არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტი თაყვანისცემა ადამიანებს აერთიანებს

ჭეშმარიტი თაყვანისცემა ადამიანებს აერთიანებს

ჭეშმარიტი თაყვანისცემა ადამიანებს აერთიანებს

თუმცა რელიგია ყოფს ადამიანებს, ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემას ხალხის გაერთიანება შეუძლია. იმ დროს, როდესაც ღვთის რჩეული ხალხი ისრაელი იყო, ჭეშმარიტი თაყვანისცემა მრავალ გულწრფელ არაებრაელს იზიდავდა. მაგალითად, რუთმა მიატოვა თავისი ხალხის, მოაბელთა, ღვთაებები და ნაყომს უთხრა: „შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია“ (რუთი 1:16). ახ. წ. I საუკუნისთვის მრავალი წარმართი გახდა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი (საქმეები 13:48; 17:4). მოგვიანებით, როდესაც იესოს მოციქულებმა შორეულ ადგილებზე დაიწყეს სასიხარულო ცნობის გავრცელება, სხვა გულწრფელი ადამიანებიც შეუერთდნენ ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისმცემლობას. „შემობრუნდით კერპებისაგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს“, — წერდა მოციქული პავლე (1 თესალონიკელთა 1:9). შეუძლია დღეს ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემას ადამიანების გაერთიანება?

სკეპტიკოსები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ „ჭეშმარიტ თაყვანისცემასა“ და „ჭეშმარიტ ღმერთზე“ საუბარიც კი ზედმეტია. შეიძლება ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ ვერ მიაგნეს იმ წყაროს, საიდანაც ჭეშმარიტების შეცნობაა შესაძლებელი. მაგრამ ჭეშმარიტების მაძიებლებმა, რომლებიც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები არიან, გაითვითცნობიერეს, რომ თაყვანისცემა არ უნდა იყოს დაფუძნებული იმაზე, რასაც თვითონ მიიჩნევენ სწორად. ჩვენს თაყვანისცემას იმსახურებს მხოლოდ შემოქმედი ყოველივესი — იეჰოვა ღმერთი (გამოცხადება 4:11). ის ჭეშმარიტი ღმერთია და ის განსაზღვრავს, როგორ სცენ თაყვანი.

იეჰოვა თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გვიკავშირდება, რათა დაგვანახვოს, რას მოითხოვს ჩვენგან. დღეისათვის დედამიწაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს მიუწვდება ხელი ან მთლიან ბიბლიაზე, ანდა მის გარკვეულ ნაწილებზე. ღვთის ძემ თქვა: „თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით,.. შეიცნობთ ჭეშმარიტებას“ (იოანე 8:31, 32). მაშასადამე, ჭეშმარიტების შეცნობა შეიძლება. სხვადასხვა რელიგიური წარმოშობის მილიონობით გულწრფელი ადამიანი თამამად ისისხლხორცებს სიმართლეს და ჭეშმარიტ თაყვანისცემაში ერთიანდება (მათე 28:19, 20; გამოცხადება 7:9, 10).

მსოფლიო ჩვენს დროში ერთიანდება!

ბიბლიური წიგნი „სოფონია“ სხვადასხვა წარმოშობის ადამიანების გაერთიანებას წინასწარმეტყველებს: „მაშინ გავასუფთავებ [ამბობს იეჰოვა ღმერთი] ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ“ (სოფონია 3:9). ღვთისთვის ადამიანთა გაერთიანებულად მსახურების საჭიროების გამომხატველი რა შესანიშნავი სიტყვებია!

როდის უნდა აღსრულებულიყო ეს წინასწარმეტყველება? სოფონიას 3:8-ში ნათქვამია: „მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა“. დიახ, იმ დროს, როდესაც იეჰოვა კრებს ხალხებს — თავისი რისხვის გადმონთხევამდე — დედამიწის თვინიერთ სუფთა ენას ასწავლის. ეს დრო ახლაა და ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის, არმაგედონისთვის, ყოველი ერიდან იკრიბებიან ადამიანები (გამოცხადება 16:14, 16).

იეჰოვა თავის ხალხს გასაერთიანებლად სუფთა ენას ასწავლის. ამ ახალ ენაში შედის ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ბიბლიური ჭეშმარიტების სწორი გაგება. სუფთა ენაზე საუბარი ნიშნავს, ჭეშმარიტების მიღებას, სხვებისთვის მის სწავლებას და ღვთის კანონებისა და პრინციპების თანახმად ცხოვრებას. ის მოითხოვს, თავი ავარიდოთ პოლიტიკაში მონაწილეობას და გულიდან ამოვიძირკვოთ ეგოიზმის ისეთი გამოვლინება, როგორიცაა საზოგადოების დამქსაქსველი, ამ წუთისოფლითვის დამახასიათებელი რასიზმი და ნაციონალიზმი (იოანე 17:14; საქმეები 10:34, 35). ჭეშმარიტების მოყვარულ ყველა გულწრფელ ადამიანს შეუძლია ამ ენის სწავლა. განვიხილოთ იმის მაგალითი, თუ დღეს, წინა სტატიაში მოხსენიებული ერთ დროს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ხუთი ადამიანი როგორ გაერთიანებულად სცემს თაყვანს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას.

ისინი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაერთიანდნენ

როდესაც ფიდელიამ, ღვთის ერთგულმა კათოლიკემ, თავისი გოგონასთვის იყიდა ბიბლია, როგორც სკოლის სახელმძღვანელო, თავის მღვდელს სთხოვა, ბიბლიის მეშვეობით აეხსნა, რა დაემართა მის ხუთ გარდაცვლილ შვილს. „ო, როგორ გამაწბილა მისმა პასუხმა!“ — ამბობს ის. როდესაც იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს, ფიდელიამ მათაც იგივე კითხვა დაუსვა. თავისი ბიბლიიდან მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფიდელია მიხვდა, თუ როგორ ატყუებდა ეკლესია. მან გაიგო, რომ მიცვალებულებმა არაფერი იციან და არც განსაწმენდელში და არც სხვაგან არ იტანჯებიან (ფსალმუნი 145:4; ეკლესიასტე 9:5). ფიდელიამ მოიშორა ყველა ხატი, მიატოვა ეკლესია და დაიწყო ბიბლიის შესწავლა (1 იოანე 5:21). და უკვე ათი წელია სხვებს სიხარულით ასწავლის ბიბლიურ ჭეშმარიტებას.

კატმანდუელი თარა, ისეთ ქვეყანაში გადავიდა, სადაც ინდუსური ტაძრები ცოტაა. ამიტომ, იმ იმედით, რომ სულიერ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებდა, მეთოდისტთა ეკლესიაში დაიწყო სიარული. მაგრამ თავის კითხვაზე, რატომ იტანჯებიან ადამიანები, პასუხი ვერავინ გასცა. შემდეგ იეჰოვას მოწმეები დაუკავშირდნენ და ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს. თარა ყვება: „მივხვდი, რომ დედამიწაზე არსებულ ტანჯვა-წამებაში სიყვარულის ღმერთი არ არის დამნაშავე... მოხიბლული ვიყავი იმით, რომ მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების პერსპექტივა არსებობს“ (გამოცხადება 21:3, 4). თარამ გადაყარა ინდუსური კერპები, აღარ მიჰყვებოდა ტრადიციულ რელიგიურ ჩვეულებებს, გახდა იეჰოვას მოწმე და დიდი სიხარულით ზრუნავდა სხვების სულიერ მოთხოვნილებებზე.

ბუდისტი პანია მკითხავი იყო, როდესაც ბანგკოკში პირველად მიაკითხეს იეჰოვას მოწმეებმა. ის ბიბლიურმა წინასწარმეტყველებებმა გააოგნა. პანია ყვება: „როდესაც გავიგე, თუ რატომ განსხვავდება დღევანდელი მდგომარეობა შემოქმედის თავდაპირველი ჩანაფიქრისგან და როგორი ზომები მიიღო მან ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც მისმა და მისი უზენაესი ხელისუფლების უარმყოფელებმა განაპირობეს, თითქოს თვალები ამეხილა. ბიბლიურ ცნობაში ყველაფერი ჰარმონიული იყო. მე შევიყვარე იეჰოვა, როგორც პიროვნება; ამან აღმძრა, გამეკეთებინა ის, რაც ვიცოდი, რომ სწორი იყო. ძალიან მინდოდა დავხმარებოდი სხვებს და მათთვის ადამიანურ და ღვთიურ სიბრძნეს შორის განსხვავება დამენახვებინა. ჭეშმარიტმა სიბრძნემ ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა“.

დროთა განმავლობაში, ვერჯილი სერიოზულად დაეჭვდა თავის რწმენაში. ის არც შავკანიანებისთვის ლოცულობდა და არც იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც, როგორც ჩანდა, თეთრკანიანების მიმართ სიძულვილს აღვივებდა. ის მხოლოდ იმისთვის ლოცულობდა, რომ ჭეშმარიტება ეპოვა. «ერთ საღამოს მხურვალედ ვილოცე. დილით, — იხსენებს ვერჯილი, — სახლში „საგუშაგო კოშკი“ ვიპოვე... ალბათ, კარის ქვემოდან შემოაცურეს». მალე მან იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. „ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი კმაყოფილება... გულში იმედი ჩამესახა“, — დასძენს ის. ვერჯილი მალე მათ შეუერთდა, რომლებიც ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, დაფუძნებულ ერთადერთ ჭეშმარიტ იმედს აცნობენ ხალხს.

ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ ჩაროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გლედისმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. გლედისმა შეამჩნია, რომ ჩაროს, რომელსაც პატარა ბავშვები ჰყავდა, უჭირდა და ტვირთს იმით უმსუბუქებდა, რომ ბაზარში მანქანით დაჰყავდა. დროთა განმავლობაში, ჩარო გლედისს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლაზე დასთანხმდა. როდესაც ჩარომ თავის ბიბლიაში ნახა, რომ ყველა კარგი ადამიანი არ მიდის ზეცაში და იეჰოვა დედამიწაზე მარადიული სიცოცხლითაც აკურთხებს ადამიანებს, განცვიფრდა (ფსალმუნი 36:11, 29). უკვე 15 წელია, რაც ჩარო ახლა თვითონ უზიარებს ამ იმედს სხვებს.

წარმოიდგინეთ, რომ მთელი დედამიწა დასახლებულია გულწრფელი ადამიანებით, რომლებიც გაერთიანებულად სცემენ თაყვანს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთ, იეჰოვას! ეს არ არის ფანტაზია. ეს იეჰოვას დანაპირებია. თავისი წინასწარმეტყველის, სოფონიას, პირით ღმერთმა განაცხადა: „დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს. აღარ ჩაიდენს უსამართლობას... აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა;.. და... აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი“ (სოფონია 3:12, 13). თუ ეს დანაპირები შენც გიზიდავს, გულში ჩაიბეჭდე ბიბლიური მოწოდება: „ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:3).