არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას „ბრძანება“ უეჭველად შესრულდება

იეჰოვას „ბრძანება“ უეჭველად შესრულდება

იეჰოვას „ბრძანება“ უეჭველად შესრულდება

«გიამბობ უფლის კანონმდებლობას [„ბრძანებას“, აქ]: უფალმა მითხრა: „ძე ხარ ჩემი . . . მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ“» (ფსალმუნები 2:7, 8).

1. როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ღვთისა და ერების განზრახვები?

იეჰოვა ღმერთს თავისი განზრახვა აქვს კაცობრიობასთან და დედამიწასთან დაკავშირებით. ამავე დროს, წუთისოფლის ერებსაც აქვთ თავიანთი განზრახვები. მაგრამ ღვთისა და ადამიანების განზრახვები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. და ეს მოსალოდნელიცაა, რადგან ღმერთი ამბობს: „როგორც ცაა მაღალი დედამიწაზე, ისე ჩემი გზებია მაღალი თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები — თქვენს ზრახვებზე“. ღვთის განზრახვა უეჭველად განხორციელდება, რადგან იეჰოვა განაგრძობს: „როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ზეციდან და იქ აღარ ბრუნდება, თუ არ დაარწყულა დედამიწა, თუ არ გაანაყოფიერა და არ ააყვავა იგი, არ მისცა თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე“ (ესაია 55:9—11).

2, 3. რას ცხადყოფს მე-2 ფსალმუნი, მაგრამ რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?

2 ღვთის განზრახვა მესიანურ მეფესთან დაკავშირებით უეჭველად რომ განხორციელდება, ამას მე-2 ფსალმუნი ცხადყოფს. ძველი ისრაელის მეფემ, დავითმა, რომელმაც ეს ფსალმუნი დაწერა, ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა მნიშვნელოვანი დრო, როცა ერები ‘აბობოქრდებოდნენ’; მათი მეთაურები იეჰოვა ღმერთსა და მის ცხებულს დაუპირისპირდებოდნენ. მაგრამ ფსალმუნმომღერალმა ასეთი წინასწარმეტყველებაც წარმოთქვა: «გიამბობ უფლის კანონმდებლობას [„ბრძანებას“, აქ]: უფალმა მითხრა: „ძე ხარ ჩემი . . . მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს — სამკვიდრებლად“» (ფსალმუნები 2:7, 8).

3 რას ნიშნავს „უფლის ბრძანება“ ერებისთვის? რა გავლენას ახდენს ის კაცობრიობაზე? და რას ნიშნავს ეს ყოველივე მეორე ფსალმუნის ღვთისმოშიშ მკითხველთათვის?

ერები ბობოქრობენ

4. როგორ ჩამოაყალიბებდით ფსალმუნების 2:1, 2-ის ძირითად აზრს?

4 ფსალმუნმომღერალი ამ ფსალმუნში წუთისოფლის ერებისა და მათი მმართველების მოქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას და სიმღერას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „რატომ ბობოქრობენ ხალხები, და ესწრაფიან ერები ამაოებას? ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან“ (ფსალმუნები 2:1, 2) *.

5, 6. რა ‘ამაოებას ესწრაფვიან’ ერები?

5 რა ‘ამაოებას ესწრაფვიან’ ერები? ღვთის ცხებულის — მესიის ანუ ქრისტეს — აღიარების ნაცვლად, ერები საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისკენ მიისწრაფვიან. მე-2 ფსალმუნის ეს სიტყვები ახ. წ. I საუკუნეშიც შესრულდა, როცა იუდეველი და რომაელი მმართველები გაერთიანდნენ ღვთის მიერ მეფედ არჩეული იესო ქრისტეს მოსაკლავად. მაგრამ ამ წინასწარმეტყველების ძირითადი შესრულება 1914 წელს დაიწყო, როდესაც იესო ზეცაში გამეფდა. მას შემდეგ მსოფლიოში არსებული არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ აღიარებს ღვთის მიერ ტახტზე აყვანილ მეფეს.

6 რა იგულისხმა ფსალმუნმომღერალმა სიტყვებში: ‘რატომ ესწრაფვიან ერები ამაოებას’? ამაო მათი განზრახვაა; ის ვერასდროს განხორციელდება. შეუძლებელია ერებმა დედამიწაზე მშვიდობა დაამყარონ და ერთიანობა შეინარჩუნონ. მიუხედავად ამისა, ისინი მთელი ძალებით ეწინააღმდეგებიან ღვთის მმართველობას. ისინი ერთობლივად ებრძვიან უზენაესსა და მის ცხებულს. რა დიდი უგუნურებაა!

იეჰოვას ძლევამოსილი მეფე

7. როგორ დაუკავშირეს ლოცვაში პირველმა ქრისტიანებმა ფსალმუნების 2:1, 2-ის სიტყვები იესოს?

7 პირველი ქრისტიანები ფსალმუნების 2:1, 2-ის სიტყვებს იესოს უკავშირებდნენ. რწმენის გამო დევნისას ისინი შემდეგი სიტყვებით ლოცულობდნენ: «ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია; ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგე ალაპარაკე სულიწმიდით: „რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას? აღდგნენ მეფენი ქვეყნისა, და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.“ ვინაიდან ჭეშმარიტად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად» (საქმეები 4:24—27; ლუკა 23:1—12) *. დიახ, პირველ საუკუნეში ნამდვილად მოეწყო შეთქმულება იეჰოვას ცხებული მსახურის, იესოს, წინააღმდეგ. მაგრამ ეს ფსალმუნი საუკუნეების შემდეგაც უნდა შესრულებულიყო.

8. როგორ სრულდება თანამედროვე ერებთან დაკავშირებით ფსალმუნების 2:3-ის სიტყვები?

8 ძველად, როცა ისრაელს მეფეები მართავდნენ, მაგალითად, როდესაც იქ დავითი მეფობდა, წარმართი ერები და მათი მმართველები ღვთისა და მის მიერ გამეფებული ცხებულის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? დღეს ერებს არ სურთ იეჰოვასა და მესიის მოთხოვნების შესრულება. ფსალმუნების თანახმად, ისინი თითქოს ამბობენ: „დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებს“ (ფსალმუნები 2:3). ერები და მათი მმართველები ღვთისა და მისი ცხებულის მიერ დაწესებულ ყოველგვარ შეზღუდვას ეწინააღმდეგებიან. ცხადია, ასეთი სადავეების დაგლეჯისა და ხუნდების მოშორების ნებისმიერი მცდელობა ყოვლად უშედეგო აღმოჩნდება.

იეჰოვა სასაცილოდ იგდებს მათ

9, 10. რატომ იგდებს იეჰოვა აბუჩად ერებს?

9 იეჰოვას სირთულეს არ უქმნის ის, რომ ამ წუთისოფლის ერების მმართველები თავიანთი დამოუკიდებელი მმართველობების განმტკიცებას ცდილობენ. მე-2 ფსალმუნი შემდეგნაირად გრძელდება: „მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, და უფალი აბუჩად აიგდებს მათ“ (ფსალმუნები 2:4). ღმერთი განაგრძობს თავისი განზრახვის განხორციელებას, თითქოს ეს მმართველები არც კი არსებობდნენ. ის იცინის მათ კადნიერებაზე და აბუჩად იგდებს მათ. დაე იტრაბახონ იმით, რის გაკეთებასაც აპირებენ. ისინი მის თვალში სასაცილოები არიან. იეჰოვასთვის სასაცილოა მისთვის ხელის შეშლის ნებისმიერი ამაო მცდელობა.

10 დავითი თავის ფსალმუნებში სხვაგანაც იხსენიებს ადამიანებსა და ერებს, რომლებიც ღმერთს ეწინააღმდეგებიან და მღერის: „შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხებს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. ბრუნდებიან საღამოობით, ყმუიან ძაღლებივით და გარს უარონ ქალაქს. აჰა, ანთხევენ პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა ვინ ისმენსო. ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხებს“ (ფსალმუნები 58:6—9). იეჰოვას სასაცილოდ არ ყოფნის ის, თუ როგორ ტრაბახობენ და რა დაბნეულობაში არიან ერები, როცა უგუნური მოქმედებით ეწინააღმდეგებიან.

11. რა ხდება მაშინ, როდესაც ერები ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ იეჰოვას განზრახვის განხორციელებას?

11 მეორე ფსალმუნი რწმენას გვიმტკიცებს, რომ ღმერთს შეუძლია ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუმკლავდეს. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის ყოველთვის ასრულებს თავის ნებას და არასდროს ტოვებს თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმუნები 93:14). მაშ რა ხდება მაშინ, როდესაც ერები მისი განზრახვის წინააღმდეგ წასვლას ცდილობენ? ამ ფსალმუნის თანახმად, ღმერთი „ეტყვის მათ თავისი რისხვით“, მისი ხმა ძლიერი ჭექა-ქუხილივით დაიგრგვინებს. უფრო მეტიც, ის „თავისი გულისწყრომით“ ელვის ძლიერ ნათებასავით „შეაძრწუნებს“ მათ (ფსალმუნები 2:5).

ღვთის მეფე ტახტზეა ასული

12. როგორ მეფედ კურთხევას ეხება ფსალმუნების 2:6?

12 უეჭველია, რომ ერებს აღაშფოთებს ის, რასაც იეჰოვა ამბობს ფსალმუნმომღერლის პირით. ის აცხადებს: „მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე — ჩემს წმიდა მთაზე“ (ფსალმუნები 2:6). სიონის მთა შემაღლებული ადგილი იყო იერუსალიმში, სადაც მეფე დავითი ისრაელის მეფედ აკურთხეს. მაგრამ მესიანური მეფის ტახტი არ იდგმება იერუსალიმში ან სადმე სხვაგან დედამიწაზე. იეჰოვამ იესო ქრისტე თავის რჩეულ მესიანურ მეფედ ზეციერი სიონის მთაზე აკურთხა (გამოცხადება 14:1).

13. რა შეთანხმება დადო იეჰოვამ თავის ძესთან?

13 ფსალმუნების მომდევნო მუხლში უკვე გამეფებული მესიის სიტყვებია მოცემული. ის ამბობს: «გიამბობ უფლის [იეჰოვას, რომელმაც სამეფოსთან დაკავშირებული შეთანხმება დადო თავის ძესთან] კანონმდებლობას [„ბრძანებას“, აქ]: უფალმა [იეჰოვა ღმერთმა] მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ» (ფსალმუნები 2:7). სამეფოსთან დაკავშირებული ეს შეთანხმება ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც თავის მოციქულებს უთხრა: „თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი“ (ლუკა 22:28, 29).

14. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესოს მეფობის ყოველგვარი უფლება აქვს?

14 როგორც ფსალმუნების 2:7-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, იეჰოვამ იესო ნათლობისას თავის ძედ აღიარა და ეს მისი მკვდრეთით აღდგენითაც ცხადყო (მარკოზი 1:9—11; რომაელთა 1:4; ებრაელთა 1:5; 5:5). დიახ, ზეციერი სამეფოს მეფე ღვთის მხოლოდშობილი ძეა (იოანე 3:16). იესო მეფე დავითის შთამომავალია, ამიტომაც მას მეფობის ყოველგვარი უფლება აქვს (2 მეფეთა 7:4—17; მათე 1:6, 16). მეორე ფსალმუნის თანახმად, ღმერთი ეუბნება თავის ძეს: „მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს —სამკვიდრებლად“ (ფსალმუნები 2:8).

15. რატომ ითხოვს იესო ხალხებს სამკვიდროდ?

15 მეფე — ღვთის ძე — იეჰოვას შემდეგ ყველაზე მეტი ძალაუფლებით არის აღჭურვილი. იესომ იეჰოვას წინაშე დაამტკიცა, რომ ერთგული და სანდოა. უფრო მეტიც, იესოს, როგორც ღვთის პირმშოს, მემკვიდრეობის მიღების უფლება აქვს. დიახ, იესო ქრისტე „არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა“ (კოლასელთა 1:15). მან მხოლოდ უნდა სთხოვოს ღმერთს, ‘მისცეს ხალხები სამკვიდროდ და ქვეყნის კიდეები სამკვიდრებლად’. იესო ითხოვს ამას, რადგან ‘ადამის ძეთა მიმართ არის მისი სიხარული’ და დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ თავისი ზეციერი მამის ნების შესრულება სწადია (იგავები 8:30, 31).

იეჰოვას ბრძანება ხალხების წინააღმდეგ

16, 17. ფსალმუნების 2:9-ის თანახმად, როგორი მომავალი ელის ერებს?

16 რა მომავალი ელით ერებს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მეორე ფსალმუნი ჩვენს დროში სრულდება, როცა ქრისტე უხილავად უკვე მოსულია? მეფე მალე განახორციელებს ღვთის ბრძანებას: „შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“ (ფსალმუნები 2:9).

17 ძველად მეფის კვერთხი სამეფო ძალაუფლების სიმბოლო იყო. ზოგი კვერთხი რკინისა იყო — ისეთი, როგორიც ამ ფსალმუნშია მოხსენიებული. აქ ხატოვნად აღწერილია ის, რომ გამეფებულ ქრისტესთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ხალხების განადგურება. ძლიერად მოქნეული რკინის კვერთხი ნაცარტუტად აქცევს მეთუნის თიხის ჭურჭელს.

18, 19. რა უნდა გააკეთონ დედამიწის მეფეებმა ღვთის კეთილგანწყობილების მისაღებად?

18 იძულებულები არიან ხალხების მთავრები, რომ ასეთი განადგურების მოწმენი გახდნენ? არა, რადგან ფსალმუნმომღერალი მათ ასეთი თხოვნით მიმართავს: „ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!“ (ფსალმუნები 2:10). ის მეფეებს მოუწოდებს, გონს მოეგონ. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ სრულიად ფუჭია მათი გეგმები, იმისგან განსხვავებით, რასაც ღვთის სამეფო გააკეთებს ადამიანებისთვის.

19 ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად, დედამიწის მეფეებს შეცვლა სჭირდებათ. ისინი უნდა ‘ემსახურონ უფალს შიშით და შეჰღაღადონ თრთოლვით’ (ფსალმუნები 2:11). რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ასე მოიქცევიან? აურზაურისა და შფოთის ნაცვლად, იმ იმედით გაიხარებენ, რომელსაც მესიანური მეფე იძლევა. ამ მიზნის მისაღწევად, მათთვის აუცილებელია სიამაყისა და ქედმაღლობის მოშორება, რომელსაც მმართველობისას ავლენენ. გარდა ამისა, ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალონ და გონს უნდა მოეგონ — უნდა აღიარონ იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება და აგრეთვე ღვთისა და მისი მესიანური მეფის უდიდესი ძლიერება სცნონ.

„ეამბორეთ ძეს“

20, 21. რას ნიშნავს ‘ძის ამბორი’?

20 მეორე ფსალმუნი დიდსულოვნად იწვევს ხალხების მმართველებს. ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივად შეეწინააღმდეგონ ღმერთს, მათ შემდეგი რჩევა ეძლევათ: „ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი [იეჰოვა ღმერთი] და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი“ (ფსალმუნები 2:12ა). მათ ყურად უნდა იღონ უზენაესი უფლის, იეჰოვას, ბრძანება. როცა ღმერთმა ტახტზე აიყვანა თავისი ძე, მიწიერ მმართველებს უნდა მიეტოვებინათ ‘ამაოებისკენ სწრაფვა’. მათ დაუყოვნებლივ უნდა ეღიარებინათ მეფე და სრულად დამორჩილებოდნენ მას.

21 რატომ უნდა ‘ეამბორონ ძეს’ ისინი? იმ დროს, როცა ეს ფსალმუნი დაიწერა, ამბორით მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ და ოჯახში მოსულ სტუმრებს ხვდებოდნენ, რის შემდეგაც მათ მიმართ სტუმართმოყვარეობას ავლენდნენ. ამბორი შესაძლოა ერთგულების გამოვლენის ნიშანიც ყოფილიყო (1 მეფეთა 10:1). მე-2 ფსალმუნის ამ მუხლში ღმერთი ერებს მოუწოდებს, ეამბორონ, ანუ სიხარულით შეხვდნენ, და ცხებულ მეფედ აღიარონ მისი ძე.

22. რა გაფრთხილება უნდა იღონ ყურად ერებმა?

22 ყველა, ვინც არ აღიარებს ღვთის რჩეული მეფის ძალაუფლებას, იეჰოვას შეურაცხყოფს. ამით ისინი უარყოფენ იეჰოვას უზენაეს მმართველობას — მის უფლებასა და უნარს, აირჩიოს მეფე, რომელიც კაცობრიობის საუკეთესო მმართველი იქნება. ერების მმართველებს საკუთარი გეგმების განხორციელების მცდელობისას უეცრად თავს ღვთის რისხვა დაატყდებათ. „მალე აღიგზნება რისხვა მისი“ და წინ ვერაფერი აღუდგება. ერების მმართველები მადლიერები უნდა იყვნენ ამ გაფრთხილებისთვის და მხედველობაში უნდა მიიღონ ის. ასეთი მოქმედება მათ სიცოცხლეს მოუტანს.

23. ჯერ კიდევ რისი დრო აქვთ ცალკეულ პირებს?

23 ეს დრამატული ფსალმუნი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა [იეჰოვაზეა] მინდობილი“ (ფსალმუნები 2:12ბ). ცალკეულ პირებს ჯერ კიდევ აქვთ დრო თავის გადასარჩენად. ამის საშუალება მმართველებსაც კი ეძლევათ, რომლებიც აქამდე ერების გეგმების განხორციელებას უჭერდნენ მხარს. მათ შეუძლიათ მიმართონ იეჰოვას, რათა მისი სამეფოს მეშვეობით გადარჩნენ. მაგრამ ეს მანამდე უნდა გააკეთონ, ვიდრე მესიანური სამეფო მოწინააღმდეგე ერებს გაანადგურებს.

24. როგორ შეგვიძლია ამ მშფოთვარე წუთისოფელშიც კი უფრო მეტად გავიხაროთ ცხოვრებით?

24 თუ ბიბლიას გულმოდგინედ შევისწავლით და მის რჩევებს ცხოვრებაში გამოვიყენებთ, ამ მშფოთვარე წუთისოფელშიც კი უფრო მეტად გავიხარებთ ცხოვრებით. ბიბლიური რჩევების მიყოლის შედეგად, ბედნიერები ვიქნებით ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობით და გავთავისუფლდებით ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი უამრავი წუხილისა და შიშისგან. როდესაც ბიბლიის მითითებებს მივყვებით, დარწმუნებულები ვართ, რომ შემოქმედი კმაყოფილია ჩვენით. სამყაროს უზენაესი ხელისუფალი კი ერთადერთია, ვისაც შეუძლია აღგვითქვას „სიცოცხლე აწმყოშიც და მომავალშიც“ — მას შემდეგ, რაც ის დედამიწას გაწმენდს მათგან, ვინც ღვთის სამეფოს მმართველობის უარყოფით მის სამართლიან ნებას ეწინააღმდეგება (1 ტიმოთე 4:8).

25. რას უნდა მოველოდეთ ჩვენს დროში, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ იეჰოვას ბრძანება შეუსრულებელი არ დარჩება?

25 იეჰოვას „ბრძანება“ შეუსრულებელი არ დარჩება. ღმერთმა, ჩვენმა შემოქმედმა, იცის, რა არის საუკეთესო კაცობრიობისთვის და ის განახორციელებს თავის განზრახვას — მორჩილ ადამიანებს მშვიდობით, კმაყოფილებითა და უშფოთველი ცხოვრებით აკურთხებს იმ სამეფოს ქვეშევრდომობით, რომლის მეფეც მისი საყვარელი ძეა. ჩვენი დროის შესახებ წინასწარმეტყველმა დანიელმა დაწერა: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა . . . იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). მაშ, ახლა მართლაც რომ დროულია ‘ვეამბოროთ ძეს’ და ვემსახუროთ უზენაეს უფალს, იეჰოვას!

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 თავიდან მეფე დავითი იყო ეს „ცხებული“. „ამქვეყნიური მეფეები“ კი ფილისტიმელი მმართველები იყვნენ, რომლებიც მის წინააღმდეგ ჯარებს აერთიანებდნენ.

^ აბზ. 7 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა მონაკვეთებიდანაც ჩანს, რომ იესოა მე-2 ფსალმუნში მოხსენიებული ღვთის ცხებული. ამას ცხადყოფს ფსალმუნების 2:7-ის შედარება საქმეების 13:32, 33-თან და ებრაელთა 1:5; 5:5-თან. იხილეთ აგრეთვე ფსალმუნების 2:9 და გამოცხადების 2:27.

როგორ უპასუხებდით?

• რა ‘ამაოებას ესწრაფიან’ ერები?

• რატომ იგდებს აბუჩად იეჰოვა ერებს?

• როგორი ბრძანება გასცა იეჰოვამ ერების წინააღმდეგ?

• რას ნიშნავს სიტყვები „ეამბორეთ ძეს“?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16 გვერდზე]

დავითი ძლევამოსილი მესიანური მეფის შესახებ მღეროდა.

[სურათი 17 გვერდზე]

ისრაელში ხალხი და მათი მმართველები იესო ქრისტეს წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

[სურათი 18 გვერდზე]

ქრისტე ზეციერი სიონის მთაზე გამეფდა.