დროული ხელმძღვანელობა დახმარებას უწევს ახალგაზრდებს
იდექით სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი
დროული ხელმძღვანელობა დახმარებას უწევს ახალგაზრდებს
ეპაფრა პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი იყო, რომელსაც რომში მოუწია წასვლა. მაგრამ მისი ფიქრები კვლავ მცირე აზიის ქალაქ კოლასეს დასტრიალებდა; ამისთვის კი მას მართლაც ჰქონდა საფუძველი. ის კეთილ ცნობას ქადაგებდა ამ ქალაქში და, უეჭველია, ზოგიერთ კოლასელს იესო ქრისტეს მოწაფედ გახდომაში დაეხმარა (კოლასელთა 1:7). ეპაფრა ძალზე დაინტერესებული იყო კოლასელ თანამორწმუნეთა კეთილდღეობით. ამას ცხადყოფს პავლე მოციქულის მიერ რომიდან კოლასელთა მიმართ გაგზავნილი წერილი, სადაც ვკითხულობთ: «მოკითხვას გითვლით. . . ეპაფრა. . . რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა წარდგეთ მტკიცედ სრულნი და სავსენი [„იდგეთ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებული“, აქ] ღვთის ყოველი ნებით» (კოლასელთა 4:12).
მსგავსად ამისა, ქრისტიანი მშობლები დღესაც მხურვალედ ლოცულობენ შვილების სულიერი კეთილდღეობისთვის. ეს მშობლები თავიანთი შვილების გულებში ღვთისადმი სიყვარულის ჩანერგვას ცდილობენ, რათა მათ მტკიცე რწმენა შეიძინონ.
ბევრმა ქრისტიანმა ახალგაზრდამ დახმარება ითხოვა იმ სირთულეებთან გასამკლავებლად, რომლებსაც ისინი სკოლაში თუ სხვაგან აწყდებიან. ერთმა 15 წლის გოგონამ თქვა: „ჩვენი პრობლემები უფრო და უფრო მძიმდება. ცხოვრება საშინელია. ჩვენ დახმარება გვჭირდება!“. დაკმაყოფილდა თუ არა ამ ახალგაზრდების თხოვნა და გაეცა თუ არა პასუხი ღვთისმოშიში მშობლების ლოცვებს? დიახ. „ერთგულმა და გონიერმა“ მონამ ისინი ბიბლიაზე დაფუძნებული ხელმძღვანელობით უზრუნველყო (მათე 24:45). ამ სტატიაში მოვიხსენიებთ რამდენიმეს იმ პუბლიკაციებიდან, რომლებმაც დახმარება გაუწიეს ათასობით ახალგაზრდას, რათა ‘მდგარიყვნენ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებული’. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.
„შეხედეთ. . . 15 000 ახალი მოწმე!“
1941 წლის აგვისტოში 115 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი სენტ-ლუისში (მისურის შტატი, აშშ) კონგრესის პროგრამის მოსასმენად; ეს იეჰოვას მოწმეთა მიერ მანამდე გამართულ კონგრესთაგან უდიდესი იყო. კონგრესის პროგრამის ბოლო დღეს — სახელწოდებით „ბავშვების დღე“ — 15 000 ბავშვი იყო სცენის მახლობლად მოკალათებული და ყურადღებით უსმენდა ჯოზეფ რუტერფორდის მოხსენებას „მეფის ბავშვები“. მოხსენების დასასრულს 71 წლის რუტერფორდმა მამობრივი სითბოთი წარმოთქვა:
‘ბავშვებო, გთხოვთ, წამოდგეთ ყველა თქვენგანი, ვინც თანახმა ხართ, ღმერთსა და მის მეფეს დაემორჩილოთ’. ბავშვები ერთდროულად წამოდგნენ. „შეხედეთ, — წამოიძახა ძმა რუტერფორდმა. — სამეფოს 15 000-ზე მეტი ახალი მოწმე ჰყავს!“. მქუხარე ტაში დიდხანს არ ცხრებოდა. მომხსენებელმა დასძინა: «გთხოვთ, ყველა თქვენგანმა, ვინც თავისი შესაძლებლობის მიხედვით ეცდება, სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ ესაუბროს, დაადასტუროს და თქვას: „დიახ“». ბავშვები ომახიანი „დიახ“-ით გამოეხმაურნენ. შემდეგ მან აუდიტორიას ახალი წიგნი, „ბავშვები“, წარუდგინა, რასაც დამსწრენი ხანგრძლივი ტაშით შეხვდნენ.
ამ შთამბეჭდავი მოხსენების შემდეგ ახალგაზრდები გრძელ მწკრივად მიემართებოდნენ სცენისკენ და ძმა რუტერფორდი მათ საჩუქრად ახალ წიგნს აძლევდა. ამ სანახაობამ იქ დამსწრეთ ცრემლები მოჰგვარა. ამ მოვლენის ერთმა თვითმხილველმა თქვა: „კაცს ქვის გული უნდა ჰქონოდა, თავიანთ ღმერთ იეჰოვაზე ახალგაზრდების სრული მინდობისა და მისადმი რწმენის ამ სანახაობას გული რომ არ აეჩუყებინა მისთვის“.
ამ დაუვიწყარ კონგრესზე 1 300 ახალგაზრდა მოინათლა იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად. ბევრმა მათგანმა დღემდე მტკიცე რწმენა შეინარჩუნა. ისინი ეხმარებიან თავიანთ კრებებს, მოხალისეებად მსახურობენ ბეთელში ან მისიონერებად მოღვაწეობენ საზღვარგარეთ. მართლაც, „ბავშვების დღემ“ და წიგნმა „ბავშვები“ წარუშლელი კვალი დატოვა ბევრი ახალგაზრდის გულში.
„მათ საოცრად დროულად ვიღებთ“
მეოცე საუკუნის 70-იან წლებში იეჰოვას მოწმეებმა კიდევ სამი წიგნი გამოსცეს, რომლებიც ათასობით ახალგაზრდის გულს შეეხო. ეს წიგნებია: „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“, „შენი ახალგაზრდობა — ჰპოვე საუკეთესო მასში“ და „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. 1982 წელს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში ახალი რუბრიკა, „ახალგაზრდების შეკითხვები“, გამოჩნდა. ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ სტატიებს დიდი მადლიერებით გამოეხმაურნენ როგორც ახალგაზრდები,
ისე ხანში შესულები. „ყოველ საღამოს ვმადლობ ღმერთს იმისათვის, რომ ასეთი სტატიები იბეჭდება“, — თქვა ერთმა 14 წლის მკითხველმა. „მე მიყვარს ამ რუბრიკის კითხვა, — ამბობს ერთი 13 წლის გოგონა, — მათ საოცრად დროულად ვიღებთ“. მშობლები და ქრისტიანი უხუცესებიც იზიარებენ იმ აზრს, რომ ეს სტატიები დროული და სასარგებლოა.„გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ 1989 წლისთვის უკვე 200-მდე სტატია იყო დაბეჭდილი. ამ წელს გამართულ საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთისადმი ერთგულება“, ახალი წიგნის, „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, გამოცემა გამოცხადდა. დაეხმარა თუ არა ეს წიგნი ახალგაზრდებს მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში? სამი ყმაწვილი წერდა: „ეს წიგნი დიდებული სახელმძღვანელოა, რომელიც გვეხმარება, ჩავწვდეთ ჩვენს პრობლემებს, და გვასწავლის, თუ როგორ გავუმკლავდეთ მათ. გმადლობთ, რომ ზრუნავთ ჩვენს კეთილდღეობაზე“. ამ აზრს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მრავალი ახალგაზრდა იზიარებს.
„მან დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნილება“
1999 წელს იეჰოვას მოწმეებმა სხვა დროული სახელმძღვანელოთი უზრუნველყვეს მოზარდები — ამჯერად ვიდეოფილმის, „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები“, სახით. მან დიდი მოწონება დაიმსახურა. „ფილმი უშუალოდ ჩემს გულს შეეხო“, — თქვა 14 წლის გოგონამ. „ის მუდმივად იქნება ჩვენი სულიერი კვების რაციონში“, — ამბობს მარტოხელა დედა. „მახარებს იმის ცოდნა, რომ ჩვენს საუკეთესო მეგობარს, იეჰოვას, ნამდვილად უყვარს და თავს ევლება თავის მსოფლიო ორგანიზაციაში მყოფ ახალგაზრდებს“, — თქვა ერთმა ახალგაზრდა ქალმა.
რა შედეგი მოიტანა ამ ვიდეოფილმმა? ვნახოთ, რას ამბობენ ახალგაზრდები: „მან მეგობრების შერჩევის დროს სიფრთხილე მასწავლა; დამეხმარა, უფრო გავფართოებულიყავი კრებაში და იეჰოვას დავმეგობრებოდი“. „ის თანატოლების ზეგავლენასთან გამკლავებაში დამეხმარა“. „მან განამტკიცა ჩემი გადაწყვეტილება, იეჰოვასთვის მსახურებაში ყველაფერი გავაკეთო, რის ძალაც შემწევს“. ერთმა ცოლ-ქმარმა მოგვწერა: «უღრმესი მადლობა ამ „საკვებისთვის“. მან დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნილება».
ღვთის მიერ მიცემული დავალების თანახმად, სულით ცხებული „ერთგული და გონიერი მონის“ კლასი დროული სულიერი საზრდოთი უზრუნველყოფს ყველას, ვისაც სურს მისი მიღება. და რაოდენ სასიხარულოა იმის ხილვა, თუ როგორ ეხმარება ასეთი ბიბლიური ხელმძღვანელობა თანამედროვე ახალგაზრდებს, რათა ‘იდგნენ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი ღვთის მთლიან ნება-სურვილში’.