არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კაპადოკია ქარისა და წყლის შედეგად კლდეში გამოკვეთილი ქალაქი

კაპადოკია ქარისა და წყლის შედეგად კლდეში გამოკვეთილი ქალაქი

კაპადოკია ქარისა და წყლის შედეგად კლდეში გამოკვეთილი ქალაქი

პეტრე მოციქულმა თავის ერთ-ერთ წერილში კაპადოკია მოიხსენია. ის ღვთის შთაგონებით დაწერილ პირველ წერილში ‘კაპადოკიაში მიმოფანტულ დროებით მცხოვრებლებსაც’ მიმართავდა (1 პეტრე 1:1, აქ). როგორი იყო კაპადოკია? რატომ ცხოვრობდნენ იქაურები ქვაში გამოკვეთილ სახლებში? როგორ შევიდა მათთან ქრისტიანობა?

„მოულოდნელად აღმოვჩნდით კონუსის ფორმის მკვრივი კლდეებითა და ქვის სვეტებით სავსე უჩვეულო ადგილას,“ — აღნიშნა ინგლისელმა მოგზაურმა უილიამ ეინსუორტმა, რომელიც XIX საუკუნის 40-იან წლებში ეწვია კაპადოკიას. თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ამ ყველაზე უცნაური ლანდშაფტის მქონე ერთ-ერთ ოლქს დღემდე გაოცებაში მოჰყავს თანამედროვე მნახველები. უჩვეულო „ქანდაკებები“ უტყვი გუშაგების მსგავსად ჩამწკრივებულან კაპადოკიის ველზე. ზოგი „ქანდაკება“ გიგანტურ საკვამლე მილს მოგვაგონებს და დაახლოებით 30 მეტრ სიმაღლეზეა ცად აზიდული. სხვები უზარმაზარ ობელისკებს, კონუსის ფორმის ნაყინებსა და სოკოებს წააგვანან.

მშვენიერი სანახაობაა, როდესაც დღის განმავლობაში მზის სხივები სხვადასხვაფრად ამკობს ამ „ქანდაკებებს“. გამთენიისას ისინი მკრთალ ვარდისფრად იღებებიან, ნაშუადღევს — სპილოსძვლისფრად, ხოლო მზის ჩასვლისას ღია ოქროსფრიდან მუქ ოქროსფერში გადადიან. როგორ შეიქმნა „კონუსის ფორმის მკვრივი კლდეებითა და ქვის სვეტებით სავსე ეს უჩვეულო ადგილი“? და რატომ გაიკეთა კაპადოკიაში მცხოვრებმა ხალხმა სახლები ამ კლდეებში?

ქარისა და წყლის შედეგად გამოკვეთილი

კაპადოკია მდებარეობს მცირე აზიის ნახევარკუნძულის, ანატოლიის, შუაგულში. ეს ნახევარკუნძული აზიას ევროპასთან აერთებს. ორი ვულკანი რომ არა, ეს მხარე ვაკე იქნებოდა. ათასობით წლის წინათ ძლიერი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ეს ტერიტორია ორი სახის ქანით დაიფარა: მყარი ბაზალტითა და რბილი ტუფით — მოთეთრო ფერის ფოროვანი ქანით, რომელიც წარმოიქმნება ამოსროლილი ვულკანური ფერფლის შეცემენტების შედეგად.

მდინარეების, წვიმებისა და ქარის ზემოქმედებით ეს რბილი ტუფი დაიშალა და წარმოიშვა კანიონები. დროთა განმავლობაში კანიონების ციცაბო ფერდობების ნაწილი თანდათანობით ჩამოინგრა და კონუსის ფორმის უამრავ კლდოვან სვეტად იქცა. ამგვარად, ეს ადგილი უჩვეულო ქანდაკებებით დამშვენდა. კონუსის ფორმის ზოგ კლდეს იმდენად ბევრი ხვრელი გაუჩნდა, რომ თაფლის ფიჭას დაემსგავსა. ამ რბილ კლდეებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საცხოვრებელი ოთახები გამოჭრეს და ოჯახების ზრდას ოთახების რაოდენობის ზრდა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მათ სახლებში გრილოდა, ხოლო ზამთარში — თბილოდა.

ცხოვრება ცივილიზაციების გზაჯვარედინზე

კაპადოკიის გამოქვაბულებში მცხოვრებლები უძველესი ცივილიზაციების შემაერთებელ გზაჯვარედინზე რომ არ აღმოჩენილიყვნენ, ნაკლები შეხება ექნებოდათ სხვა ხალხებთან. კაპადოკიაზე გადიოდა ყველასთვის კარგად ცნობილი აბრეშუმის დიდი გზა — 6 500 კილომეტრზე გადაჭიმული სავაჭრო გზა, რომელიც რომის იმპერიას ჩინეთთან აკავშირებდა. ვაჭრების მიმოსვლის გარდა, ამ გზით დადიოდნენ სპარსელების, ბერძნებისა და რომაელების ჯარები. აქ მოსიარულეებმა ახალი რელიგიური შეხედულებები შეიტანეს კაპადოკიაში.

II საუკუნისთვის კაპადოკიაში ებრაელთა დასახლებები გაჩნდა. ახ. წ. 33 წელს ამ მხარეში მცხოვრები იუდეველები იერუსალიმში ჩავიდნენ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად. ამგვარად, სულიწმიდის მოფენის შემდეგ პეტრე მოციქულმა კაპადოკიელ იუდეველებს უქადაგა (საქმეები 2:1—9). როგორც ჩანს, ზოგი გამოეხმაურა მის ცნობას და ახალმიღებული რწმენა მშობლიურ მხარეში წაიღო. ასე რომ, პეტრემ თავის პირველ წერილში კაპადოკიელ ქრისტიანებსაც მიმართა.

მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში კაპადოკიელი ქრისტიანები წარმართული ფილოსოფიური შეხედულებების გავლენის ქვეშ მოექცნენ. IV საუკუნეში კაპადოკიაში ეკლესიის სამმა გავლენიანმა მოძღვარმა სამების არაბიბლიურ მოძღვრებას მტკიცედ დაუჭირა მხარი. ესენი იყვნენ გრიგორ ნაზიანზელი, ბასილი დიდი და მისი ძმა გრიგოლ ნოსელი.

ბასილი დიდი ხალხს აგრეთვე ბერმონაზვნური ცხოვრებისკენ მოუწოდებდა. კაპადოკიელთა ქვაში გამოკვეთილი მოკრძალებული საცხოვრებლები სწორედ რომ შესაფერისი იყო ასკეტური ცხოვრებისთვის. რამდენადაც ასკეტების რიცხვი იზრდებოდა, ეკლესიები შედარებით ფართო კონუსის ფორმის კლდეებშიც კი შენდებოდა. XIII საუკუნისთვის დაახლოებით სამასი ეკლესია იყო გამოჭრილი ამ კლდოვან ადგილებში. ბევრი მათგანი დღემდეა შემორჩენილი.

თუმცა ეს ეკლესიები და მონასტრები დღეს უკვე აღარ მოქმედებს, ადგილობრივი მცხოვრებლების ცხოვრების წესი საუკუნეების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. ბევრი ჯერ კიდევ გამოქვაბულებში ცხოვრობს. კაპადოკიის დამთვალიერებლებს აოცებთ ის, თუ როგორ მოხერხებულად გადააკეთა ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ბუნებრივი გეოლოგიური წარმონაქმნები მოხერხებულ საცხოვრებლებად.

[რუკა 24, 25 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

კაპადოკია

ჩინეთი