არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ნამდვილად ძვირფასი?

რა არის ნამდვილად ძვირფასი?

რა არის ნამდვილად ძვირფასი?

ძვირფასი საგანი, შეიძლება გულს გვიხარებს. მაგრამ რას შეიძლება ეწოდოს ძვირფასი? ბევრ ფულს? ძვირად ღირებულ და იშვიათ სამკაულებს? ან იქნებ დიდებას და პოპულარობას? ბევრი დიდად აფასებს ამ ყოველივეს. რომელიმე მათგანი შეიძლება საარსებო წყაროს წარმოადგენდეს, ამან შეიძლება ცხოვრება უფრო შინაარსიანი გახადოს ან დააკმაყოფილოს აღიარებასა და წარმატებასთან დაკავშირებული შინაგანი მოთხოვნილებები. ვცდილობთ თუ არა ასეთი ძვირფასეულობის შეძენას, იმ იმედით, რომ ისინი ჩვენი მიზნებისა და მისწრაფებების განხორციელებას მოემსახურებიან?

ჩვეულებრივ, ხალხი იმას აფასებს, რაც მათ მოთხოვნილებებს ან სურვილებს აკმაყოფილებს. ჩვენ თავს ვევლებით იმას, რაც თითქოს სიამოვნებას გვგვრის და უდარდელი მომავლის პერსპექტივას გვთავაზობს. დიდად ვაფასებთ იმასაც, რასაც დაუყოფნებლივ მოსდევს შვება, ნუგეში ან აღიარება. მაგრამ, ჩვენი ცვალებადი სურვილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ფასეულობები ზერელეა და სარგებელი, რომელიც მოაქვთ, დიდხანს ვერ ნარჩუნდება. სინამდვილეში, ნამდვილი ფასეულობა იმით განისაზღვრება, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება.

მაშ, რა გვჭირდება ყველაზე მეტად? სიცოცხლის გარეშე არაფერს არ აქვს ფასი. სიცოცხლის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებთ. ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა დაწერა: „მკვდრებმა კი არაფერი იციან... არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში [საერთო საკაცობრიო სამარეში]“ (ეკლესიასტე 9:5, 10). თუ სიკვდილი წამოგვეწევა, ყველაფერს დაგვატოვებინებს. ამიტომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის შეძენაა, რაც სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს. რა შეიძლება იყოს ეს?

რა შეგვინარჩუნებს სიცოცხლეს?

„ფული დაიფარავს“, — თქვა მეფე სოლომონმა (ეკლესიასტე 7:12). საკმარისი ფულით საკვებისა და მყუდრო სახლის შეძენა შეგვიძლია. ფულის მეოხებით შეიძლება შორეულ ქვეყანაში მოგზაურობით დავტკბეთ ან უზრუნველვყოთ ჩვენი ცხოვრება, როცა ხანდაზმულობისა ან ავადმყოფობის გამო აღარ შეგვეძლება მუშაობა. ფულს დიდი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ ის ვერ შეგვინარჩუნებს სიცოცხლეს. მოციქულმა პავლემ ტიმოთე დაარიგა: „ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს“ (1 ტიმოთე 6:17). მთელი მსოფლიოს ბიუჯეტიც კი ვერ შეგვძენს სიცოცხლეს.

განვიხილოთ ერთი მამაკაცის, ჰიტოშის, მაგალითი. ჰიტოში ღარიბ ოჯახში გაიზარდა და დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მდიდარი გამხდარიყო. მას ფულის ძალის იმდენად სჯეროდა, რომ ეგონა, ადამიანების სიყვარულისა და ერთგულების ყიდვასაც კი შეძლებდა. ერთხელ ჰიტოშისთან სახლში ერთი მამაკაცი მივიდა და შეეკითხა, იცოდა თუ არა, რომ იესო ქრისტე მისთვის მოკვდა. ამ კითხვამ ჰიტოში გააკვირვა, რადგან ფიქრობდა, რომ ისეთი ადამიანისთვის, როგორიც თვითონ იყო, არავინ მოკვდებოდა. შემდეგ დაესწრო საჯარო მოხსენებას და განცვიფრდა, როცა მოისმინა გაფრთხილება „დაიცავი თვალი სუფთად“. მომხსენებელმა ახსნა, რომ „სუფთა“ თვალი შორსმჭვრეტელ თვალს ნიშნავს. სუფთა თვალით ადამიანი სულიერ საკითხებს ხედავს (ლუკა 11:34). ამიტომ ჰიტოშიმ ფულის დაგროვებაზე უარი თქვა და მიზნად დაისახა, ცხოვრებაში სულიერი ფასეულობები პირველ ადგილზე დაეყენებინა.

მატერიალურ კეთილდღეობასაც შეუძლია, გარკვეულწილად, სტაბილურობა და უსაფრთხოება შესძინოს ჩვენს ცხოვრებას. სიმდიდრე ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე საზრუნავს გვიმსუბუქებს. პრესტიჟულ რაიონში მდებარე მშვენიერ სახლში ცხოვრებამ შეიძლება საკუთარ ძალებში დაგვარწმუნოს, ჩვენმა მოდურმა ტანსაცმელმა და მშვენიერმა ავტომობილმა კი სხვები აღტაცებაში მოიყვანოს.

კურთხევაა, როდესაც „შრომის წილ სიკეთეს ჰპოვებ“ (ეკლესიასტე 3:13). თუ ზედმეტი გვექნება, ჩვენს საყვარელ ადამიანებს შეიძლება ‘მოსვენების, ჭამის, სმისა და მხიარულების’ შესაძლებლობა მივცეთ; თუმცა მატერიალურ ნივთებს მხოლოდ დროებითი ფასეულობა აქვთ. იესომ სიხარბესთან დაკავშირებით შემდეგი გაფრთხილება მოგვცა: „ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“ (ლუკა 12:15—21). ქონება, რა ღირებულებისაც უნდა იყოს, სიცოცხლის გარანტიას ვერ მოგვცემს.

მაგალითად, ლიზის ქმარი შეძლებული კაცი იყო. აი რას ყვება ის: „შესანიშნავი სახლი გვქონდა და ორი მანქანაც გვყავდა. ფინანსურად ძლიერი იყო ჩვენი ოჯახი და არაფერს ვიკლებდით, რასაც ქვეყნიერება გვთავაზობდა... შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე კვლავ ფული მაინტერესებდა“. შემდეგ აგრძელებს: „ოჯახს ძალიან დიდი გასავალი ჰქონდა... ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ, რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობ თავს“.

დიდება და სახელი ბევრისთვის ძალიან ფასობს, რადგან ამით აღიარებასა და პატივს იხვეჭენ. დღეს მიღწევად მიიჩნევენ წარმატებული კარიერის შექმნას, რაც ადამიანებში შურს აღძრავს. უნიკალურმა ნიჭმა და ოსტატობამ შეიძლება სახელი გაგვითქვას; სხვები ალბათ გვაქებენ, დიდად აფასებენ ჩვენს აზრებს და ცდილობენ ჩვენი უკეთილგანწყობილების მოპოვებას. ყოველივე ეს სასიხარულო და სასიამოვნოა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი დავიწყებას ეძლევა. სოლომონს ჰქონდა დიდება და ძალა, — რაც კი შეიძლებოდა მეფეს ჰქონოდა, — მაგრამ დარდობდა: „მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური;.. ყველაფერი დაივიწყება“ (ეკლესიასტე 2:16). ვერც დიდება და სახელი იქნება სიცოცხლის გარანტია.

მოქანდაკე ჩელომ რაღაც უფრო მეტად დააფასა, ვიდრე დიდება. ნიჭიერების წყალობით კარგი განათლებაც მიიღო და დახელოვნდა კიდეც. მალე მისმა ნამუშევრებმა ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების ქება დაიმსახურა. ბევრი მისი ქანდაკება ევროპის უდიდესი ქალაქების მუზეუმებში მოხვდა. ჩელო ყვება: „უნდა ვაღიარო, რომ გაურკვეველი დროის განმავლობაში, ხელოვნებით ვცხოვრობდი. მაგრამ მივხვდი, რომ კარიერისთვის ბრძოლის გაგრძელება ორი ბატონისთვის მსახურება იქნებოდა (მათე 6:24). მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველაზე მთავარი, რის გაკეთებაც შემეძლო, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო. ასე რომ, გადავწყვიტე, მოქანდაკეობისთვის თავი დამენებებინა“.

რა არის ნამდვილად ძვირფასი?

რადგან სიცოცხლის გარეშე არაფერს აქვს ფასი, რა უნდა შევიძინოთ ისეთი, რაც სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს? სიცოცხლის წყარო ყველასთვის იეჰოვა ღმერთია (ფსალმუნი 35:10). დიახ, „მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ და ვართ“ (საქმეები 17:28, სსგ). ის თავის საყვარელ ადამიანებს ძღვნად აძლევს მარადიულ სიცოცხლეს (რომაელთა 6:23). რა უნდა გავაკეთოთ ამ ძღვნის მისაღებად?

მარადიული სიცოცხლის ძღვენს მივიღებთ თუ არა, დამოკიდებულია იეჰოვასთან ახლო ურთიერთობაზე. მაშასადამე, მისი კეთილგანწყობილების დამსახურება ყველაფერზე მთავარია. ნამდვილი და მარადიული ბედნიერების იმედი დღეს ჩვენთვის უკვე რეალურია, თუ ვიმსახურებთ იეჰოვას კეთილგანწყობილებას, რის გარეშეც სიცოცხლესთან გამომშვიდობება მოგვიწევს. მაშ ნათელია, რომ ის, რაც იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, უძვირფასესია.

რა უნდა გავაკეთოთ

ჩვენი წარმატება შემეცნების მიღებაზეა დამოკიდებული. ზუსტი შემეცნების წყარო კი იეჰოვას სიტყვა, ბიბლიაა. მხოლოდ ბიბლიიდან ვიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ ღვთის საამებლად. ამიტომ საღვთო წერილი გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ. თუ არ დავზოგავთ ძალ-ღონეს იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ თითოეული საკითხის ძირფესვიანად შესასწავლად, მივიღებთ ისეთ შემეცნებას, რომელიც „საუკუნო სიცოცხლეს“ მოგვიტანს (იოანე 17:3). ასეთი შემეცნება განძია, რომელსაც უნდა უფრთხილდებოდნენ (იგავნი 2:1—5).

ღვთის სიტყვიდან მიღებული შემეცნება გვამზადებს შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად — იესო ქრისტესადმი რწმენის გამოსავლენად. იეჰოვამ მოგვითითა, რომ მასთან მისვლა მხოლოდ იესოს მეშვეობით შეიძლება (იოანე 14:6). დიახ, „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა“ (საქმეები 4:12). ჩვენი საბოლოო გადარჩენა დამოკიდებული არ არის ‘ვერცხლზე ან ოქროზე... არამედ ქრისტეს ძვირფას სისხლზე’ (1 პეტრე 1:18, 19). ჩვენ იესოსადმი რწმენას გამოვავლენთ, თუ მივყვებით მის სწავლებებსა და მის მაგალითს (ებრაელთა 12:1—3; 1 პეტრე 2:21). რაოდენ ძვირფასია იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი! ეს მსხვერპლი მთელი კაცობრიობისთვის მარადიული მომავლის გარანტიაა. თუ ჩვენი მოქმედებით ვადასტურებთ, რომ ვსარგებლობთ მსხვერპლით, რომელიც იესომ გაიღო, ნამდვილად ძვირფას ძღვენს — მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ (იოანე 3:16).

იესომ თქვა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:37). იეჰოვას სიყვარული ისაა, რომ „ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3). მის მცნებებს დავიცავთ, თუ წუთისოფლისგან თავს შორს დავიჭერთ, შევინარჩუნებთ უმწიკვლობას და ერთგულად დავუჭერთ მხარს მის სამეფოს. აი ასე „ავირჩევთ“ სიცოცხლეს, სიკვდილის ნაცვლად (მეორე რჯული 30:19). თუ ‘მივუახლოვდებით ღმერთს, ისიც მოგვიახლოვდება’ (იაკობი 4:8).

ღვთის კეთილგანწყობილების დამსახურება გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე წუთისოფლის მთელი განძეულობა. ისინი, რომლებმაც ღვთის კეთილგანწყობილება დაიმსახურეს, მთელ დედამიწაზე უმდიდრესი ხალხია! მაშ, მოდი შევიძინოთ ის, რაც ნამდვილად ძვირფასია — იეჰოვას მოწონება. მოდი ყურადღება მივაქციოთ მოციქულ პავლეს დარიგებას: „მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:11, 12).

[სურათები 21 გვერდზე]

რას აფასებ ყველაზე მეტად? ფულს, ქონებას, დიდებას, თუ კიდევ სხვა რამეს?

[სურათი 23 გვერდზე]

საღვთო წერილი გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ.