არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მონა“, რომელიც ერთგულიც არის და გონიერიც

„მონა“, რომელიც ერთგულიც არის და გონიერიც

„მონა“, რომელიც ერთგულიც არის და გონიერიც

„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე?“ (მათე 24:45).

1, 2. რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოს რეგულარული მიღება?

სამშაბათს, ნაშუადღევს, ახ. წ. 33 წლის 11 ნისანს, მოწაფეებმა იესოს დაუსვეს კითხვა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. „რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“, — იკითხეს მათ. პასუხად იესომ წარმოთქვა მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება, რომელშიც ყურადღება გაამახვილა ომებით, შიმშილობით, მიწისძვრებითა და ავადმყოფობებით გამორჩეულ მშფოთვარე პერიოდზე. როგორც მან აღნიშნა, ეს ყოველივე მხოლოდ „მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი“ იქნებოდა, რის შემდეგაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა. რა თავზარდამცემი წინასწარმეტყველებაა! (მათე 24:3, 7, 8, 15—22; ლუკა 21:10, 11).

2 იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ მოვლენათა უმრავლესობა 1914 წლიდან სრულდება. „მშობიარობის ტკივილები“ კაცობრიობისთვის უკიდურესად გამწვავებულია. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ უნდა ეშინოდეთ. იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა, რომ უხვი სულიერი საზრდოთი გააძლიერებდა. იესო ამჟამად ზეცაშია, რაც შემდეგ კითხვას წამოჭრის: რა გააკეთა მან იმისათვის, რომ დედამიწაზე სულიერი საზრდო მიგვეღო?

3. რა გააკეთა იესომ იმისათვის, რომ ‘დროულად მიგვეღო საზრდო’?

3 თვითონ იესომ გასცა პასუხი ამ კითხვაზე. ზემოხსენებული დიდებული წინასწარმეტყველების წარმოთქმისას იესომ დასვა კითხვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?“ შემდეგ განაგრძო: „ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას“ (მათე 24:45—47). დიახ, სულიერი საზრდოს მიმწოდებლად უნდა დანიშნულიყო „მონა“, რომელიც ერთგულიც იქნებოდა და გონიერიც. საინტერესოა, ერთი ადამიანი უნდა ყოფილიყო ეს „მონა“, თანამიმდევრობით რამდენიმე ადამიანს უნდა შეესრულებინა მისი მოვალეობა თუ სულ სხვა რამ იგულისხმა იესომ? ამ კითხვაზე პასუხი საინტერესო უნდა იყოს ჩვენთვის, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ სწორედ „მონას“ შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოს მოცემა.

ერთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი?

4. საიდან ვიცით, რომ შეუძლებელია „ერთგული და გონიერი მონა“ ერთი ადამიანი ყოფილიყო?

4 „ერთგული და გონიერი მონა“ შეუძლებელია ერთი ადამიანი იყოს. რატომ? იმიტომ, რომ მონამ სულიერი საზრდოს განაწილება პირველ საუკუნეში დაიწყო და, იესოს სიტყვების თანახმად, ის კვლავ ამ საქმით უნდა ყოფილიყო დაკავებული 1914 წელს ბატონის მოსვლის დროს. „მონა“ ერთი ადამიანი რომ ყოფილიყო, მას დაახლოებით 1 900 წლის განმავლობაში ერთგულად უნდა ემსახურა. ამდენ ხანს კი მეთუშალახსაც არ უცხოვრია (დაბადება 5:27).

5. ახსენით, რატომ არ იგულისხმება „ერთგულ და გონიერ მონაში“ თითოეული ქრისტიანი.

5 იქნებ „ერთგულ და გონიერ მონაში“ თითოეული ქრისტიანი იგულისხმება? მართალია, ყველა ქრისტიანი ერთგული და გონიერი უნდა იყოს, მაგრამ იესოს აშკარად სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, როცა „ერთგულ და გონიერ მონაზე“ ლაპარაკობდა. საიდან ვიცით ეს? მან თქვა, რომ ‘ბატონი, როცა მოვიდოდა, მონას მთელ თავის საბადებელზე დააყენებდა’. განა შესაძლებელია, რომ თითოეული ქრისტიანი ყოველივეზე — ბატონის „მთელ“ საბადებელზე — ყოფილიყო დაყენებული? ასეთი რამ შეუძლებელია!

6. რა ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული ისრაელ ერს, როგორც ღვთის „მსახურს“ ანუ „მონას“?

6 აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ „ერთგულ და გონიერ მონაში“ იესომ ქრისტიანთა ჯგუფი იგულისხმა. განა შესაძლებელია, რომ „მონა“ ადამიანთა ჯგუფი იყოს? დიახ. ქრისტეს მოსვლამდე შვიდასი წლით ადრე იეჰოვამ მთელი ისრაელი ერი მოიხსენია, როგორც ‘თავისი მოწმენი’ და ‘თავისი მორჩილი [„მსახური“, აქ], რომელიც თვითონ ამოირჩია’ (ესაია 43:10). თითოეული ისრაელი ძვ. წ. 1513 წელს მოსეს რჯულის მიღებიდან ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე ამ მსახურის კლასს მიეკუთვნებოდა. ისრაელთა უმრავლესობა უშუალო მონაწილეობას არ იღებდა ერის ხელმძღვანელობასა და სულიერად კვებაში. ამისათვის იეჰოვა მეფეებს, მსაჯულებს, წინასწარმეტყველებს, მღვდლებსა და ლევიანებს იყენებდა, მაგრამ ისრაელს, როგორც ერს, იეჰოვას უზენაესობა უნდა წარმოედგინა და დიდება უნდა მიეგო ღვთისთვის სხვა ერებს შორის. თითოეული ისრაელი იეჰოვას მოწმე უნდა ყოფილიყო (მეორე რჯული 26:19; ესაია 43:21; მალაქია 2:7; რომაელთა 3:1, 2).

„მსახური“ უარყოფილია

7. რატომ წაერთვა ძველ ისრაელს უფლება, რომ ღვთის „მსახური“ ყოფილიყო?

7 საუკუნეების წინათ თუ ისრაელი ასრულებდა ღვთის „მსახურის“ მოვალეობას, იქნებ სწორედ ის იყო „მონა“, რომელზეც იესო ლაპარაკობდა? არა, რადგან, სამწუხაროდ, ძველი ისრაელი არც ერთგული აღმოჩნდა და არც გონიერი. პავლემ ისრაელის მდგომარეობა იეჰოვას მიერ ამ ერის მისამართით წარმოთქმული სიტყვების მოყვანით დაგვანახვა: „თქვენი გულისათვის . . . ღვთის სახელი იგმობა წარმართებში“ (რომაელთა 2:24). ისრაელის ხანგრძლივმა ურჩობამ კულმინაციურ წერტილს იესოს უარყოფისას მიაღწია, რის გამოც ღმერთმა უარყო ისინი (მათე 21:42, 43).

8. როდის და რა ვითარებაში შეცვალა ახალმა „მსახურმა“ ისრაელი?

8 „მსახურის“ ანუ ისრაელის ორგულობა არ ნიშნავდა იმას, რომ ერთგული თაყვანისმცემლები ვეღარასოდეს მიიღებდნენ სულიერ საზრდოს. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, იესოს მკვდრეთით აღდგომიდან 50 დღის შემდეგ, იერუსალიმში ერთ-ერთი სახლის ზედა ოთახში შეკრებილ 120 მოწაფეზე სულიწმიდა გადავიდა. იმ დროს ახალი ერი დაიბადა. ამ ერის დაბადება მაშინ გახდა სახალხოდ ცნობილი, როცა მისმა წევრებმა იერუსალიმის მცხოვრებლებთან „ღვთის დიად საქმეებზე“ გაბედულად ლაპარაკი დაიწყეს (საქმეები 2:11). ამგვარად, ეს ახალი სულიერი ერი გახდა „მსახური“, რომელსაც ერებისთვის ღვთის დიდება უნდა ეუწყებინა და დროულად გაენაწილებინა საზრდო (1 პეტრე 2:9). შესაბამისად, ამ ერს „ღვთის ისრაელი“ ეწოდა (გალატელთა 6:16).

9. ა) ვინ შედის „ერთგული და გონიერი მონის“ კლასში? ბ) ვინ შეადგენს „სახლეულს“?

9 „ღვთის ისრაელის“ თითოეული წევრი ღვთისადმი მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანია, რომელიც სულიწმიდით არის ცხებული და ზეცაში ცხოვრებას მოელის. აქედან გამომდინარე, გამოთქმაში „ერთგული და გონიერი მონა“ იგულისხმება ამ ცხებული სულიერი ერის — ახ. წ. 33 წლიდან დღემდე მცხოვრები — ყველა წევრი, როგორც ერთი მთლიანი ჯგუფი, ისევე როგორც ძვ. წ. 1513 წლიდან ახ. წ. 33 წლამდე მცხოვრები ყველა ისრაელი ითვლებოდა ქრისტიანობამდელი „მსახურის“ კლასის წევრად. მაგრამ ვინ არის „სახლეული“, რომელიც მონისგან სულიერ საზრდოს იღებს? პირველ საუკუნეში ყველა ქრისტიანს ზეციური იმედი ჰქონდა. მაშასადამე, „სახლეულსაც“ ცხებული ქრისტიანები შეადგენდნენ, მაგრამ არა როგორც ჯგუფი, არამედ თითოეული ცალ-ცალკე. ყველასთვის, მათ შორის კრებაში სერიოზული პასუხისმგებლობის მქონე ძმებისთვის, საჭირო იყო მონისგან სულიერი საზრდოს მიღება (1 კორინთელთა 12:12, 19—27; ებრაელთა 5:11—13; 2 პეტრე 3:15, 16).

„ყველას თავისი საქმე“

10, 11. საიდან ვიცით, რომ „მონის“ კლასის ყველა წევრს ერთნაირი დავალება არა აქვს მიცემული?

10 „ღვთის ისრაელი“ ერთგული და გონიერი მონის კლასს შეადგენს, რომელსაც საერთო დავალება აქვს მიცემული, მაგრამ, ამავე დროს, მის თითოეულ წევრს პირადი პასუხისმგებლობა აკისრია. ამას ნათელს ჰფენს იესოს სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია მარკოზის 13:34-ში. იესომ თქვა: „ისევე, როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა“. ასე რომ, „მონის“ კლასის თითოეულ წევრს მიცემული აქვს თავისი დავალება — ქრისტეს მიწიერი საბადებლის გაფართოება. ამ დავალებას თითოეული მათგანი საკუთარი უნარისა და შესაძლებლობების მიხედვით ასრულებს (მათე 25:14, 15).

11 გარდა ამისა, პეტრე მოციქულმა თავის თანამედროვე ცხებულ ქრისტიანებს უთხრა: „თვითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც კარგმა განმგებლებმა ღვთის მრავალგვარი მადლისა“ (1 პეტრე 4:10). აქედან გამომდინარე, ცხებულების პასუხისმგებლობაა, ერთმანეთს ემსახურონ იმ ნიჭის გამოყენებით, რომელიც ღმერთმა თითოეულს მისცა. აგრეთვე, პეტრეს სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ყველა ქრისტიანს ერთნაირი უნარი თუ დავალება არ ექნებოდა მიცემული. მიუხედავად ამისა, „მონის“ კლასის თითოეულ წარმომადგენელს ამა თუ იმ სახით ხელი უნდა შეეწყო სულიერი ერის ზრდისთვის. როგორ?

12. როგორ უნდა შეეწყო ხელი „მონის“ კლასის თითოეულ წარმომადგენელს — როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს — სულიერი ერის ზრდისთვის?

12 პირველ რიგში, თითოეული მათგანი იეჰოვას მოწმე და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებელი უნდა ყოფილიყო (ესაია 43:10—12; მათე 24:14). ზეცად ამაღლების წინ იესომ თავის ყველა ერთგულ მოწაფეს — როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს — მოუწოდა, რომ ხალხისთვის ესწავლებინათ: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:19, 20).

13. რა დავალებას ასრულებდა თითოეული ცხებული ქრისტიანი?

13 ახალი მოწაფეებისთვის მათ დაწვრილებით უნდა ესწავლებინათ ყველაფერი, რასაც ქრისტე ასწავლიდა თავის მიმდევრებს. დროთა განმავლობაში, მოწაფეებს, რომლებიც ჭეშმარიტებას იღებდნენ, თვითონ შეეძლოთ სხვებისთვის სწავლება. სასარგებლო სულიერი საზრდო ხელმისაწვდომი ხდებოდა „მონის“ კლასის მომავალი წევრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ერიდან იკრიბებოდნენ. ყველა ცხებული ქრისტიანი — მამაკაცი თუ ქალი — მონაწილეობას იღებდა მოწაფეების მომზადებაში (საქმეები 2:17, 18). ეს საქმე „მონის“ კლასის ამოქმედებიდან ამ სისტემის აღსასრულამდე უნდა გაგრძელებულიყო.

14. ვის ჰქონდა მიცემული კრებაში სწავლების უფლება და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს?

14 ახალმონათლული ცხებული ქრისტიანები „მონის“ წევრები ხდებოდნენ და იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იყო მათი მასწავლებელი, კრებაში განაგრძობდნენ სწავლას და სულიერი საზრდოს მიღებას კრების იმ წევრების მეშვეობით, რომლებიც უხუცესებად მსახურებისთვის საჭირო მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:6—9). უხუცესებად დანიშნული მამაკაცები განსაკუთრებული სახით უწყობდნენ ხელს სულიერი ერის ზრდას. ერთგული ცხებული ქრისტიანი ქალები უკმაყოფილებას არ გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ კრებაში სწავლების უფლება მხოლოდ ქრისტიან მამაკაცებს ჰქონდათ მიცემული (1 კორინთელთა 14:34, 35). პირიქით, ისინი მოხარულები იყვნენ, რომ ძმების მიერ გაწეული მძიმე შრომის წყალობით სარგებლობას იღებდნენ და მადლიერებას ავლენდნენ იმისათვის, რომ დებს სასიხარულო ცნობის გავრცელებაში მონაწილეობის შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლეოდათ. გულმოდგინე ცხებული დები დღესაც ასეთივე თავმდაბლობას ავლენენ მიუხედავად იმისა, არიან თუ არა მათი კრების უხუცესები ცხებული ქრისტიანები.

15. ძირითადად, როგორ მიეწოდებოდა კრებებს სულიერი საზრდო პირველ საუკუნეში და ვინ ასრულებდა მთავარ როლს მის განაწილებაში?

15 ძირითად სულიერ საზრდოს პირველ საუკუნეში კრების წევრები იღებდნენ უშუალოდ მოციქულთაგან და მოწაფეთაგან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ქრისტიანულ კრებას. მათი წერილები — განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ღვთის შთაგონებით დაწერილ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 27 წიგნს მიეკუთვნება — კრებებში ვრცელდებოდა. უეჭველია, სწორედ ამ წერილების საფუძველზე ასწავლიდნენ კრებებში ადგილობრივი უხუცესები. ამგვარად, „მონის“ კლასის წევრები ერთგულად აწვდიდნენ უხვ სულიერ საზრდოს გულწრფელ ქრისტიანებს. პირველ საუკუნეში „მონის“ კლასი ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას.

„მონა“ 19 საუკუნის შემდეგ

16, 17. როგორ დაამტკიცა „მონამ“, რომ ერთგულად ასრულებდა დავალებას 1914 წლისთვის?

16 რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? 1914 წელს, როცა იესო მოვიდა, ნახა მან დედამიწაზე ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი, რომელიც ხალხს ერთგულად აწვდიდა სულიერ საზრდოს თავის დროზე? დიახ. ამ ჯგუფის ამოცნობა ადვილი იყო გამოღებული კარგი ნაყოფის მიხედვით (მათე 7:20). დრომ აჩვენა, რომ ეს ჯგუფი სწორად იქნა ამოცნობილი.

17 იესოს მოსვლისას მისი „სახლეულის“ დაახლოებით 5 000 წევრი იყო დაკავებული ბიბლიური ჭეშმარიტების გავრცელებით. მუშაკი არც ისე ბევრი იყო, მაგრამ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად „მონა“ მოხერხებულ მეთოდებს იყენებდა (მათე 9:38). მაგალითად, 2 000-მდე გაზეთში ქვეყნდებოდა ქადაგებები ბიბლიურ თემებზე. ამგვარად, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება ერთდროულად ათიათასობით მკითხველამდე აღწევდა. გარდა ამისა, მომზადდა ფერადი სლაიდებისგან და მოძრავი სურათებისგან შემდგარი რვასაათიანი პროგრამა. ამ მეთოდის შედეგად, სამ კონტინენტზე მთლიანობაში ცხრა მილიონზე მეტ ადამიანამდე მიაღწია ბიბლიურმა ცნობამ, რომელიც შემოქმედებიდან ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრულამდე პერიოდს მოიცავს. ბიბლიური ცნობის გასავრცელებლად პუბლიკაციებიც იქნა გამოყენებული. მაგალითად, 1914 წელს „საგუშაგო კოშკი“ 50 000-იანი ტირაჟით იბეჭდებოდა.

18. როდის დააყენა იესომ მონა მთელ თავის საბადებელზე და რატომ?

18 დიახ, როცა ბატონი მოვიდა, მან ნახა, რომ „მონა“ ერთგულად კვებავდა მის „სახლეულს“ და, ამასთანავე, სასიხარულო ცნობას ქადაგებდა. ახლა „მონას“ უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა. იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას“ (მათე 24:47). ეს იესომ 1919 წელს გააკეთა — მას შემდეგ, რაც მონამ ერთგულება დაამტკიცა. მაგრამ, რატომ დაეკისრა „ერთგულ და გონიერ მონას“ უფრო დიდი პასუხისმგებლობა? იმიტომ, რომ გაიზარდა ბატონის „საბადებელი“. 1914 წელს იესო გამეფდა.

19. ახსენით, როგორ კმაყოფილდება „უამრავი ხალხის“ სულიერი მოთხოვნილებები.

19 რა არის „საბადებელი“, რომელზეც ახლად გამეფებულმა ბატონმა ერთგული მონა დააყენა? სულიერი საკუთრება, რომელიც მას დედამიწაზე აქვს. მაგალითად, 1914 წელს ქრისტეს გამეფებიდან ორი ათეული წლის შემდეგ ამოცნობილ იქნა „უამრავი ხალხი“, რომელიც „სხვა ცხვრების“ ნაწილია (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ისინი „ღვთის ისრაელის“ წევრი ცხებული ქრისტიანები კი არ იყვნენ, არამედ მიწიერი იმედის მქონე გულწრფელი მამაკაცები და ქალები, რომლებსაც უყვარდათ იეჰოვა და, ცხებულების მსგავსად, მისდამი მსახურება სურდათ. შეიძლება ითქვას, რომ მათ „ერთგულ და გონიერ მონას“ უთხრეს: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ამ ახლად მონათლულმა ქრისტიანებმა იმავე სულიერი საზრდოს მიღება დაიწყეს, რომელსაც „სახლეულის“ ცხებული წევრები იღებდნენ და ეს ორი კლასი დღემდე ერთი და იმავე სულიერი სუფრიდან იკვებება. რა დიდი კურთხევაა ეს „უამრავი ხალხის“ წევრებისთვის!

20. რა როლი შეასრულა „უამრავმა ხალხმა“ ბატონის საბადებლის გაფართოებაში?

20 „უამრავი ხალხი“ სიხარულით შეუერთდა „მონის კლასს“ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში. მათი ქადაგების შედეგად ბატონის საბადებელი გაიზარდა, რამაც „ერთგულ და გონიერ მონას“ მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა. იმ ხალხის რიცხობრივი ზრდის გამო, ვინც ჭეშმარიტებით იყო დაინტერესებული, აუცილებელი გახდა ტიპოგრაფიების გაფართოება, რათა საჭირო რაოდენობით ბიბლიური ლიტერატურა გამოცემულიყო. ბევრ ქვეყანაში აშენდა ფილიალი. „ქვეყნის კიდემდე“ გაიგზავნენ მისიონერები (საქმეები 1:8). ღვთის მადიდებელთა რიცხვმა, რომელიც 1914 წელს დაახლოებით 5 000-ს შეადგენდა, დღეისათვის ექვს მილიონს გადააჭარბა. მათი უმრავლესობა სწორედ „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნება. დიახ, მეფის საბადებელი ნამდვილად საგრძნობლად გაიზარდა 1914 წელს მისი გამეფებიდან!

21. რომელ ორ იგავს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 ეს ყოველივე მიუთითებს, რომ „მონა“, როგორც ‘ერთგული, ისე გონიერი’ აღმოჩნდა. „ერთგულ და გონიერ მონაზე“ საუბრის შემდეგ იესომ მოიყვანა ორი იგავი, რომლებიც ამ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას: პირველი იგავი გონიერ და უგუნურ ქალწულებზეა, მეორე კი — ტალანტებზე (მათე 25:1—30). ეს იგავები ნამდვილად ინტერესის აღმძვრელია! რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩვენთვის? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

როგორ ფიქრობთ?

• ვინ მიეკუთვნება „ერთგულ და გონიერ მონას“?

• ვინ შეადგენს „სახლეულს“?

• როდის დაინიშნა ერთგული მონა ბატონის მთელ საბადებელზე და რატომ მაინცდამაინც მაშინ?

• ვინ და როგორ შეუწყო ხელი ბატონის საბადებლის გაფართოებას უკანასკნელ ათწლეულებში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 10 გვერდზე]

პირველ საუკუნეში „მონამ“ ერთგულად შეასრულა დავალება.