:25).

ამან მას ახალი ფიქრები აუშალა. თუ „ყოველი მოდგმა“ უნდა ყოფილიყო კურთხეული, განა ყველას არ უნდა მოესმინა კეთილი ცნობა? როგორ მოისმენდნენ მას? განა მილიონობით ადამიანი უკვე მკვდარი არ იყო? საღვთო წერილის შემდგომი გამოკვლევით ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იყო მკვდარ „ბოროტთა“ ორი კლასი: ისინი, რომლებიც შეგნებულად უარყოფდნენ ღვთის სიყვარულს და ისინი, რომლებიც ისე მოკვდნენ, რომ ბიბლიური შემეცნების შესახებ არაფერი იცოდნენ.

სტორზმა დაასკვნა, რომ ეს უკანასკნელნი აღდგებოდნენ მკვდრეთით, რათა იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისგან სარგებლობის მიღების შესაძლებლობა მისცემოდათ. ვინც მას მიიღებდა, მარადიულად იცხოვრებდა დედამიწაზე, ვინც უარყოფდა — განადგურდებოდა. დიახ, სტორზს სწამდა, რომ ღმერთი არავის აღადგენდა მკვდრეთით მომავლის იმედის გარეშე. საბოლოოდ, არავინ იქნებოდა მკვდარი ადამის ცოდვის გამო, გარდა თვითონ ადამისა! მაგრამ რის თქმა შეიძლებოდა იესო ქრისტეს დაბრუნების დროს მცხოვრებთა შესახებ? სტორზი ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საჭირო იყო გლობალური სამქადაგებლო კამპანია იმისათვის, რომ ყველას გაეგო ბიბლიური ჭეშმარიტება. მას ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა გაკეთებულიყო ასეთი რამ, მაგრამ რწმენით დაწერა: „ძალიან ბევრი, ვისაც არ შეუძლია ზუსტად დაინახოს, როგორ იქნება შესრულებული ესა თუ ის საკითხი, უარყოფს ამას, თითქოსდა შეუძლებელი იყოს ღვთისთვის ამის შესრულება, რადგან მათ შესრულების პროცესის დანახვა არ შეუძლიათ“.

ჯორჯ სტორზი 1879 წლის დეკემბერში გარდაიცვალა თავის სახლში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი), სულ რაღაც რამდენიმე კვარტალის მოშორებით იმ ადგილიდან, რომელიც მოგვიანებით გლობალური სამქადაგებლო კამპანიის კერა გახდა. ამ კამპანიას კი სტორზი მოუთმენლად ელოდა.

საჭირო იყო მეტი სინათლე

ესმოდათ თუ არა ისეთ მამაკაცებს, როგორიც ჰენრი გრუ და ჯორჯ სტორზი იყვნენ, ისე ნათლად ბიბლიური ჭეშმარიტება, როგორც ეს ჩვენ გვესმის? არა. ისინი აცნობიერებდნენ, თუ რა სახის ბრძოლას ეწეოდნენ, როგორც სტორზმა დაწერა 1847 წელს: «კარგად მოვიქცევით, თუ გვემახსოვრება, რომ ჩვენ სულ ახლახან გამოვეყავით სულიერი სიბნელის ეპოქას; და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ „ბაბილონური ტანისამოსის“ რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ ვატარებთ, როგორც ჭეშმარიტებას». მაგალითად, გრუ აფასებდა იესოს მიერ გაღებულ გამოსასყიდ მსხვერპლს, მაგრამ არ ესმოდა, რომ ეს იყო „შესაბამისი გამოსასყიდი“, ანუ იესოს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე, რომელიც გაღებულ იქნა ადამის მიერ დაკარგული სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის სანაცვლოდ (1 ტიმოთე 2:6, აქ). გარდა ამისა, ჰენრი გრუს არასწორად სწამდა, რომ იესო ხილულად დაბრუნდებოდა და იმეფებდა დედამიწაზე. მაგრამ გრუ ზრუნავდა იეჰოვას სახელის განწმენდაზე — საკითხზე, რომელიც ახ. წ. II საუკუნიდან ძალიან ცოტას თუ აინტერესებდა.

ჯორჯ სტორზსაც ამნაირადვე არასწორად ესმოდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მას შეეძლო დაენახა ის სიყალბე, რომელსაც სამღვდელოება უჭერდა მხარს, მაგრამ ზოგჯერ ის მეორე უკიდურესობაში ვარდებოდა. მაგალითად, როგორც ჩანს, ძალიან მტკივნეულად რეაგირებდა მართლმადიდებელი სამღვდელოების შეხედულებაზე სატანასთან დაკავშირებით, სტორზი უარყოფდა იმ აზრს, რომ ეშმაკი ნამდვილი პიროვნებაა. ის უარყოფდა სამებას; მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაინც ეჭვობდა, სულიწმიდა პიროვნება იყო თუ არა. ჯორჯ სტორზი მოელოდა, რომ თავდაპირველად ქრისტეს დაბრუნება უხილავი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობდა, რომ თანდათანობით ეს ყველაფერი ხილული გახდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ეს ორი მამაკაცი გულწრფელი იყო. ისინი უფრო ახლოს იყვნენ ჭეშმარიტებასთან ვიდრე უმეტესობა.

„ყანა“, რომელიც იესომ აღწერა იგავში ხორბლისა და ღვარძლის შესახებ, ჯერ არ იყო მომწიფებული მოსამკელად (მათე 13:38). გრუ, სტორზი და სხვები „ყანაში“ მუშაობდნენ და მკისთვის ამზადებდნენ.

ჩარლზ ტეიზ რასელმა, რომელმაც ამ ჟურნალის გამოცემა 1879 წელს დაიწყო, თავისი ადრეული მოღვაწეობის შესახებ დაწერა: «უფალმა მრავალი დამხმარე გვიბოძა მისი სიტყვის შესასწავლად, რომელთა შორისაც გამორჩეულია ჩვენი საყვარელი და ხანდაზმული ძმა, ჯორჯ სტორზი, ის სიტყვითა თუ კალმით დიდად დაგვეხმარა; მაგრამ ჩვენ გვინდა, ვიყოთ არა ადამიანთა მიმდევრები, თუმცა კარგები და ჭკვიანები არიან, არამედ — „ღვთის მიმდევრები, როგორც მისი საყვარელი შვილები“». დიახ, ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს შეეძლოთ ესარგებლათ ისეთი ადამიანების ნაშრომებით, როგორებიც იყვნენ გრუ და სტორზი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ღვთის სიტყვის, ბიბლიის, გამოკვლევა, რადგან ის არის ჭეშმარიტების ნამდვილი წყარო (იოანე 17:17).

[ჩარჩო⁄სურათი 26 გვერდზე]

ის, რაც ჰენრი გრუს სწამდა

შეურაცხყოფილი იყო იეჰოვას სახელი და უნდა განწმენდილიყო.

სამება, სულის უკვდავება და ჯოჯოხეთის ცეცხლი ცრუ მოძღვრებები იყო.

ქრისტიანული კრება წუთისოფელს უნდა გამოჰყოფოდა.

ქრისტიანებს ერებს შორის გაჩაღებულ ომებში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

ქრისტიანები არ უნდა დაქვემდებარებოდნენ შაბათის ან კვირის უქმობის კანონს.

ქრისტიანები არ უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებული საიდუმლო საზოგადოებებში, მასონების მსგავსად.

ქრისტიანებს შორის არ უნდა ყოფილიყო სამღვდელო და საერო კლასები.

რელიგიური ტიტულები ანტიქრისტესგან მომდინარეობდა.

ყველა კრებას უნდა ჰყოლოდა უხუცესთა საბჭო.

უხუცესები ყველაფერში წმინდა და წუნდაუდებელნი უნდა ყოფილიყვნენ.

თითოეულ ქრისტიანს უნდა ექადაგა კეთილი ცნობა.

ადამიანები მარადიულად იცხოვრებდენ სამოთხეში დედამიწაზე.

ქრისტიანულ სიმღერებს იეჰოვა და იესო ქრისტე უნდა განედიდებინათ.

[საავტორო უფლება]

Photo: Collection of The New-York Historical Society/69288

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

ის, რაც ჯორჯ სტორზს სწამდა

იესომ თავისი სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდად გაიღო.

კეთილი ცნობა ჯერ კიდევ არ იყო ნაქადაგები (1871 წ.).

ამიტომ აღსასრული ამ დროისთვის ჯერ კიდევ ახლოს არ იყო (1871). უნდა ყოფილიყო გარკვეული დრო, როდესაც სამქადაგებლო საქმიანობა შესრულდებოდა.

იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებდნენ.

აღდგებოდა ყველა, ვინც ისე მოკვდა, რომ ბიბლიური შემეცნების შესახებ არაფერი იცოდა. ვინც ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას გამოავლენდა, დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს მიიღებდა, ვინც უარყოფდა — სამუდამოდ მოისპობოდა.

სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ სწავლება ცრუ მოძღვრება იყო, რომელიც შეურაცხყოფდა ღმერთს.

უფლის სერობა ყოველწლიურად 14 ნისანს უნდა აღენიშნათ

[საავტორო უფლება]

Photo: SIX SERMONS, by George Storrs (1855)

[სურათები 29 გვერდზე]

1909 წელს ჩ. ტ. რასელი, „სიონის საგუშაგო კოშკის“ რედაქტორი, გადავიდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი, აშშ).