არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რისი სწავლა შეგიძლიათ იესოს სასწაულებიდან?

რისი სწავლა შეგიძლიათ იესოს სასწაულებიდან?

რისი სწავლა შეგიძლიათ იესოს სასწაულებიდან?

შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, რომ დედამიწაზე იესოს ცხოვრების აღწერისას ბიბლიის დედანში სიტყვა „სასწაული“ არსად არის გამოყენებული. ზოგჯერ სასწაულად ნათარგმნია ბერძნული სიტყვა („დინამის“), რომელიც სიტყვასიტყვით „ძალას“ ნიშნავს (ლუკა 8:46). ის შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს, როგორც „უნარი“ ან „ძალთაქმედებანი“ ანუ დიდი საქმეები (მათე 11:20; 25:15). ერთი სწავლულის სიტყვების თანახმად, ეს ბერძნული სიტყვა „ხაზს უსვამს დიდ საქმეებს და განსაკუთრებით იმ ძალას, რომლის დახმარებითაც ეს საქმეები გაკეთდა. ამ სიტყვით აღიწერება ღვთის ძალა მოქმედებაში“.

სხვა ბერძნული სიტყვა („ტერას“), ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც „საკვირველება“ (იოანე 4:48; საქმეები 2:19, აქ). ამ შემთხვევაში ხაზი ესმევა მნახველზე მოხდენილ გავლენას. საკმაოდ ხშირად იესოსთან შეკრებილ ხალხს და მის მოწაფეებს აოცებდა დიდი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა (მარკოზი 2:12; 4:41; 6:51; ლუკა 9:43).

მესამე ბერძნული სიტყვა („სიმიონ“), რომელიც იესოს სასწაულებთან დაკავშირებით გამოიყენება, „ნიშანს“ ნიშნავს. ერთი მეცნიერის, რობერტ დეფინბაუგის, სიტყვების თანახმად, ის „პირველ რიგში სასწაულის მნიშვნელობაზე, მასში ჩადებულ არსზე ამახვილებს ყურადღებას“. შემდეგ კი ეს მეცნიერი დასძენს: „ნიშანი არის სასწაული, რომელიც უფალ იესოს შესახებ ამა თუ იმ ჭეშმარიტებას გვამცნობს“.

ილუზიები თუ ღვთის მიერ მიცემული ძალა?

ბიბლიაში იესოს სასწაულები წარმოდგენილი არ არის ფოკუსებად ან ილუზიებად; ისინი ხალხის გასართობად არ იყო გამიზნული. ეს სასწაულები „ღვთის დიდების“ გამოვლინება იყო. ამას ცხადყოფს ერთი ახალგაზრდის მაგალითი, რომლისგანაც იესომ დემონი განდევნა (ლუკა 9:37—43). განა შეუძლებელი იქნებოდა ასეთი საქმეების გაკეთება ყოვლისშემძლე ღმერთისთვის, რომლის შესახებაც ბიბლია ამბობს, რომ „დიდი ძალა“ აქვს? (ესაია 40:26). რა თქმა უნდა, არა!

სახარებებში იესოს დაახლოებით 35 სასწაულია მოხსენიებული. მაგრამ მოყვანილი არ არის ყველა სასწაულის რაოდენობა. მაგალითად, მათეს 14:14-ში ნათქვამია: „უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები“. ბიბლიაში აღნიშნული არ არის, თუ რამდენი ადამიანი განკურნა მაშინ იესომ.

ასეთი დიდი ძალის გამოვლინება ადასტურებდა იესოს სიტყვების ჭეშმარიტებას, რომ ის ღვთის ძე, აღთქმული მესია, იყო. საღვთო წერილი მართლაც ცხადყოფს, რომ სასწაულების მოხდენა იესოს ღვთის მიერ მიცემულმა ძალამ შეაძლებინა. მოციქულმა პეტრემ იესოს შესახებ თქვა: „კაცი, რომელიც ღმერთმა აშკარად დაგანახვათ სასწაულებით, საკვირველებებითა და ნიშნებით, რომლებსაც ღმერთი მისი მეშვეობით ახდენდა თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით“ (საქმეები 2:22, აქ). სხვა შემთხვევაში პეტრემ აღნიშნა, რომ „სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან“ (საქმეები 10:37, 38).

იესოს სასწაულები მისი ცნობის განუყოფელი ნაწილი იყო. მარკოზის 1:21—27 გვიჩვენებს, რა რეაქცია ჰქონდა ხალხს იესოს სწავლებასა და ერთ-ერთ მის სასწაულზე. მარკოზის 1:22-ში ნათქვამია, რომ ხალხი ‘გაოცებული იყო მისი მოძღვრებით’, 27-ე მუხლში კი აღნიშნულია, რომ, როდესაც მან დემონი განდევნა, „ყველანი განცვიფრდნენ“. იესოს დიდი საქმეები და მის მიერ ხალხისთვის გადაცემული ცნობა ადასტურებდა, რომ ის აღთქმული მესია იყო.

იესო არ იფარგლებოდა მხოლოდ იმის თქმით, რომ მესია იყო. მის სიტყვებსა და საქმეებს თან სდევდა ღვთის მიერ მიცემული ძალის გამოვლინება — იესო ახდენდა სასწაულებს, რომლებიც უდავოდ ადასტურებდა, რომ ის იყო მესია. როდესაც წამოიჭრა კითხვები მის მისიასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, იესომ გაბედულად თქვა: „მე კი მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია [ნათლისმცემელი]; რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემს შესახებ, რომ მამამ მომავლინა“ (იოანე 5:36).

იესოს სასწაულების უტყუარობის დამადასტურებელი მტკიცებები

რის საფუძველზე შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იესოს სასწაულები ნამდვილად მოხდა? განვიხილოთ ამის დამადასტურებელი რამდენიმე არგუმენტი.

საოცარი საქმეების კეთებისას იესო არასოდეს ამახვილებდა ყურადღებას საკუთარ თავზე. ის ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ ნებისმიერი სასწაულის მოხდენისას პატივი და დიდება ღვთისათვის მიეგო. მაგალითად, ვიდრე ბრმა მამაკაცს განკურნავდა, იესომ ხაზი გაუსვა, რომ განკურნება იმის გამო მოხდებოდა, ‘რათა ღვთის საქმენი გაცხადებულიყო’ (იოანე 9:1—3; 11:1—4).

ილუზიონისტების, ჯადოქრებისა თუ რწმენით განმკურნავებისგან განსხვავებით, იესო არასოდეს მიმართავდა ჰიპნოზს, ფოკუსებს, გარეგნულად შთამბეჭდავ სცენებს, მაგიასა და ემოციურ რიტუალებს. მას არასოდეს არაფერი ჰქონდა საერთო ცრუმორწმუნეობასთან და არც არასოდეს იყენებდა „წმინდა“ საგნებს. ყურადღება მიაქციეთ, რა მოკრძალებულად განკურნა იესომ ორი ბრმა მამაკაცი. „შეებრალა იესოს ისინი, — გვამცნობს სახარება, — და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას“ (მათე 20:29—34). არავითარი რიტუალი, ცერემონიალი ან სპექტაკლის დადგმა. იესო სასწაულებრივ საქმეებს ყველას თვალწინ, ხშირად მრავალი მოწმის თანდასწრებით, აკეთებდა. ის არ მიმართავდა სპეციალურ განათებას, სცენების მოწყობასა და რეკვიზიტებს. პირიქით, ეს სასწაულები აშკარად განსხვავდებოდა დღევანდელი ეგრეთ წოდებული სასწაულებისგან, რომელთა დადასტურებაც ხშირად შეუძლებელია (მარკოზი 5:24—29; ლუკა 7:11—15).

ზოგჯერ იესო აღნიშნავდა, რომ მათ, ვისაც სასწაული შეეხო, ღვთისადმი რწმენა ჰქონდათ. მაგრამ არც ვინმეს ურწმუნოება უშლიდა მას ხელს სასწაულების მოხდენაში. გალილეაში, კერძოდ კი კაპერნაუმში „მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა“ (მათე 8:16).

იესო სასწაულებს ხალხის ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ახდენდა და არა ვინმეს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად (მარკოზი 10:46—52; ლუკა 23:8). ის არც პირადი სარგებლობის მისაღებად მიმართავდა სასწაულებს (მათე 4:2—4; 10:8).

რა შეიძლება ითქვას უშუალოდ სახარებების შესახებ?

იესოს სასწაულების შესახებ ცნობას ოთხი სახარებიდან ვიგებთ. გვაქვს იმის საფუძველი, რომ მათ დავეყრდნოთ, როდესაც ვიკვლევთ, იესოს სასწაულები მართლა მოხდა თუ არა? დიახ, გვაქვს.

როგორც აღინიშნა, იესო სასწაულებს სახალხოდ, ყველას თვალწინ, ახდენდა. სახარების პირველი ეგზემპლარები მაშინ იწერებოდა, როდესაც ეს თვითმხილველები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. წიგნი „სასწაულები და მკვდრეთით აღდგომა“ სახარების დამწერთა გულწრფელობის შესახებ აღნიშნავს: „უსამართლო იქნებოდა სახარების დამწერთა დადანაშაულება იმაში, რომ ისინი სინამდვილეს სასწაულების ნიაღვარში აზავებდნენ იმ მიზნით, რომ თავიანთი მრწამსი სხვებისთვის მიმზიდველი გაეხადათ . . . ისინი ცდილობდნენ, პატიოსანი მწერლები ყოფილიყვნენ“.

ქრისტიანობის იუდეველი მოწინააღმდეგენი საკამათოდ არასოდეს მიიჩნევდნენ სახარებებში აღწერილ დიდ საქმეებს. ისინი მხოლოდ იმაზე დავობდნენ, თუ რომელი ძალით ხდებოდა ეს სასწაულები (მარკოზი 3:22—26). მოგვიანებით ვერც კრიტიკოსებმა შეძლეს იესოს სასწაულების უარყოფა. პირიქით, ახ. წ. I–II საუკუნეების ნაშრომებში მოხსენიებულია იესოს სასწაულები. ცხადია, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ სასწაულების შესახებ სახარებების ცნობა საიმედოა.

კაცი, რომელიც სასწაულებს ახდენდა

იესოს სასწაულებთან დაკავშირებული გამოკვლევა სრული არ იქნებოდა, თუ მხოლოდ იმ ლოგიკური არგუმენტების განხილვით შემოვიფარგლებოდით, რომლებიც დაგვანახვებდა, სინამდვილეში მოხდა თუ არა ეს სასწაულები. იესოს დიდი საქმეების აღწერისას სახარებები წარმოგვიდგენს კაცს, რომელსაც სხვების მიმართ ძლიერი გრძნობები ჰქონდა და უბადლო თანაგრძნობას ავლენდა და რომელიც სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავდა.

განვიხილოთ ერთი კეთროვნის შემთხვევა, რომელიც იესოსთან მივიდა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა“. იესოს «შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“». ის მამაკაცი მაშინვე განიკურნა (მარკოზი 1:40—42). როგორც ვხედავთ, იესო ამ კაცისადმი თანაგრძნობამ აღძრა, ღვთის მიერ მიცემული ძალა სასწაულის მოსახდენად გამოეყენებინა.

რა მოხდა მაშინ, როდესაც იესომ დაინახა, რომ ქალაქ ნაინიდან მკვდარს მოასვენებდნენ? გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო, ქვრივი ქალის ერთადერთი ვაჟი. იესოს „შეეცოდა იგი [დედა] და უთხრა: „ნუ სტირი“. შემდეგ კი შვილი გაუცოცხლა (ლუკა 7:11—15).

მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იესოს ‘ეცოდებოდა’ ხალხი და სასწაულებს მათ დასახმარებლად ახდენდა. ასეთი სასწაულები მხოლოდ ისტორია როდია. „იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს, და უკუნისამდეც“, — ნათქვამია ებრაელთა 13:8-ში. ახლა ის, ზეციერი მეფე, მზად არის და ძალაც შესწევს, იმაზე მეტად გამოიყენოს ღვთის მიერ მიცემული უნარი, ვიდრე დედამიწაზე ცხოვრებისას იყენებდა. მალე იესო ამ ძალას მორჩილი ადამიანების განსაკურნავად გამოიყენებს. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან იმის უკეთესად დანახვაში, თუ რა ნათელი მომავალი გველოდება.

[სურათები 4, 5 გვერდებზე]

იესოს სასწაულები „ღვთის დიადი ძალის“ გამოვლინება იყო.

[სურათი 7 გვერდზე]

იესოს ადამიანთა მიმართ ძლიერი გრძნობები ჰქონდა.