არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება“

„მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება“

„მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება“

პატარა ცეცხლს ხანძრის გაჩენა და მთელი ტყის განადგურება შეუძლია, ხოლო მას — ადამიანის მთელი ცხოვრებისა. ის შეიძლება გესლიანი იყოს, მაგრამ შეიძლება — „სიცოცხლის ხეც“ (იგავები 15:4). მის ხელშია სიკვდილი და სიცოცხლე (იგავები 18:21). ასეთია პატარა ასოს, ენის, ძალა, რომელსაც მთელი სხეულის წაბილწვა შეუძლია (იაკობი 3:5—9). გონიერია ის, ვინც საკუთარ ენას აკონტროლებს.

ბიბლიის წიგნ „იგავების“ მე–12 თავის მეორე ნახევარში ძველი ისრაელის მეფე სოლომონი მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევს. ეს რჩევა ენის გაკონტროლებაში გვეხმარება. მოკლე, მაგრამ მრავლისმომცველი იგავების წყალობით ბრძენი მეფე ორ რამეს გვიჩვენებს: ერთი, რომ სიტყვებს ესა თუ ის ნაყოფი გამოაქვს, მეორე — ისინი ძალიან ბევრს მეტყველებენ წარმომთქმელის თვისებებზე. სოლომონის მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი რჩევა აუცილებელია ყველასთვის, ვისაც ‘თავისი პირისთვის გუშაგის დაყენება’ სურს (ფსალმუნები 140:3).

‘ცოდვის მახე’

„ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს“, — ამბობს სოლომონი (იგავები 12:13, სსგ). ტყუილის თქმა ბაგეებით ჩადენილი ცოდვაა; ეს ჩვევა სასიკვდილო მახეა ადამიანისთვის (გამოცხადება 21:8). არაგულწრფელობას ბევრი შეიძლება დასჯის ასარიდებელ ან არასასიამოვნო სიტუაციიდან თავის იოლად დასაღწევ საშუალებად მიიჩნევდეს, მაგრამ მოსდევს თუ არა ხშირად ერთ ტყუილს მეორე? როგორც ადამიანი, რომელიც თავიდან მცირე თანხაზე იწყებს თამაშს, შემდეგ კი დანაკარგის ასანაზღაურებლად თანდათანობით უფრო და უფრო დიდ თანხაზე თამაშობს, ისე მატყუარასაც მალე ცუდ ჩვევად ექცევა ტყუილების თქმა.

ცოდვილი ბაგეების მიერ დაგებული შემდეგი მახე ისაა, რომ მატყუარა ადამიანმა შესაძლოა საკუთარი თავიც კი მოიტყუოს. მაგალითად, მატყუარამ შეიძლება ძალიან ადვილად დაირწმუნოს თავი, რომ მცოდნე და საოცრად გამჭრიახია მაშინ, როდესაც არც თუ ისე ბევრი რამ იცის. ასეთი ადამიანი ამგვარად სიცრუის სამყაროში ცხოვრებას იწყებს. მართლაც, „ის ეპირფერება საკუთარ თავს, ნაცვლად იმისა, რომ დაინახოს თავისი შეცდომა და შეიძულოს ის“ (ფსალმუნები 36:2, აქ [35:3]). აი, ასეთ მახეებს გვიგებს სიცრუე! მართალი კი ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდება; ის დიდ გასაჭირში ყოფნის დროსაც კი არ იცრუებს.

‘ნაყოფი, რომლითაც გაძღება’

«ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს [„ღვთის დაცინვა არ გამოგივათ“, აქ], — გვაფრთხილებს პავლე მოციქული. — ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის» (გალატელთა 6:7). ეს პრინციპი ჩვენს საუბრებსა და ქცევებსაც ეხება. სოლომონი ამბობს: „თავისი პირის ნაყოფისგან კაცი სიკეთით გაძღება, ადამიანის ხელის საზღაური კი მასვე დაუბრუნდება“ (იგავები 12:14).

ბაგეებს, რომლებიც „სიბრძნეს წარმოთქვამენ“, ნაყოფი გამოაქვთ, რომელიც „სიკეთით აძღობს“ მის წარმომთქმელს (ფსალმუნები 36:30). სიბრძნისთვის ცოდნაა საჭირო, ხოლო ადამიანთაგან არავის არა აქვს ნებისმიერ სფეროში ამომწურავი ცოდნა. ამიტომ ყველას სჭირდება კარგი მრჩეველი, შემდეგ კი რჩევის თანახმად მოქმედება. „სულელის გზა სწორია მის თვალში, — ამბობს ისრაელის მეფე, — ბრძენი კი რჩევას უსმენს“ (იგავები 12:15).

იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის საშუალებით გვაძლევს გონივრულ რჩევებს, რისთვისაც „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით მოწოდებულ პუბლიკაციებს იყენებს (მათე 24:45; 2 ტიმოთე 3:16). მართლაც უგუნურებაა კარგი რჩევის უგულებელყოფა და ჯიუტად საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედება! ამიტომ „სმენაში მკვირცხლები“ უნდა ვიყოთ, როდესაც თავისი არხის საშუალებით იეჰოვა, ‘ადამიანისთვის ჭკუის დამსწავლებელი’, გველაპარაკება (იაკობი 1:19; ფსალმუნები 93:10).

როგორ რეაგირებს შეურაცხყოფაზე ან უსამართლო კრიტიკაზე უგუნური და როგორ — გონიერი? სოლომონი გვპასუხობს: „ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას“ (იგავები 12:16, სსგ).

უგუნური უმნიშვნელო შეურაცხყოფაზეც კი მაშინვე, „წამში“, ბრაზდება. გონიერი კი ღმერთს სულიწმიდას სთხოვს, რათა თავშეკავება გამოავლინოს. გონიერი დროს გამოყოფს, რათა დაფიქრდეს ღვთის სიტყვაში მოცემულ რჩევაზე და აწონ–დაწონოს იესოს სიტყვები: „თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე“ (მათე 5:39). მისი სურვილია, ‘არავის მიაგოს ბოროტის წილ ბოროტი’. ამიტომაც თავს იკავებს და დაუფიქრებლად არ ლაპარაკობს (რომაელთა 12:17). თუ ჩვენც ამგვარად მოვიქცევით იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც დაგვამცირებს, მდგომარეობას მეტად აღარ გავართულებთ.

„ბრძენთა ენა. . . კურნებაა“

ბაგეებით ცოდვის ჩადენა შეიძლება ძალიან საზიანო იყოს მაშინ, როდესაც საქმე სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება. ისრაელის მეფე ამბობს: „ერთგული სიმართლეს ილაპარაკებს, ხოლო ცრუ მოწმე სიცრუეს“ (იგავები 12:17, აქ). ჭეშმარიტი მოწმე ერთგულია, რადგან მისი დამოწმება საიმედოა. მისი სიტყვები სამართლიანი განაჩენის გამოტანას უწყობს ხელს. ცრუ მოწმე კი სავსეა სიცრუით და სამართალს ამრუდებს.

„ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, — განაგრძობს სოლომონი, — ბრძენთა ენა კი კურნებაა“ (იგავები 12:18). სიტყვები შეიძლება მახვილივით ჩხვლეტდეს ადამიანს, ანგრევდეს მეგობრობას და უბედურების მიზეზი ხდებოდეს ან მაამებელი და სასიამოვნო იყოს, და ხელს უწყობდეს მეგობრობის შენარჩუნებას. განა დამამცირებელი სახელების წოდება, ყვირილი, გამუდმებული კრიტიკა და შეურაცხყოფა ბასრი იარაღით დარტყმის მსგავსი არ არის და ღრმა ემოციურ ჭრილობებს არ აყენებს ადამიანს? მართლაც რომ ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, თუ მსგავსი ჭრილობის მიყენების შემთხვევაში გულწრფელად მოვიბოდიშებდით! ეს სიტყვები ხომ ჭრილობაზე მალამოდ დაედებოდა შეურაცხყოფილს!

დღევანდელ რთულ დროში გასაკვირი არ არის, რომ ბევრი „გულმკვდარია“ (ფსალმუნები 34:19, ჯ. აჯიაშვილის თარგმანი [33:19]). „გულმკვდართ“ რომ ვანუგეშებთ და ‘უძლურთ მხარს ვუჭერთ’, განა ამ დროს სიტყვებს მალამოდ არ ვიყენებთ? (1 თესალონიკელთა 5:14). დიახ, თანაგრძნობის სიტყვებმა შეიძლება გაამხნევოს მოზარდი, რომელიც თანატოლთა საზიანო გავლენას უმკლავდება; კარგად შერჩეულმა სიტყვებმა ხანდაზმულები დაარწმუნოს, რომ ისინი საჭირონი არიან და უყვართ; თბილად ნათქვამმა სიტყვებმა კი ავადმყოფს დღე გაულამაზოს. შენიშვნის მიღებაც კი უფრო ადვილია, როდესაც ის „თავმდაბლობის სულით“ არის მიცემული (გალატელთა 6:1). ენას საოცარი განკურნების ძალა შესწევს, როდესაც მას ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გასაზიარებლად იყენებენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ცნობას ისმენენ!

„მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება“

სოლომონს ერთი და იმავე მნიშვნელობით მოჰყავს სიტყვები „ბაგე“ და „ენა“, როდესაც აღნიშნავს: „მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი წამიერია“ (იგავები 12:19, სსგ). გამოთქმა „მართალი ბაგე“ მხოლობით რიცხვში დგას და ებრაულში სიმართლის თქმაზე უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს. ერთ–ერთი ნაშრომის თანახმად, მასში ჩადებულია მუდმივობისა და საიმედოობის მნიშვნელობებიც. „მეტყველება, რომელიც მსგავსი თავისებურებით გამოირჩევა, სამარადისოდ დარჩება, რადგან დადასტურდება, რომ ის სანდოა განსხვავებით იმ მატყუარა ენისაგან. . . რომელიც წამიერად გატყუებს ადამიანს, მაგრამ გამოცდას ვერ უძლებს“, — აღნიშნავს იგივე ნაშრომი.

„ცბიერებაა ბოროტის განმზრახველთა გულში, — ამბობს ბრძენი მეფე, — მშვიდობის მრჩეველთ კი სიხარული აქვთ“. შემდეგ კი დასძენს: „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს, უკეთურნი კი უბედურებით გაივსებიან“ (იგავები 12:20, 21).

ბოროტის განმზრახველთ სხვებისთვის მხოლოდ ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ. მშვიდობის მრჩეველნი კი სწორად მოქმედებისგან კმაყოფილებას იმკიან. თავიანთი ქმედების კარგი შედეგების ხილვა მათ სიხარულსაც ანიჭებს. უმნიშვნელოვანესი კი ის არის, რომ ღმერთს მოსწონს ასეთი საქციელი, რადგან „ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ჭეშმარიტებით მოქმედნი კი მისთვის სასურველია“ (იგავები 12:22).

‘საუბარი, რომელშიც ცოდნა დაფარულია’

ისრაელის მეფე დაფიქრებით და დაუფიქრებლად მოლაპარაკე ადამიანებს შორის არსებულ კიდევ ერთ სხვაობას აღწერს: „გონიერი ადამიანი ფარავს ცოდნას, რეგვენთა გული კი სისულელეს აცხადებს“ (იგავები 12:23).

გონიერმა, შორსმჭვრეტელმა ადამიანმა იცის, როდის ილაპარაკოს და როდის — არა. ის ფარავს თავის ცოდნას ანუ თავს იკავებს სხვებზე ეფექტის მოსახდენად ყველას წინაშე თავისი ცოდნის დემონსტრირებისგან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცოდნემ ყოველთვის უნდა დამალოს თავისი ცოდნა. არა, ის გამჭრიახობას ავლენს და ფიქრობს იმაზე, როდის გამოავლინოს იგი და როდის — არა. მისგან განსხვავებით, უგუნურს ენა წინ უსწრებს, რითაც თავის უმეცრებას ყველასთვის ცხადს ხდის. ამიტომაც, მოდი ნუ ვიქნებით მოლაყბენი და თავი შევიკავოთ ტრაბახისგან.

სოლომონი განაგრძობს განმასხვავებელი ნიშნების აღწერას და ბეჯითსა და ზარმაცს შორის მკვეთრ სხვაობას აკეთებს. ის ამბობს: «ბეჯითი ხელი იბატონებს, ზარმაცი კი ხარკად [„იძულებით მომუშავედ“, აქ] იქცევა» (იგავები 12:24). გულმოდგინედ მუშაობას წარმატება და ფინანსური დამოუკიდებლობა მოჰყვება, სიზარმაცეს კი იძულებით მომუშავედ და მონად გახდომა. „გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, — აღნიშნავს ერთი სწავლული, — ზარმაცი ბეჯითის მონა ხდება“.

‘სიტყვა, რომელიც კაცს ახარებს’

მეფე სოლომონი კვლავ ენის გამოყენების საკითხს უბრუნდება და ადამიანის ბუნებაზე ყურადღებით დაკვირვების შედეგს გვიზიარებს. „გულში დარდი კაცს დათრგუნავს, — ამბობს ის, — კეთილი სიტყვა კი გაახარებს“ (იგავები 12:25).

მრავალგვარი დარდი და საზრუნავი ადამიანს გულს უმძიმებს და ამწუხრებს. ასეთ მდგომარეობაში მყოფთ დარდი რომ შეუმსუბუქდეთ და გაიხარონ, ჰაერივით სჭირდებათ გამამხნევებელი და თბილი სიტყვის მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელსაც ესმის მათი. საიდან შეუძლიათ სხვებს, გაიგონ, რამდენად ძლიერია ჩვენს გულში დაბუდებული დარდი, თუ ვინმეს გულს არ გადავუშლით? დიახ, როდესაც რაღაც გვაწუხებს ან დეპრესიაში ვართ, მდგომარეობის შესამსუბუქებლად გვჭირდება, მივენდოთ ისეთ თანამგრძნობ ადამიანს, რომელსაც დახმარების აღმოჩენა შეუძლია. გარდა ამისა, ჩვენი გრძნობების სიტყვებით გამოხატვა გარკვეულწილად გულისტკივილს გვიმსუბუქებს. ამიტომ, კარგი იქნებოდა მეუღლისთვის, მშობლისთვის ან თანამგრძნობი და სულიერად მოწიფული მეგობრისთვის გადაგვეშალა გული.

სხვაგან სად შეგვიძლია იმაზე გამამხნევებელი სიტყვების პოვნა, ვიდრე ბიბლიაშია მოცემული? ამიტომაც, საჭიროა ვიფიქროთ ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვაზე და დავუახლოვდეთ ღმერთს. ამგვარად მოქმედება ნამდვილად გაგვიხალისებს დამწუხრებულ გულს და გაგვისხივოსნებს შუქჩამქრალ თვალებს. ფსალმუნმომღერალიც ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას: „რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააგონიერებს მიამიტებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს“ (ფსალმუნები 18:8, 9).

გზა, რომელიც კურთხევებამდე მიგვიყვანს

ისრაელის მეფე ერთმანეთთან აპირისპირებს მართალთა და უკეთურთა გზას და ამბობს: „მართალი გულდასმით ათვალიერებს თავისთვის საძოვარს, უკეთურთა გზა კი უგზო–უკვლოდ ახეტიალებს მათ“ (იგავები 12:26, აქ). მართალი სიფრთხილეს ავლენს „საძოვრის“ — ამხანაგებისა და მეგობრების — არჩევაში. ის გონივრულად უდგება ამ საკითხს და ცდილობს, რომ მოერიდოს ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც სახიფათოა. უკეთური კი სხვაგვარად იქცევა. ის არ იღებს რჩევას და ჯიუტად თავისი შეხედულებისამებრ იქცევა. შეცდომაში შესული უკეთური „უგზო–უკვლოდ“ ანუ უთავბოლოდ ცხოვრობს.

შემდეგ მეფე სოლომონი განსხვავებას აკეთებს სიზარმაცესა და სიბეჯითეს შორის, ოღონდ ამჯერად სხვა კუთხით აშუქებს ამ თვისებებს. „სიზარმაცე ვერ მოიპოვებს ნანადირევს, — ამბობს ის, — ადამიანის ყველაზე დიდი ქონება სიბეჯითეა“ (იგავები 12:27). ზარმაცი ვერ „მოიპოვებს“ ანუ, როგორც „ახალი საერთაშორისო თარგმანი“ აღნიშნავს, „ვერ შეწვავს“ თავის ნანადირევს (New International Version). დიახ, ის იწყებს საქმეს და ბოლომდე ვერ მიჰყავს იგი. სიბეჯითე კი დიდ ქონებასთან არის გაიგივებული.

სიზარმაცე იმდენად საზიანოა, რომ მოციქულმა პავლემ აუცილებლად ჩათვალა, წერილი მიეწერა თესალონიკელი თანამორწმუნეებისთვის და რჩევა მიეცა იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც „წესრიგს არღვევდნენ“, საერთოდ არ მუშაობდნენ და იმაში, რაც არ ეხებოდათ, ცხვირს ყოფდნენ. ასეთები სხვებს ტვირთად აწვნენ. ამიტომ პავლემ შეაგონა, რომ ‘წყნარად ემუშავათ და საკუთარი შრომით მოპოვებული პური ეჭამათ’. კრების სხვა წევრები კი გააფრთხილა, რომ ის, ვინც ამ უშუალო მითითებას არ შეასრულებდა, ‘ჩამოეშორებინათ‘ ანუ მათთან ახლო ურთიერთობას მორიდებოდნენ (2 თესალონიკელთა 3:6—12).

ჩვენ კი ყურად უნდა ვიღოთ სოლომონის მიერ მოცემული რჩევები, რომლებიც არა მარტო მუყაითობას ეხება, არამედ ენის სათანადოდ გამოყენებასაც. ამიტომ, ვეცადოთ, ეს პატარა ორგანო სხვების განსაკურნებლად და გასახარებლად გამოვიყენოთ. მოვერიდოთ ბაგეებით ცოდვის ჩადენას და ვიაროთ სიმართლის გზით. „სიმართლის გზაზე სიცოცხლეა, — გვარწმუნებს სოლომონი, — და მისი სავალი უკვდავებაა“ (იგავები 12:28, სსგ).

[სურათები 27 გვერდზე]

„ბრძენი. . . რჩევას უსმენს“.

[სურათები 28 გვერდზე]

„ბრძენთა ენა... კურნებაა“.

[სურათი 29 გვერდზე]

სანდო მეგობრისთვის გულის გადაშლა გულისტკივილს შეგვიმსუბუქებს.

[სურათი 30 გვერდზე]

ღვთის სიტყვაზე დაფიქრებას ადამიანისთვის სიხარული მოაქვს.