არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები?

როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები?

როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები?

„მოისმენს ბრძენი და შეიმატებს სწავლას“, — თქვა ძველი ისრაელის ბრძენმა მეფემ. უმეტესობა ჩვენგანმა ამა თუ იმ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ სხვების რჩევას ყური არ ათხოვა (იგავები 1:5).

სოლომონის ეს სიტყვები მის მიერვე წარმოთქმულ სხვა „სამი ათას იგავთან“ ერთად ჩაიწერა ბიბლიაში (3 მეფეთა 4:32). მოგვიტანს სარგებლობას ამ ბრძნული გამონათქვამების ცოდნა და გამოყენება? დიახ. მათი დახმარებით შესაძლებელია ‘სიბრძნისა და შეგონების გაგება, გონიერი ნათქვამების შეგნება. ჭკუის, სიმართლის, სამართლისა და სიწრფელის შეგონების მიღება’ (იგავები 1:2, 3, სსგ). განვიხილოთ ხუთი ბიბლიური პრინციპი, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.

მხედველობაში მიიღეთ შედეგები, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოიმკით

ზოგ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ამიტომ ეცადეთ წინასწარ გაითვალისწინოთ ისინი. ფრთხილად იყავით, რომ თვალი არ აგიხვიოთ მოკლევადიანმა სარგებლობამ და ვერ დაინახოთ ის არასასურველი შედეგები, რომლებიც მიღებულ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოჰყვება. „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“, — გვაფრთხილებს იგავების 22:3 (სსგ).

კარგი იქნებოდა ფურცელზე ჩამოგეწერათ, რა შედეგები მოჰყვებოდა თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ახლო და შორეულ მომავალში. სამსახურის არჩევისას ახლო მომავლის შედეგი იქნება კარგი ხელფასი და სასიამოვნო სამუშაო. შედარებით შორეული მომავლის გათვალისწინებისას კი მხედველობაში ხომ არ მიიღებდით, პერსპექტიულია თუ არა ეს სამუშაო? ბოლოს და ბოლოს მის გამო სხვაგან გადასვლა და, შესაბამისად, მეგობრებისა და ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება ხომ არ დაგჭირდებათ? შეიძლება არაჯანსაღ გარემოში მოხვდეთ ან სამუშაო თქვენთვის იმდენად უინტერესო აღმოჩნდეს, რომ ძალიან უკმაყოფილო დარჩეთ. კარგად აწონ–დაწონეთ სამსახურის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ, რას მიანიჭოთ უპირატესობა.

ნურც იჩქარებთ და არც გააჭიანუროთ

ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება არაგონივრული აღმოჩნდეს. იგავების 21:5 (აქ) გვაფრთხილებს: „მუყაითის გეგმებს სარგებლობა მოაქვს, ხოლო მოჩქარე სიდუხჭირისკენ მიემართება“. შეყვარებულმა მოზარდებმა არ უნდა იჩქარონ ოჯახის შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავზე გამოცდიან XVIII საუკუნის ინგლისელი დრამატურგის, უილიამ კონგრივის, სიტყვების ჭეშმარიტებას: „ნაჩქარევად თუ დავქორწინდებით, შემდეგ სანანებლად საკმაო დრო გვექნება“.

არ უნდა ავჩქარდეთ, არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება უნდა გავაჭიანუროთ. ზოგი გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, რაც შეიძლება ჩქარა უნდა მივიღოთ იგი. გაჭიანურება შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს ან ჩვენ, ან სხვას. გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება შეიძლება უკვე იყოს გადაწყვეტილება და თანაც არაგონივრული.

რჩევას ნუ უგულებელყოფთ

არ არსებობს ორი აბსოლუტურად ერთნაირი მდგომარეობა. ამიტომ, შეუძლებელია მსგავსი პრობლემა ორმა ადამიანმა ერთნაირად გადაჭრას. მიუხედავად ამისა, კარგი იქნებოდა მოგესმინათ მათთვის, ვინც ერთ დროს დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორ მდგომარეობაშიც ახლა თქვენ იმყოფებით. ჰკითხეთ, რა შეფასებას მისცემდნენ ისინი ახლა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ დროს მიიღეს. მაგალითად, ამა თუ იმ პროფესიის არჩევისას ან საქმიანობის წამოწყებისას. თავიდან დაეკითხეთ ისეთ ვინმეს, ვინც მსგავს საქმიანობას ეწევა; გაიგეთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს აღნიშნულ საქმეს. ჰკითხეთ, რა სარგებლობა მოუტანა მათ თავიანთმა არჩევანმა და, მეორე მხრივ, რას ისურვებდნენ, რომ უკეთესად ყოფილიყო ან რა პოტენციური საშიშროება იმალება ამ საქმეში.

„რჩევის გარეშე ჩაიშლება განზრახვანი, — გვაფრთხილებს სოლომონი, — ბევრი მრჩევლისას კი შესრულდება“ (იგავები 15:22). ცხადია, სხვებს რჩევას ვეკითხებით და მათ გამოცდილებას ვიგებთ, მაგრამ კარგად გვესმის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პირადად უნდა მივიღოთ და ამ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობაც ჩვენ დაგვეკისრება (გალატელთა 6:4, 5).

ყური უგდეთ განსწავლული სინდისის ხმას

სინდისი დაგვეხმარება იმ ძირითადი პრინციპების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, რის თანახმად ცხოვრებაც ვარჩიეთ. ქრისტიანისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი სინდისი ღვთის აზრების შესაბამისად უნდა გაწვრთნას (რომაელთა 2:14, 15). ღვთის სიტყვა გვეუბნება: „ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი [ღმერთი] და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:6). ცხადია, ამა თუ იმ საკითხში ორი ადამიანი, რომელთაც კარგად განსწავლული სინდისი აქვთ, შეიძლება სრულიად განსხვავებულ დასკვნამდე მივიდეს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც სრულიად განსხვავებული მიიღონ.

კარგად განსწავლული სინდისი ადამიანს უკარნახებს, რომ ამგვარი თავისუფალი არჩევანი სრულიად გამოირიცხება მაშინ, როდესაც საქმე ისეთ რამეს ეხება, რასაც ღვთის სიტყვა პირდაპირ განსჯის. მაგალითად, სინდისი, რომელიც ბიბლიური პრინციპებით არ არის განსწავლული, შეიძლება წყვილს იმის უფლებას აძლევდეს, რომ დაქორწინებამდე ერთად იცხოვრონ, რათა განსაზღვრონ, ეწყობიან თუ არა ერთმანეთს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს და ამგვარი მოქმედებით ოჯახის დაუფიქრებლად და ნაჩქარევად შექმნისგან იცავენ თავს. მათ, შესაძლოა, სინდისი არ განსჯის, მაგრამ ნებისმიერი, ვინც სექსსა და ქორწინებასთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისს იზიარებს, ამგვარი მცდელობისა და ამორალობის წინააღმდეგი იქნება (1 კორინთელთა 6:18; 7:1, 2; ებრაელთა 13:4).

როგორ მოქმედებს თქვენი გადაწყვეტილება სხვებზე

ხშირად თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვებზეც ახდენს გავლენას. ამიტომ, შეგნებულად არასოდეს მიიღოთ არაგონივრული ან ბრიყვული გადაწყვეტილება, რომელიც მეგობრებთან და ნათესავებთან და, რაც ყველაფერზე უარესია, ღმერთთან ურთიერთობაზე იმოქმედებს უარყოფითად. იგავების 10:1–ში ნათქვამია: „ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი შვილი კი დედამისის დარდია“.

მეორე მხრივ, ზოგჯერ აუცილებელია ისეთი არჩევნის გაკეთება, რომელსაც ახლობლებთან ურთიერთობები ეწირება. ვთქვათ, გადაწყვიტეთ, უარი თქვათ ადრინდელ არაბიბლიურ რელიგიურ შეხედულებებზე; ან არჩიეთ, რადიკალურად შეიცვალოთ, რადგან თქვენი ცხოვრების წესი ღვთის მითითებებს არ შეესაბამება, თქვენ კი ღვთისმოსაწონად ცხოვრება გსურთ. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება არ მოეწონოს ზოგიერთ თქვენს მეგობარსა და ნათესავს, მაგრამ გახსოვდეთ, ნებისმიერი ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილება გონივრულია.

გამოავლინეთ გონიერება უდიდესი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღებისას

მთლიანობაში ადამიანებს არ ესმით, რომ დღეს უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც მათი სიკვდილ–სიცოცხლის საკითხს ეხება. მსგავს მდგომარეობაში იყვნენ ძველ დროში მცხოვრები, ძვ. წ. 1473 წელს აღთქმული ქვეყნის საზღვართან მყოფი, ებრაელებიც. მოსემ, რომელიც მათ ღვთის სიტყვას გადასცემდა, ისრაელებს უთხრა: „სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას. რადგან იგია შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელობა, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს — აბრაამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად“ (მეორე რჯული 30:19, 20).

ბიბლიური წინასწარმეტყველება და ქრონოლოგია ცხადყოფს, რომ ‘საზარელ ჟამში’ ვცხოვრობთ და „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“ (2 ტიმოთე 3:1; 1 კორინთელთა 7:31, აქ). ნაწინასწარმეტყველები მოვლენები გახრწნილ ადამიანთა სისტემის განადგურებით დასრულდება. მას ღვთის სამართლიანი ახალი ქვეყნიერება შეცვლის.

ახალი ქვეყნიერება ძალიან მალე დადგება. გაიხარებთ თქვენც მარადიული სიცოცხლით დედამიწაზე, რომელსაც მმართველობას ღვთის სამეფო გაუწევს? თუ სატანის სისტემასთან ერთად განადგურდებით? (ფსალმუნები 36:9—11; იგავები 2:21,  22). თქვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას აირჩევთ. ამ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე თქვენი სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია დამოკიდებული. მიიღებთ სხვებისგან დახმარებას სწორი, გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად?

მარადიულად ცხოვრების მსურველთათვის უპირველესად ღვთის მოთხოვნებთან გაცნობაა საჭირო. ეკლესიები უმეტესწილად ხალხს ამ მოთხოვნებს ზუსტად არ გადასცემენ. რელიგიურ წინამძღოლებს ხშირად შეცდომაში შეჰყავთ ხალხი. ისინი მათ ცრუ სწავლებებისადმი რწმენას უნერგავენ და აკეთებინებენ იმას, რაც ღმერთს არ მოსწონს. ისინი არ ეუბნებიან ხალხს, რომ საჭიროა თითოეულმა მიიღოს გადაწყვეტილება, ემსახუროს ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ამიტომაც მრავალი არ ემსახურება ღმერთს ამგვარად. იესომ კი თქვა: „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს“ (მათე 12:30).

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ეხმარებიან ხალხს, უკეთესად გაეცნონ ღვთის სიტყვას. ისინი თითოეულ დაინტერესებულთან ან დაინტერესებულებთან, მათთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილზე, რეგულარულად მართავენ ბიბლიურ საუბრებს. მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადგილობრივ მოწმეებს ან მისწერონ „საგუშაგო კოშკის“ გამომცემლებს.

რა თქმა უნდა, ზოგიერთმა ძირითადად იცის, რას მოითხოვს ღმერთი. ისინი დარწმუნებულებიც არიან, რომ ბიბლია ჭეშმარიტი და სანდო წიგნია. მიუხედავად ამისა, მრავალ მათგანს ჯერ არ გადაუწყვეტია, თავი ღმერთს მიუძღვნას. რატომ? შესაძლოა, რამდენიმე მიზეზის გამო.

შეიძლება მათ ბოლომდე არ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარად მოქმედება. იესომ პირდაპირ თქვა: „ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება–სურვილს“ (მათე 7:21). მხოლოდ ბიბლიური შემეცნების დაუფლება საკმარისი არ არის; საჭიროა მოქმედება. ამასთან დაკავშირებით მაგალითი მოგვცა პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრებამ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფეველსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც“ (საქმეები 2:41; 8:12). ამგვარად, თუ ადამიანი ღვთის სიტყვას მთელი გულით იღებს, თუ სწამს ყველაფერი, რაც მასშია ნათქვამი და ცხოვრება ღვთის ნორმების შესაბამისად აქვს მოწესრიგებული, რამ უნდა შეაკავოს ის ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მონათვლისგან? (საქმეები 8:34—38). ცხადია, მის მიერ გადადგმული ნაბიჯი ღმერთმა რომ მოიწონოს, საჭიროა, მან ეს ნებაყოფლობით და სიხარულით გააკეთოს (2 კორინთელთა 9:7).

არიან ისეთებიც, რომლებიც ღვთისთვის ცხოვრების მიძღვნისგან თავს იკავებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ამისათვის საკმარისი ცოდნა არა აქვთ. მაგრამ ყველას, ვინც კი ცხოვრებაში ახალ რამეს იწყებს, თავიდან ხომ არც ისე დიდი ცოდნა აქვს. რომელი პროფესიონალი იტყვის, რომ კარიერის დასაწყისშიც ისეთივე ცოდნა ჰქონდა, როგორიც ახლა აქვს? ადამიანმა ღმერთს რომ თავი მიუძღვნას, ამისათვის მხოლოდ ძირითადი ბიბლიური სწავლებებისა და პრინციპების ცოდნა და შესაბამისად ცხოვრების გულწრფელი სურვილია საჭირო.

ზოგიერთიც იმის გამო აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, რომ ეშინია და ეჭვი ეპარება, შეძლებს თუ არა შესაბამისად ცხოვრებას. გარკვეული შიში ცხოვრებაში ნებისმიერი ვალდებულების აღებას ახლავს თან. მამაკაცი, რომელიც დაოჯახებას აპირებს, შეიძლება გარკვეულ შიშს გრძნობდეს და ფიქრობდეს, შეძლებს თუ არა ამის სათანადოდ გაკეთებას; კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა კი იმის სტიმულს აძლევს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ახალგაზრდასაც, რომელსაც მართვის მოწმობა ახალი მიღებული აქვს, შეიძლება ეშინოდეს, ავარიაში არ მოყვეს; ეს შიში განსაკუთრებით ძლიერია მაშინ, თუ ის გაცნობილია სტატისტიკურ მონაცემებს იმის თაობაზე, რომ ავარიები უფრო ახალბედებს მოსდით, ვიდრე უფრო გამოცდილებს. მეორე მხრივ, ეს ცოდნა შეიძლება სასარგებლოც კი იყოს, რადგან ამგვარად გათვითცნობიერებული მძღოლი მართვისას უფრო ფრთხილად იქნება. შიშის გამო მართვის მოწმობის მიღებაზე უარის თქმა ნამდვილად არ არის გამოსავალი.

მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იცოცხლოთ!

ბიბლია ცხადყოფს, რომ დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და გლობალური რელიგიური სისტემები მათ მხარდამჭერებთან ერთად მალე განადგურდება. მაგრამ გადარჩებიან ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება, რომ იცოცხლონ, და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებენ. ისინი იქნებიან იმ ახალი საზოგადოების ბირთვი, რომელიც დედამიწას, ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესაბამისად, სამოთხედ აქცევს. მიიღებთ თქვენ, ღვთის ხელმძღვანელობით, ამ საქმიანობაში მონაწილეობას?

თუ დიახ, მიიღეთ გადაწყვეტილება, შეისწავლოთ ღვთის სიტყვა. გადაწყვიტეთ, რომ გაეცნოთ ღვთის მოთხოვნებს, რათა ღმერთს ასიამოვნოთ. გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად იცხოვროთ და, რაც ყველაზე მთავარია, ბოლომდე ამ გადაწყვეტილებაზე იდგეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იცოცხლოთ!

[სურათები 4 გვერდზე]

სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას არც აჩქარება ვარგა და არც გაჭიანურება.

[სურათი 5 გვერდზე]

სამსახურის შერჩევისას ყურად იღეთ სხვების რჩევები.

[სურათები 7 გვერდზე]

ისინი, ვინც დღეს იღებს გადაწყვეტილებას, ღმერთს ემსახუროს, დედამიწის სამოთხედ ქცევაში მიიღებენ მონაწილეობას.