არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ვის გულისხმობს პავლე 2 კორინთელთა 6:14-ში, როცა „ურწმუნოებს“ იხსენიებს?

2 კორინთელთა 6:14-ში ვკითხულობთ: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად“. კონტექსტს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ პავლე ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნებიან. ამას ადასტურებს სხვა ბიბლიური მუხლებიც, რომლებშიც პავლე სიტყვებს „ურწმუნოსა“ და „ურწმუნოებს“ იყენებს.

მაგალითად, პავლე კიცხავს ქრისტიანებს, რომლებიც სასამართლოში „ურწმუნოთა წინაშე“ საქმის გასარჩევად მიდიან (1 კორინთელთა 6:6). ამ შემთხვევაში ურწმუნოებში კორინთის სასამართლოს მსაჯულები იგულისხმებიან. კორინთელთა მიმართ მეორე წერილში პავლე ამბობს, რომ სატანამ ‘დაუბრმავა გონება ურწმუნოებს’. ასეთ ურწმუნოებს თვალებზე „რიდე“ აქვთ ჩამოფარებული და სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტებას ვერ ხედავენ. ისინი არავითარ ინტერესს არ ავლენენ იეჰოვას მსახურებისადმი, რადგან, როგორც პავლემ აღნიშნა, „როცა უფლისაკენ მიიქცევიან, რიდე ეხდებათ“ (2 კორინთელთა 3:16; 4:4).

ზოგი ურწმუნო უკანონობას სჩადის ან კერპთაყვანისმცემლობაში იღებს მონაწილეობას (2 კორინთელთა 6:15, 16). მაგრამ ყველა ურწმუნო არ ეწინააღმდეგება იეჰოვას მსახურებს. ზოგი მათგანი ინტერესს ავლენს ჭეშმარიტებისადმი. ბევრს ქრისტიანი მეუღლე ჰყავს და მასთან კარგად გრძნობს თავს (1 კორინთელთა 7:12—14; 10:27; 14:22—25; 1 პეტრე 3:1, 2). მიუხედავად ამისა, პავლე ყველგან „ურწმუნოდ“ იხსენიებს მათ, ვინც — როგორც ზემოთ აღვნიშნეთ — არ მიეკუთვნება ქრისტიანულ კრებას, რომელიც ‘უფლის მორწმუნეებისგან’ შედგება (საქმეები 2:41; 5:14, აქ; 8:12, 13).

2 კორინთელთა 6:14-ში მოცემული პრინციპით ხელმძღვანელობა ქრისტიანებისთვის ნებისმიერ სფეროში სასარგებლოა. ის ხშირად მოყვანილია, როგორც გონივრული რჩევა იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების თანამგზავრს ეძებენ (მათე 19:4—6). მიძღვნილი მონათლული ქრისტიანისთვის გონივრულია, მეუღლე არ ეძებოს ურწმუნოთა შორის, რომელთა ფასეულობები, მიზნები და შეხედულებები სრულიად განსხვავდება ჭეშმარიტი ქრისტიანის ფასეულობებისგან, მიზნებისგან და შეხედულებებისგან.

რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებიც ბიბლიას სწავლობენ და ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებიან? ან რისი თქმა შეიძლება მოუნათლავ მაუწყებლებზე? არიან ისინი ურწმუნოები? არა. ადამიანებს, რომლებიც სასიხარულო ცნობას იღებენ და სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ ნათლობისკენ, ურწმუნოები არ უნდა ეწოდოთ (რომაელთა 10:10; 2 კორინთელთა 4:13). ბიბლიაში კორნელიოსს მონათვლამდე ეწოდება „მორწმუნე და ღვთისმოშიში“ (საქმეები 10:2, სსგ).

იბადება კითხვა: იქნება გონივრული, რომ მიძღვნილმა ქრისტიანმა შეხვედრა დაიწყოს მოუნათლავ მაუწყებელთან და იქორწინოს მასზე, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ 2 კორინთელთა 6:14-ში მოცემული რჩევა ასეთ შემთხვევას არ ეხება? არა. რატომ? იმიტომ, რომ პავლემ კონკრეტული მითითება მოგვცა ქრისტიან ქვრივებთან დაკავშირებით. მან დაწერა, რომ ქვრივი „თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში“ (1 კორინთელთა 7:39). ამ მითითების თანახმად, მიძღვნილმა ქრისტიანებმა ცხოვრების თანამგზავრი უნდა აირჩიონ მხოლოდ მათგან, ვინც ‘უფალშია’.

რას ნიშნავს გამოთქმა ‘უფალში ყოფნა’ და მისი მსგავსი გამოთქმა ‘ქრისტეში ყოფნა’? რომაელთა 16:8—10-სა (აქ) და კოლასელთა 4:7-ში (აქ) პავლე ლაპარაკობს ადამიანებზე, რომლებიც „ქრისტეში“ და „უფალში“ არიან. ამ მუხლებს თუ წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ ისინი იყვნენ ‘თანამშრომლები’, ‘მოწონებულები, ‘საყვარელი ძმები’, ‘ერთგული მსახურები’ და ‘მონები’.

როდის ხდება ადამიანი „მონა უფალში“? მაშინ, როცა ის საკუთარი ნებით აკეთებს იმას, რაც მონისგან მოითხოვება და საკუთარ თავს უარყოფს. იესო გვიხსნის: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მათე 16:24). ადამიანი ქრისტეს კვალდაკვალ სიარულსა და ღვთის ნების თანახმად ცხოვრებას მაშინ იწყებს, როცა ღმერთს თავს უძღვნის. ამის შემდეგ ის ინათლება და ხდება მსახური, რომელსაც იეჰოვა ღმერთი იწონებს *. მაშასადამე, ‘უფალში დაქორწინება’ ნიშნავს ისეთ ადამიანზე დაქორწინებას, რომელმაც ცხადყო, რომ ნამდვილად მორწმუნეა და „ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს მონაა“ (იაკობი 1:1).

ქებას იმსახურებს ის, ვინც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობს და სულიერად წინ მიიწევს. მაგრამ მას ჯერ არ მიუძღვნია თავი იეჰოვასთვის და ჯერ არ განუცხადებია, რომ ცხოვრებას უძღვნის მისთვის მსახურებას, რაც მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. ის ჯერ კიდევ ახდენს საჭირო ცვლილებებს. თავდაპირველად მან ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოახდინოს საკუთარ ცხოვრებაში, რათა მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანი გახდეს, და შემდეგ იფიქროს სხვა დიდ ცვლილებაზე — ქორწინებაზე.

იქნებოდა მიზანშეწონილი, ქრისტიანს შეხვედრა დაეწყო ბიბლიის შემსწავლელთან, რომელიც სულიერად წინ მიიწევს, და დალოდებოდა მის მონათვლას, რათა ნათლობის შემდეგ დაქორწინებულიყვნენ? არა. შესაძლოა, ბიბლიის შემსწავლელს არასწორი მოტივები განუვითარდეს, თუ მას ეცოდინება, რომ მიძღვნილ ქრისტიანს სურს მასზე დაქორწინება, ეს კი მის ნათლობამდე არ მოხდება.

უმეტესწილად ადამიანი მოუნათლავ მაუწყებლად გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსახურობს, ვიდრე მონათვლისთვის არ იქნება მზად. ასე რომ, უფალში ქორწინებასთან დაკავშირებული ზემოხსენებული რჩევა ნამდვილად გონივრულია. მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, საქორწილოა, კრებასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობს და მოუნათლავ მაუწყებლად მსახურობს? საინტერესოა, რატომ არ უძღვნის ის თავს იეჰოვას? რატომ მერყეობს? ეჭვები ხომ არ აწუხებს? ასეთი ადამიანი ურწმუნო არ არის, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ის ‘უფალშია’.

ქორწინებასთან დაკავშირებით პავლეს მიერ მოცემულ რჩევას სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის (ესაია 48:17). როცა მომავალ წყვილს — როგორც საქმროს, ისე საცოლეს — თავი იეჰოვასთვის აქვს მიძღვნილი, მათ ცოლქმრულ ურთიერთობას მყარი, სულიერი საფუძველი აქვს ჩაყრილი. მათ ერთი და იგივე ფასეულობები და მიზნები აქვთ. ეს კი მნიშვნელოვანია ბედნიერი ქორწინებისთვის. რაც მთავარია, უფალში ქორწინებით ქრისტიანი იეჰოვასადმი ერთგულებას ცხადყოფს. ასეთი ერთგულებისთვის ის ყოველთვის იქნება კურთხეული, რადგან იეჰოვა „ერთგულის მიმართ ერთგულებას ავლენს“ (ფსალმუნები 18:25, აქ [17:26]).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 ცხებული ქრისტიანებისთვის, რომელთაც პავლე პირველ რიგში მიმართავდა, ‘უფალში მონობა’ ცხების საშუალებით ღვთის ძეებად და ქრისტეს ძმებად გახდომასაც მოიცავდა.

[სურათი 31 გვერდზე]

იეჰოვა „ერთგულის მიმართ ერთგულებას ავლენს“.