არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘იაჰ არის ჩემი მხსნელი’

‘იაჰ არის ჩემი მხსნელი’

„ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“

‘იაჰ არის ჩემი მხსნელი’

იეჰოვას ხალხი არჩევნის წინაშე იდგა. ვის დაემორჩილებოდნენ ისინი — ძველი ეგვიპტის ბოროტ მმართველს თუ იეჰოვა ღმერთს? დატოვებდნენ მონობის ადგილს და დასახლდებოდნენ აღთქმულ მიწაზე?

ეგვიპტის ურჩმა ფარაონმა იეჰოვას ხალხის გაშვებაზე უარი თქვა, ამიტომ ღმერთმა ათი სასჯელი მოუვლინა ქვეყანას. იეჰოვამ მართლაც რომ დიდი ძალა გამოავლინა! ეგვიპტის ღვთაებებმა ვერ შეძლეს ფარაონისა და მისი ხალხის დაცვა.

როდესაც მოსემ და აარონმა ფარაონს უთხრეს, რომ ღვთის ხალხი გაეშვა, მან დაცინვით მიუგო: „ვინაა უფალი [იეჰოვა, აქ], რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? მე არ ვცნობ უფალს და ისრაელსაც არ გავუშვებ“ (გამოსვლა 5:2). ამის გამო ეგვიპტეს შემდეგი უბედურებები დაატყდა: 1) წყალი სისხლად იქცა, 2) ქვეყანას ბაყაყები მოედო, 3) მტვერი ქინქლებად გადაიქცა, 4) სახლები ბუზანკლებით აივსო, 5) გაჩნდა საქონლის ჭირი, 6) კაცსა და პირუტყვს მუწუკები გამოაყარა, 7) დაისეტყვა მთელი ეგვიპტე, 8) ქვეყანას კალია შეესია, 9) ჩამოწვა წყვდიადი და 10) მოკვდა ყველა ეგვიპტელის პირმშო. ბოლოს, ფარაონმა ნება დართო ებრაელებს, რომ წასულიყვნენ და დააჩქარა კიდეც ისინი, მალე დაეტოვებინათ ეგვიპტე (გამოსვლა 12:31, 32).

დაახლოებით სამმა მილიონმა ადამიანმა — ისრაელმა მამაკაცებმა, ქალებმა, ბავშვებმა და მათ შორის უამრავმა უცხოტომელმა — სწრაფად დატოვა ქვეყანა (გამოსვლა 12:37, 38). მაგრამ მალე ფარაონი მრავალრიცხოვანი ჯარით უკან დაედევნა ისრაელებს. ერთი შეხედვით ისრაელების სიტუაცია გამოუვალი ჩანდა. ისინი საშინელ უდაბნოს, წითელ ზღვასა და ფარაონის ჯარს შორის მოექცნენ. მაგრამ მოსემ ხალხს უთხრა: „ნუ გეშინიათ, დადექით და იხილავთ უფლის ხსნას“ (გამოსვლა 14:8—14).

იეჰოვამ ისრაელების გადასარჩენად სასწაულებრივად გააპო წითელი ზღვა. მაგრამ, როდესაც ეგვიპტელები ისრაელებს დაედევნენ, ღმერთმა ზღვის წყლები თავის ადგილზე მოაქცია. „ეტლები ფარაონისა და მისი ჯარი [იეჰოვამ] ზღვაში ჩაყარა“ (გამოსვლა 14:26—28; 15:4). ამპარტავანმა ფარაონმა არ განადიდა იეჰოვა, რის გამოც სავალალო შედეგები მოიმკა.

წითელ ზღვასთან იეჰოვამ ცხადყო, რომ „მეომარია“ (გამოსვლა 15:3). ბიბლიაში ნათქვამია: „იხილა ისრაელმა ძლიერი ხელი, რომელიც მოავლინა უფალმა ეგვიპტელებზე, და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ უფალს“ (გამოსვლა 14:31; ფსალმუნები 135:10—15). მათ მთელი გულით გამოხატეს ღვთისადმი მადლიერება. მამაკაცებმა მოსესთან ერთად იმღერეს გამარჯვების სიმღერა, ქალები კი მირიამს შეუერთდნენ ცეკვაში *.

იეჰოვა დღესაც მხსნელია

იეჰოვას დღევანდელ მსახურებს ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ ამ რწმენის განმამტკიცებელი შემთხვევიდან. პირველი: იეჰოვას უსაზღვრო ძალა აქვს და შეუძლია, თავის ხალხს სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს. მოსემ და ისრაელებმა გამარჯვების სიმღერაში შემდეგი სიტყვები მოიხსენიეს: „მარჯვენა შენი, უფალო, განთქმულია ძალით, მარჯვენა შენი, უფალო, მტერს მუსრავს“ (გამოსვლა 15:6).

მეორე: ყოვლისშემძლე ღმერთს ძალიან სურს თავისი ხალხის დაცვა. ისრაელები მღეროდნენ: «ჩემი ძალა და გალობაა უფალი [„იაჰ“, აქ]. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას». მესამე: არავის შეუძლია, წინ აღუდგეს იეჰოვა ღმერთის ნებას. ღვთისგან გადარჩენილმა ხალხმა საზეიმო სიმღერა იმღერა: „ვინაა შენი სადარი ღმერთთა შორის, უფალო? ვინაა, შენი სადარი, სიწმინდით დიდებულო. საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა?“ (გამოსვლა 15:2, 11).

იეჰოვას ხალხს დღევანდელი მმართველებიც დევნიან, როგორც ამას ძველად ეგვიპტის ფარაონი აკეთებდა. ამაყმა მმართველებმა შესაძლოა ‘უზენაესის წინააღმდეგ ილაპარაკონ და განუწყვეტლივ შეავიწროონ უზენაესის წმინდები’ (დანიელი 7:25; 11:36). მაგრამ იეჰოვა თავის ხალხს არწმუნებს: „ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინააღმდეგ, გაცუდდება; და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ. ეს არის ხვედრი უფლის მსახურთა“ (ესაია 54:17).

ფარაონისა და მისი ჯარის მსგავსად ღვთის მოწინააღმდეგეები დამარცხდებიან. იეჰოვას მიერ ფარაონისგან თავისი ხალხის ხსნა ადასტურებს, რომ გონივრულია მივყვეთ იესოს მოციქულების ნათქვამ პრინციპს. მათ განაცხადეს: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2006 წლის კალენდარი“, იანვარი/თებერვალი.

[ჩარჩო/სურათი 9 გვერდზე]

იცოდით?

• იეჰოვას ძალით მთელი ღამე ძლიერი ქარი ქროდა, რის გამოც ისრაელებმა შეძლეს წითელ ზღვაში ხმელეთზე გავლა (გამოსვლა 14:21, 22).

• წითელ ზღვაში გაკეთებული „დერეფანი“, სულ მცირე, 1500 მეტრის უნდა ყოფილიყო, რომ მილიონობით ისრაელს ასე მოკლე დროში გაევლო.

[სურათი 9 გვერდზე]

ეგვიპტის ცრუ ღვთაებებმა ვერ შეძლეს იეჰოვასგან მომდინარე ათი სასჯელის შეჩერება.

[საავტორო უფლებები დაცულია 9 გვერდზე]

All three figurines: Photograph taken by courtesy of the British Museum