არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს სასწაულები სინამდვილე თუ მონაგონი?

იესოს სასწაულები სინამდვილე თუ მონაგონი?

იესოს სასწაულები სინამდვილე თუ მონაგონი?

„მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან [იესო ქრისტესთან] და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა“ (მათე 8:16). «წამოდგა [იესო] და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ! ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა“» (მარკოზი 4:39). რას ფიქრობთ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით? გჯერათ, რომ აქ აღწერილია ნამდვილი, ისტორიული მოვლენები? თუ ფიქრობთ, რომ ეს ალეგორიაა, მითები და მეტი არაფერი?

ჩვენს საუკუნეში მრავალს სერიოზულად ეპარება ეჭვი იესოს სასწაულების ისტორიულობაში. დღეს ტელესკოპებისა და მიკროსკოპების ერაში, მაშინ როდესაც მეცნიერები იკვლევენ სამყაროს და ვითარდება გენური ინჟინერია, ადამიანებს არაგონივრული ეჩვენებათ სასწაულებისა და ზებუნებრივი მოვლენების დაჯერება.

ზოგის აზრით, სასწაულები ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი ან ალეგორიაა. ერთ წიგნში, რომლის მიზანიც „რეალური“ იესოს პორტრეტის დახატვა იყო, ავტორი ქრისტეს სასწაულების შესახებ აღნიშნავდა, რომ ისინი სხვა არაფერია, თუ არა „რეკლამები“ ხალხის ქრისტიანობისკენ მისაზიდად.

სხვები ქრისტეს სასწაულებს წმინდა წყლის თაღლითობად მიიჩნევენ. ხალხის მოტყუებას ზოგჯერ თვით იესოსაც აბრალებდნენ. ახ. წ. II საუკუნეში მცხოვრები იუსტინე წამებულის სიტყვების თანახმად, იესოს გამკრიტიკებლები „იმასაც კი ბედავენ, რომ მას ჯადოქარსა და ხალხის შეცდომაში შემყვანს უწოდებენ“. ზოგი ამბობს, რომ იესო „სასწაულებს ებრაელი წინასწარმეტყველივით კი არ ახდენდა, არამედ ჯადოქარივით, რომელიც თავის ხელოვნებას წარმართულ ტაძრებში დაეუფლა“.

რას შეიძლება ეწოდოს „შეუძლებელი“?

როგორც ხედავთ, მრავალს იესოს სასწაულებში ერთი ძირითადი მიზეზის გამო ეპარება ეჭვი. მათთვის რთულია და შეუძლებელიც კი, დაუშვან ზებუნებრივი ძალების მოქმედება. „სასწაულები, უბრალოდ, არ ხდება. ეს არის და ეს“, — თქვა ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც საკუთარ თავს აგნოსტიკოსი უწოდა. შემდეგ კი XVIII საუკუნის შოტლანდიელი ფილოსოფოსის, დეივიდ ჰიუმის, სიტყვები დასძინა: „სასწაულები ბუნების კანონების დარღვევაა“.

მრავალი, ალბათ, თავს შეიკავებდა იმის მტკიცებისგან, რომ ამა თუ იმ ფენომენის არსებობა შეუძლებელია. ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ სასწაულს უწოდებს „მოვლენას, რომლის ახსნაც ბუნების ცნობილი კანონების საფუძველზე შეუძლებელია“. ამ განმარტების თანახმად, კოსმოსში გაფრენა, კაბელის გარეშე ინფორმაციის გადაცემა და სატელიტური ნავიგაცია სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ ხალხისთვის „სასწაული“ იქნებოდა. ნამდვილად არაგონივრულია სასწაულების არსებობა შეუძლებლად ჩაგვეთვალა მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე ცოდნის საფუძველზე მათი ახსნა შეუძლებელია.

რას დავინახავთ, თუ გამოვიკვლევთ ბიბლიურ კონტექსტში იმ სასწაულებს, რომლებიც იესო ქრისტეს მიეწერება? სინამდვილეა იესოს სასწაულები თუ მონაგონი?