არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაურთეთ ცოდნას თავშეკავება

დაურთეთ ცოდნას თავშეკავება

დაურთეთ ცოდნას თავშეკავება

‘დაურთეთ ცოდნას თავშეკავება’ (2 პეტრე 1:5—8, აქ).

1. რა არის კაცობრიობის მრავალი პრობლემის მიზეზი?

ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული კამპანიისას ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდობას მოუწოდებდნენ: „უბრალოდ, თქვით არა“. რამდენად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა მსოფლიოში, ყველას რომ უარი ეთქვა არა მხოლოდ ნარკოტიკების, არამედ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაზე, უზნეო ცხოვრებაზე, საქმიან გარიგებებში უკანონობასა თუ „ხორცის სურვილებზე“ (რომაელთა 13:14, აქ). მაგრამ ვინ იტყვის, რომ უარის თქმა ყოველთვის ადვილია?

2. ა) რომელი ბიბლიური მაგალითები გვიჩვენებს, რომ საკუთარი თავისთვის უარის თქმა მხოლოდ ჩვენი თანამედროვეობის პრობლემა არ არის? ბ) რისკენ უნდა აღგვძრას ამ მაგალითებმა?

2 ფაქტია, რომ თავშეკავების გამოვლენა ყველა არასრულყოფილ ადამიანს უჭირს. ამიტომაც, სურვილი უნდა გვქონდეს ვისწავლოთ, როგორ გავიმარჯვოთ საკუთარ თავთან ბრძოლაში. ბიბლია მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც სულითა და გულით ცდილობდნენ ღვთისადმი მსახურებას, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი თავისთვის „არა“-ს თქმა ძალიან უჭირდათ. გავიხსენოთ დავითი, რომელმაც ბათშებაყთან მრუშობით ცოდვა ჩაიდინა. ეს ცოდვა ორი უდანაშაულო ადამიანის — მრუშობით ჩასახული ბავშვისა და ბათშებაყის ქმრის — სიკვდილის მიზეზი გახდა (2 მეფეთა 11:1—27; 12:15—18). აგრეთვე გავიხსენოთ პავლე მოციქული, რომელმაც აღიარა: „არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“ (რომაელთა 7:19). გიგრძნიათ ოდესმე ასეთი რამ? პავლემ განაგრძო: „შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?“ (რომაელთა 7:22—24). ბიბლიურმა მაგალითებმა უფრო მეტად უნდა განგვიმტკიცოს გადაწყვეტილება, რომ სისუსტეების წინააღმდეგ ბრძოლა არ მივატოვოთ და მეტი თავშეკავების გამოვლენას შევეცადოთ.

ვისწავლოთ თავშეკავების გამოვლენა

3. ახსენით, თუ რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ თავშეკავების გამოვლენა გაგვიადვილდება.

3 თავშეკავება, რომელიც „არა“-ს თქმის უნარსაც მოიცავს, მე-2 პეტრეს 1:5—7-ში (აქ) მოხსენიებულია რწმენასთან, ზნეობასთან, ცოდნასთან, მოთმინებასთან, ღვთისადმი ერთგულებასთან, ძმათმოყვარეობასა და სიყვარულთან ერთად. ამ სასურველი თვისებებიდან არც ერთი არ არის სავსებით თანდაყოლილი. აუცილებელია თითოეული მათგანის განვითარება. ამ დადებითი თვისებების სათანადოდ გამოსავლენად საჭიროა ძლიერი სურვილი და ძალისხმევა. მაშ, განა უნდა მოველოდეთ, რომ თავშეკავების გამოვლენა უფრო ადვილი იქნება?

4. რატომ ჰგონია ბევრს, რომ თავშეკავებასთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვთ და რაზე მეტყველებს ეს?

4 მილიონობით ადამიანს ჰგონია, რომ თავშეკავებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არა აქვთ. ისინი ცხოვრებაში რასაც მოისურვებენ, იმას აკეთებენ და, ნებით თუ უნებლიეთ, საკუთარი არასრულყოფილი ხორცის კარნახით მოქმედებენ. ამ დროს არც კი უფიქრდებიან, რას მოუტანს ეს როგორც თავად მათ, ისე სხვებს (იუდა 10). დღეს ადამიანებს უფრო უჭირთ და უფრო ნაკლები სურვილი აქვთ, თავშეკავება გამოავლინონ, ვიდრე ოდესმე. ეს სწორედ იმაზე მოწმობს, რომ ნამდვილად „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ, რომელთა შესახებაც პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი . . . შეუკავებელნი“ (2 ტიმოთე 3:1—3).

5. რატომ აქცევენ იეჰოვას მოწმეები ყურადღებას თავშეკავებას და რომელი რჩევაა დროული?

5 იეჰოვას მოწმეებს კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია თავშეკავება და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ამ თვისების გამოვლენა. პავლე მოციქულის მსგავსად, მათთვის ცნობილია, რომ ჩვენში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს — ერთი მხრივ, ღვთისმოსაწონად ცხოვრების სურვილი გვაქვს, მეორე მხრივ კი, არასრულყოფილი სხეული სრულიად სხვაგვარი ცხოვრებისკენ გვიბიძგებს. ამიტომაც, იეჰოვას მოწმეებს დიდი ხანია აფიქრებთ ის, თუ როგორ გაიმარჯვონ ამ ბრძოლაში. ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“, ჯერ კიდევ 1916 წელს იყო ლაპარაკი იმაზე, თუ „რა არის საჭირო საკუთარი ფიქრების, ენისა და საქციელის გასაკონტროლებლად“. ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ ამაში ფილიპელთა 4:8-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება. ბიბლიაში ეს რჩევა ღვთის შთაგონებით დაახლოებით 2000 წლის წინათ ჩაიწერა, მაგრამ ის დღესაც დროულია და მისი გამოყენება ჩვენს დროში უფრო რთულია, ვიდრე მაშინ ან თუნდაც 1916 წელს იყო. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები ყოველმხრივ ცდილობენ, უარყონ წუთისოფლისეული სურვილები, რათა არ უგულებელყონ თავიანთი შემოქმედი.

6. რატომ არ უნდა გავიტეხოთ გული, თუ თავშეკავების გამომუშავება გვიჭირს?

6 გალატელთა 5:22, 23-ის (აქ) მიხედვით, თავშეკავება „სულის ნაყოფის“ შემადგენელი ნაწილია. ამ თვისების ‘სიყვარულთან, სიხარულთან, მშვიდობასთან, სულგრძელობასთან, სიკეთესთან, სიკარგესთან, რწმენასთან და რბილ ხასიათთან’ ერთად გამოვლენა ჩვენთვის დიდი სარგებლობის მომტანი იქნება. ასეთ შემთხვევაში, როგორც პეტრე მოციქულმა დაწერა, არ დავრჩებით „უქმად და უნაყოფოდ“ ღვთისადმი მსახურებაში (2 პეტრე 1:8). მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ და საკუთარი თავი არ უნდა განვსაჯოთ, თუ ამ თვისებებს იმდენად სწრაფად ვერ ვანვითარებთ, როგორც ვისურვებდით. ყველამ ვიცით, რომ სკოლაში ზოგი მოსწავლე სხვებზე სწრაფად ითვისებს ახალ მასალას. სამსახურშიც ვინმე შეიძლება თანამშრომლებზე მალე სწავლობს ახალი სამუშაოს შესრულებას. მსგავსად ამისა, ქრისტიანული თვისებების გამოვლენასაც ზოგი სწრაფად სწავლობს, ზოგი კი — შედარებით ნელა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეძლებისდაგვარად განვაგრძოთ ღვთისთვის მოსაწონი თვისებების დახვეწა. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ არ უგულებელვყოფთ დახმარებას, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვისა და კრების მეშვეობით გვიწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ დასახული მიზნის მიღწევის ტემპზე მნიშვნელოვანი მიზანმიმართული მცდელობაა.

7. რა ცხადყოფს, რომ თავშეკავება მნიშვნელოვანი თვისებაა?

7 მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავება სულიწმიდის დახმარებით გამოსამუშავებელ თვისებებს შორის ბოლო ადგილზეა მოხსენიებული, სულაც არ უნდა ჩავთვალოთ ნაკლებად მნიშვნელოვნად. პირიქით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორცის ნებისმიერ საქმეს მოვერიდებოდით, თავშეკავების სრულყოფილად გამოვლენა რომ შეგვძლებოდა. არასრულყოფილ ადამიანს ზოგჯერ სძლევს „ხორცის საქმეები . . . სიძვა, უწმიდურება, და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა“ (გალატელთა 5:19, 20). ამიტომაც, განუწყვეტლივ გვიწევს ბრძოლა, რათა შევძლოთ საკუთარი გულიდან და გონებიდან უარყოფითი მიდრეკილებების აღმოფხვრა.

ზოგს განსაკუთრებით მძიმე ბრძოლა უწევს

8. რატომ არის თავშეკავების გამოვლენა ზოგისთვის განსაკუთრებით ძნელი?

8 ზოგიერთ ქრისტიანს უფრო მეტად უჭირს თავშეკავების გამოვლენა, ვიდრე სხვებს. რატომ? მიზეზი, შესაძლოა, მათი აღზრდა ან წარსული იყოს. სასიხარულოა, თუ თავშეკავების გამომუშავება და გამოვლენა არ გვეძნელება. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა თანავუგრძნოთ და გავუგოთ მათ, ვისაც თავშეკავების გამოვლენა უფრო უჭირს, თუნდაც მათი თავშეუკავებლობა გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდეს. თუ მხედველობაში მივიღებთ საკუთარ არასრულყოფილებას, განა რომელიმე ჩვენგანს გვაქვს იმის საფუძველი, რომ თავი სხვაზე უკეთესად მივიჩნიოთ? (რომაელთა 3:23; ეფესელთა 4:2).

9. რა სისუსტეებთან უწევს ზოგიერთს ბრძოლა და როდის გახდება შესაძლებელი მათი სრულად დაძლევა?

9 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითები: შესაძლოა გვსმენია, რომ ზოგიერთ ქრისტიანს, რომელმაც სიგარეტის წევა ან ნარკოტიკების გამოყენება მიატოვა, დროდადრო კვლავაც უჩნდება მოწევის ან ნარკოტიკების მიღების ძლიერი სურვილი. ზოგი უზომოდ ჭამს ან თავს ვერ აკონტროლებს, რომ ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ ზომიერად მიიღოს. სხვებს ენის ალაგმვა უჭირთ, რის გამოც სიტყვიერად ხშირად სცოდავენ. ასეთ პრობლემასთან გასამკლავებლად და თავშეკავების გამოსამუშავებლად დიდი მონდომებაა საჭირო. რატომ? იაკობის 3:2-ში მართებულადაა აღნიშნული: „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“. ზოგს აზარტული თამაშები იზიდავს. ზოგი საკმაოდ იმპულსურია. ამ და სხვა მსგავსი სისუსტეების დასაძლევად დროა საჭირო. ბევრი რამის გამოსწორება დღესვე შეგვიძლია, მაგრამ არასწორ სურვილებს სამუდამოდ მხოლოდ მაშინ მოვიშორებთ, როცა სრულყოფილებას მივაღწევთ. მანამდე კი თავშეკავების გამოვლენა დაგვეხმარება, რომ კვლავ არ დავუბრუნდეთ ცოდვილ ცხოვრებას. მაშ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, რათა არ მოვდუნდეთ, ვიდრე ბრძოლაში ვართ ჩაბმულები (საქმეები 14:21, 22).

10. ა) რატომ არის ზოგისთვის განსაკუთრებით ძნელი სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით თავშეკავების გამოვლენა? ბ) რა მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა ერთმა ძმამ? (იხილეთ გვერდი 16).

10 კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ზოგს თავშეკავების გამოვლენა უჭირს, სქესობრივ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. იეჰოვამ ადამიანი ისე შექმნა, რომ სქესობრივი ლტოლვა მისთვის სრულიად ბუნებრივია. პრობლემა ისაა, რომ ზოგს უჭირს სქესობრივი ურთიერთობები ღვთის ნორმებს დაუქვემდებაროს. მდგომარეობას შეიძლება უფრო მეტად ართულებდეს პიროვნების ტემპერამენტიანობა. ჩვენ ვცხოვრობთ სექსზე გაგიჟებულ წუთისოფელში, რომელიც ადამიანებს მრავალმხრივ აღუძრავს ვნებებს. ამან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ქრისტიანებს, რომლებიც თავს იკავებენ დაქორწინებისგან — შესაძლოა, გარკვეული პერიოდით, რათა ღმერთს დაუბრკოლებლად ემსახურონ (1 კორინთელთა 7:32, 33, 37, 38). ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რომ „უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ“, მათ შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტონ, რაც სრულიად ნორმალურია. ბიბლიური რჩევის მიხედვით, ისინი მხოლოდ „უფალში“ ქორწინდებიან (1 კორინთელთა 7:9, 39). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა ხარობს, როდესაც ისინი ცხოვრებაში ბიბლიურ პრინციპებს იყენებენ. თანამორწმუნეთათვისაც სასიხარულოა, რომ გაერთიანებულნი არიან ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებთან, რომლებიც მაღალზნეობრივ ნორმებს იცავენ და ერთგულებას ინარჩუნებენ.

11. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ძმას ან დას, რომელსაც დაქორწინება სურს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ეძლევა?

11 ზოგჯერ ქრისტიანი ცხოვრების შესაფერის თანამგზავრს ვერ პოულობს. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება გაუტყდეს გული ადამიანს, რომელსაც სურს დაქორწინება, მაგრამ ვერ ახერხებს! მისი მეგობრები შესაძლოა ქორწინდებიან და ბედნიერები არიან, მას კი შესაფერისი მეგზური ვერ უპოვია. ასეთ დროს ზოგიერთისთვის არაწმინდა ჩვევა, მასტურბაცია, ხდება დაუძლეველი პრობლემა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შემთხვევით გული არ გავუტეხოთ თანაქრისტიანებს, რომლებიც სიწმინდის შენარჩუნებას ცდილობენ. შეიძლება უნებლიეთ თანამორწმუნის გულგატეხილობის მიზეზი გავხდეთ, თუ დაუფიქრებელ შეკითხვებს დავუსვამთ, მაგალითად ვკითხავთ: „ცოლი რატომ არ მოგყავს?“ ან „რატომ არ თხოვდები?“ ამას, ალბათ, ცუდი განზრახვით არ ვკითხავდით, მაგრამ რამდენად უკეთესი იქნებოდა, თავშეკავება გამოგვევლინა და ზედმეტი არაფერი გვეთქვა (ფსალმუნები 38:2). გულწრფელ შექებას იმსახურებენ ის დაუქორწინებელი ქრისტიანები, რომლებიც სიწმინდეს ინარჩუნებენ. მათ გული კი არ უნდა გავუტეხოთ, არამედ უნდა გავამხნევოთ. მაგალითად, დაქორწინებულ მოწიფულ ქრისტიანებს შეუძლიათ დაუქორწინებელი ქრისტიანებიც დაპატიჟონ, როდესაც სავახშმოდ თუ გამამხნევებელი ურთიერთობისთვის იკრიბებიან.

თავშეკავება ქორწინებაში

12. რატომ არის დაქორწინებულთათვისაც კი საჭირო გარკვეული თავშეკავების გამოვლენა?

12 ქორწინება თავისთავად არ გამორიცხავს სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით თავშეკავების გამოვლენის აუცილებლობას. მაგალითად, შესაძლოა ცოლ-ქმრის სქესობრივი მოთხოვნილებები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებოდეს; ან ერთ-ერთი მეუღლის ფიზიკური მდგომარეობა დროდადრო სირთულეებს იწვევდეს ინტიმურ ურთიერთობებში და შეუძლებელსაც კი ხდიდეს სქესობრივ ურთიერთობას. აგრეთვე შესაძლოა ერთ-ერთ მეუღლეს საკუთარი წარსულის გამო უჭირდეს ბიბლიური მითითების შესრულება: „ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს“. ასეთ შემთხვევებში საჭირო იქნება, მეორე მეუღლემ მეტი თავშეკავება გამოავლინოს, მაგრამ ორივე მეუღლეს უნდა ახსოვდეს პავლე მოციქულის მიერ სიყვარულით მოცემული რჩევა: „ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით“ (1 კორინთელთა 7:3, 5).

13. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ბრძოლა უწევს თავშეკავების გამოსავლენად?

13 რა ძალიან უნდა აფასებდეს ერთმანეთს ცოლ-ქმარი, თუ ორივემ ისწავლა თავშეკავების გამოვლენა ამ ყველაზე ინტიმურ ურთიერთობაში. ამავე დროს, ისინი გაგებით უნდა მოეკიდონ თანამორწმუნეებს, რომელთაც, ამ მხრივ, ჯერ კიდევ უჭირთ თავშეკავების გამოვლენა. არ უნდა დაგვავიწყდეს და-ძმებისთვის ლოცვა, რომ იეჰოვამ მისცეს მათ გამჭრიახობა, გამბედაობა და სიმტკიცე, რათა განაგრძონ ბრძოლა თავშეკავების გამოსავლენად და არასწორი სურვილების დასაძლევად (ფილიპელთა 4:6, 7).

განაგრძეთ ერთმანეთის დახმარება

14. რატომ უნდა მოვეპყროთ თანაქრისტიანებს თანაგრძნობითა და გაგებით?

14 ზოგჯერ გვიჭირს, გავუგოთ თანაქრისტიანს, თუ ის თავშეკავებას ვერ ავლენს იმ სფეროში, რომელშიც ჩვენ არ გვექმნება სირთულეები. კარგია გვახსოვდეს, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ზოგიერთი ადვილად ჰყვება ემოციებს. ზოგი კი ნაკლებად ემოციურია. ზოგისთვის სხვებთან შედარებით ადვილია საკუთარი თავის მართვა და თავშეკავების გამოვლენა პრობლემას არ წარმოადგენს. სხვებისთვის კი ეს უფრო რთულია. გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ებრძვის, არ არის ცუდი პიროვნება. თანაქრისტიანებს გაგება და თანაგრძნობა სჭირდებათ. ჩვენი ბედნიერებაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გულმოწყალენი ვართ მათ მიმართ, ვისთვისაც მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძნელია თავშეკავების გამოვლენა. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან, რომლებსაც მათეს 5:7-ში ვკითხულობთ.

15. რატომ არის ფსალმუნების 129:3-ში ჩაწერილი სიტყვები მანუგეშებელი იმათთვის, ვისაც თავშეკავების გამოვლენა უჭირს?

15 არასდროს უნდა განვსაჯოთ თანაქრისტიანი, რომელიც ზოგჯერ სათანადოდ ვერ ავლენს ქრისტიანულ თვისებებს. რა გამამხნევებელია, რომ იეჰოვა მარტო იმ ერთ შემთხვევას კი არ ხედავს, როდესაც ამა თუ იმ სფეროში თავშეუკავებლობა გამოვავლინეთ, არამედ იმ მრავალ შემთხვევასაც, როდესაც იმავე სფეროში შევძელით თავშეკავების გამოვლენა. შეიძლება თანაქრისტიანებმაც ვერ შენიშნონ ეს, მაგრამ ვიცით, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს. ნამდვილად მანუგეშებელია ფსალმუნების 129:3-ში ჩაწერილი სიტყვები: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“

16, 17. ა) როგორ შეგვიძლია გალატელთა 6:2, 5-ში ჩაწერილი რჩევის გამოყენება თავშეკავებასთან დაკავშირებით? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

16 იეჰოვას მოსაწონად რომ მოვიქცეთ, თითოეულმა ჩვენგანმა თავშეკავება უნდა გამოვავლინოთ. ამაში თანაქრისტიანებიც დაგვეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ბიბლია მოგვიწოდებს, ერთმანეთსაც დავეხმაროთ სისუსტეების დაძლევაში (გალატელთა 6:2, 5). უნდა დავაფასოთ მშობელი, მეუღლე თუ მეგობარი, რომელიც გვირჩევს, არ წავიდეთ იქ, სადაც არ უნდა ვიაროთ, არ ვუყუროთ იმას, რასაც არ უნდა ვუყუროთ და არ გავაკეთოთ ის, რაც არ უნდა ვაკეთოთ. ისინი გვეხმარებიან, გამოვიმუშაოთ თავშეკავება, ანუ ვისწავლოთ, ვთქვათ „არა“ და შესაბამისად მოვიქცეთ.

17 ბევრი ქრისტიანისთვის, შესაძლოა, განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს იმ სფეროებში თავშეკავების გამოვლენა, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია გაუმჯობესება. ასეთ ქრისტიანებს, ალბათ, სურვილი ექნებათ, მაქსიმალურად გამოავლინონ თავშეკავება, რამდენადაც მათი აზრით, შესაძლებელია არასრულყოფილი ადამიანისთვის. თქვენც ისახავთ ამ მიზანს? რა უნდა გააკეთოთ ღვთის სულიწმიდის ნაყოფის შემადგენელი ამ თვისების გამოსამუშავებლად? როგორ დაგეხმარებათ ეს, როგორც ქრისტიანს, რომ სამომავლო მიზნებს მიაღწიოთ? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

რატომ არის თავშეკავების გამოვლენა . . .

• ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი?

• ზოგიერთისთვის განსაკუთრებით ძნელი?

• ქორწინებაში აუცილებელი?

• უფრო ადვილი, როდესაც მის გამომუშავებაში ერთმანეთს ვეხმარებით?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]

მან თავშეკავება გამოიმუშავა

გერმანიაში იეჰოვას ერთი მოწმე ტელესაკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობდა. მას ევალებოდა დაახლოებით 30 ტელე- და რადიოგადაცემის შემოწმება. ხარვეზების დროს მას თვალყური უნდა ედევნებინა საჭირო პროგრამისთვის და პრობლემის მიზეზი განესაზღვრა. ის იხსენებს: „ხარვეზები ყოველთვის ცუდ დროს იქმნებოდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ძალადობას ან სექსს აჩვენებდნენ. ცუდი სცენები რამდენიმე კვირა თუ არა, რამდენიმე დღე მაინც მრჩებოდა გონებაში, თითქოს ტვინში მქონდა ჩაბეჭდილი“. ძმა აღიარებს, რომ ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა მის სულიერობაზე: „ბუნებით საკმაოდ ფიცხი ვარ, ძალადობის სცენები კი უფრო მირთულებდა მდგომარეობას და თავშეკავებას ვეღარ ვავლენდი. უზნეო სცენების ზეგავლენით მეუღლესთან ურთიერთობა დამეძაბა. ყოველდღიურად მიწევდა საკუთარ თავთან ბრძოლა. იმისათვის, რომ არ დავმარცხებულიყავი, გადავწყვიტე, ახალი სამსახური მეშოვნა, თუნდაც ნაკლები ანაზღაურებით. არც ისე დიდი ხნის წინ ვიშოვნე კიდეც და სურვილიც ამისრულდა“.

[სურათები 15 გვერდზე]

ბიბლიიდან მიღებული ცოდნა გვეხმარება, რომ თავშეკავება გამოვავლინოთ.