არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიენდე იეჰოვას მთელი გულით

მიენდე იეჰოვას მთელი გულით

მიენდე იეჰოვას მთელი გულით

„შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი“ (ფსალმუნები 9:11).

1, 2. უსაფრთხოების მიზნით, რაზე ამყარებს ხალხი იმედს ამაოდ?

დღეს, როდესაც ჩვენს კეთილდღეობას ყოველი მხრიდან საფრთხე ემუქრება, ბუნებრივია, ვიღაცაზე ან რაღაცაზე ვამყარებდეთ იმედს. ზოგი ფიქრობს, რომ უსაფრთხო მომავლის გარანტია ფულია, მაგრამ ფული, სინამდვილეში, დიდხანს ვერ დაგვიფარავს. ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც თავის სიმდიდრეზეა დაიმედებული, დაეცემა“ (იგავები 11:28). ზოგი პოლიტიკოსებზე ამყარებს იმედს, მაგრამ ფაქტია, რომ საუკეთესო მმართველებიც კი უშვებენ შეცდომებს და ადრე თუ გვიან თითოეული მათგანი კვდება. ბიბლიაში, მართლაც რომ, გონივრული რჩევაა მოცემული: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“ (ფსალმუნები 145:3). ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სიტყვები გვაფრთხილებს, რომ არც საკუთარ შესაძლებლობებზე დავამყაროთ იმედი, რადგან ჩვენც „ადამის ძეები“ ვართ.

2 ესაია წინასწარმეტყველი კიცხავდა ისრაელის წინამძღოლებს, რადგან ‘სიცრუე გაიხადეს თავშესაფრად’ და მასზე ამყარებდნენ იმედს (ესაია 28:15—17). უსაფრთხოების მიზნით ისინი პოლიტიკურ კავშირებს ამყარებდნენ მეზობელ ერებთან. ასეთი კავშირები „სიცრუე“ — არასაიმედო — იყო. პოლიტიკურ ლიდერებთან დღესაც ბევრი რელიგიის წინამძღოლი ამყარებს ურთიერთობას. ამ კავშირების არასაიმედოობაც გამოაშკარავდება (გამოცხადება 17:16, 17). ასეთი კავშირები ვერ იქნება ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტი.

იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის მაგალითები

3, 4. რით განსხვავდებოდა იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის მიერ აღთქმული მიწიდან მოტანილი ამბავი დანარჩენი ათი მზვერავის მონაყოლისგან?

3 მაშ, ვისზე უნდა დავამყაროთ იმედი? ვისზეც იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ დაამყარეს მოსეს დროს. ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ მცირე ხანში ისრაელი მზად იყო ქანაანში, აღთქმულ მიწაზე, შესასვლელად. მოსემ თორმეტი კაცი გაგზავნა ქვეყნის დასაზვერად. მათ 40 დღის შემდეგ მოიტანეს ამბავი. მხოლოდ ორს — იესო ნავეს ძესა და ქალებ იეფუნეს ძეს — ჰქონდა იმედი, რომ ისრაელი ქანაანს დაიმკვიდრებდა. დანარჩენებმა არ უარყვეს, რომ ქანაანის მიწა მართლაც ბარაქიანი იყო, მაგრამ თქვეს: „ძლიერია ხალხი, რომელიც ცხოვრობს იმ ქვეყანაში, და ქალაქები გამაგრებულია, დიდია ფრიად... ვერ შევძლებთ გასვლას იმ ხალხის წინააღმდეგ, რადგან იგი ჩვენზე ძლიერია“ (რიცხვნი 13:28, 29, 32).

4 ხალხმა ათ მზვერავს დაუჯერა; ისინი შეშინდნენ და დრტვინვა დაიწყეს მოსეს წინააღმდეგ. აღელვებული იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ხალხის დარწმუნებას შეეცადნენ: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ეს ქვეყანა ფრიად, ფრიად კარგია. თუ მოწყალეა ჩვენზე უფალი, მაშინ შეგვიყვანს ჩვენ ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ იმ ქვეყნის ხალხისა“ (რიცხვნი 14:6—9). ისრაელებმა მაინც არ მოუსმინეს მათ, რის გამოც ღმერთმა იმ დროს არ დაუშვა, რომ ისინი აღთქმულ მიწაზე შესულიყვნენ.

5. რატომ ილაპარაკეს იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ დადებითად?

5 სხვებისგან განსხვავებით, რატომ ილაპარაკეს იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ დადებითად? თორმეტივემ ერთი და იგივე გამაგრებული ქალაქები და ძლიერი ერები იხილა. ათმა მზვერავმა მართალი თქვა — ისრაელი იმდენად ძლიერი არ იყო, რომ ისინი დაეძლია. ეს იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემაც იცოდნენ, მაგრამ მათ იეჰოვას იმედი ჰქონდათ. ათი მზვერავი კი ამ სიტუაციას ადამიანის თვალით ხედავდა. მათ ახსოვდათ, რა დიდი ძალა გამოავლინა იეჰოვამ ეგვიპტეში, მეწამულ ზღვასთან და სინაის მთასთან. წლების შემდეგ იეჰოვას იმ სასწაულებრივი საქმეების შესახებ გაგონებამაც კი იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იერიხონელ რახაბზე, რომ იეჰოვას ხალხისთვის სიცოცხლე ჩაიგდო საფრთხეში! (იესო ნავეს ძე 2:1—24; 6:22—25). იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იეჰოვას სასწაულების თვითმხილველები იყვნენ, ამიტომაც მათ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ღმერთი კვლავაც იბრძოლებდა თავისი ხალხისთვის. ორმოცი წლის შემდეგ, როდესაც იესო ნავეს ძის წინამძღოლობით ისრაელების ახალმა თაობამ ქანაანის მიწა დაიპყრო, დამტკიცდა, რომ მათი ნდობა საფუძვლიანი იყო.

რატომ უნდა ვენდობოდეთ იეჰოვას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე

6. რატომ გვემუქრება დღეს ქრისტიანებს ზიანის მოყენების საშიშროება და ვისზე უნდა დავამყაროთ იმედი?

6 ამ ‘საზარელ უკანასკნელ დღეებში’ ისრაელების მსგავსად ჩვენც გვყავს ჩვენზე ძლიერი მტრები (2 ტიმოთე 3:1). ისინი მორალური, სულიერი და ზოგჯერ ფიზიკური ზიანის მოყენებასაც კი ცდილობენ. საკუთარი ძალებით ვერ შევძლებთ ამ ყველაფრის გადატანას, რადგან ამის მიზეზი სატანა ეშმაკია, რომელიც ადამიანზე გაცილებით ძლიერია (ეფესელთა 6:12; 1 იოანე 5:19). მაშ, ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის? ბიბლიურ დროში მცხოვრებმა ერთმა ღვთის ერთგულმა მსახურმა იეჰოვას ლოცვაში უთხრა: „შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი“ (ფსალმუნები 9:11). თუ ნამდვილად ვიცნობთ იეჰოვას და გვესმის მისი სახელის მნიშვნელობა, ისევე უყოყმანოდ მივენდობით მას, როგორც იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ენდობოდნენ (იოანე 17:3).

7, 8. ა) რა საფუძველს გვაძლევს შემოქმედება იმისათვის, რომ იეჰოვას ვენდოთ? ბ) რა საფუძველს გვაძლევს ბიბლია იმისათვის, რომ იეჰოვას ვენდოთ?

7 რატომ უნდა მივენდოთ იეჰოვას? იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის ღვთისადმი ნდობის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ თავისი თვალით არაერთხელ ჰქონდათ ნანახი, როგორ ავლენდა ის ძალას. ჩვენც ვხედავთ იეჰოვას ძალის გამოვლინებას. ამის მაგალითია მისი ქმნილებები — თუნდაც სამყარო, რომელშიც მილიონობით გალაქტიკაა. ბუნების უსაზღვრო ძალები, რომლებსაც იეჰოვა მართავს, იმის მტკიცებაა, რომ ის მართლაც ყოვლისშემძლეა. შემოქმედების სასწაულებზე ფიქრისას ვეთანხმებით იობს, რომელმაც იეჰოვაზე თქვა: „ვინ არის [მისი] დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებო?“ (იობი 9:12). ამიტომაც, თუ იეჰოვა ჩვენს მხარეზეა, არავისი აღარ უნდა გვეშინოდეს ამ ქვეყანაზე (რომაელთა 8:31).

8 ღვთის ძალას ბიბლიის მეშვეობითაც ვხედავთ. ღვთიური სიბრძნის ეს უშრეტი წყარო გვეხმარება, მოვიშოროთ მავნე ჩვევები და იეჰოვას ნებისამებრ ვიცხოვროთ (ებრაელთა 4:12). ბიბლიის დახმარებით ახლოს ვეცნობით ღმერთს და ვიგებთ მისი სახელის მნიშვნელობას (გამოსვლა 3:14, აქ). აქედან გამომდინარე, გვესმის, რომ საკუთარი განზრახვის განსახორციელებლად, იეჰოვას შეუძლია თავისი გადაწყვეტილებისამებრ იქცეს იმად, რადაც საჭიროა — მოსიყვარულე მამად, სამართლიან მოსამართლედ თუ ძლევამოსილ მეომრად. აგრეთვე ვხედავთ, რომ მისი სიტყვა ყოველთვის სრულდება. ღვთის სიტყვის შესწავლა აღგვძრავს, ფსალმუნმომღერალივით ვთქვათ: „ვიმედოვნებ შენი სიტყვით“ (ფსალმუნები 118:42; ესაია 40:8).

9. როგორ გვიმტკიცებს იეჰოვასადმი ნდობას გამოსასყიდი და იესოს მკვდრეთით აღდგენა?

9 იეჰოვას მიერ გამოსასყიდზე ზრუნვა, მისდამი ნდობის კიდევ ერთ მიზეზს გვაძლევს (მათე 20:28). მართლაც ჩინებულია, რომ ღმერთმა საკუთარი ძე გამოგზავნა, რათა ჩვენ გამოსასყიდად სიცოცხლე გაეღო! მისი მსხვერპლი გამოისყიდის ყველა იმ ადამიანის ცოდვებს, რომლებიც ინანიებენ დანაშაულს და წრფელი გულით უახლოვდებიან იეჰოვას (იოანე 3:16; ებრაელთა 6:10; 1 იოანე 4:16, 19). გამომსყიდველური მსხვერპლის გაღების შემდეგ ღმერთმა იესო მკვდრეთით აღადგინა იყო. ეს სასწაული, რომლის მოწმეც იესოს ასობით მოწაფე გახდა, იეჰოვასადმი ნდობის კიდევ ერთი მიზეზია. ის იმის გარანტიას გვაძლევს, რომ იმედი არ გაგვიცრუვდება (საქმეები17:31; რომაელთა 5:5; 1 კორინთელთა 15:3—8).

10. რა პირადული მიზეზების გამო ვენდობით იეჰოვას?

10 ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა გვქონდეს იეჰოვას მიმართ სრული ნდობა. მაგრამ არსებობს სხვა მრავალი, მათ შორის პირადული, მიზეზიც. მაგალითად, დროდადრო ცხოვრებაში ყველა ვხვდებით სირთულეებს. როდესაც პრობლემების გადასაჭრელად ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მივმართავთ, ვხედავთ რამდენად პრაქტიკულია მისი რჩევები (იაკობი 1:5—8). ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც უფრო მეტად ვამყარებთ იმედს იეჰოვაზე და ვხედავთ ამგვარად მოქმედების დადებით შედეგებს, მით უფრო გვიძლიერდება ნდობა ჩვენი ღმერთისადმი.

დავითი ენდობოდა იეჰოვას

11. რა მდგომარეობის მიუხედავად ენდობოდა დავითი იეჰოვას?

11 ძველი ისრაელის მეფე დავითიც ენდობოდა იეჰოვას. მეფე საული მის მოკვლას ცდილობდა. გარდა ამისა, მას ბრძოლა უწევდა ძლიერი ფილისტიმელების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელის დაპყრობას ცდილობდნენ. მაგრამ დავითმა ყველაფრის ატანა შეძლო და გაიმარჯვა მტრებთან ბრძოლაში. როგორ? ის თავადვე პასუხობს: „უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის: ვისგან შევძრწუნდე?“ (ფსალმუნები 26:1). ჩვენც შევძლებთ მტრებზე გამარჯვებას, თუ დავითის მსგავსად მივენდობით იეჰოვას.

12, 13. როგორ ცხყოფს დავითის მაგალითი, რომ იეჰოვას მაშინაც უნდა მივენდოთ, როდესაც მტრები ენას ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად იყენებენ?

12 დავითი ლოცულობდა: „ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ; მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე. დამიფარე ვერაგთა საიდუმლო ზრახვათაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი — მწარე სიტყვა, რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს“ (ფსალმუნები 63:1—4). ზუსტად არ ვიცით, რამ აღძრა დავითი ამ სიტყვების დასაწერად, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ჩვენი მოწინააღმდეგეებიც ‘ილესავენ’ და საომარი იარაღივით იყენებენ ენას. ისინი წერილობით თუ სიტყვიერად სიცრუის ‘მშვილდით ესვრიან’ უდანაშაულო ქრისტიანებს. რა იქნება შედეგად, თუ მთლიანად იეჰოვას მივენდობით?

13 დავითი განაგრძობს: „ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან. საკუთარი ენა დაამარცხებს მათ... გაიხარებს მართალი უფალში და მიენდობა მას“ (ფსალმუნები 63:8—11). დიახ, მტრები ენას ჩვენ წინააღმდეგ ილესავენ, მაგრამ საბოლოოდ მათ „საკუთარი ენა დაამარცხებს“. იეჰოვა თავისი მსახურების სასიკეთოდ შეცვლის მდგომარეობას, რის შედეგადაც გაიხარებს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

ღვთისადმი ხიზკიას ნდობა გამართლდა

14. ა) რა სავალალო მდომარეობაში მიენდო ხიზკია იეჰოვას? ბ) როგორ ცხადყო ხიზკიამ, რომ არ ირწმუნა ასურელთა სიცრუე?

14 იეჰოვასადმი მეფე ხიზკიას (ხიზკიაჰუ) ნდობაც გამართლდა. ხიზკიას მეფობის დროს ასურეთის უძლიერესი ლაშქარი მიადგა იერუსალიმს. მანამდე ასურეთის ჯარმა ბევრი ქვეყანა დაიმორჩილა და იუდას ქალაქებიც კი აიღო. იერუსალიმიღა იყო დარჩენილი. სინახერიბი იმუქრებოდა, რომ მალე მასაც აიღებდა. რაბშაკეს პირით მან სწორად აღნიშნა, რომ იერუსალიმისთვის ამაო იქნებოდა ეგვიპტეზე იმედის დამყარება, მაგრამ მან ხიზკიას სხვა რამეც შეუთვალა: „ნუ გაცდუნებს შენი ღმერთი, რომლის იმედიც გაქვს, რომ გეუბნება: ‘არ გადაეცემა იერუსალიმი აშურის მეფის ხელთ!’“ (ესაია 37:10). მიუხედავად ამისა, ხიზკია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა არ ‘აცდუნებდა’. ამიტომაც მან ლოცვაში უთხრა მას: „ჩვენო უფალო ღმერთო, გვიხსენ ჩვენ მისი ხელიდან და შეიტყობს ქვეყნის ყველა სამეფო, რომ მარტო შენა ხარ უფალი“ (ესაია 37:20). იეჰოვამ შეისმინა ხიზკიას ლოცვა. ერთ ღამეში ანგელოზმა ასურელთა 185 000 მეომარი გაწყვიტა. იერუსალიმი გადარჩა და სინახერიბმა სამუდამოდ დატოვა იუდას მიწა-წყალი. ყველამ, ვის ყურსაც კი მისწვდა ეს ამბავი, იეჰოვას სიდიადე დაინახა.

15. მხოლოდ რა მოგვამზადებს იმ სირთულეებისთვის, რომელთა წინაშეც, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ამ არასტაბილურ წუთისოფელში?

15 ხიზკიას მსგავსად, ჩვენც საომარ მდგომარეობაში ვართ. ჩვენს შემთხვევაში, ბრძოლა სულიერია. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული უნარის გამომუშავება გვჭირდება, რათა ამ სულიერ ომში არ დავიღუპოთ. საჭიროა, განვჭვრიტოთ თითოეული იერიში და მოვემზადოთ შემოტევის მოსაგერიებლად (ეფესელთა 6:11, 12, 17). ამ არასტაბილურ ქვეყნიერებაში მდგომარეობა შეიძლება უეცრად შეიცვალოს. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად დაიწყოს სამოქალაქო ომი ან რელიგიური შემწყნარებლობით ცნობილი ქვეყნები შეუწყნარებლობით გახდნენ ცნობილი. თუ ხიზკიას მსგავსად იეჰოვაზე სრულად მინდობას ვისწავლით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით მზად ყველაფრისთვის, რაც კი შეიძლება, რომ მოხდეს.

რას ნიშნავს იეჰოვაზე მინდობა?

16, 17. რა მეტყველებს იმაზე, რომ ვენდობით იეჰოვას?

16 საკმარისი არ არის მხოლოდ სიტყვიერად გამოვხატოთ იეჰოვასადმი ნდობა. ღმერთს გულით უნდა ვენდობოდეთ და ეს ჩვენს მოქმედებებში უნდა გამოიხატებოდეს. თუ იეჰოვას ვენდობით, მისი სიტყვა, ბიბლიაც, ყოველმხრივ სანდო იქნება ჩვენთვის, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველდღიურად ვიკითხავთ მას, ვიფიქრებთ წაკითხულზე და ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ (ფსალმუნები 118:105). იეჰოვაზე მინდობა მის ძალაზე, სულიწმიდაზე, მინდობასაც ნიშნავს. სულიწმიდა ჩვენში ღვთისმოსაწონ ნაყოფს წარმოშობს და გვეხმარება, მოვიშოროთ ძვალსა და რბილში გამჯდარი ცუდი ჩვევები (1 კორინთელთა 6:11; გალატელთა 5:22—24). სულიწმიდის დახმარებით ბევრი გადაეჩვია სიგარეტის წევასა და ნარკოტიკების მიღებას. ზოგმა უზნეო ცხოვრების წესის შეცვლა შეძლო. დიახ, თუ იეჰოვას ვენდობით, მისი ძალით ვმოქმედებთ და არა საკუთარით (ეფესელთა 3:14—18).

17 გარდა ამისა, იეჰოვას ნდობა იმასაც გულისხმობს, რომ ვენდოთ მათ, ვისაც ის ენდობა. მაგალითად, იეჰოვამ „ერთგულ და გონიერ მონას“ დაავალა, ეზრუნა სამეფოს ინტერესებზე დედამიწაზე (მათე 24:45—47). ჩვენ არ ვცდილობთ „ერთგული და გონიერი მონისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებას და არ უგულებელვყოფთ მის როლს, რადგან იეჰოვას მიერ არის დაყენებული. აქედან გამომდინარე, ვენდობით მას. გარდა ამისა, ქრისტიანულ კრებებში მსახურობენ უხუცესები, რომლებიც, როგორც პავლე მოციქული აღნიშნავს, სულიწმიდით ინიშნებიან (საქმეები 20:28). მათთან ჩვენი თანამშრომლობაც მეტყველებს იმაზე, რომ ნამდვილად ვენდობით იეჰოვას (ებრაელთა 13:17).

მივყვებით პავლეს მაგალითს

18. რას ვაკეთებთ პავლეს მსგავსად და რაზე არ ვამყარებთ იმედს?

18 პავლე მოციქული მსახურებაში ხშირად ხვდებოდა წინააღმდეგობებს, ისევე როგორც ჩვენ ვხვდებით. პირველ საუკუნეში ქრისტიანობის შესახებ მცდარი შეხედულება ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამიტომაც პავლე ზოგჯერ მათთვის სწორი თვალსაზრისის შექმნასა და სამქადაგებლო საქმიანობის კანონით დაცვას ცდილობდა (საქმეები 28:19—22; ფილიპელთა 1:7, აქ). დღეს ჩვენც მის მსგავსად ვიქცევით. ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ხალხს წარმოდგენა შევუქმნათ ჩვენი საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, ვცდილობთ დავიცვათ და კანონით განვამტკიცოთ სასიხარულო ცნობა. მაგრამ ასეთ მცდელობებზე არ ვამყარებთ მთელ იმედს, რადგან გვესმის, რომ წარმატება სასამართლო პროცესების მოგებასა და ჩვენ შესახებ დადებითი ინფორმაციის გავრცელებაზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ იეჰოვაზე ვართ მინდობილი და გვახსოვს მის მიერ ისრაელებისთვის ნათქვამი გამამხნევებელი სიტყვები, რომ ‘სიმყუდროვესა [„სიმშვიდესა“, აქ] და მინდობაში იქნებოდა მათი ძალა’ (ესაია 30:15).

19. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დევნის დროს ძმები ამაოდ არ ენდობიან იეჰოვას?

19 იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ჩვენი საქმიანობა დროდადრო აკრძალული ან შეზღუდული იყო აღმოსავლეთ თუ დასავლეთ ევროპაში, აგრეთვე აზიის, აფრიკის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგ ქვეყანაში. ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვას ამაოდ ენდობოდნენ თავისი მსახურები? არა. მართალია, ამა თუ იმ საფუძვლიანი მიზეზის გამო, იეჰოვა ზოგჯერ უშვებს თავის მსახურთა სასტიკ დევნას, მაგრამ მას უყვარს ისინი და ამიტომაც ძალას აძლევს მათ დევნის ასატანად. დევნის დროს ბევრი ქრისტიანი სამაგალითო რწმენას ავლენს და მთლიანად ღმერთს ენდობა.

20. იმ დროს, როცა ვსარგებლობთ კანონიერი უფლებებით, რას არ დავთმობთ არასოდეს?

20 მეორე მხრივ, ბევრ ქვეყანაში ჩვენი საქმიანობა კანონით ნებადართულია და მასმედია მას დროდადრო დადებითად აშუქებს. მადლობელი ვართ ამისათვის და გვესმის, რომ ესეც კონკრეტულ მიზანს — იეჰოვას განზრახვის განხორციელებას — ემსახურება. ღვთის კურთხევით, მეტ თავისუფლებას საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად კი არ ვიყენებთ, არამედ იმისათვის, რომ შეუზღუდავად ვემსახუროთ იეჰოვას. მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ნეიტრალურ პოზიციას და არ შევასუსტებთ ჩვენს მსახურებას მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი გვცენ. ჩვენ მესიანური სამეფოს ქვეშევრდომები ვართ და მთელი სულითა და გულით იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს. ჩვენ ამ სისტემაზე კი არ ვამყარებთ იმედს, არამედ ახალ ქვეყნიერებაზე, სადაც ზეციერი მესიანური სამეფო იქნება დედამიწის ერთადერთი მმართველი. ზეციერ მთავრობას ვერც ბომბები, ვერც ჭურვები და ვერც ატომური აფეთქებები შეარყევს და ჩამოაგდებს. ეს უძლეველი მთავრობა უეჭველად განახორციელებს იეჰოვას განზრახვას (დანიელი 2:44; ებრაელთა 12:28; გამოცხადება 6:2).

21. რა აქვს მიზნად დასახული თითოეულ ქრისტიანს?

21 პავლე ამბობს: „ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39). მაშ, ბოლომდე ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას. ნამდვილად ყოველგვარი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ იეჰოვაზე ვიყოთ მინდობილი, როგორც ახლა, ისე მარადიულად (ფსალმუნები 36:3; 124:1).

რა ისწავლეთ?

• რატომ ილაპარაკეს დადებითად იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ ქანაანიდან დაბრუნების შემდეგ?

• რა მიზეზები გვაქვს იმისათვის, რომ იეჰოვას უყოყმანოდ მივენდოთ?

• რას ნიშნავს იეჰოვაზე მინდობა?

• რა გვაქვს მიზნად დასახული, როგორც იეჰოვაზე მინდობილ მსახურებს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

რატომ ილაპარაკეს იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ დადებითად?

[სურათები 16 გვერდზე]

იეჰოვას ქმნილებები საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს იმისათვის, რომ მას მივენდოთ.

[საავტორო უფლება]

All three images: Courtesy of Anglo-Australian Observatory, photograph by David Malin

[სურათი 18 გვერდზე]

იეჰოვასადმი ნდობა მათ ნდობასაც გულისხმობს, ვისაც ის ენდობა.