არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერი ცხოვრების გზა განვვლე, თუმცა დიდი ტკივილიც გადავიტანე

ბედნიერი ცხოვრების გზა განვვლე, თუმცა დიდი ტკივილიც გადავიტანე

ბიოგრაფია

ბედნიერი ცხოვრების გზა განვვლე, თუმცა დიდი ტკივილიც გადავიტანე

მოგვითხრო ოდრი ჰაიდმა

ვიხსენებ სრული დროით მსახურებაში გატარებულ 63 წელს, რომელთაგან 59 იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში გავატარე, და შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ცხოვრების გზა განვვლე. ცხადია, გულის მომკვლელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ კვდებოდა კიბოთი ნელ-ნელა ჩემი პირველი მეუღლე, ხოლო მეორე — როგორ იტანჯებოდა საშინელი ალცჰეიმერის დაავადებით. მაგრამ ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, როგორ შევძელი ამ სირთულეების მიუხედავად, სიხარულის შენარჩუნება.

ბავშვობა პატარა ქალაქ ჰაქსტუნის მახლობლად, კოლორადოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნებრასკას საზღვართან მდებარე პრერიაზე არსებულ ფერმაში გავატარე. ორელი და ნინა მოკებს ექვსი შვილი ვყავდით, რომელთაგან მე მეხუთე ვიყავი. რასელი, უეინი, კლარა და არდისი 1913—1920 წლებში დაიბადნენ. მომდევნო წელს ქვეყანას მე მოვევლინე, ხოლო 1925 წელს — კურტისი.

1913 წელს დედა ბიბლიის მკვლევარი (ასე უწოდებდნენ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) გახდა. დროთა განმავლობაში ოჯახის სხვა წევრებიც მის კვალს მივყევით.

სოფელში გატარებული ბავშვობის სასიკეთო გავლენა

მამა სიახლეების მოყვარული კაცი იყო. ფერმაში გვქონდა ელექტროგაყვანილობა, რაც იმ დღეებში დიდი იშვიათობა იყო. გვყავდა ქათმები, ძროხები და ამიტომაც გვქონდა ოჯახის კვერცხები, რძე, ნაღები და კარაქი. მიწას გუთანში შებმული ცხენებით ვამუშავებდით. მოგვყავდა ხორბალი და სიმინდი; აგრეთვე მარწყვი და კარტოფილი.

მამა იმ აზრის იყო, რომ შვილები შრომას უნდა მიჩვეულიყვნენ. ჯერ კიდევ ძალიან პატარას, სკოლაში შესვლამდე, მასწავლეს ყანაში მუშაობა. მახსოვს, ზაფხულის პაპანაქებაში, როგორ ვთოხნიდით ბაღს და როგორ გვაჭერდა მცხუნვარე მზე. სათოხნ მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. „ოდესმე გავალ ბოლოში?“ — ვფიქრობდი გულში. ოფლი ღვარად ჩამომდიოდა და ფუტკრები მკბენდნენ. ზოგჯერ საკუთარი თავი მეცოდებოდა, რადგან სხვა ბავშვებს ისე არ უწევდათ მუშაობა, როგორც ჩვენ. ახლა კი, როდესაც ბავშვობას ვიხსენებ, მადლობელი ვარ მშობლების, შრომას რომ შეგვაჩვიეს.

ბავშვებს, ყველას, ჩვენ-ჩვენი დავალება გვქონდა. არდისი ძროხას ჩემთან შედარებით უკეთესად წველიდა, ამიტომ მე თავლა უნდა დამესუფთავებინა და იქიდან ნაკელი გამეტანა. მაგრამ ჩვენ კარგადაც ვატარებდით დროს და არც თამაშს ვიკლებდით. მე და არდისი სოფტბოლის ადგილობრივ გუნდში ვთამაშობდით. მე ბურთს ვაწოდებდი ან მესამე ბაზაზე ვთამაშობდი, არდისი კი — პირველზე.

პრერიაზე ღამის უღრუბლო ცა დიდებული სანახავი იყო. ათასობით ვარსკვლავის დანახვისას სულ ჩვენს შემოქმედზე, იეჰოვა ღმერთზე, ვფიქრობდი. ბავშვობის წლებშიც არაერთხელ დავფიქრებულვარ ფსალმუნის 146:4-ზე, სადაც წერია: „იგი [იეჰოვა] თვლის ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს“. ასეთ მთვარიან ღამეებში ჩვენი ძაღლი, ჯაჯი, თავს კალთაში ჩამიდებდა ხოლმე და კომპანიონობას მიწევდა. ხშირად ნაშუადღევს აივანზე ვიჯექი და გავყურებდი მწვანედ აბიბინებულ ხორბლის ყანას, რომელიც ქარის ქროლვაზე ირხეოდა და მზის შუქზე ვერცხლისფრად ლივლივებდა.

დედის შესანიშნავი მაგალითი

დედა ძალიან მოსიყვარულე და ერთგული მეუღლე იყო. ოჯახს ყოველთვის მამა ხელმძღვანელობდა და დედა გვასწავლიდა, პატივისცემით მოვპყრობოდით მას, როგორც ოჯახისთავს. 1939 წელს მამაც იეჰოვას მოწმე გახდა. ბავშვებმა ვიცოდით, რომ მამას ვუყვარდით, თუმცა ის ბევრს გვამუშავებდა და ზედმეტად არ გვანებივრებდა. ზამთარში მამა ხშირად მარხილში ცხენებს შეაბამდა ხოლმე და გვასეირნებდა. ძალიან გვიყვარდა თოვლი და მზერას გვიტკბობდა მზის სხივებზე მისი ბრჭყვიალი.

ღვთისადმი სიყვარული და ბიბლიისადმი პატივისცემა კი მაინც დედამ ჩაგვინერგა. ვისწავლეთ, რომ ღვთის სახელია იეჰოვა და ის არის სიცოცხლის წყარო (ფსალმუნები 35:10, [39:9, აქ]; 82:19 [83:18, აქ]). აგრეთვე გავიგეთ, რომ ღმერთი ხელმძღვანელობას გვიწევს ცხოვრებაში და ამას ჩვენთვის სიხარულის წასართმევად კი არ აკეთებს, არამედ ჩვენდა სასიკეთოდ (ესაია 48:17). დედა გამუდმებით გვახსენებდა, რომ განსაკუთრებული საქმე გვქონდა დაკისრებული და ეს საქმე დაკავშირებული იყო იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის ნათქვამ სიტყვებთან: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).

ბავშვობაში, როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნებულს დედა სახლში არ მხვდებოდა, მის მოსაძებნად მივდიოდი. ერთხელ ის ბეღელში ვიპოვე. მაშინ ექვსი თუ შვიდი წლის ვიყავი. უცებ კოკისპირული წვიმა წამოვიდა. მაშინ დედას ვკითხე: „ღმერთი კიდევ ერთ წარღვნას ხომ არ ახდენს?“ დედამ დამაწყნარა და მითხრა, რომ ღმერთი, თავისი დანაპირებისამებრ, აღარასოდეს მოსპობდა დედამიწას წარღვნით. აგრეთვე გამახსენდა, რომ არაერთხელ შეგვიფარებია თავი სარდაფისთვის, რათა თავი დაგვეცვა ტორნადოსგან, რომელიც ასე ხშირი იყო ჩვენთან.

დედა სამქადაგებლო საქმიანობაში ჩემს დაბადებამდეც მონაწილეობდა. ჩვენს სახლში იკრიბებოდა ხალხი, რომელთაგან ყველას ზეცაში, ქრისტესთან ერთად ცხოვრების იმედი ჰქონდა. დედასთვის ადვილი არ იყო კარდაკარ მსახურება, მაგრამ ღვთისადმი სიყვარული შიშის გრძნობაზე ყოველთვის იმარჯვებდა. დედა სიკვდილამდე, 1969 წლის 24 ნოემბრამდე, ღვთის ერთგული იყო. ის 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ დედას ყურში ჩავჩურჩულე: „დედი, შენ ზეცაში მიდიხარ და იმათთან ერთად იქნები, ვისაც იცნობ“. რა ბედნიერებაა, რომ იმ წუთში დედის გვერდით ვიყავი და გავუზიარე, თუ რამდენად დარწმუნებული ვიყავი მის მომავალში! მან მისუსტებული ხმით მითხრა: „შენ ძალიან კეთილი გოგო მყავხარ“.

ვიწყებთ ქადაგებას

1939 წელს რასელი პიონერი (სრული დროით მქადაგებელი იეჰოვას მოწმე) გახდა. 1944 წლამდე ის ოკლაჰომასა და ნებრასკაში მსახურობდა პიონერად, შემდეგ კი ბრუკლინში, იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში (ბეთელში) მიიწვიეს. მე პიონერობა 1941 წლის 20 სექტემბერს დავიწყე და სხვადასხვა ადგილებში — კოლორადოში, კანზასსა და ნებრასკაში — ვმსახურობდი. ეს იყო ბედნიერი წლები არა მარტო იმიტომ, რომ სხვებისთვის იეჰოვას გაცნობაში დახმარების გაწევა შემეძლო, არამედ იმიტომაც, რომ იეჰოვაზე სრული მინდობა ვისწავლე.

იმ დროს, როდესაც რასელმა პიონერობა დაიწყო, უეინი შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე უნივერსიტეტში სწავლობდა; მანამდე კი მცირე ხნით მუშაობდა. მოგვიანებით ის ბეთელში მიიწვიეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უეინი იტაკას (ნიუ-იორკი) მახლობლად საზოგადოების ფერმაში მსახურობდა. ისინი საკვებით უზრუნველყოფდნენ როგორც ფერმაში მომსახურეებს, ისე ბრუკლინის ბეთელში მომსახურე დაახლოებით 200 მოხალისეს. უეინი თავის უნარსა და გამოცდილებას სიკვდილამდე, 1988 წლამდე, იეჰოვას მსახურებაში იყენებდა.

არდისი ჯეიმზ კერნზე გათხოვდა. მათ ხუთი შვილი გაზარდეს. არდისი 1997 წელს გარდაიცვალა. მეორე და, კლარა, დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას და შვებულების დროს ახლაც მივდივარ ხოლმე მასთან კოლორადოში. უმცროსი ძმა, კურტისი, ბრუკლინის ბეთელში 40-იანი წლების შუა პერიოდში მიიწვიეს. მას სატვირთო მანქანით სხვადასხვა საქონელი და პროდუქტი დაჰქონდა ბრუკლინის ბეთელიდან საზოგადოების ფერმაში და ფერმიდან ბეთელში. კურტისს ცოლი არ მოუყვანია. ის 1971 წელს გარდაიცვალა.

ვოცნებობ ბეთელში მსახურებაზე

უფროსი ძმები ბეთელში მსახურობდნენ და მეც ოცნებად მქონდა იქ მსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ მათი კარგი რეპუტაციის გამო მიმიწვიეს იქ. დედა გვიყვებოდა ღვთის ორგანიზაციის შესახებ და მე თავადაც ვხედავდი უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებით ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებას, რამაც ბეთელში მსახურების სურვილი განმივითარა. იეჰოვას ლოცვაში აღვუთქვი, რომ, თუ ბეთელში მსახურების შესაძლებლობას მომცემდა, არასოდეს დავტოვებდი იქაურობას იმ გამონაკლისის გარდა, როცა ქრისტიანული ვალდებულების შესასრულებლად მომიწევდა ამის გაკეთება.

ბეთელში მსახურება 1945 წლის 20 ივნისს დავიწყე. იქ დამლაგებლად დამნიშნეს. ყოველდღიურად უნდა დამესუფთავებინა 13 ოთახი; ამელაგებინა 26 საწოლი; აგრეთვე დამეწმინდა კორიდორები, კიბეები და ფანჯრები. სამუშაო საკმაოდ შრომატევადი იყო. ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „მართალია, შენ დაიღალე, მაგრამ ხომ იცი, რომ ბეთელში, ღვთის სახლში, ხარ!“

ბეთელში მსახურების დაწყებისას ერთი კურიოზი შემემთხვა: მე სოფელში გავიზარდე და წარმოდგენა არ მქონდა, რომ პატარა ლიფტს, რომლის საშუალებითაც სურსათი ააქვთ და ჩამოაქვთ სხვადასხვა სართულზე, ერქვა „dumbweiter“-ი, რაც სიტყვასიტყვით „უტყვ ოფიციანტს“ ნიშნავს. ერთხელაც დამირეკეს და მითხრეს: «გთხოვთ, დაბლა ჩამოუშვათ „უტყვი ოფიციანტი“. კარგი?». ამ სიტყვების თქმისთანავე მან, ვინც დარეკა, ყურმილი დაკიდა. არ ვიცოდი, რა მექნა. უცებ გამახსენდა, რომ იმ სართულზე, რომელსაც მე ვალაგებდი, ერთი ოფიციანტი ძმა ცხოვრობდა. მაშინვე მასთან გავიქეცი, კარებზე დავუკაკუნე და ვუთხარი: „ძმაო, გთხოვენ სამზარეულოში ჩახვიდე“.

ნეითან ნორზე გათხოვება

20-იანი წლებიდან დაქორწინების მსურველებს ბეთელში მსახურება უნდა შეეწყვიტათ და სადმე სხვაგან განეგრძოთ სამეფოს ინტერესების წინ წაწევა. 50-იანი წლების დასაწყისში კი დიდი ხნის განმავლობაში ბეთელში მომსახურე დაქორწინების რამდენიმე მსურველს დართეს ქორწინების შემდეგაც თავის დანიშნულებაზე დარჩენის ნება. ამიტომ, როდესაც ნეითან ნორმა, რომელიც მაშინ სამეფოს საქმიანობას მსოფლიო მასშტაბით უწევდა ხელმძღვანელობას, ჩემდამი ინტერესი გამოავლინა, ვიფიქრე: „ამას კი აუცილებლად დატოვებენ ბეთელში“.

ნეითანს ბევრი პასუხისმგებლობა ეკისრა — მას მსოფლიოს მასშტაბით უნდა გაეწია იეჰოვას მოწმეთა საქმიანობისთვის ზედამხედველობა. ამიტომაც იყო, რომ მან ძალიან გულწრფელად ჩამომითვალა მრავალი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დავფიქრებულიყავი და კარგად ამეწონ-დამეწონა ყველაფერი მანამ, სანამ მის წინადადებას მივიღებდი. მაშინ ნეითანი ძალიან ბევრს მოგზაურობდა — დადიოდა მთელ მსოფლიოში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალებში — და ხშირად რამდენიმე კვირით მიდიოდა ბრუკლინიდან. ამგვარად, მან ამიხსნა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში მოგვიწევდა განშორება.

პატარა გოგო როცა ვიყავი, ვოცნებობდი, გაზაფხულზე გავთხოვილიყავი და თაფლობის თვე წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ჰავაის კუნძულებზე, გამეტარებინა. სინამდვილეში კი ზამთარში, 1953 წლის 31 იანვარს, გავთხოვდი და მთელი ჩვენი თაფლობის თვე იყო შაბათი საღამო და კვირა დღე, რომლებიც ნიუ-ჯერზიში გავატარეთ. ორშაბათს სამუშაოს დავუბრუნდით. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ თაფლობის თვის გასატარებლად ერთი კვირით წავედით ბეთელიდან.

თავდაუზოგავი თანამგზავრი

ნეითანმა 18 წლის ასაკში, 1923 წელს, დაიწყო ბეთელში მსახურება. მან ბრწყინვალე გაკვეთილი მიიღო ისეთი გამოცდილი ძმებისგან, როგორებიც იყვნენ ჯოზეფ რუტერფორდი (იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის მაშინდელი ხელმძღვანელი) და ტიპოგრაფიის ზედამხედველი რობერტ მარტინი. 1932 წლის სექტემბერში ძმა მარტინის სიკვდილის შემდეგ ნეითანი გახდა ტიპოგრაფიის ზედამხედველი. მომდევნო წელს ძმა რუტერფორდმა ევროპაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალების მოსანახულებლად ნეითანიც წაიყვანა თან. 1942 წლის იანვარში რუტერფორდი გარდაიცვალა და ნეითანს დაეკისრა იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმიანობის ზედამხედველობა.

ნეითანი ძალიან წინდახედული ადამიანი იყო და სამომავლო გეგმებს ყოველთვის წინასწარ ადგენდა. ზოგი ამას არაგონივრულად მიიჩნევდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამ სისტემის აღსასრული ძალიან ახლოს იყო. ერთხელ ერთმა ძმამ, რომელმაც ნეითანის გეგმები ნახა, ჰკითხა: „ძმაო ნორ, რა არის ეს? სად არის შენი რწმენა?“ მან კი უპასუხა: „ნუ გეშინია, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ აღსასრული ისე ჩქარა თუ არ მოვა, როგორც ველით, ჩვენ მზად ვიქნებით“.

ნეითანი მტკიცედ იყო დარწმუნებული ერთ რამეში — საჭირო იყო მისიონერების მოსამზადებლად სკოლის დაარსება. ამგვარად, 1943 წლის 1 თებერვალს სკოლამ არსებობა დაიწყო საზოგადოების ფერმის ტერიტორიაზე, სადაც მაშინ ჩემი ძმა უეინი მსახურობდა. სკოლაში დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ინტენსიურად სწავლობდნენ ბიბლიას, მაგრამ ნეითანმა იმაზეც იზრუნა, რომ მომავალ მისიონერებს დასვენების შესაძლებლობაც ჰქონოდათ. თავიდან თვითონაც თამაშობდა ხოლმე მათთან ბურთს, მაგრამ მოგვიანებით თავი დაანება, რადგან ეშინოდა, ტრავმა არ მიეღო და ამის გამო ზაფხულის საოლქო კონგრესებზე წასვლა არ ჩაშლოდა. მას შემდეგ, თამაშის დროს მსაჯად ყოფნას არჩევდა. სტუდენტებს მოსწონდათ, როდესაც ის უცხოელ სტუდენტთა სასარგებლოდ თამაშის წესებს რადიკალურად ცვლიდა.

ნეითანთან ერთად მოგზაურობა

დროთა განმავლობაში მეც დავიწყე ნეითანთან ერთად საზღვარგარეთ მოგზაურობა. სიამოვნებით ვუყვებოდი საინტერესო შემთხვევებს ფილიალში მომსახურე მოხალისეებსა თუ მისიონერებს. მე პირადად ვნახე მათი სიყვარული და ერთგულება; აგრეთვე ის, თუ რა პირობებში და როგორ უწევდათ ცხოვრება თავიანთი დანიშნულების ქვეყნებში. ასეთი შეხვედრების შედეგად წლების შემდეგაც ვიღებდი და ვიღებ მადლობის ნიშნად წერილებს.

საზღვარგარეთ მოგზაურობებმა მრავალი შესანიშნავი მოგონება დამიტოვა. მაგალითად, პოლონეთში ყოფნისას ორი და ჩემი თანდასწრებით ერთმანეთს რაღაცაზე ეჩურჩულებოდა. მე ვკითხე: „რატომ ჩურჩულებთ?“ მათ მოიბოდიშეს და ამიხსნეს, რომ ისინი მიეჩვივნენ ჩურჩულით ლაპარაკს მაშინ, როდესაც პოლონეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო და მათ სახლებში ფარულად ყურის დასაგდები მოწყობილობები იყო დამონტაჟებული.

პოლონეთში აკრძალვის დროს მომსახურე მრავალ და-ძმას შორის ერთ-ერთი და ადახი იყო. მას ხუჭუჭი თმები ჰქონდა და „ჩოლკას“ ატარებდა. ერთხელაც ადახმა თმა აიწია და მაჩვენა დიდი ნაჭრილობევი, რომელიც ერთ დროს მდევნელის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგი იყო. თავზარი დამცა იმ საშინელი მოპყრობის ნაკვალევის ხილვამ, რომელსაც ჩვენი ძმები და დები იტანდნენ.

ბეთელის შემდეგ ჩემი უსაყვარლესი ადგილი არის ჰავაი. ახლაც თვალწინ მიდგას 1957 წელს ქალაქ ჰილოში ჩატარებული კონგრესი. ეს იყო ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელსაც იმაზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, ვიდრე ადგილობრივი მოწმეების სრული რაოდენობა იყო. მერმა ნეითანს ქალაქის სიმბოლური გასაღებიც კი გადასცა. მრავალი მოდიოდა ჩვენთან შესახვედრად და ყვავილწნულებს გვჩუქნიდა.

გონებაში ღრმად ჩამებეჭდა 1955 წელს ნიურნბერგში (გერმანია) ჩატარებული კონგრესიც. დელეგატები შეიკრიბნენ სტადიონზე, რომელზეც ჰიტლერი ატარებდა ადრე აღლუმებს. ჰიტლერმა იქ დაიფიცა, რომ გერმანიაში მოსპობდა იეჰოვას ხალხს, მაგრამ ახლა ეს სტადიონი იეჰოვას მოწმეებით იყო სავსე. ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. სცენა უზარმაზარი იყო. მის უკანა პლანზე კი 144 დიდი შთამბეჭდავი სვეტი აღმართულიყო. სცენაზე ყოფნისას დავინახე უზარმაზარი, 107 000-ზე მეტი დელეგატისგან შემდგარი აუდიტორია. რიგებს ბოლო არ უჩანდა და ბოლო რიგს თვალს ვერ ვუწვდენდი.

მთელი არსებით ვგრძნობდით გერმანელი ძმების ერთგულებას და იმ ძალას, რომელსაც იეჰოვა მათ ნაცისტების მიერ დევნის დროს აძლევდა. ამან კიდევ უფრო განგვიმტკიცა გადაწყვეტილება, ბოლომდე შეგვენარჩუნებინა იეჰოვასადმი ერთგულება. ნეითანმა დასკვნითი მოხსენება წარმოთქვა და მოხსენების ბოლოს დამშვიდობების ნიშნად აუდიტორიას ხელი დაუქნია. ისინიც მაშინვე გამოეხმაურნენ და შარფები ააფრიალეს. მთელი სტადიონი ყვავილებით სავსე მინდორს ჰგავდა.

დაუვიწყარია 1974 წლის დეკემბერში პორტუგალიაში ჩვენი ვიზიტიც. ლისაბონში დავესწარით სამქადაგებლო საქმიანობის კანონიერად აღიარების შემდეგ იეჰოვას მოწმეთა პირველ შეხვედრას. დაახლოებით 50 წლის განმავლობაში იქ მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო. მაშინ ქვეყანაში სამეფოს მხოლოდ 14 000 მაუწყებელი იყო, მაგრამ ორ შეხვედრას 46 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. თვალებზე ცრემლები მომადგა, როდესაც ძმებმა თქვეს: „დამალვა აღარ მოგვიწევს. თავისუფლები ვართ“.

ნეითანთან ერთად მოგზაურობის დროს და ახლაც სიამოვნებით ვქადაგებდი და ვქადაგებ არაფორმალურად — თვითმფრინავებში, რესტორნებში თუ ქუჩაში. დღემდე ყოველთვის დამაქვს თან ლიტერატურა, რათა ქადაგებისთვის მზად ვიყო. ერთხელ, როდესაც ველოდებოდით თვითმფრინავს, რომლის რეისიც გადაიდო, ერთი ქალბატონი დაინტერესდა იმით, თუ სად ვმუშაობდი. წამოვიწყეთ საუბარი და ირგვლივ მყოფებიც ყურს გვიგდებდნენ. ბეთელში მსახურებისა და სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის შედეგად ყოველთვის დაკავებული და ბედნიერი ვარ.

ავადმყოფობა და გამოსამშვიდობებელი გამხნევება

1976 წელს ნეითანს კიბო აღმოაჩნდა. მე და მთელი ბეთელის ოჯახი ვეხმარებოდით მას დაავადებასთან გამკლავებაში. ნეითანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, სტუმრად ვიწვევდით სხვადასხვა ფილიალებიდან ბრუკლინში კურსების გასავლელად ჩამოსულ ძმებსა და დებს. მახსოვს დონ და ერლინ სტილების, ლოიდ და მელბა ბერების, დუგლას და მერი გესტების, მარტინ და გერტრუდ პოეტზინგერების, პრაის ჰიუზისა და სხვა მრავალთა სტუმრობა. ხშირად ისინი თავიანთ ქვეყნებში მომხდარ შემთხვევებს გვიზიარებდნენ. ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა იმ შემთხვევების მოსმენა, რომლებიც აკრძალვების დროს ძმების მიერ სიმტკიცის შენარჩუნებას ეხებოდა.

ნეითანმა, როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, კარგი რჩევა მომცა; ის დაქვრივების შემდეგ გამომადგებოდა. მან მითხრა: „ჩვენ ტკბილი ოჯახი გვქონდა. მრავალს ბედნიერი ცოლქმრული ცხოვრება არასოდეს ჰქონია“. ნეითანის დაკვირვებულობა და ყურადღებიანობა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ჩვენი ოჯახის ბედნიერებას შეუწყო ხელი. დავუშვათ, მოგზაურობისას სხვადასხვა ადამიანს უნდა შევხვედროდით. ის ყოველთვის მეტყოდა ხოლმე: „ოდრი, ზოგჯერ თუ ვინმეს არ გაცნობ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სახელებს ვერაფრით ვიხსენებ“. ძალიან მსიამოვნებდა, რომ ის წინასწარ მეუბნებოდა ამის შესახებ.

ნეითანმა სიკვდილის წინ შემახსენა: „სიკვდილის შემდეგ იმედი რეალობად გვექცევა და აღარასოდეს გამოვცდით ტკივილს“. შემდეგ მითხრა: „ყოველთვის წინ იყურე, რადგან ჯილდო იქ გელოდება. წარსულით ნუ იცხოვრებ, თუმცა მოგონებები დაგრჩება. დრო ყველაფრის მკურნალია. ნუ გამწარდები; საკუთარ თავს ნუ შეიცოდებ. იყავი მოხარული იმით, რომ მრავალი სასიხარულო მომენტი და კურთხევა გქონია. გაივლის დრო და დაინახავ, რომ მოგონებები სიამოვნებას მოგგვრის. მოგონებები ჩვენთვის ღვთისგან ბოძებული საჩუქარია“. ბოლოს კი დასძინა: „ყოველთვის დაკავებული იყავი — ეცადე, ყოველთვის რაღაცით დაეხმარო სხვებს. ეს ცხოვრებაში სიხარულს გაპოვნინებს“. 1977 წლის 8 ივნისს ნეითანმა დედამიწაზე ცხოვრების გზა დაასრულა.

გლენ ჰაიდზე გათხოვება

ნეითანმა მითხრა, რომ შემეძლო წარსული მოგონებებით მეცხოვრა ან შემეძლო ახალი ცხოვრება დამეწყო. ასე რომ, 1978 წელს, უოლკილში (ნიუ-იორკი) „საგუშაგო კოშკის“ ფერმაში გადასვლის შემდეგ გლენ ჰაიდზე, ძალიან მიმზიდველ, წყნარ და რბილი ხასიათის ადამიანზე გავთხოვდი. იეჰოვას მოწმედ გახდომამდე ის იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დროს სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა.

გლენი ტორპედოსან კატერზე მსახურობდა. იქ ყოველთვის ხმაური იყო, რის გამოც მან ნაწილობრივ დაკარგა სმენა. ომის დამთავრების შემდეგ გლენი მეხანძრე გახდა. ომის დროს განცდილს ის წლების განმავლობაში ღამის კოშმარებში ნახულობდა. შემდეგ მან თავისი მდივნისგან, რომელმაც არაფორმალურად უქადაგა, ბიბლიური ჭეშმარიტება გაიგო.

1968 წელს გლენი ბრუკლინის ბეთელში მეხანძრედ მიიწვიეს. მოგვიანებით კი, 1975 წელს, როდესაც „საგუშაგო კოშკის“ ფერმაში სახანძრო მანქანა გაჩნდა, იქ გადაიყვანეს. გავიდა ხანი და გლენს ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენი ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ გლენი გარდაიცვალა.

როგორ უნდა ამეტანა ეს დარტყმა? ისევ იმ გონივრულმა სიტყვებმა მანუგეშა, რომლებიც ნეითანმა სიკვდილის წინ მითხრა. განვაგრძობდი იმის კითხვას, რაც მან ქვრივობის სირთულეებთან გამკლავებაში დასახმარებლად დამიწერა. მის სიტყვებს დღემდე ვუზიარებ თანაქრისტიანებს, რომლებმაც მეუღლეები დაკარგეს და ნეითანის რჩევები მათთვისაც მანუგეშებელია. დიახ, როგორც მან მირჩია, კარგია ადამიანმა ყოველთვის წინ იყუროს.

ძვირფასი საძმო

ბეთელის ოჯახში მომსახურე ჩემს ძვირფას მეგობრებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. ერთი გამორჩეული მეგობარი ესთერ ლოპესია. მან სკოლა „გალაადი“ 1944 წელს დაამთავრა და მესამე კლასის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია. ესთერი ბრუკლინის ბეთელში 1950 წლის თებერვალში დაბრუნდა, რათა ბიბლიური ლიტერატურის ესპანურ ენაზე მთარგმნელად ემსახურა. ხშირად, როდესაც ნეითანი ბრუკლინიდან წასული იყო და ჩემგან შორს იყო, ესთერი მიწევდა კარგ კომპანიონობას. ახლა ისიც „საგუშაგო კოშკის“ ფერმაშია. ესთერი 90 წელს გადაცილებულია და, ცხადია, ჯანმრთელობაც სუსტი აქვს. ამიტომ მასზე ჩვენს საავადმყოფოში ზრუნავენ.

ჩემი დედმამიშვილებიდან მხოლოდ რასელი და კლარა არიან ცოცხლები. რასელი 90 წელს გადაცილებულია და ბრუკლინის ბეთელში დღემდე ერთგულად მსახურობს. ის ერთ-ერთი იმ პირველთაგანი იყო, ვისაც დაქორწინების შემდეგ ბეთელში დარჩენაზე ნება დართეს. 1952 წელს რასელმა ბეთელელი ჯეინ ლარსონი მოიყვანა ცოლად. ჯეინის ძმამ, მაქსმა, ბეთელში მსახურება 1939 წელს დაიწყო და 1942 წელს, ნეითანის შემდეგ, ტიპოგრაფიის ზედამხედველად დაინიშნა. მაქსი დღემდე განაგრძობს ბეთელში მრავალი საპასუხისმგებლო საქმის შესრულებას; აგრეთვე ზრუნავს თავის საყვარელ მეუღლეზე, ჰელენზე, რომელსაც გაფანტული სკლეროზი აქვს.

იეჰოვასთვის სრული დროით მსახურებაში 63 წლის გატარების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ბედნიერი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრების გზა განვვლე. ბეთელი ჩემი სახლი გახდა და დღემდე სიხარულით განვაგრძობ იქ მსახურებას. მადლობელი ვარ მშობლების, რომლებმაც შრომის ფასი მასწავლეს და იეჰოვას მსახურების სურვილი ჩამინერგეს. მაგრამ ცხოვრებას ნამდვილად ბედნიერს და კმაყოფილების მომტანს ხდის ჩვენი ბრწყინვალე საძმო და დედამიწაზე სამოთხეში ძმებთან და დებთან ცხოვრების იმედი; მათთან ერთად ჩვენი დიდებული შემოქმედისადმი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი, იეჰოვასადმი, მარადიულად მსახურება.

[სურათი 24 გვერდზე]

ჩემი მშობლები ქორწილის დღეს, 1912 წლის ივნისში.

[სურათი 24 გვერდზე]

მარცხნიდან მარჯვნივ: რასელი, უეინი, კლარა, არდისი, მე და კურტისი; 1927 წელი.

[სურათი 25 გვერდზე]

პიონერად მსახურების დროს ფრენსისსა და ბარბარას შორის, 1944 წელი.

[სურათი 25 გვერდზე]

ბეთელში 1951 წელს; მარცხნიდან მარჯვნივ: მე, ესთერ ლოპესი და ჩემი რძალი, ჯეინი.

[სურათი 26 გვერდზე]

ნეითანსა და მის მშობლებთან ერთად.

[სურათი 26 გვერდზე]

ნეითანთან ერთად, 1955 წელი.

[სურათი 27 გვერდზე]

ნეითანთან ერთად ჰავაიზე.

[სურათი 29 გვერდზე]

მეორე ქმართან, გლენთან, ერთად.