არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ და რატომ დაიბადა იესო

როგორ და რატომ დაიბადა იესო

როგორ და რატომ დაიბადა იესო

„შეუძლებელია!“ — შეიძლება თქვას მრავალმა არაქრისტიანმა იესოს დაბადების ისტორიის მოსმენის შემდეგ. ისინი ფიქრობენ, რომ ყველანაირ მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია იმის დაჯერება, რომ ქალწული მამაკაცის გარეშე დაორსულდა და ვაჟი შვა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

1984 წელს, ლონდონის „ტაიმზში“ გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც ეს საკითხი განიხილებოდა, ნათქვამი იყო: „სასწაულების წინააღმდეგ მეცნიერების გამოყენებას მყარ ლოგიკას ვერ დავარქმევთ. იმის დასაჯერებლად, რომ სასწაულები არ ხდება, ისეთივე რწმენაა საჭირო, როგორც იმისათვის, რომ ისინი ხდება“. ამ წერილს ბრიტანეთის უნივერსიტეტის 14 პროფესორ-მეცნიერი აწერდა ხელს. მათ აღნიშნეს: „უყოყმანოდ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ქალწულის მიერ შობა, სახარებისეული სასწაულები და ქრისტეს აღდგომა ისტორიული ფაქტებია“.

მიუხედავად ამისა, გასაკვირი არაა, რომ თავიდან შეიძლება ადამიანი საგონებელში ჩავარდეს, როდესაც ქალწულის მიერ იესოს შობის შესახებ ისტორიას ისმენს. იესოს დედაც, ქალწული მარიამიც, კი გააკვირვა ანგელოზის ნათქვამმა: „აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ“. მან იკითხა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“. ანგელოზმა კი აუხსნა, რომ ღმერთი თავისი სულიწმიდის საშუალებით მოახდენდა სასწაულს და დასძინა: „ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი“ (ლუკა 1:31, 34—37). უეჭველია, მას, ვინც ადამიანთა გამრავლების საოცარი პროცესი დააფუძნა, არც ის გაუჭირდებოდა, რომ უბიწო ქალწული დაორსულებულიყო და ეშვა. თუ ღმერთმა სამყარო შექმნა იდეალურად დარეგულირებული კანონებით, ისიც შეეძლო, მარიამის კვერცხუჯრედი იმისთვის გამოეყენებინა, რომ მას სრულყოფილი ძე ეშვა.

რატომ იყო ეს საჭირო

იმ დროს, როცა მარიამი დაორსულდა, მასზე ღვთისმოშიში იოსები იყო დანიშნული. სიზმარში ღვთის ანგელოზმა იოსებს მისი ქალწული საცოლის ორსულობის საოცარი მიზეზი აუხსნა. აი, რა უთხრა მან: „ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათე 1:20, 21). ებრაულად სახელი იესო ნიშნავს — „იეჰოვაა ხსნა“. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ცოდვისა და სიკვდილისგან ხსნა გვესაჭიროება და რომ იეჰოვამ თავისი ძის, იესოს, მეშვეობით გვიხსნა.

რადგან პირველმა ადამიანმა, ადამმა, შესცოდა, მისი ყველა შთამომავალი არასრულყოფილი დაიბადა და ღვთის კანონების დარღვევისკენ არიან მიდრეკილი (რომაელთა 5:12). როგორ შეიძლებოდა ადამის შთამომავლების ცოდვისგან ხსნა და მათთვის სრულყოფილების დაბრუნება? სამართლიანობის სასწორის თეფშების გასაწონასწორებლად საჭირო იყო სხვა სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ადამის სიცოცხლეს უტოლდებოდა. ამ მიზეზით უხელმძღვანელა ღმერთმა იესოს სასწაულებრივად შობას. იგი სრულყოფილი მამაკაცის სახით მოევლინა კაცობრიობას და მტრებს ნება დართო, მოეკლათ ის (იოანე 10:17, 18; 1 ტიმოთე 2:5, 6). მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ იესოს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა: „მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის [საერთო საკაცობრიო სამარის] გასაღები“ (გამოცხადება 1:18).

სიკვდილისა და ჯოჯოხეთის სიმბოლური გასაღებებით იესო ადამის მიერ დაკარგული სრულყოფილების დაბრუნების საშუალებას აძლევს ცოდვილ ადამიანებს. იესომ ეს ასე განმარტა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“ (იოანე 11:25, 26). რა შესანიშნავი დაპირებაა! მაგრამ იესოს დაბადების კიდევ ერთი უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც არსებობს.

უმნიშვნელოვანესი მიზეზი

იესოს სიცოცხლე მარიამის საშოში არ დაწყებულა. „ზეციდან... ჩამოვედი“, — არაორაზროვნად განაცხადა მან (იოანე 6:38). იესო შემოქმედების დასაბამიდან ზეცაში, სულიერ სამყაროში ცხოვრობდა თავის ზეციერ მამასთან. ამიტომაც უწოდებს მას ბიბლია ‘ღვთის ქმნილების დასაბამს’ (გამოცხადება 3:14). იესო ზეციდან აკვირდებოდა, თუ როგორ აუმხედრდა ღმერთს ბოროტი ანგელოზი, რომელმაც ურჩობაში პირველი ადამიანებიც აიყოლია. ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოინდომა იესომ, რომ, როგორც ღვთის ძე, სრულყოფილი ადამიანის სხეულში მოვლენოდა ქვეყნიერებას. მაგრამ, კერძოდ რამ აღძრა ის?

მას სურდა დაემტკიცებინა, რომ მის ზეციერ მამას აქვს სამყაროს მართვის უფლება. დედამიწაზე დაბადებიდან სიკვდილამდე იესომ ერთგულება შეინარჩუნა, რითაც დაამტკიცა, რომ ნებაყოფლობით ემორჩილებოდა იეჰოვას, შემოქმედის, მმართველობას. სანამ ღვთის მტრები მოკლავდნენ, იესომ არაორაზროვნად ახსნა მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო მზად, მსხვერპლად გაეღო სიცოცხლე. „რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მამა მიყვარს“, — განაცხადა მან (იოანე 14:31). პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას, ასეთივე სიყვარული რომ ჰქონოდათ, ერთგულები დარჩებოდნენ გამოცდის დროს, რომელიც გაცილებით იოლი იყო იესოს გამოცდასთან შედარებით (დაბადება 2:15—17).

იესოს ერთგულებით ისიც გამოაშკარავდა, რომ ბოროტი ანგელოზი, სატანა, მატყუარა იყო. მან ცილი დასწამა ღმერთსა და ადამიანებს, როდესაც ზეცაში ანგელოზების წინაშე განაცხადა: „სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 2:1, 4). სატანამ ცრუ ბრალდება წამოაყენა, რომლის თანახმადაც, არც ერთი ადამიანი არ დაემორჩილებოდა ღმერთს იმ შემთხვევაში, თუ მათი სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდებოდა.

რადგან ზემოხსენებული საკითხები წამოიჭრა, ეჭვქვეშ დადგა ისიც, სამართლიანად ახორციელებდა თუ არა ღმერთი მმართველობას. მათ მოსაგვარებლად იესო მზად იყო, ადამიანად დაბადებულიყო და სიკვდილამდე შეენარჩუნებინა ერთგულება.

ამგვარად, იესოს დედამიწაზე მოვლინების მთავარი მიზეზი, როგორც თავადაც განაცხადა, ის იყო, რომ მას ‘ჭეშმარიტება უნდა დაემოწმებინა’ (იოანე 18:37). ამისათვის კი მან სიტყვითა თუ საქმით აჩვენა, რომ ღმერთი სრულიად სამართლიანად მმართველობს და მისადმი მორჩილებას მარადიული ბედნიერება მოაქვს. გარდა ამისა, იესომ დედამიწაზე ჩამოსვლის კიდევ ერთი მიზეზი ახსნა. მას ადამიანური სიცოცხლე უნდა გაეღო „მრავალთა გამოსასყიდად“, რაც ცოდვილ ადამიანებს საშუალებას მისცემდა, სრულყოფილებისა და მარადიული სიცოცხლისთვის მიეღწიათ (მარკოზი 10:45). კაცობრიობა ამ მნიშვნელოვან საკითხებში რომ გარკვეულიყო, საჭირო იყო ცნობები იესოს დაბადების შესახებ. გარდა ამისა, იესოს დაბადებასთან დაკავშირებული მოვლენები სხვა მნიშვნელოვან რამესაც გვასწავლის, რასაც მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

[სურათები 4 გვერდზე]

რა დაიხსნიდა ადამის შთამომავლებს ცოდვისაგან?