არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა ღმერთი, რომელსაც უნდა ვიცნობდეთ

იეჰოვა ღმერთი, რომელსაც უნდა ვიცნობდეთ

იეჰოვა ღმერთი, რომელსაც უნდა ვიცნობდეთ

ფიქრობთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაკლიათ ცხოვრებაში? უეჭველია, ეს ასე იქნება, თუ ღმერთს არ იცნობთ. რატომ? მილიონობით ადამიანი პირადმა გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ცხოვრება სასიკეთოდ იცვლება, როდესაც ბიბლიის დახმარებით ღმერთს ვეცნობით. დადებითი ცვლილებები თანდათანობით სულ უფრო მეტად შესამჩნევი ხდება.

იეჰოვა ღმერთს, ბიბლიის ავტორს, სურს, რომ ვიცნობდეთ მას. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე“. ღმერთმა იცის, რომ ჩვენთვის სასიკეთოა მისი გაცნობა. „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ“, — ამბობს იეჰოვა. რა სიკეთე მოაქვს უზენაესის, იეჰოვას, გაცნობას? (ფსალმუნები 82:19; ესაია 48:17, სსგ).

უპირველესად ის, რომ ღმერთი ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებას გვასწავლის; აგრეთვე მომავლის იმედსა და სულის სიმშვიდეს გვაძლევს. გარდა ამისა, როდესაც ახლოს ვეცნობით იეჰოვას, გვეცვლება დამოკიდებულება იმ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი, რომლებიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. რა საკითხებზეა ლაპარაკი?

აქვს თქვენს ცხოვრებას აზრი?

ტექნიკურმა პროგრესმა პასუხი ვერ გასცა შეკითხვებს — რატომ ვარსებობთ, საით მივემართებით და რა არის სიცოცხლის აზრი. როდესაც ადამიანი დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ იღებს ასეთ კითხვებზე, მისი ცხოვრება ნამდვილ აზრს მოკლებულია. საინტერესოა, ნუთუ ბევრი ვერ ხედავს სიცოცხლის აზრს? გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარს ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც უფიქრია, რომ სიცოცხლეს აზრი არა აქვს. შესაძლოა, თქვენც ანალოგიურ მდგომარეობას ხედავთ საზოგადოებაში.

ადამიანისთვის, რომელიც სიცოცხლის აზრს ვერ ხედავს, ძნელია პირადი მიზნების დასახვა. ბევრი ცდილობს კარიერის შექმნითა და ქონების შეძენით შეივსოს დანაკლისი, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ ამგვარად შეუძლებელია სიცარიელის შევსება. ზოგს იმდენად აუტანელი გრძნობა ეუფლება, რომ სიცოცხლეც კი აღარ სურს. სწორედ ასეთი რამ დაემართა ერთ ახალგაზრდა მომხიბვლელ ქალს, რომელიც გაზეთ „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნის“ თანახმად, „აუწერელ სიმდიდრესა და ფუფუნებაში გაიზარდა“. ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ცხოვრების მიუხედავად, ის თავს მარტოდ გრძნობდა და სიცოცხლის აზრს ვერ ხედავდა. მან საძილე აბები მიიღო და თავი მოიკლა. შეიძლება თქვენც გსმენიათ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები მარტოობით დატანჯულებზე.

შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ მეცნიერებას შეუძლია გვიპასუხოს, რა არის სიცოცხლის აზრი? გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ „ვოხეში“ ნათქვამია: „მეცნიერება უტყუარიც რომ იყოს, სულიერ საკითხებში სუსტია. ევოლუციის თეორია უმწეოა და კვანტური ფიზიკაც კი, თავისი ათასგვარი ფლუქტუაციებით, ვერაფრით გვანუგეშებს და გვაიმედებს“. მეცნიერულ აღმოჩენებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სიცოცხლის სხვადასხვა ფორმის აღწერაში და მათთან დაკავშირებული ბუნებრივი ციკლებისა თუ პროცესების ახსნაში. და მაინც, მეცნიერებას არ შეუძლია აგვიხსნას, რატომ ვართ აქ და საით მივდივართ. მხოლოდ მის იმედზე თუ ვიქნებით, ვერასოდეს მივიღებთ პასუხებს სიცოცხლის აზრთან დაკავშირებულ შეკითხვებზე. ამიტომაც, როგორც გაზეთ „ზიუდოიჩე ცაიტუნგში“ იყო აღნიშნული, „ჰაერივით გვესაჭიროება ხელმძღვანელობა“.

ვის შეუძლია ცხოვრებაში შემოქმედზე უკეთესად გვიხელმძღვანელოს? ადამიანები ღმერთმა დაასახლა დედამიწაზე, ამიტომაც მან იცის, რატომ ვართ აქ. ბიბლიის თანახმად, ადამიანთა პირველი წყვილის შექმნისას იეჰოვას განზრახული ჰქონდა, რომ მათი შთამომავლობა დედამიწაზე დასახლებულიყო; ადამიანებს უნდა მოევლოთ დედამიწისთვის და მისი განმგებლები ყოფილიყვნენ. მათ ყველაფერში უნდა აერეკლათ თავიანთი შემოქმედის თვისებები, მაგალითად სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული. თუ შევიტყობთ, რატომ შექმნა იეჰოვამ ადამიანები, იმასაც გავიგებთ, რატომ ვართ აქ (დაბადება 1:26—28).

რის გაკეთება შეგიძლიათ?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ იღებთ კითხვებზე — რატომ ვართ აქ, საით მივდივართ და რა არის სიცოცხლის აზრი? ბიბლია როგორც ყველას, ისე თქვენც გირჩევთ იეჰოვას გაცნობას. იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ღვთისმოსაწონი თვისებები განივითაროთ და მიზნად დაისახოთ ღვთის მესიანურ სამეფოში ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში გეცოდინებათ, რა არის თქვენი სიცოცხლის აზრი და მომავლის უტყუარი იმედიც გექნებათ. გარდა ამისა, პასუხებს მიიღებთ მნიშვნელოვან კითხვებზეც, რომლებზეც თქვენთვის დღემდე არავის უპასუხია (იოანე 17:3; ეკლესიასტე 12:13).

რა შეიცვლება ამით თქვენთვის? ვნახოთ, რა შეიცვალა ჰანსისთვის *. ჰანსს სწამდა ღვთის არსებობა, მაგრამ რწმენა მის ცხოვრებაზე არავითარ გავლენას არ ახდენდა. ჰანსის ცხოვრება ნარკოტიკები, ქალები, ხულიგნობა და მოტოციკლები იყო. „დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი და ცხოვრებით კმაყოფილი არ ვიყავი“, — ამბობს ჰანსი. დაახლოებით 25 წლის ასაკში მან გადაწყვიტა, მეტი გაეგო ღვთის შესახებ და ამ მიზნით ბიბლიის კითხვა დაიწყო. როდესაც ახლოს გაიცნო იეჰოვა და გაიგო, რა არის სიცოცხლის აზრი, ცხოვრების წესი შეიცვალა და იეჰოვას მოწმე გახდა. უკვე ათი წელია, რაც ის სრული დროით ემსახურება ღმერთს. ჰანსი ერთმნიშვნელოვნად ამბობს: „იეჰოვას მსახურებას ვერაფერი შეედრება. იეჰოვას გაცნობამ ჩემს ცხოვრებას აზრი შემატა“.

ცხადია, სიცოცხლის აზრი ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც ბევრს აღელვებს. მსოფლიოში მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, რის გამოც ხალხს სხვა მნიშვნელოვანი კითხვები წამოეჭრება.

რატომ უნდა მომხდარიყო?

როდესაც უბედურება ხდება, ადამიანებს ხშირად წამოეჭრებათ ერთი კითხვა — რატომ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი? სულიერი თუ ფიზიკური ტრავმის შემდეგ ადამიანის ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელი პასუხი ექნება ამ შეკითხვაზე. კითხვა თუ სავსებით უპასუხოდ რჩება, კიდევ უფრო რთულდება ადამიანის ემოციური მდგომარეობა. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ბრანის შემთხვევა.

„რამდენიმე წლის წინათ პატარა გოგონა დამეღუპა, — ამბობს ბრანი, დღეს უკვე შუა ხნის დედა. — ღმერთი მწამდა, ამიტომაც მღვდელთან მივედი, რომ როგორმე ვენუგეშებინე. მღვდელმა მითხრა, ღმერთმა ზეცაში წაიყვანა სუსანა და ის ახლა ანგელოზიაო. ცხოვრებაში აღარაფერი მაინტერესებდა სუსანას სიკვდილის შემდეგ და ღმერთიც მძულდა იმის გამო, რომ შვილი წამართვა“. ასე იტანჯებოდა ბრანი წლების განმავლობაში. ბრანი ამბობს: „ერთხელ იეჰოვას ერთმა მოწმემ ბიბლიის დახმარებით დამანახვა, რომ ღვთის სიძულვილის არავითარი მიზეზი არ მქონდა. სუსანა იეჰოვას ცაში არ წაუყვანია და ის ახლა ანგელოზი არ არის. მისი ავადმყოფობის მიზეზი არასრულყოფილება იყო. სუსანამ მიიძინა და იეჰოვა მას მომავალში მკვდრეთით აღადგენს. ბიბლიიდან ისიც გავიგე, რომ ღმერთმა ადამიანები დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლისთვის შექმნა და მისი განზრახვა მალე განხორციელდება. როდესაც დავინახე, როგორი ღმერთია იეჰოვა, უფრო მეტად დავუახლოვდი მას და მწუხარებაც შემიმსუბუქდა“ (ფსალმუნები 36:29; საქმეები 24:15; რომაელთა 5:12).

არავინაა დაზღვეული უბედურებისგან, იქნება ეს ტრაგიკული შემთხვევა, ომი, შიმშილობა თუ სტიქიური უბედურება. ბრანიმ შვება იგრძნო, როდესაც გაიგო, რომ იეჰოვა არ არის ამაში დამნაშავე; მას ადამიანები სატანჯველად არ შეუქმნია და მალე ბოლოს მოუღებს ბოროტებას. თვით ის ფაქტი, რომ ბოროტება მატულობს, იმის ნიშანია, რომ ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ. მალე მოხდება ის სასიკეთო ცვლილებები, რომლებსაც ასე მოველით (2 ტიმოთე 3:1—5; მათე 24:7, 8).

ღვთის გაცნობა

ჰანსსა და ბრანის ერთ დროს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ ღმერთზე. მათ სწამდათ ღვთის არსებობა, მაგრამ მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. ღვთის გაცნობის მცდელობას მათთვის ფუჭად არ ჩაუვლია. ჰანსმა და ბრანიმ ამომწურავი პასუხები მიიღეს საჭირბოროტო საკითხებზე. ამან კი მათ სულის სიმშვიდე და მომავლის იმედი შესძინა. იგივეს თქმა შეიძლება იეჰოვას მილიონობით მოწმეზეც.

იეჰოვას გასაცნობად საჭიროა, გამოვიკვლიოთ ბიბლია, რომლის დახმარებითაც ბევრს გავიგებთ მასზე და მის მოთხოვნებზე. სწორედ ასე იქცეოდა ზოგი პირველ საუკუნეში. ისტორიკოსი და ექიმი ლუკა იუწყება, რომ საბერძნეთში ბერეას ებრაული კრების წევრებმა „მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა [პავლესა და სილასგან], ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:10, 11).

პირველი საუკუნის ქრისტიანები ერთადაც იკრიბებოდნენ (საქმეები 2:41, 42, 46; 1 კორინთელთა 1:1, 2; გალატელთა 1:1, 2; 2 თესალონიკელთა 1:1). სწორედ ასეა დღესაც. იეჰოვას მოწმეები ერთად იკრიბებიან კრების შეხვედრებზე, რომლებიც მათ იეჰოვასთან დაახლოებაში და სიხარულით მსახურებაში ეხმარება. თანამორწმუნეებთან ურთიერთობას სხვა დადებითი მხარეც აქვს. რადგანაც ღვთის მსახურები თანდათანობით სულ უფრო მეტად ჰბაძავენ ღმერთს — რამდენადაც შესაძლებელია ადამიანისთვის — იეჰოვასთვის დამახასიათებელ თვისებებს ავლენენ. ამიტომაც ერთად შეკრება ღვთის მსახურებს იეჰოვას უკეთ გაცნობაშიც ეხმარება (ებრაელთა 10:24, 25).

ხომ არ გეჩვენებათ, რომ მეტისმეტად ბევრის გაკეთება მოითხოვება მხოლოდ ერთი პიროვნების გასაცნობად? ცხადია, ღვთის გასაცნობად ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ განა დიდ ძალას არ ვახმართ ცხოვრებაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას? მაგალითად, ცნობილი სპორტსმენები დიდ ძალასა და ენერგიას ახმარენ ვარჯიშს. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნის, ჟან-კლოდ კილის, სიტყვებიდან ვხედავთ, რა დიდი ძალისხმევა სჭირდება ასეთ საერთაშორისო შეჯიბრებაზე გამარჯვებას. „მზადება 10 წლით ადრე უნდა დაიწყო, — ამბობს ის, — წლიდან წლამდე უნდა ივარჯიშო და ყოველდღე უნდა იფიქრო დასახულ მიზანზე . . . წელიწადში 365 დღე უნდა იშრომო გონებრივად თუ ფიზიკურად“. აი, ამდენი დრო და ენერგია უნდა მოახმაროს ადამიანმა, რომ გაიმარჯვოს შეჯიბრებაში, რომელიც შესაძლოა მხოლოდ 10 წუთი გაგრძელდეს. რამდენად მნიშვნელოვანი და ხანგრძლივია ის, რაც იეჰოვას გაცნობას მოაქვს.

ურთიერთობა, რომელიც სულ უფრო მჭიდრო ხდება

ვის უნდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აკლდეს ცხოვრებაში? არავის. ამიტომაც, თუ სიცოცხლის აზრს ვერ ხედავთ ან თუ გაინტერესებთ, რატომ ხდება ამდენი უბედურება, გაიცანით იეჰოვა — ღმერთი, რომლის გაცნობაშიც ბიბლია დაგეხმარებათ. ამით საგრძნობლად შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. სასიკეთო ცვლილებები კი ხანმოკლე როდი იქნება.

შევწყვეტთ ოდესმე იეჰოვას შესახებ მეტის გაგებას? მათ, ვინც წლების განმავლობაში ემსახურება ღმერთს, ინტერესი არ დაუკარგავთ იმ ყველაფრისადმი, რაც მის შესახებ გაიგეს. ისინი კვლავაც დიდი ინტერესით განაგრძობენ იეჰოვას გაცნობას. ღვთის შესახებ მეტის გაგებას ბედნიერება მოაქვს ჩვენთვის და სულ უფრო მეტად გვაახლოებს მასთან. ამიტომაც, ჩვენც შევუერთდეთ პავლე მოციქულს, რომელმაც დაწერა: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?“ (რომაელთა 11:33, 34).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 სახელები შეცვლილია.

[ჩანართი 5 გვერდზე]

ადამიანებს კვლავაც აინტერესებთ, რატომ ვარსებობთ, საით მივემართებით და რა არის სიცოცხლის აზრი.

[ჩანართი 6 გვერდზე]

„იეჰოვას მსახურებას ვერაფერი შეედრება. იეჰოვას გაცნობამ ჩემს ცხოვრებას აზრი შემატა“.

[ჩანართი 7 გვერდზე]

„როდესაც დავინახე, როგორი ღმერთია იეჰოვა, უფრო მეტად დავუახლოვდი მას“.