არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“

„ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“

„ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“

„[ღმერთი] შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27).

1, 2. ა) რა კითხვა იბადება შემოქმედთან დაკავშირებით, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებთ? ბ) როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ ადამიანები უმნიშვნელო არ არიან ღვთის თვალში?

დაკვირვებიხართ უღრუბლო ღამეს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას? ზღაპრული სანახაობაა! უთვალავი ვარსკვლავი და უკიდეგანო სამყარო ჩვენს აღტაცებას იწვევს. ამ უზარმაზარ სამყაროში ჩვენი დედამიწა პატარა ნამცეცს ჰგავს. ნიშნავს ეს, რომ შემოქმედი, „უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე“, იმდენად მაღლა დგას ადამიანებზე, რომ საერთოდ არ ზრუნავს მათზე ან ძალიან შორი და მიუწვდომელია მათთვის? (ფსალმუნი 82:19).

2 ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვას თვალში ადამიანები უმნიშვნელო არ არიან. უფრო მეტიც, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ ვეძებოთ ის, ვინაიდან „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27; პირველი ნეშტთა 28:9). ასე რომ, თუ ღვთისკენ ნაბიჯებს ვდგამთ, ისიც შესაბამისად რეაგირებს. როგორ? 2003 წლის წლიური მუხლი აღმაფრთოვანებელ პასუხს გვცემს: „ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8, აქ). განვიხილოთ ზოგიერთი ის კურთხევა, რომლებსაც იეჰოვა არ იშურებს მათთვის, ვინც უახლოვდება მას.

იეჰოვას საჩუქარი თითოეული ჩვენგანისთვის

3. რით ასაჩუქრებს იეჰოვა მათ, ვინც მას უახლოვდება?

3 უპირველეს ყოვლისა, იეჰოვას მსახურებს აქვთ ბრწყინვალე საჩუქარი, რომელიც ღმერთმა თავისი ხალხისთვის შემოინახა. ვერანაირი ძალაუფლება, სიმდიდრე ან განათლება, რომელთა მიღებაც ამ სისტემაში შეიძლება, ვერ მოგვცემს ამ ძღვენს. ეს არის საჩუქარი მხოლოდ მათთვის, რომლებიც მასთან ახლოს არიან. რა საჩუქარია ეს? ღვთის სიტყვა გვპასუხობს: „გონებას რომ გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს“ (იგავნი 2:3—6). მხოლოდ წარმოიდგინე, არასრულყოფილ ადამიანს შეუძლია იპოვოს „ღვთის შემეცნება“! ეს საჩუქარი — ღვთის სიტყვაში მოცემული სიბრძნე — „განძთან“ არის შედარებული. რატომ?

4, 5. რატომ შეგვიძლია „ღვთის შემეცნება“ „განძს“ შევადაროთ? ახსენი.

4 ღვთის შესახებ შემეცნება ნამდვილად ფასდაუდებელია. ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც ასეთ შემეცნებას მოაქვს, მარადიული სიცოცხლის იმედია (იოანე 17:3). მაგრამ, ამ შემეცნებას დღესაც ბევრი კურთხევა მოაქვს. მაგალითად, ღვთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლით პასუხები ვიპოვეთ ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორებიცაა: რა ჰქვია ღმერთს? (ფსალმუნი 82:19, აქ). სინამდვილეში, რა მდგომარეობაში იმყოფებიან მკვდრები? (ეკლესიასტე 9:5, 10). რა განზრახვები აქვს ღმერთს დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ? (ესაია 45:18). ისიც გავიგეთ, რომ ბიბლიური პრინციპების გამოყენება საუკეთესო არჩევანია ცხოვრებაში (ესაია 30:20, 21; 48:17, 18). ამგვარად, გვაქვს ხელმძღვანელობა, რომელიც ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევაში გვეხმარება; ის ასევე ბედნიერებასა და კმაყოფილებას გვანიჭებს. ხოლო, რაც ყველაზე მთავარია, ღვთის სიტყვის შესწავლით საშუალება გვეძლევა გავეცნოთ იეჰოვას ბრწყინვალე თვისებებს და დავუახლოვდეთ მას. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ იქონიო „ღვთის [ზუსტ] შემეცნებაზე“ დაფუძნებული ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან?

5 არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ღვთის შესახებ შემეცნება შედარებული „განძთან“. ის, ისევე როგორც სხვა განძეული, ამ წუთისოფელში იშვიათობას წარმოადგენს. ექვსი მილიარდი მოსახლეობიდან დაახლოებით ექვსი მილიონი, ანუ ყოველი ათასიდან მხოლოდ ერთი სცემს თაყვანს იეჰოვას; მხოლოდ მათ იპოვეს „ღვთის შემეცნება“. იმის საჩვენებლად, თუ რამხელა იშვიათობას წარმოადგენს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი სწავლებების ცოდნა, განვიხილოთ მხოლოდ ერთი ბიბლიური საკითხი: რა მოსდის ადამიანს სიკვდილის დროს? წმინდა წერილებიდან ვიცით, რომ სული კვდება და მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებიან (ეზეკიელი 18:4). მაგრამ, რელიგიათა უმეტესობა მხარს უჭერს ცრურწმენას იმის თაობაზე, რომ რაღაც, ადამიანის შიგნით, სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. ეს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური მოძღვრებაა. მსგავს წარმოდგენებს იზიარებს ბუდიზმი, ინდუიზმი, ისლამი, ჯაინიზმი, იუდაიზმი, სინტოიზმი, სიქიზმი და დაოსიზმი. თქვენ წარმოიდგინეთ, მილიარდობით ადამიანია შეცდომაში შეყვანილი მხოლოდ ამ ერთი ცრუ მოძღვრებით!

6, 7. ა) მხოლოდ ვის შეუძლია იპოვოს „ღვთის შემეცნება“? ბ) რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა გვაკურთხებს ისეთი საკითხების გაგებით, რაც ‘ბრძენებსა და გონიერებს’ რჩებათ მხედველობიდან?

6 რატომ იპოვა ასე ცოტა ადამიანმა „ღვთის შემეცნება“? იმიტომ, რომ არავის შეუძლია სრულად ჩასწვდეს ბიბლიის მნიშვნელობას ღვთის დახმარების გარეშე. გაიხსენეთ, რომ ეს შემეცნება არის საჩუქარი, რომელსაც იეჰოვა ჩუქნის მხოლოდ მათ, ვინც ცდილობს, გულწრფელად და თავმდაბლურად გამოიკვლიოს ღვთის სიტყვა. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი ადამიანები „ხორციელად ბრძენ[ებ]ი“ იყვნენ (1 კორინთელთა 1:26). წუთისოფლის სტანდარტების მიხედვით, მრავალი მათგანი ‘უწიგნური და უბრალო ადამიანია’ (საქმეები 4:13, აფ). მაგრამ, ეს სრულებითაც არ არის მნიშვნელოვანი. იეჰოვა ჩვენში ნაპოვნი თვისებების გამო გვასაჩუქრებს „ღვთის შემეცნებით“.

7 განვიხილოთ მაგალითი. ქრისტიანული სამყაროს მრავალმა სწავლულმა ბიბლიას საკმაოდ დაწვრილებითი კომენტარები გაუკეთა. ასეთ ნაშრომებში განიხილება ისტორიული ფონი, ებრაული თუ ბერძნული სიტყვების მნიშვნელობები და მრავალი სხვა. იპოვეს მათ „ღვთის შემეცნება“ ამ ზღვა ინფორმაციის შეგროვებით? ცხადად ესმით ბიბლიის მთავარი თემა — ზეციერი სამეფოს მეშვეობით იეჰოვას უზენაესობის გამართლება? იციან, რომ იეჰოვა ღმერთი არ არის სამების ნაწილი? ჩვენ კი ზუსტად გვესმის ეს საკითხები. როგორ? იეჰოვამ გვაკურთხა სულიერი საკითხების ღრმა წვდომით, იმ დროს, როცა ეს მრავალ ‘ბრძენსა და გონიერს’ გამორჩა მხედველობიდან (მათე 11:25). მართლაც, როგორ აკურთხა იეჰოვამ ყველა, ვინც უახლოვდება მას!

„იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს“

8, 9. ა) როგორ აღწერა დავითმა იეჰოვას კიდევ ერთი კურთხევა მათ მიმართ, რომლებიც მას უახლოვდებიან? ბ) რატომ სჭირდებათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ღვთის მფარველობა?

8 ისინი, რომლებიც ახლოს არიან იეჰოვასთან, ღვთის მფარველობითაც არიან კურთხეული. ფსალმუნმომღერალი დავითი, რომლისთვისაც გაჭირვება უცხო არ იყო, წერდა: „ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს“ (ფსალმუნი 144:18—20). დიახ, იეჰოვა ახლოა მათთან, ვისაც უყვარს ის და ყოველთვის მზად არის მათ დასახმარებლად, ვინც მას შველას სთხოვს.

9 რატომ გვჭირდება ღვთის მფარველობა? გარდა იმისა, რომ მათზე ზეწოლას ახდენს „საზარელი ჟამი“, ჭეშმარიტი ქრისტიანები იეჰოვას მთავარი მტრის, სატანა ეშმაკის, სამიზნეს წარმოადგენენ (2 ტიმოთე 3:1). ეს ვერაგი მოწინააღმდეგე ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ჩაგვყლაპოს (1 პეტრე 5:8). სატანა გვდევნის, გვავიწროებს და გვაცდუნებს. ის ცდილობს ჩვენს აზროვნებაში ისეთი მხარეების პოვნას, რომელსაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. მას აქვს ერთი მიზანი — რწმენა დაგვაკარგვინოს და სულიერად გაგვანადგუროს (გამოცხადება 12:12, 17). რაოდენ მანუგეშებელია, რომ ასეთი დაუძინებელი მტრის წინაშე მარტო არ გვიწევს ბრძოლა, რადგან „იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს“.

10. ა) როგორ იცავს იეჰოვა თავის ხალხს? ბ) რის დაცვაა ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

10 მაშ, როგორ იცავს იეჰოვა თავის ხალხს? ღვთის მფარველობა არ ნიშნავს, რომ სრულიად უპრობლემო ცხოვრება გვექნება. ამ სისტემაში არც სასწაულები მოხდება ჩვენი გულისთვის. მიუხედავად ამისა, იეჰოვა მთლიანობაში ფიზიკურად იცავს თავის ხალხს. სხვა თუ არაფერი, სატანას არასდროს მიეცემა იმის უფლება, რომ მიწის პირიდან აღგავოს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები (2 პეტრე 2:9). ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იეჰოვა სულიერად გვიცავს. ის გვაძლევს ყველაფერს, რომ გავუძლოთ განსაცდელებს და შევინარჩუნოთ მასთან ურთიერთობა. საბოლოო ჯამში, სულიერი დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომ? სანამ იეჰოვასთან გვაქვს ურთიერთობა, ვერაფერი — სიკვდილიც კი — ვერ მოგვაყენებს გამოუსწორებელ ზიანს (მათე 10:28).

11. რას აკეთებს იეჰოვა თავისი ხალხის სულიერობის დასაცავად?

11 იეჰოვა ბევრს აკეთებს მათი სულიერობის დასაცავად, ვინც მასთან ახლოს არის. თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გვანიჭებს იეჰოვა სიბრძნეს, რომელიც სხვადასხვა განსაცდელის დროს გვეხმარება (იაკობი 1:2—5). ბიბლიის პრაქტიკული რჩევების მიყოლა თავისთავად უკვე გვიცავს. გარდა ამისა, იეჰოვა აძლევს „სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). ეს სული სამყაროში ყველაზე დიდი ძალაა და უდავოდ შეუძლია წარმატებით გადაგვატანინოს ნებისმიერი განსაცდელი ან ცდუნება. იესოს მეშვეობით, იეჰოვა გვაძლევს „ძღვენს ადამიანების სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ). ეს სულიერად მომზადებული მამაკაცები თანამორწმუნეების დახმარებისას ცდილობენ, ისეთივე თანაგრძნობა გამოავლინონ, როგორსაც იეჰოვა ავლენს (იაკობი 5:14, 15).

12, 13. ა) როგორ უზრუნველგვყოფს იეჰოვა დროული სულიერი საზრდოთი? ბ) როგორ ეპყრობით ყველაფერს, რასაც იეჰოვა ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის აკეთებს?

12 ჩვენს დასაცავად იეჰოვა სხვა რამესაც გვთავაზობს — დროულ სულიერ საზრდოს (მათე 24:45). დაბეჭდილი პუბლიკაციების, მათ შორის „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის მეშვეობით, ასევე კრების შეხვედრებითა და კონგრესებით იეჰოვა გვაძლევს ყველაფერს, რაც გვჭირდება და მაშინ, როცა გვჭირდება. შეგიძლია, გაიხსენო შემთხვევა, როდესაც ქრისტიანულ კრებაზე ან კონგრესზე მოსმენილმა პირდაპირ გულში შეაღწია, განგამტკიცა ან განუგეშა? თუ გიფიქრია ზემოხსენებული ჟურნალების კითხვისას, რომ ეს პირადად შენთვის იყო დაწერილი?

13 სატანის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი გულგატეხილობაა და არავინ არის დაზღვეული მისი ზეგავლენისგან. სატანამ კარგად იცის, რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში გვეუფლება უიმედობა, ეს ძალებს გვართმევს და უფრო ადვილად ვუვარდებით მას ხელში (იგავნი 24:10). ჩვენ დახმარება გვესაჭიროება, რადგან სატანა ცდილობს, ეს უარყოფითი გრძნობები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ჟურნალებში, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, ხშირად იბეჭდება სტატიები, რომლებიც გულგატეხილობის დაძლევაში გვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი სტატიის შესახებ ერთმა ქრისტიანმა დამ თქვა: „ამ სტატიას თითქმის ყოველდღე ვკითხულობ და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ჟურნალი საწოლთან მიდევს და ყოველთვის ვკითხულობ, როდესაც თავს დათრგუნულად ვგრძნობ. ასეთი სტატიების შემდეგ, თავს ისე ვგრძნობ თითქოს იეჰოვა თავისი მფარველი მკლავით გულში მიხუტებს“ *. ვართ თუ არა იეჰოვას მადლიერი დროული სულიერი საზრდოსთვის? გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის აკეთებს, ჩვენთან მის სიახლოვესა და მფარველობაზე მეტყველებს.

მივმართოთ ‘ლოცვების მომსმენს’

14, 15. ა) როგორ აკურთხებს იეჰოვა მასთან ახლოს მყოფებს? ბ) რატომ არის იეჰოვასთვის თავისუფლად მიმართვის შესაძლებლობა ასე ძვირფასი?

14 შეგიმჩნევიათ, რომ ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების შემდეგ, ადამიანი უფრო მიუწვდომელი ხდება მასზე დაბლა მდგომებისთვის? რის თქმა შეიძლება იეჰოვას შესახებ? ნუთუ იმდენად შორსაა ჩვენგან, რომ არ აინტერესებს უბრალო ადამიანების ლოცვები? პირიქით. ლოცვა კიდევ ერთი საშუალებაა, რომლითაც იეჰოვამ მასთან ახლოს მყოფები აკურთხა. ‘ლოცვების მომსმენისთვის’ თავისუფლად მიმართვის შესაძლებლობა საუცხოო საჩუქარია (ფსალმუნი 64:3). რატომ?

15 მაგალითად, ერთი მსხვილი კორპორაციის უფროსს უამრავი პასუხისმგებლობა აკისრია. ის წყვეტს, თუ რას გააკეთებს თვითონ და რას დაავალებს სხვებს. სამყაროს უზენაესი მმართველიც თავად წყვეტს, თუ რა საკითხებს გადაწყვეტს თავად და რას დაავალებს სხვებს. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ დაავალა იეჰოვამ თავის საყვარელ ძეს, იესოს. მას „გასამართლების უფლებამოსილებაც“ მისცა (იოანე 5:27, აქ). იესოს „დაემორჩილნენ“ ანგელოზები (1 პეტრე 3:22). იეჰოვას უძლიერესი სულიწმიდა იესოს განკარგულებაშია, რომ უხელმძღვანელოს დედამიწაზე მყოფ თავის მოწაფეებს (იოანე 15:26; 16:7). ამიტომ შეეძლო იესოს ეთქვა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18). მაგრამ, რაც შეეხება ჩვენს ლოცვებს, იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ პირადად მოუსმინოს მათ. აი, რატომ მოგვიწოდებს ბიბლია, ლოცვით მივმართოთ მხოლოდ იეჰოვას იესო ქრისტეს სახელით (ფსალმუნი 68:14; იოანე 14:6, 13).

16. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა მართლა ისმენს ჩვენს ლოცვებს?

16 მართლა ისმენს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს? ის რომ გულგრილი ყოფილიყო, არასდროს მოგვიწოდებდა, ვყოფილიყავით „ლოცვაში მდგრადნი“ ან ჩვენი საზრუნავი და ტვირთი მისთვის მიგვენდო (რომაელთა 12:12; ფსალმუნი 54:23; 1 პეტრე 5:7). ბიბლიური დროის ერთგულ მსახურებს ერთი წამითაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ იეჰოვა ისმენდა მათ ლოცვებს (1 იოანე 5:14). ამიტომ, ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „[იეჰოვა] მოისმენს ჩემს ხმას“ (ფსალმუნი 54:18). ყველა მიზეზი გვაქვს იმაში დარწმუნებისა, რომ იეჰოვა გვერდით გვყავს და ყურს უგდებს ჩვენ მიერ გამოთქმულ თითოეულ აზრსა და გულისტკივილს.

იეჰოვა აჯილდოებს თავის მსახურებს

17, 18. ა) როგორ უყურებს იეჰოვა თავისი გონიერი ქმნილებების ერთგულ მსახურებას? ბ) ახსენით, როგორ უჩვენებს იგავნის 19:17, რომ ჩვენი გულმოწყალება შეუმჩნეველი არ რჩება იეჰოვას.

17 იეჰოვას უზენაესობას ზიანს ვერ მიაყენებს ის, თუ რას აკეთებენ ან რის კეთებაზე ამბობენ უარს ადამიანები. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ის ღმერთია, რომელიც ყოველთვის ავლენს მადლიერებას. ის აფასებს გონიერი ქმნილებების ერთგულ მსახურებას (ფსალმუნი 146:11). ამიტომ ისინი, ვინც მიუახლოვდნენ ღმერთს, კიდევ ერთ კურთხევას იღებენ — იეჰოვა აჯილდოებს თავის მსახურებს (ებრაელთა 11:6).

18 ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ იეჰოვა აფასებს თავისი თაყვანისმცემლების საქმიანობას. მაგალითად, ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს“ (იგავნი 19:17). ღარიბებზე იეჰოვას გულმოწყალე ზრუნვა მოსეს რჯულში აისახა (ლევიანნი 14:21; 19:15). რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც მისი მიბაძვით, ჩვენც გულმოწყალედ ვეპყრობით ღარიბებს? როდესაც ვაძლევთ რაიმეს ღარიბებს, მათგან სანაცვლოს არაფერს ველით და იეჰოვა თვლის, რომ მას მივეცით სესხი. იეჰოვა გვპირდება, რომ დაგვიბრუნებს ვალს თავისი კეთილგანწყობითა და კურთხევებით (იგავნი 10:22; მათე 6:3, 4; ლუკა 14:12—14). დიახ, როდესაც თანაგრძნობას ვავლენთ გაჭირვებაში ჩავარდნილი ჩვენი თანამორწმუნეების მიმართ, ეს იეჰოვას გულს უხარებს. რაოდენ მადლიერი ვართ, რომ ჩვენი გულმოწყალება შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენს ზეციერ მამას! (მათე 5:7).

19. ა) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა აფასებს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში ჩვენს მონაწილეობას? ბ) როგორ აკურთხებს იეჰოვა სამეფოსთვის გაწეულ მსახურებას?

19 იეჰოვა განსაკუთრებით აფასებს იმას, რასაც მისი სამეფოსთვის ვაკეთებთ. როდესაც ვუახლოვდებით იეჰოვას, ბუნებრივი სურვილი გვიჩნდება, რომ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს მაქსიმალურად დავუთმოთ დრო, ძალები და სახსრები (მათე 28:19, 20). დროდადრო შეიძლება ვფიქრობთ, რომ ძალიან ცოტას ვაკეთებთ. არასრულყოფილმა გულმა შეიძლება ეჭვებიც კი გაგვიჩინოს, კმაყოფილია თუ არა იეჰოვა ჩვენი ძალისხმევით (1 იოანე 3:19, 20). მაგრამ იეჰოვა აფასებს ნებისმიერ ძღვენს — თუნდაც ძალიან მცირეს — თუ ის გულითა და სიყვარულითაა გაღებული (მარკოზი 12:41—44). ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10). სინამდვილეში, იეჰოვას ახსოვს და საზღაურის გარეშე არ ტოვებს თუნდაც ყველაზე პატარა საქმეს, რომელიც ჩვენ მისი სამეფოსთვის შევასრულეთ. ამ უხვ სულიერ კურთხევებთან ერთად, სიხარულით მოველით ცხოვრებას ახალ ქვეყნიერებაში, სადაც იეჰოვა კიდევ უფრო გულუხვად გადმოაფრქვევს კურთხევებს და დააკმაყოფილებს მათ სურვილებს, რომლებიც მას უახლოვდებიან (ფსალმუნი 144:16; 2 პეტრე 3:13).

20. რა დაგვეხმარება, რომ 2003 წლის განმავლობაში არ დაგვავიწყდეს წლიური მუხლის სიტყვები და რა იქნება ამის შედეგი?

20 მოდი მთელი 2003 წლის განმავლობაში ვკითხოთ საკუთარ თავს: განუწყვეტლივ ვცდილობთ თუ არა ჩვენს ზეციერ მამასთან დაახლოებას? თუ ასე ვიქცევით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა დაპირებისამებრ დაგვიახლოვდება. ბოლოს და ბოლოს, ‘ღმერთი უტყუარია’ (ტიტე 1:2). თუ თქვენ დაუახლოვდებით მას, ისიც დაგიახლოვდებათ (იაკობი 4:8, აქ). რა იქნება ამის შედეგი? უხვი კურთხევები ახლა და იეჰოვასთან მთელი მარადიულობის განმავლობაში დაახლოების პერსპექტივა!

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 ეს გამოხმაურება ეხება სტატიას: „იეჰოვა ჩვენს გულზე დიდია“ (2000 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 28—31).

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რა საჩუქარს უძღვნის იეჰოვა მათ, ვინც მას უახლოვდება?

• რას აკეთებს იეჰოვა იმისათვის, რომ სულიერი მფარველობა გაუწიოს თავის ხალხს?

• რატომ არის იეჰოვასთან ლოცვით თავისუფლად დაახლოების ძღვენი ასე ძვირფასი?

• როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ იეჰოვა აფასებს თავისი გონიერი ქმნილებების ერთგულ მსახურებას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

იეჰოვამ სულიერი საკითხების ნათელი გაგებით გვაკურთხა.

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

იეჰოვა სულიერ მფარველობას გვიწევს.

[სურათი 18 გვერდზე]

იეჰოვა ახლოს არის ჩვენთან და მზადაა, მოისმინოს ჩვენი თითოეული ლოცვა.