არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იარე უმწიკვლოდ

იარე უმწიკვლოდ

იარე უმწიკვლოდ

„მე კი უმწიკვლოდ ვივლი“ (ფსალმუნები 26:11, აქ [25:11]).

1, 2. ა) რატომ თამაშობს ადამიანის უმწიკვლობა მნიშვნელოვან როლს ღვთის უზენაესობის საკითხში? ბ) როგორ შეუძლიათ გონიერ ქმნილებებს აჩვენონ, რომ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას უჭერენ მხარს?

როდესაც ედემის ბაღში სატანა ღვთის წინააღმდეგ წავიდა, მან ეჭვქვეშ დააყენა ღვთის უზენაესი ხელისუფლების საკითხი. მოგვიანებით მან ადამიანებს იმაში დასდო ბრალი, რომ ისინი ღმერთს მანამ ემსახურებოდნენ, სანამ მისგან სარგებლობას ღებულობდნენ (იობი 1:9—11; 2:4). ასეთნაირად, ადამიანის უმწიკვლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იეჰოვას უზენაესობის გამართლებაში.

2 მართალია, ღმერთი მაინც იქნება უზენაესი მმართველი იმისგან დამოუკიდებლად, გამოავლენენ თუ არა მისი ქმნილებები უმწიკვლობას, მაგრამ ადამიანებსა და ღვთის სულიერ ძეებს შეუძლიათ აჩვენონ, ვის მხარეს იკავებენ საკამათო საკითხში. როგორ? უმწიკვლოდ სიარულით. აქედან გამომდინარე, ადამიანი სწორედ უმწიკვლობის საფუძველზე გასამართლდება.

3. ა) რა სთხოვეს იობმა და დავითმა იეჰოვას? ბ) რა კითხვები წამოიჭრება უმწიკვლობასთან დაკავშირებით?

3 იობმა დარწმუნებით თქვა: «ამწონოს მე მართალ [„ზუსტ“, აქ] სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება» (იობი 31:6). ისრაელის მეფე დავითი იეჰოვას სთხოვდა, მისი უმწიკვლობა შეემოწმებინა. ის ლოცულობდა: „გამიჩინე სამართალი, ო, იეჰოვა, რადგან უმწიკვლოდ დავდივარ. იეჰოვაზე ვარ მინდობილი, რათა არ წავბორძიკდე“ (ფსალმუნები 26:1, აქ [25:1]). ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ვიაროთ უმწიკვლოდ! რა არის უმწიკვლობა და რას ნიშნავს უმწიკვლოდ სიარული? რა დაგვეხმარება უმწიკვლოდ სიარულში?

„უმწიკვლოდ დავდივარ“

4. რა არის უმწიკვლობა?

4 უმწიკვლობა გულისხმობს პატიოსნებას, სამართლიანობასა და უბიწობას. თუმცა უმწიკვლობა უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ იმის კეთებას, რაც სწორია. ის არის მორალური სიჯანსაღე და ღვთისადმი მთელი გულით ერთგულება. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იობის გულის მოტივები, როდესაც ღმერთს უთხრა: „აბა, გაიწოდე ხელი, და შეახე მის ძვალს და მის ხორცს, პირში თუ არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 2:5). უმწიკვლობის შესანარჩუნებლად სწორ მოქმედებასთან ერთად საჭიროა გულის სწორი მოტივები.

5. რა გვიჩვენებს, რომ უმწიკვლობის შესანარჩუნებლად არ მოითხოვება სრულყოფილება?

5 უმწიკვლობის შესანარჩუნებლად სრულყოფილება არ მოითხოვება. მეფე დავითი არასრულყოფილი იყო და თავისი სიცოცხლის მანძილზე რამდენიმე სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის «წმინდა [„უმწიკვლო“, აქ] გულით» დადიოდა ღვთის წინაშე (3 მეფეთა 9:4). რატომ? იმიტომ რომ დავითს უყვარდა იეჰოვა. ის მთელი გულით ავლენდა ღვთისადმი ერთგულებას. მან აღიარა ცოდვები, მიიღო იეჰოვასგან გაკიცხვა და გამოსწორდა. მართლაც, დავითის უმწიკვლობა კარგად ჩანს იეჰოვასადმი სიყვარულსა და მთელი გულით ერთგულებაში (მეორე რჯული 6:5, 6).

6, 7. რას ნიშნავს უმწიკვლოდ სიარული?

6 უმწიკვლობა ადამიანის ცხოვრების ერთი რომელიმე ასპექტით, მაგალითად რელიგიით, არ შემოიფარგლება. ის ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში უნდა გამოვავლინოთ. დავითი უმწიკვლოდ „დადიოდა“. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ «ზმნა „სიარული“ გულისხმობს ცხოვრების კურსს, ანუ ცხოვრების წესს» (The New Interpreter’s Bible). როდესაც უბიწოდ მავალ ადამიანებზე საუბრობდა, ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ნეტარ არიან მის [ღვთის] მცნებათა დამცველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას. არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი [ღვთის] გზით დადიან“ (ფსალმუნები 118:1—3). უმწიკვლობა მოითხოვს მუდმივად იმის გაგების სურვილს, თუ რა არის ღვთის ნება, და მისი გზით სიარულს.

7 უმწიკვლოდ სიარულისთვის საჭიროა ღვთისადმი ურყევი ერთგულების შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც არასასიამოვნო სიტუაციებში ვვარდებით. როდესაც განსაცდელებს მოთმინებით ვიტანთ, უბედურების დროს სიმტკიცეს ვინარჩუნებთ და ვუძლებთ სატანის ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებულ ცდუნებებს, უმწიკვლობას ვავლენთ. ასე მოქცევით იეჰოვას გულს ვუხარებთ, რადგან მან იცის, როგორი პასუხი გასცეს თავის დამცინავს (იგავები 27:11). ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ისეთივე გადაწყვეტილება მივიღოთ, როგორიც იობმა მიიღო: „სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“ (იობი 27:5). 25-ე ფსალმუნი გვიჩვენებს, თუ რა დაგვეხმარება უმწიკვლოდ სიარულში.

ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი“

8. რას სწავლობთ დავითის ლოცვიდან, როდესაც იეჰოვას სთხოვდა, რომ მისი თირკმელები და გული შეემოწმებინა?

8 დავითი ლოცულობდა: «გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა [„თირკმელები“, აქ] და გული ჩემი» (ფსალმუნები 25:2). თირკმელები სხეულის სიღრმეში მდებარეობს. ის ასიმბოლოებს პიროვნების ღრმა აზრებსა და ემოციებს. გული კი ასიმბოლოებს შინაგან პიროვნებას — მის სურვილებს, გრძნობებსა და ინტელექტს. როდესაც დავითი იეჰოვას სთხოვდა, ‘შემამოწმეო’, იმას გულისხმობდა, რომ ღმერთს მისი ღრმა აზრები და გრძნობები შეემოწმებინა და გამოეკვლია.

9. როგორ გაწმენდს იეჰოვა ჩვენს სიმბოლურ თირკმელებსა და გულს?

9 დავითი ლოცულობდა, რომ გაწმენდილიყო მისი თირკმელები და გული. როგორ შეუძლია იეჰოვას ჩვენი შინაგანი პიროვნების გაწმენდა? დავითი მღეროდა: „ვაკურთხებ იეჰოვას, რომელიც რჩევას მაძლევს; ჩემს გამოსწორებას ემსახურება ჩემი თირკმელები ღამღამობით“ (ფსალმუნები 16:7, აქ [15:7]). რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ღვთის რჩევა დავითის ორგანიზმში ღრმად აღწევდა „თირკმელებამდე“, იქ ჩერდებოდა და მისი ღრმა აზრებისა და ემოციების გამოსწორებას ემსახურებოდა. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე მოხდება, თუ რჩევებს, რომლებიც ღვთის სიტყვისა და მისი ორგანიზაციის მეშვეობით გვეძლევა, მადლიერებით დავუკვირდებით და „თირკმელებში“ ჩავიტოვებთ. რეგულარული ლოცვა, რომ იეჰოვამ ასეთნაირად გაგვწმინდოს, უმწიკვლოდ სიარულში დაგვეხმარება.

„თვალწინ მიდგას შენი წყალობა“

10. რა დაეხმარა დავითს ღვთის ჭეშმარიტებით სიარულში?

10 „თვალწინ მიდგას შენი წყალობა, — აგრძელებს დავითი, — და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას“ (ფსალმუნები 25:3). დავითი კარგად იყო გაცნობილი იმ საქმეებს, რომლებშიც ღვთის წყალობა ირეკლებოდა, და მადლიერებით ფიქრობდა მათზე. „ადიდე, სულო ჩემო, უფალი, — მღეროდა ის, — და ნუ დაივიწყებ რაც კეთილი გიყო!“ დავითს არასდროს ავიწყდებოდა ღვთის საქმეები. ის ამბობს: „სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყოფს ყველა ჩაგრულთათვის. აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანთ — თავისი საქმენი“ (ფსალმუნები 102:2, 6, 7). შესაძლოა, დავითს მხედველობაში ჰყავდა ისრაელები, რომლებსაც მოსეს დღეებში ეგვიპტელები ჩაგრავდნენ. თუ ეს ასე იყო, იმაზე დაფიქრება, რომ იეჰოვამ მოსეს გადარჩენის გზები აუწყა, ღრმად შეეხებოდა დავითის გულს და განუმტკიცებდა გადაწყვეტილებას, ღვთის ჭეშმარიტებით ევლო.

11. რა დაგვეხმარება უმწიკვლოდ სიარულში?

11 უმწიკვლოდ სიარულში ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლა და ნასწავლზე დაფიქრებაც დაგვეხმარება. მაგალითად, იმაზე დაფიქრება, რომ იოსები გაექცა პოტიფარის ცოლის უზნეო გამოწვევას, ნამდვილად დაგვეხმარება, გავექცეთ მსგავს სიტუაციებს, სადაც უნდა ვიყოთ, იქნება ეს სამსახური, სკოლა თუ სხვა (დაბადება 39:7—12). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქვეყნიერების მხრიდან მატერიალური კეთილდღეობის ან სახელის მოხვეჭისა და ძალაუფლების მოპოვების ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით? ასეთ დროს უნდა გავიხსენოთ მოსე, რომელმაც უარი თქვა ეგვიპტის განძსა და დიდებაზე (ებრაელები 11:24—26). იობის მოთმინება კი, უდავოა, განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ ავადმყოფობისა თუ უბედურებების მიუხედავად, იეჰოვასადმი ერთგულება შევინარჩუნოთ (იაკობი 5:11). თუ დევნის მსხვერპლი გავხდებით? გავიხსენოთ დანიელი, რომელიც ლომების ხაროში იქნა ჩაგდებული; ეს გამბედაობას შეგვმატებს (დანიელი 6:16—22).

„არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ“

12, 13. როგორ საზოგადოებას უნდა მოვერიდოთ?

12 დავითი კიდევ ერთ ფაქტორს ასახელებს, რაც მას უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაეხმარა. ის ამბობს: „არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ. შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები“ (ფსალმუნები 25:4, 5). დავითი არ ჯდებოდა ბოროტებთან. მან შეიძულა ცუდი საზოგადოება.

13 ჩვენ როგორ ვიქცევით? ტელევიზორით, ვიდეოთი, მოძრავი სურათებით, ინტერნეტით ან სხვა რაიმე საშუალებით ურთიერთობა ხომ არ გვაქვს სიცრუის მოყვარულებთან? შორს გვიჭირავს თავი მათგან, ვინც მალავს თავის გარეგნულ სახეს? სამსახურში ან სკოლაში ზოგმა შეიძლება თავი ისე მოგვაჩვენოს, თითქოს ჩვენი საუკეთესო მეგობარია, სინამდვილეში კი მზაკვრული მიზნები ამოძრავებდეს. ნუთუ ვისურვებდით, ახლო ურთიერთობა დაგვემყარებინა მათთან, რომლებიც არ დადიან ღვთის ჭეშმარიტებით? განდგომილებმა, რომლებიც თავს გულწრფელებად გვაჩვენებენ, შეიძლება დამალონ თავიანთი განზრახვა — იეჰოვას ჩამოგვაშორონ. როგორ მოვიქცეთ, თუ კრებაში არიან ისეთები, რომლებიც გაორებულ ცხოვრებას ეწევიან? ისინიც მალავენ თავიანთ ნამდვილ სახეს. ჯეისონს, რომელიც დღეს კრებაში მომსახურედ მსახურობს, ახალგაზრდობაში ასეთი მეგობრები ჰყავდა. ის ამბობს: «ერთხელ ერთმა მათგანმა მითხრა: „მნიშვნელობა არა აქვს, რას ვაკეთებთ ახლა, რადგან ახალი ქვეყნიერება როდესაც მოვა, მაინც დავიღუპებით. ამ წუთისოფელში რატომ უნდა მოვიკლოთ რამე?“. მისმა ნათქვამმა გამომაფხიზლა. მე არ მინდა, რომ დავიღუპო». ჯეისონმა გონიერება გამოავლინა და ასეთ ვაი-მეგობრებთან ურთიერთობა გაწყვიტა. „ნუ შეცდებით, — გვაფრთხილებს მოციქული პავლე. — ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ცუდ საზოგადოებას მოვერიდოთ?!

‘ყველა შენს საოცრებაზე ვილაპარაკებ’

14, 15. როგორ შეგვიძლია ‘გარს შემოვუაროთ [იეჰოვას] სამსხვერპლოს’?

14 „ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო“, — განაგრძობს დავითი. რატომ? „რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო“ (ფსალმუნები 25:6, 7). დავითს სურდა, ზნეობრივი სიწმინდე შეენარჩუნებინა, რათა შეძლებოდა, იეჰოვას თაყვანისმცემელი ყოფილიყო და მისადმი ერთგულება დაემტკიცებინა.

15 ყველაფერი, რაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით ჯერ კარავში, მოგვიანებით კი ტაძარში ხდებოდა, „ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი“ იყო (ებრაელები 8:5; 9:23). სამსხვერპლო ასიმბოლოებდა იეჰოვას ნებას — კაცობრიობის გამოსასყიდად მიეღო იესო ქრისტეს მსხვერპლი (ებრაელები 10:5—10). იესოს მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენით ჩვენ ‘ვიბანთ ხელებს უბიწოებით და გარს ვუვლით იეჰოვას სამსხვერპლოს’ (იოანე 3:16—18).

16. რა კურთხევებს ვღებულობთ, როდესაც სხვებს ღვთის საოცარი საქმეების შესახებ ვაუწყებთ?

16 განა იეჰოვასა და მისი მხოლოდშობილი ძისადმი მადლიერებით არ გვევსება გული, როდესაც იმ კურთხევებზე ვფიქრობთ, რომლებიც გამომსყიდველური მსხვერპლის მეშვეობით გვეძლევა? მაშ მადლიერების გრძნობით აუწყეთ სხვებს ღვთის საოცარი საქმეები — ის, რაც ედემის ბაღში მოხდა და ის, რაც ახალ ქვეყნიერებაში მოხდება (დაბადება 2:7; საქმეები 3:21). სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება სულიერად ნამდვილად დამცველია! (მათე 24:14; 28:19, 20). ამ საქმით დაკავება გვეხმარება იმაში, რომ მუდამ გვახსოვდეს მომავალთან დაკავშირებული იმედი, განვიმტკიცოთ ღვთის აღთქმებისადმი რწმენა და გავიძლიეროთ იეჰოვასა და თანაქრისტიანებისადმი სიყვარული.

„შევიყვარე სავანე შენი სახლისა“

17, 18. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქრისტიანული შეხვედრებისადმი?

17 კარავი, რომელშიც სამსხვერპლო იყო, იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრად ითვლებოდა. დავითს სიხარულს ანიჭებდა იქ ყოფნა და ლოცულობდა: „უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და ადგილი — კარავი შენი დიდებისა“ (ფსალმუნები 25:8).

18 გვიყვარს იქ შეკრება, სადაც იეჰოვას შესახებ ვსწავლობთ? ყველა სამეფო დარბაზი, იქ წარმოდგენილი სულიერი პროგრამით, იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრად ითვლება. ამას გარდა, ვხარობთ საოლქო, სარაიონო და სპეციალური ერთდღიანი კონგრესებითაც, რომლებზეც იეჰოვას შეხსენებებს ვღებულობთ. თუ ასეთ შეხვედრებს ძალიან შევიყვარებთ, სურვილი გვექნება, არ გავაცდინოთ ისინი და ყურადღებით მოვისმინოთ პროგრამა (ფსალმუნები 118:167). რაოდენ გამამხნევებელია თანამორწმუნეების გვერდით ყოფნა, რომლებიც ჩვენი პირადი კეთილდღეობით არიან დაინტერესებულნი და უმწიკვლოდ სიარულში გვეხმარებიან (ებრაელები 10:24, 25).

„ნუ მოსპობ ჩემს სულს“

19. დავითს რაში არ უნდოდა, რომ ბრალი დასდებოდა?

19 დავითს კარგად ესმოდა, რომ ღვთის ჭეშმარიტების მიტოვებას სავალალო შედეგები მოჰყვებოდა. ამიტომ ის ლოცულობდა: „ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს სისხლის მსმელებთან, რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით“ (ფსალმუნები 25:9 10). დავითს არ უნდოდა, უღვთო ადამიანების გვერდით ყოფილიყო და ბოროტმოქმედებასა და მექრთამეობაში დასდებოდა ბრალი.

20, 21. როგორ შეიძლება იმ გზაზე აღმოვჩნდეთ, რომელზეც უღვთოები დადიან?

20 დღევანდელ ქვეყნიერებაში უზნეობა ფართოდაა გავრცელებული. ჟურნალ-გაზეთები და ფილმები რეკლამას უკეთებენ „უწმინდურებასა“ და „თავაშვებულობას“ (გალატელები 5:19). ზოგი პორნოგრაფიის მონა ხდება, რასაც ხშირად უზნეობა მოჰყვება. ასეთ გავლენაში განსაკუთრებით ახალგაზრდები ექცევიან. ზოგ ქვეყანაში პაემანზე სიარული წესად არის ქცეული; მოზარდებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ და არწმუნებენ, რომ აუცილებელია სასიყვარულო კავშირების გაბმა. ბევრი ამ გრძნობას დაქორწინების ასაკამდე ძალიან ადრე აჰყვება, შემდეგ კი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად თავაშვებულობას მისდევს და მეძაობს.

21 საზიანო გავლენისგან არც უფროსები არიან დაზღვეულნი. უპატიოსნო ბიზნესისა და ეგოისტური გადაწყვეტილებების მიღებისკენ სწრაფვა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი არ დადის უმწიკვლობის გზით. ქვეყნიერების გზით სიარული კარგს არაფერს მოგვიტანს; პირიქით, ის იეჰოვას ჩამოგვაშორებს. მოდი ‘შევიძულოთ ბოროტი და კეთილი შევიყვაროთ’ და განვაგრძოთ უმწიკვლოდ სიარული (ამოსი 5:15).

„გამომისყიდე მე და შემიწყალე“

22—24. ა) რა გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ 25-ე ფსალმუნის დასასრულს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

22 ბოლოს დავითი ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართავს: «ხოლო მე ვივლი უბიწოებით [„უმწიკვლოდ“, აქ]; მიხსენი [„გამომისყიდე“, აქ] მე და შემიწყალე. სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოში ვადიდებ უფალს» (ფსალმუნები 25:11, 12). დავითის გადაწყვეტილება, უმწიკვლოდ ევლო, მჭიდროდ არის დაკავშირებული მის თხოვნასთან, რომ იეჰოვას გამოესყიდა ის. რა გამამხნევებელია ეს ჩვენთვის! თუ უმწიკვლოდ სიარული მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ჩვენი არასრულყოფილი სხეულის მიუხედავად, იეჰოვა დაგვეხმარება.

23 დაე ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ და პატივს მივაგებთ ღვთის უზენაეს ხელისუფლებას. თითოეულმა შეგვიძლია ლოცვაში ვთხოვოთ იეჰოვას, შეამოწმოს და გამოიკვლიოს ჩვენი ღრმა აზრები და გრძნობები. თუ ღვთის სიტყვას გულმოდგინედ შევისწავლით, ყოველთვის ვიფიქრებთ ჭეშმარიტებაზე. მაშ, რის ფასადაც უნდა დაგვიჯდეს, მოვერიდოთ ცუდ საზოგადოებას და ქრისტიანულ შეხვედრებზე ვადიდოთ იეჰოვა. დაე გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში. არასოდეს დავუშვათ, რომ ქვეყნიერებამ ისეთი რამ გაგვაკეთებინოს, რაც საფრთხეს შეუქმნის ღმერთთან ჩვენს ძვირფას ურთიერთობას. თუ ყველანაირად ვცდილობთ, უმწიკვლოდ ვიაროთ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვას კეთილგანწყობას მოვიპოვებთ.

24 ვინაიდან უმწიკვლობა ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უნდა გამოვავლინოთ, საჭიროა ვიცოდეთ სასიკვდილო მახის — ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შესახებ. ეს საკითხი მომდევნო სტატიაში განიხილება.

გახსოვს თუ არა?

• რატომ გასამართლდებიან გონიერი ქმნილებები უმწიკვლობის საფუძველზე?

• რა არის უმწიკვლობა და რას ნიშნავს უმწიკვლოდ სიარული?

• რა დაგვეხმარება უმწიკვლოდ სიარულში?

• რა საშიშროებას უნდა მოვერიდოთ უმწიკვლობის შესანარჩუნებლად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 14 გვერდზე]

ყოველთვის თვალწინ გიდგას ღვთის საქმეები, რომლებშიც იეჰოვას წყალობა ირეკლება?

[სურათი 14 გვერდზე]

რეგულარულად სთხოვ იეჰოვას, შეამოწმოს შენი ღრმა აზრები?

[სურათები 15 გვერდზე]

განსაცდელებისას უმწიკვლობის შენარჩუნებით იეჰოვას გულს ვუხარებთ.

[სურათები 17 გვერდზე]

სარგებლობ იეჰოვას ღონისძიებებით, რაც უმწიკვლოდ სიარულში დაგეხმარება?